მთავარი » საეკლესიო ხელოვნება

ქვით ფერმწერი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 13.01.2010 ერთი კომენტარი | 4,025 ნახვა

“ამბიონი” წარმოგიდგენთ ალეკო ლომაძეს და მის შემოქმედებას

ალეკო ლომაძერევაზ ლაღიძის #12-ში, ბავშვთა მეცამეტე პოლიკლინიკის გვერდით ერთი პატარა სახელოსნოა, რომელიც მხატვარ ალეკო ლომაძეს ეკუთვნის. ბატონი ალეკო პირველია, ვინც “ქვით ფერწერა” წამოიწყო: “თამამად შემიძლია ვთქვა, მე არაფერი მომიფიქრებია. ყველაფერი თავისთავად მოხდა”. უკვე ასამდე ნამუშევარი აქვს. მისი დაწერილი ხატები არა მარტო საქართველოს ეკლესია-მონასტრებში, არამედ საზღვარგარეთაცაა დაბრძანებული.

როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ბატონი ალეკო თვითნასწავლი მხატვარია: “მხატვრობის სურვილი არასდროს მქონია. აქედან გამომდინარე, არც მისწავლია. თუმცა, ეს ფაქტი ხელს არაფერში მიშლის, პირიქით, მეხმარება კიდეც, რადგან თავისუფლებას უფრო მეტად ვგრძნობ”. ის ყველაზე დიდი სიამოვნებით იმ ნახატებზე მუშაობს, რომლებიც პატრიარქს უნდა უძღვნას.

აგვისტოს ომის პერიოდში ბატონმა ალეკომ დაღუპული ჯარისკაცების სახელზე წმინდა გიორგის ხატი დაწერა. რეზო ჩხეიძეს სთხოვა დახმარება, რომ ხატი პატრიარქისთვის გადაეცათ: “დაცემული გმირების გადმოსვენება იწყებოდა, როცა უწმიდესს საკურთხეველში ხატი ვუბოძეთ. უზომოდ გაუხარდა. ფეხზე წამოდგა. ხატს ეამბორა და ბატონ რეზო ჩხეიძეს უთხრა: “გააგრძელოს”“.

ინტერნეტ-ჟურნალი “ამბიონი” ალეკო ლომაძეს გაესაუბრა და სცადა, მკითხველისათვის ახლოს გაეცნო ეს საინტერესო პიროვნება.

– როდის გაგიჩნდათ იდეა, ქვის ნაფხვენების წებოთი შეზავებით ნახატი შეგექმნათ? რა იყო თქვენი პირველი ნამუშევარი?

– იდეა ქვისგან მაცხოვრის ჯვარცმის გამოქანდაკებისას გამიჩნდა. ეს იყო 1991 წელს. შემდეგი რუსთაველის ფრესკის ანალოგი გახლდათ, ანუ ქვისა და წებოს ნარევით შესრულებული პირველი ნახატი. ამ ფრესკას ადამიანივით ვუფრთხილდები. უწმიდესმა ის სამების საკათედრო ტაძრის საკურთხეველში ნახა და ხელი გადაუსვა. მინდა, რომ შოთა რუსთაველის ფრესკის ანალოგი მწერალთა კავშირს გადავცე.

– როგორ ამზადებთ სახატავ მასალას? რა არის თქვენთვის ყველაზე რთული მზადების პროცესში?

– თავდაპირველად, ყველა ფერის ქვას ვაგროვებ და იმის მიხედვით ვარჩევ, რის დახატვასაც ვაპირებ. საერთოდ, ქვის უროთი ან ჩაქუჩით ქვა იმ დონეზე უნდა დაქუცმაცდეს, რომ წებოთი შეზავდეს და ფუნჯს დაემორჩილოს, შემდეგ კი ეს შეზავებული მასა ხეზე, მუყაოზე ან მინაზე სწრაფად გადავიტანოთ, ისევ ქვადვე რომ არ იქცეს და გამოუსადეგარი არ გახდეს. მორჩენილი მასალით სახლში კედელზეც დამიხატავს, უაზროდ რომ არ გაფუჭებულიყო. მენანება, რადგან მის დამზადებაში მთელ ჩემს ძალასა და ენერგიას ვხარჯავ. ყველაზე რთული ქვის დაფხვნაა. მხოლოდ ხატვის დაწყებისას ვისვენებ და დაძაბულობაც მეხსნება.

– რა ფერებს ანიჭებთ უპირატესობას?

– უპირატესობას იმ ფერებს ვანიჭებ, რაც ჯერ არ გამომიყენებია. ამ დროს ინტერესიც უფრო დიდია. შეიძლება ითქვას, რომ ძიების პროცესში ვარ.

– გვიამბეთ თქვენი პირველი გამოფენის შესახებ…

– პირველი გამოფენა ზუგდიდში, სვანურ კოშკში მქონდა, უამრავი ხალხი იყო. ჩატარდა კონცერტი. სცენაზე ჩემ მიერ შექმნილი თამარ მეფის, დავით აღმაშენებლისა და შოთა რუსთაველის პორტრეტები გახლდათ ჩამოკიდებული. გამოფენა ორი დღე გაგრძელდა. იყო ქართული ცეკვები, სიმღერები. ანსამბლები სხვადასხვა კუთხიდან ჩამოვიდნენ.

მეორე გამოფენა 2006 წელს საქართველოს ბიბლიოთეკაში ბატონი გოგი დოლიძის თაოსნობით მოეწყო. ეს გამოფენა ჩვენმა ყველა ტელევიზიამ გააშუქა, მათ შორის ჩეხეთის საზოგადოებრივმა მაუწყებლობამ.

სვეტიცხოველი– რა დროს ანდომებთ ერთი ნახატის შექმნას?

– ადრე ორი თვე მჭირდებოდა… მეტიც. ბოლო დროს ერთი თვეც მყოფნის. არის პერიოდები, როცა ორ ნახატზე ერთდროულად ვმუშაობ.

– სად შეიძლება თქვენი ნახატების ხილვა?

– თბილსის საჯარო ბიბლიოთეკაში დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის პოტრეტებია მოთავსებული. სამებაში წმინდა გიორგის ხატია დაბრძანებული. უწმიდესს თავისი პოტრეტი აქვს. გურიის ტაძარში შეგიძლიათ მაცხოვრისა და ივერიის ღვთისმშობლის ხატები იხილოთ, ავსტრიის ტაძარში – ივერიის ღვთისმშობლის ხატი, ყაზანის ღვთისმშობლის ტაძარში – წმინდა გიორგის ხატი. სოფელი მამათის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაბრძანებულ და ჩემ მიერ მოხატულ წმინდა გიორგის ხატს ერთი საინტერესო ისტორია უკავშირდება. ხატის დაწერაში მონაწილეობა უამრავმა ადამიანმა მიიღო. სკოლის მოსწავლეებს გველეშაპის გამოსახულებაზე თავიანთი მონაკვეთები გამოეყოთ და ხატის დაწერაში შეტანილი მცირედი წვლილი დღესაც საკუთარი ნომრებით აქვთ დაფიქსირებული. მახსოვს, ერთი კაცი მოვიდა, გამაცნო შვილი და მთხოვა, მეორე ბავშვისთვის, რომელიც იმ დროს მამათში არ იმყოფებოდა, გველეშაპის გამოსახულებაზე პატარა მონაკვეთი დაგვეტოვებინა, ამ მადლიან საქმეში რაღაც მონაწილეობა მასაც რომ მიეღო. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მესიამოვნა.

– რას გრძნობთ მუშაობის პროცესში?

– მუშაობის პროცესში მთლიანად ჩემ საქმეში ვარ ჩაფლული, სხვა არაფერი მაინტერესებს. მქონია შემთხვევები, როცა სადღაც ჩემი წასვლა აუცილებელი ყოფილა, მაგრამ ხატვისთვის თავი ვერ დამინებებია და საბოლოოდ ბოდიშის მოხდა დამჭირვებია.

– რა დროს უთმობთ შემოქმედებით პროცესს?

– დღე არის თუ ღამე, არ აქვს მნიშვნელობა. ნამუშევრის დაწყებიდან მის დასრულებამდე ჩემთვის დრო არ არსებობს… ჩერდება…

პატრიარქი– როგორც ვიცი, პატრიარქის კურთხევა გაქვთ… როდის შეხვდით პირველად მას და რა გითხრათ უწმიდესმა?

– რა თქმა უნდა, პატრიარქის კურთხევის ბედნიერება მაქვს. უწმიდესს პირველად საპატრიარქოს ეზოში შევხვდი. მსურდა, უნეტარესი დამეხატა და კურთხევა მიმეღო. მან მკითხა, ჩემ მიერ დახატული დავით აღმაშენებელი და თამარ მეფე საჯაროს რომელ კორპუსში იყო მოთავსებული. ვუპასუხე, პირველ კორპუსში მეთქი. შემომხედა და მითხრა: უნდა მივიდე, ვნახოო. ამის მერე აღარაფერი მახსოვს. იმ ბედნიერ წუთებს სიტყვებით ვერ გადმოვცემ. იქიდან წამოსული დავფრინავდი. გაოგნებული და უზომოდ გახარებული ვიყავი. ეს პირველი შეხვედრა პატრიარქთან არასდროს დამავიწყდება.

– გვიამბეთ თქვენი მიზნების შესახებ…

– არასდროს დამიხატავს ტილოზე. მინდა, ვცადო და ახლა ჩემი ხედვითაც ვხატო. სახელოსნოს მოწესრიგებასაც ვაპირებ და ყველას ექნება საშუალება, მოვიდეს და იხილოს ჩემი ნახატები. აპრილში კი გამოფენის მოწყობას ვფიქრობ.

აღსანიშნევია ის ფაქტი, რომ ბატონი ალეკო ფონდ “იავნანასთან” თანამშრომლობს. მათ წმინდა გიორგის ხატიც გადასცა. ინტერნეტ-ჟურნალი “ამბიონი” ალეკო ლომაძეს წარმატებებს უსურვებს.

თათია ნავროზაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი