მთავარი » ეკლესია-მონასტრები

ქურმუხის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 18.11.2012 ერთი კომენტარი | 11,646 ნახვა

“ჰერეთი – აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, სამწუხაროდ, საქართველოს თანამედროვე საზღვრებში მოქცეული არ გახლავთ. ძალიან ბევრი მეცნიერი, ალაზანს აქეთ მცხოვრები ქართველი ამ მხარესა და ტერიტორიას საინგილოს უწოდებს. ტერმინი “საინგილო” თურქულად „ახლად მორჯულებულს” ნიშნავს. იგი მე-19 საუკუნეში გამაჰმადინებული ქართველების მცირე ნაწილის გამო დამკვიდრდა, შესაბამისად, ამ რეგიონში მცხოვრები ადგილობრივი ჰერებისთვის, მართლმადიდებლებისთვის, რომელთა რიცხვიც 7 000-ზე მეტია, ეს მოსაწონი არაა. მათი დიდი ნაწილი არ გამაჰმადიანებულა და მუდმივად იცავდა სარწმუნოებას. ამიტომ ჯობს, საინგილოს ტოპონიმის ნაცვლად ჰერეთი მოვიხსენიოთ,”- აღნიშნა “ამბიონთან” საუბრისას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა გიორგი დვალაშვილმა, რომელსაც ამ რეგიონში მდებარე ქურმუხის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის შესახებ ვესაუბრეთ.

ქურმუხის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია

გიორგი დვალაშვილი (გეოგრაფი): “ქურმუხის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი წარმოადგენს შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ძეგლს, რომელიც მდებარეობს რაიონული ცენტრის კახის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მისგან სამი კილომეტრის მოშორებით, მდინარე ქურმუხისწყლის ხეობაში. ტაძრის ადგილმდებარეობა იმგვარადაა შერჩეული, როგორც ბევრ ქართულ ხუროთმოძღვრების ნიმუშში გვხვდება. ქურმუხი ერთი მხრიდან ის არ ჩანს, ხოლო მეორე მხრიდან მთელ ხეობას გადაჰყურებს. ტაძარი კლდის ქიმზე დგას. ადამიანი რომ ქურმუხზე მოხვდება, ის ბუნების ლანდშაფტურ ცვალებადობასაც შენიშნავს.

ისტორიული წყაროების შეფასებით, ქურმუხის ტაძარი მე-13 საუკუნეში ფუნქციონირებდა. აქ ხშირი იყო შემოსევები, რასაც ტაძარმა ვერ გაუძლო. ეკლესია რამდენჯერმე დაინგრა და რესტავრაციაც ჩაუტარდა.

თანამედროვე ტაძარი მე-19 საუკუნითაა დათარიღებული. რამდენადაც ცნობილია, დღევანდელი ეკლესია მისი პირვანდელი სახის იდენტურია. ტაძარი ჯვარგუმბათოვანია.

ქართულ საისტორიო წყაროებში ქურმუხის ეკლესია პირველად მოხსენიებულია ე.წ. მაღალაშვილისეული სახარების 1310 წლით დათარიღებულ მინაწერში. იგი შედიოდა გიშ-ქურმუხის ეპარქიის შემადგენლობაში.”

რა მდგომარეობაშია დღეს ქურმუხის ტაძარი?

ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის შუა წლებში ქურმუხის ეკლესია დაიწვა და დიდი ხნის განმავლობაში ეკლესიაში არათუ შესვლა, ამ ტერიტორიაზე მისვლაც კი გართულებული იყო.

1894 წელს ტაძრის ნანგრევებზე აუგიათ ახალი ტაძარი. 1968 წელს ჩამოინგრა გუმბათის კონუსისებრი სახურავი, რაც ამახინჯებდა ტაძრის სილუეტს. ბოლო წლებში, ადგილობრივი ქართველი მოსახლეობის ძალისხმევით, ტაძარს სრული რესტავრაცია ჩაუტარდა. ეკლესიის გეგმა წარმოადგენს მთლიანად XIX საუკუნის საქართველოსთვის ტიპური “ჩაწერილი ჯვრის ტიპის” ძეგლს გარე კედლების სწორკუთხედში მოქცეული განვითარებული სამნაწილიანი საკურთხევლით. ეკლესიას აქვს სამი შესასვლელი – დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან. სამივე კარი ხაზგასმულია კედელთა მსუბუქი განტეხვით, ხოლო დასავლეთის ყველაზე ფართო შესასვლელთან კიბე და მცირე ბაქანია მოწყობილი. ქურმუხის გუმბათი რვაწახნაგა გუმბათი ეყრდნობა გეგმაში მკვეთრად დაგრძელებული დასავლეთის მკლავის მქონე ბურჯებსა და აფსიდის კუთხეებს. ბურჯების გასწვრივ დასავლეთის კედლიდან გაზიდული “ტიხრები” გამოაცალკევებენ სამხრეთ და ჩრდილო-დასავლეთ “ოთახებს”. ეს “ოთახები” ძირითად სივრცეს უკავშირდებიან აღმოსავლეთით არსებული გასასვლელების მეშვეობით. აფსიდა ნახევაწრიულია. მასში სარკმლის აქეთ-იქეთ ორი ნიშაა გამართული (სამხრეთის-სწორკუთხა, ჩრდილოეთისა-ნახევარწრიული). ჩრდილოეთის პასტოფორიუმი კარების მეშვეობით გახსნილია როგორც საკურთხევლისაკენ, ისე დარბაზში. სამხრეთისაში მოხვედრა კი მხოლოდ საკურთხევლიდანაა შესაძლებელი. სადიაკვნეცა და სალაროც დასავლეთ-აღმოსავლეთის ღერძზე მკვეთრად წაგრძელებულ სათავსებს წარმოადგენენ. ქურმუხის ეკლესიის ძირითადი სამშენებლო მასალა ე.წ. “ქართული აგურია”. კედლის წყობაში რიყის ქვაცაა გამოყენებული.

დღეისათვის ტაძარში მხატვრობის მნიშვნელოვანი ნიშნები არ შეიმჩნევა. კედლებზე ანთებენ სანთლებსაც.

როგორ აღინიშნება გიორგობა ჰერეთში?

ბოლო დროს საქართველოს საპატრიარქოსა და კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დამსახურებით არა მარტო 23 ნოემბერს, 6 მაისსაც დაიწყო გიორგობის აღნიშვნა ქურმუხის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარში. ქურმუხის მომლოცველები მისასალმებელი ფაქტია, რომ გიორგობას, ამინდის მიუხედავად, ამ ტაძარში უამრავი მომლოცველი ჩადის, როგორც ქრისტიანი, ისე – მაჰმადიანი.

გიორგობის დღესასწაულზე ტაძარი ღიაა მრევლისთვის. ამ ტერიტორიაზე მისვლა არავის ეკრძალება, მაგრამ სხვა დღეებში ეკლესია ძირითადად დაკეტილია. დღესასწაულზე ზოგჯერ იმდენი მომლოცველია, ტაძარში შესვლისთვის რიგში დგომაც კი არის საჭირო.

მომლოცველები ტაძრამდე მისასვლელ, დაახლოებით 1 კმ-იან ბილიკს ფეხით მიუყვებიან და სალოცავს სურვილების ასრულებას სთხოვენ. მომლოცველები ტაძარს მამალს სწირავენ, რაც ლეგენდასთანაა დაკავშირებული.

გიორგობას ჰერეთში ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიის ეპისკოპოს მელქისედეკთან ერთად სხვა სასულიერო პირებიც ჩაბრძანდებიან. კახის წმიდა გიორგის ეკლესიაში წირვის ჩატარების შემდგომ ქურმუხის ეკლესიისკენ მიემართებიან, სადაც პარაკლისს აღასრულებენ. ამ დღეს ქურმუხის ეკლესიის მოლოცვა დიდი მადლია. რაც შეიძლება მეტმა ქართველმა უნდა მოინახულოს ეს ადგილი. დღესასწაულზე ეწყობა სახალხო ღონისძიებებიც, იმართება ჭიდაობა და უამრავი ადამიანი ზეიმობს.

რა ლეგენდები უკავშირდება ქურმუხის ტაძარს?

ქურმუხის ტაძარს რამდენიმე ლეგენდა უკავშირდება:
“ძველად ჰერეთში მცხოვრებ სახელოვან ვაჟკაცს ასლან-ლომი ხალხმა სიმამაცის გამო შეარქვა. მოადგებოდა თუ არა მტრის ჯარი ქურმუხის ვიწრო ხეობას, ასლანი იმწამსვე გაჩნდებოდა თავისი რაზმით და დააწიოკებდა. ასლანს მზეთუნახავი ასული მთელი დღე კოშკში ჰყავდა ჩაკეტილი, მტერს რომ არ მოეტაცა. მზეთუნახავი მხოლოდ ღამე გამოდიოდა გარეთ, მთვარის შუქზე გაშლიდა დალალებს და იწყებდა თმის ვარცხნას.

მზეთუნახავს ერთი მამალი ჰყავდა. ამ მამალს ბიბილო, ნისკარტი, კუდი და დეზები ოქროსი ჰქონდა. მთელი დღე-ღამის განმავლობაში თვლემდა, მაგრამ მტერი რომ მიუახლოვდება საზღვარს, მამალი იღვიძებდა და მოჰყვებოდა ყივილს… ხმაზე ხალხი გროვდებოდა და მიდიოდა მტრის დასახვედრად.

ერთხელ ხალხს ღრეობის შემდეგ ღრმა ძილით დაეძინა. მათ მამლის ყივილი ვერ გაიგეს, მტრის ჯარი ადვილად გადმოსცდა საზღვარს და ქვეყანა ააოხრა. მამალი ქურმუხთანასლანსაც მკვდარივით ჩასძინებოდა თავისი კოშკის ზღრუბლზე. მტრის ჯარისკაცებმა მიაგნეს და თავი მოჰკვეთეს მძინარეს. კოშკი გატეხეს და მზეთუნახავი იხილეს, რომლის სახეც სხივებს აფრქვევდა. გადაწყვიტეს მისი ტყვედ წაყვანა, რათა მეფისთვის მიეყვანათ საჩუქრად.

ქალმა მოემრებს სთხოვა, მისთვის მცირე დრო მიეცათ, აღთქმა შეესრულებინა ქურმუხის წმიდა გიორგის სახელზე და თავისი მამალი შეეწირა. მეომრების დასტურის შემდეგ მზეთუნახავმა მამალი კალთაში გამოიხვია და ქურმუხის წმიდა გიორგის საყდრის ვიწრო ბილიკს შეუყვა. საყდარს რომ მიაღწია, ირგვლივ ვერავინ დაინახა. მზეთუნახავმა მღვიმეს შეავლო თვალი.

– ნეტავ ახლა ეს მღვიმე გაიხსნას და ჩამიტანოსო, – ინატრა მან და ის იყო მამალი უნდა გაეფრინა და თვითონ კლდიდან გადაშვებულიყო, რომ ქურმუხის წმიდა გიორგის საყდრის ქვეშ მღვიმე გაიხსნა. მზეთუნახავი და მისი ოქროს მამალი შიგნით შეიმალნენ და მღვიმის კარებიც მაშინვე მიიხურა. მეომრები ქვევით უცდიდნენ მზეთუნახავს. უჩუმრად გამოჰყოლოდნენ თურმე ფეხდაფეხ, დიდხანს უცადეს, ბევრი ეძებეს, მაგრამ ვერსად აღმოაჩინეს. შემდეგ მიანგრ-მოანგრიეს ქურმუხის წმიდა გიორგის საყდარი და განრისხებულები დაბრუნდნენ უკან.

– თუ ჩვენ გადავურჩით მტრის ურდოებს და დღემდე მოვიტანეთ ჩვენი ერის სიწმინდე, ეს მზეთუნახავი ქალის წყალობით არისო, – ამბობენ ჰერეთში და თან დასძენენ: დღესაც შუაღამე რომ გახდება, მღვიმის კარები იღება, ოქროს მამალი გამოფრინდება და ყივილს იწყებსო. მთელი საინგილოს მამლები აჰყვებიან ოქროს მამალს და აყივლდებიან, ხოლო მზეთუნახავი ამ დროს ქვის დიდ ლოდზე ზის და მთვარის შუქზე დალალებს ივარცხნისო”.

ქურმუხის კომპლექსი

ერთ-ერთი ლეგენდით, “ინგილოთა გადმოცემით, წელიწადში ერთხელ, აღდგომა დღეს, მარიამ – დედა ღვთისმშობელი აღებს ხოლმე ქურმუხის ქვეშ არსებულ გამოქვაბულის კარებს, გამოდის გარეთ და ოქროს სავარცხლით თმას ივარცხნის. ამავე დროს გამოფრინდება ხოლმე შიგნიდან ოქროს მამალი და ყივილს მორთავს, მას ბანს აძლევენ მახლობელი სოფლის მამლები. ერთხელ, როდესაც, ჩვეულებისამებრ, გამოვიდა მარიამ-დედა და ნაწნავების ვარცხნა დაიწყო, ერთი თათარი მიეპარა და დაჭერა მოუნდომა, მაგრამ მაშინვე ხელი გაუშეშდა, ღვთისმშობელი კი სწრაფად გამოქვაბულში შებრუნდა და კარები დაიხშო. თათარი შეევედრა ღვთისმშობელსა და გიორგის, განიკურნა და ქრისტიანობა მიიღო.”

ქურმუხის სალოცავისთვის მამლების შეწირვის ტრადიციაც ამ ლეგენდების საფუძველზე იღებს სათავეს…

რა ტაძრების მოლოცვა შეუძლია ჰერეთში ჩასულ მომლოცველს?

ამ რეგიონში, საქართველოს თანამედროვე საზღვრებს მიღმა ქართველებით დასახლებულ ადგილზე ერთადერთი მოქმედი სამონასტრო კომპლექსია კახის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია.
კახის წმიდა გიორგიაქ ჩვეულებრივ ტარდება წირვა-ლოცვა და ეპარქიის მოქმედება ვრცელდება.

ბევრი ისტორიული ძეგლი დანგრეული და დაზიანებულია. რამდენიმე მათგანთან მისვლაც კი შეუძლებელია.

საინტერესო ისტორიული სოფელია ალიბეგლო. სხვადასხვა წყაროების მიხედვით, მას “ქათმის ხევსაც” უწოდებენ. 2 წელია ალიბეგლოში წმიდა ნინოს სახელობის ეკლესია ადგილობრივმა მოსახლეობამ საკუთარი ძალებით აღადგინა, ნინოობის დღესასწაულზე მრევლი იკრიბება და ღვთისმსახურებაც სრულდება. რამდენიმე სოფელში შემორჩენილია ეკლესიის ნანგრევები. შეგვიძლია მოვილოცოთ გიშის საეპისკოპოსო ტაძარი. გვხვდება ლექართის უნიკალური სამონასტრო კომპლექსის ნანგრევებიც. გამომდინარე იქიდან, რომ აქ მისასვლელი გზა შედარებით რთულია, მომლოცველები ნაკლებად ახერხებენ ამ ადგილზე მისვლას.

ბევრია თამარის დროინდელი ხიდი. ქურმუხის ხიდიც ერთ-ერთი ცნობილი არქიტექტურული ძეგლია.
აქ არის კავკასიის დიდი კედლის ნაწილი, რომლის ნანგრევებიც ამ ტერიტორიაზეა შემორჩენილი.
მნიშვნელოვანია, რომ თბილისიდან ძალიან ოპერატიულად შეიძლება ამ რეგიონში გამგზავრება. სამარშრუტო ტაქსიც მოძრაობს დღეში ორჯერ კახის მიმართულებით (თბილისი-კახი ღირს 12 ლარი (6 აზერბაიჯანული მანათი)). 260 კმ-ია თბილისიდან ლაგოდეხის გავლით და გადაადგილებაც არ არის რთული.

სამწუხაროა, რომ ჰერეთში ბევრ ქართულ ძეგლზე მითითებულია, რომ ის ალბანური წარმოშობისაა, რაც ყოვლად უსაფუძვლოა…

სტატიაში გამოქვეყნებული ფოტომასალა ეკუთვნის გიორგი დვალაშვილს

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

  • მართალი says:

    ‎”….ქართული ქრისტიანობა თავისი არსით არის სამხედრო ქრისტიანობა. ეს არის მოყმეთა, მებრძოლთა ქრისტიანობა და ასევე შეიძლება ითქვას, რომ საქართველო იყო ერთი მთლიანი სულიერი ორდენი წმინდა გიორგისა და ასეთად აღიქვამდნენ მას ჯვაროსნები, ასეთად აღიქვამდნენ საქართველოში ჩამოსული უცხოელები და ამიტომ დამკვიდრდა ეს სახელი – “გეორგია”, რომელიც, რა თქმა უნდა, წარმართული ეპოქიდან მომდინარეობს. ასეთი აღქმა ქართველობისა მხოლოდ უცხოელებს ჰქონდათ. ქართველები, მართალია, თავის თავს გეორგიანებს არ უწოდებდნენ, მაგრამ წმინდა გიორგის კულტი რა დონეზეცაა საქართველოში და რა როლი აქვს ამ წმინდანს, ამ სახეს, ამ ხატებას საქართველოს ისტორიაში, ჩვენ ყველამ ვიცით. არ არსებობს ეროვნული ხასიათის გამომხატველი სხვა უფრო შესაფერისი სახე ქართველობისათვის.

    …მიქაელ-გიორგის მისსიაა სულიერი აზროვნების განვითარება, უნივერსალური გველის, ანუ დრაკონის დათრგუნვა, მატერიალიზმის დათრგუნვა, უნივერსალური ბოროტების დათრგუნვა, და კაცობრიობის ხსნა.

    ზვიად გამსახურდია -”საქართველოს სულიერი მისსია”

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი