მთავარი » ქრისტიანობა

რა არის აუცილებელი ბედნიერებისათვის?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 06.12.2011 9 კომენტარი | 6,630 ნახვა

“ეცადეთ, რომ ღმრთის სასუფეველი თქვენს გულებში დაარსდეს, ღმრთის სიმართლე შეიცნოთ და შეიყვაროთ იგი, და მაშინ ყოველივე დანარჩენი – მშვიდობა, სიხარული და ამქვეყნიური საჭიროებანი: საჭმელი, სასმელი, ტანისამოსი და სხვა – თავისთავად მოგენიჭებათ. ბედნიერება მშვიდი, მხიარული და მხნე სულის მდგომარეობაა და მისი განცდა მხოლოდ წმინდა სინდისის მქონე კაცს შეუძლია. თუ სული და გული კაცისა აღშფოთებული, აღელვებული და მოუსვენარია, ურიცხვი სიმდიდრეცა და პატივიც რომ ჰქონდეს, ბედნიერი მაინც ვერ იქნება”,- წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)

ბედნიერება “სიცოცხლე და სიკვდილი დაგიდევი წინ, კურთხევა და წყევა. აირჩიე სიცოცხლე, რომ იცოცხლოთ შენ და შენმა შთამომავლობამ. გიყვარდეს უფალი, ღმერთი შენი, გესმოდეს მისი სიტყვა და მიეკრო მას, რადგან ის არის შენი სიცოცხლე და დღეგრძელობა, რომ იცხოვრო იმ მიწაზე, რომლის მოცემაც ფიცით აღუთქვა უფალმა შენს მამა-პაპას”.

“ნუ ეშურებით სიკვდილს თქვენი ცხოვრების შეცდომებით და თქვენს ხელთა ნამოქმედარით აღსასრულს ნუ მოიახლოვებთ”. ეს ბიბლიური სტრიქონები არის მოწოდება მიწიერი ყოფიერებისთვის, – არა მარტო პიროვნებასა და მის შთამომავლობას, არამედ მამულის კეთილდღეობასაც გულისხმობს. ამასვე გვიმოწმებს შემდგომი ღმრთაებრივი სიტყვა: “დაიცვნეს უფალმან ყოველნი მოყვარენი მისნი და ყოველნი ცოდვილნი მოსრნეს”. ბიბლია შეგვახსენებს: “ყოველმან შჯულსა გარდამავალმან და ურჩმან მიიღო სასჯელი კუალად-გებისა”.

ღმერთი, აგრეთვე არაერთგზის, პირდაპირ მოგვმართავს: “თუ არად ჩააგდებთ ჩემს მცნებებს, ისე შეიძულებთ ჩემს სიმართლეს, რომ არ შეასრულებთ ყველა ჩემს მცნებას… პირს ვიზამ თქვენგან და დაუმარცხდებით თქვენს მტრებს, გაგიბატონდებიან მოსისხლენი… “რამეთუ გამოჩინებად არს რისხვა ღმრთისა ზეცით ყოველსა ზედა უღმრთოებასა”.

როგორც წმიდანნი ამბობდნენ: “ცოდვათათვის ქვეყანისათა მიუშვებს ღმერთი განსაცდელსა და ტყვეობასა”. ისტორიულად მრავალჯერ ახდენილი ამ ჭეშმარიტების შესახებ უფალი ბრძანებს: “უმალ ცა და ქვეყანა გადაივლის… ცა და ქვეყანა წარხდენ, ხოლო სიტყვანი ჩემნი არა წარხდენ”.

ცხადია, რომ საზოგადოებრიობის კეთილდღეობა თითოეული ადამიანის მორალურ მხარეზეა დამოკიდებული, ხოლო ინდივიდისა – თავისი ოჯახის სულიერ-ზნეობრივ დონეზე. წმიდანები კი ერთხმად გვასწავლიან, რომ კეთილკრძალულებათაგან გადახრები ღუპავს ყოველივეს: საზოგადოებრივ წყობას უთხრის ძირს, საერთო სიკეთეს აჩანაგებს და ზეციდან გარდამომავალ უთვალავ უბედურებათა გამომწვევი მიზეზია.

“სიკუდვილი ცოდვილთა ბოროტ არს”, “ხოლო მეძავნი და მემრუშენი საჯეს ღმერთმან”.

სჯულიერების დამრღვევ ადამიანებს ღმრთისმიერი განკითხვა არა მარტო მომავალში, არამედ ქვეყნიურ ცხოვრებაშიც მოელით, ხოლო ხორციელი უსჯულოებანი – სიძვა, ლოთობა, გაუმაძღრობა მეტად დამოკიდებულია ერთმანეთზე და სხვა ცოდვებსაც წარმოშობს, რის შესახებაც შეგვახსენებს, რომ ამის ჩამდენნი ვერ დაიმკვიდრებენ ღმრთის სასუფეველს, რისთვისაც იაკობ მოციქული წერს: “მეძავნო და მემრუშენო, ნუთუ არ იცით, რომ ამ ქვეყნის სიყვარული მტრობაა ღმრთისა?”.

წმ. იოანე ოქროპირი გვარიგებს: “გაექეცი მრუშობას, გახსოვდეს, რომ როცა მასში ვარდები – ერთდროულად კანონის დამრღვევიც ხდები და საკუთარი სხეულის მკვლელიც, ამასთანავე, თავს ირცხვენ, სულს ტანჯვისთვის იმზადებ და ღმერთსაც არისხებ”.

“ხორცნი ეგე თქუენნი ტაძარნი თქუენ შორის სულისა წმიდისანი არიან… ადიდეთ უკეთუ ღმერთი ხორცითა მაგით თქუენითა, რომელი იგი არს ღმრთისა”, “ხოლო თავადმან ღმერთმა მშვიდობისამან წმიდა გყვენინ თქუენ ყოვლითა სრულებითა და ყოვლითა სიცოცხლითა, სული თქვენი, სამშვინველი და გუამი უბიწოდ”.

თუკი ქმარსა და ცოლს შორის არსებობს ერთსულოვნება, მშვიდობა და სიყვარულის კავშირი – მათკენ მოედინება ყველა სიკეთე… ეს კიდევ უფრო ამრავლებს მათ სულიერ და მატერიალურ სიმდიდრეს, რამეთუ უდიდეს საღმრთო სიკეთეთა გარდამოსვლას განაპირობებს…

იოანე ოქროპირი ბრძანებს:”ჭეშმარიტად არაფერია იმაზე სამარცხვინო, ოდეს დაოჯახების შემდეგ ეძლევა სიძვა-მრუშების ცოდვას ადამიანი…”.

იმისათვის, რომ ჩვენმა სულმა და ცხოვრებისეულმა რჩეულმა – მეორე ნახევარმა და ჩვენი საერთო სიყვარულის ნაყოფმა – ჩვენმა შვილებმა – სიყვარულის, ღმერთის მარადისობაშიც დავისადგუროთ, მუდამ ერთობლივად ვადიდოთ ღმერთი და ღმრთის კალთის ქვეშ ერთად გავიზიაროთ წარუვალი ნათელი.

ქრისტიანული სწავლების უგულებელმყოფ ქალაქებსა თუ რეგიონებს სოდომ-გომორისეულ ხვედრზე უფრო მეტ განსასჯელს აღუთქვამს უფალი, იოანე ოქროპირი კი შეგვაგონებს: “სიტყვანი საღმრთონი სულთა და ხორცთაცა სარგებელ არიან. რამეთუ ესე, ამასცა ცხოვრებაში სარგებელ არიან და მერმეცა. ხოლო ვნებანი აქაც მავნებელ არიან და მუნცა”. შემდეგ კი მოგვიწოდებს: “ოდეს წყლულებანი მოგვეახლნეს – აქა ეკლესიისაგან განვიკურნებოდეთ!”.

“ხშირად ბედნიერებას ჩვენს მიწიერ ყოფას ვუკავშირებთ, მაგრამ ამაოდ, რადგან იქ ვეძებთ მას, სადაც ის არ არის. მუდამ უბედურნი ვიქნებით, თუ ჩვენი ბედნიერება მარტო გარეგნულ მდგომარეობაზე – კეთილმოწყობილ ბინაზე, ოჯახის ან პირად კეთილდღეობაზე იქნება დამოკიდებული. ყოველივე ეს იმდენად სწრაფადცვალებადი და წარმავალია, რომ მათზე იმედის დამყარება საკუთარი თავის მოტყუებას ნიშნავს. არადა რამდენნი არიან, ბედნიერების მოპოვების სურვილით მაღალ თანამდებობას, პატივს, დიდებას რომ ესწრაფვიან. ამისთვის ხარჯავენ ფულს, იმცირებენ თავს, ითხოვენ, ცრუობენ, მთელს ენერგიას ახმარენ მიზნის განხორციელებას, ხოლო როცა საწადელს აისრულებენ, იგრძნობენ, რომ ამაოდ დაშვრნენ. მიზანს მიაღწიეს, ბედნიერება კი არსად ჩანს, თანამდებობის მოპოვებასთან ერთად დიდი მწუხარება და განსაცდელი ხდება პიროვნების თანამდევი.

მაშ, სადა ხარ, ბედნიერებავ, სად გიპოვოთ შენ?

“აჰა, ეგერა სასუფეველი ღმრთისაჲ შორის თქუენსა არს” (ლუკა 17,21), – ბრძანებს მაცხოვარი.
დიახ, ბედნიერება ჩვენს სულშია, იგი ჩვენშია. – ჭეშმარიტად ბედნიერია ის, ვისაც ძალუძს თავის თავში დაიტიოს ღვთის დიდება. ვინც ჰპოვა ღმერთი და ცხოვრობს უფლის კანონებით. ასეთი ბედნიერება ულევი და არამიწიერია, ღრმა, მარადიული და ნამდვილია. ეს არის ბედნიერება არა მარტო კეთილ დღეთა, არამედ განსაცდელით სავსე ცხოვრებისაც, ეს არის ბედნიერება არა მხოლოდ სიცოცხლისა, არამედ სიკვდილისა, ბედნიერება არა დროებითი, არამედ – მარადიული”.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი ილია II

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

9 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი