მთავარი » ქრისტიანობა

ქურდობის ცოდვა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 10.06.2011 ერთი კომენტარი | 4,356 ნახვა

არა იპარო

“იქნებ თქვენ შორის არ არის პროფესიონალი ქურდი, ყაჩაღი და თაღლითი, მაგრამ ისეთები კი ნამდვილად არიან, რომელთაც თუნდაც მცირედი მიუთვისებიათ იმისა, რაც მათ არ ეკუთვნოდათ.ყოველივე ეს იგივე ქურდობაა”… “გაიხსენეთ, ხომ არ ცდუნებულხართ ოდესმე რაიმეთი, რაც “ცუდად იდო”. ამას ჩვენ ცოდვად არ ვთვლით, მაგრამ ეს ნამდვილი ქურდობაა. ხომ არ მიგიტანიათ შინ შვილებისთვის რამე სამსახურიდან და ამით ხომ არ მიგიჩვევიათ იგი ქურდობისათვის?!”არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი).

ქურდობაარა იპარო – ეს მერვეა უფლისაგან ბოძებული 10 მცნებიდან. ამ მცნების დამრღვევად ითვლებიან ექიმები, მოსამართლეები, მუშა-მოსამსახურეები, სახელმწიფო მოხელეები და ყველა ის ადამიანი, ვინც რაიმე ტყუილით ცდილობს გაამართლოს თავისი ქურდობა, გულმოდგინებას ნაკლებად იჩენს სხვა ადამიანთა მიმართ, უყურადღებოდ და გულგრილად აკეთებს საქმეს.

რა არის ქურდობის ცოდვის გამომწვევი მიზეზი და როგორ დავაღწიოთ თავი ამ ჩვევას? გვესაუბრება წმ. დემეტრე თავდადებულის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, მამა მალხაზი (ყიფიანი):

“პავლე მოციქული ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში ამბობს: “მპარავი იგი ნუღარა იპარავნ, არამედ უფროჲსღა შურებოდენ და იქმოდენ კეთილსა თჳსითა ჴელითა, რაჲთა აქუნდეს მიცემად, ვის-იგი უჴმდეს” (ეფესელთა მიმართ 4,28). მოციქული აქ ყურადღებას ამახვილებს მერვე მცნების დარღვევაზე, რომ მპარავი არ უნდა იპარავდეს და ქურდობისგან თავის დაღწევა შესაძლებელია კეთილსინდისიერი შრომითა და კეთილი საქმის ქმნით.

მახსოვს, ჩემს ბავშვობაში ქურდობის ცოდვის ჩამდენნი ავტორიტეტებად ითვლებოდნენ. იყო პერიოდი, მათი ქმედება სახელმწიფო დონეზეც გახლდათ “ნებადართული”. დღეს კი, ღვთის მადლით, რაც უფრო მრავლდება ერი ეკლესიაში, იმსხვრევა ეს სტერეოტიპი. ციხეში პარვის, ქურდობის მენტალიტეტს ჩაენაცვლა ეკლესიური, მორწმუნე, ღვთისმოსავი ადამიანი. ბევრად სანდო, მისაღებია საზოგადოებისათვის, თუნდაც ციხეებში, მლოცველი ადამიანის სახე, ვიდრე მპარავისა და ქურდისა.

ამ ცოდვის გამომწვევი ძირითადი მიზეზი უსაქმურობა, უსამსახურობაა. ასეთი ადამიანი ჯერ, ალბათ, სხვა საშუალებებით ერთობა, ეძალება აზარტულ თამაშებს, წაგებისა და ვალის გადახდის მიზნით კი, თუ ამ უსაქმურობის მიზეზით ცოდვაში ჩავარდა, იძულებული ხდება მოიპაროს, ვიღაც გაძარცვოს, იხულიგნოს. იგივე, ნარკოტიკული, დამათრობელი საშუალებების მოხმარება ადვილად უბიძგებს პიროვნებას ამ ცოდვის ჩადენისაკენ. ფხიზელი, საღ გონებაზე მყოფი ადამიანი კი ნაკლებად მონაწილეობს ასეთ ქმედებაში.

მშობლები ნაკლებად სჯიან შვილებს უნებლიე ქურდობისას, ვთქვათ, მეზობლის ბაღიდან ტკბილეულის მოპარვისას… რა როლი აკისრია ოჯახს ამ შემთხვევაში?

შესაძლოა, ამ ცოდვის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი ის გარემოც იყოს, სადაც ადამიანი, მომავალი საზოგადოების წევრი იზრდება. გასათვალისწინებელია, რა ცხოვრების წესით ცხოვრობს ოჯახი, რისი მაგალითი ეძლევა ბავშვს სამომავლოდ, რა უნდა აღასრულოს ცხოვრებაში. ქართულ ზეპირსიტყვიერებაშიც გვსმენია: მითხარი, ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი, ვინ ხარ შენ. ბავშვებს ვაშლის მაგალითსაც ხშირად ვუამბობთ. დამპალი ვაშლი საღ ვაშლთან დადებისას ადვილად დალპება. ასეთ შემთხვევაში, შვილის აღზრდისას უნდა გავითვალისწინოთ გარემო. მშობელი ყურადღებით უნდა იყოს, შვილს რაიმე საქმე უნდა დააკისროს, იგრძნოს პასუხისმგებლობა, რათა თავისუფალი დრო არ დაუთმოს ქურდებთან და ავაზაკებთან ურთიერთობას.

ბავშვი ძირითად დროს ოჯახურ გარემოში ატარებს. როდესაც ის უნებართვოდ აიღებს, გამოიყენებს, ან მოპარავს დედ-მამას, მეზობელსა თუ კლასელს რაიმე ნივთს და მშობელს მკაცრი შეფასება არ ექნება შვილის მიმართ, ცუდ შედეგს მივიღებთ. ოჯახს უდიდესი წვლილი მიუძღვის ბავშვის სწორად აღზრდაში. თუ შვილს ასეთი საქციელის ჩადენისას თავზე ხელს გადავუსვამთ, ადექვატური რეაქცია არ გვექნება, მიეჩვევა და წვრილმანი ქურდობიდან შესაძლოა დამნაშავედ ჩამოყალიბდეს. მშობლის სახით, შვილს უნდა ჰყავდეს მამხილებელი, შემაგონებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის დიდ ვნებას მოუტანს ჯერ თავის თავს, შემდეგ – მთელ ოჯახს, ამიტომ ჯობს, ბავშვობაში ზომიერად დაისაჯოს.

ქურდობას, უმეტესად, გაჭირვებული მდგომარეობით ამართლებენ, მაღალი თანამდებობის პირნი კი – გამოუვალი მდგომარეობით… ხშირია მოპარული ნივთის დამალვა და ნაპოვნის მითვისება. როგორ გავამჟღავნოთ ჩადენილი დანაშაული?

საზოგადოებაში, გარშემომყოფთათვის მეტ-ნაკლებად ცნობილია იმ ადამიანების ვინაობა, ვინც ღიად აცხადებს პრეტენზიას, რომ მპარავია, ქურდია. ისინი შეიძლება გარკვეული უპატივცემულობით, ან პირიქით, ზოგ ადამიანებში პატივისცემითაც სარგებლობდნენ. მაგრამ ამაზე არანაკლები ზიანის მომტანი, საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს თანამდებობის პირთა უკანონო ქმედებანი. როცა სახელმწიფო ნდობით აღჭურვილი პირი პასუხისმგებლობას არასწორად გამოიყენებს, ისიც ქურდობის ცოდვაში ჩავარდება. გაცილებით დიდი ზიანის მოტანა შეუძლია ქვეყნისათვის, თითოეული ადამიანისათვის მოპარვის ამ კატეგორიას და მეტი საფრთხის შემცველია. ხარისხობრივადაც ეს ადამიანები უფრო მეტი სასჯელის ქვეშ იმყოფებიან როგორც იურიდიული, ისე სულიერი და ზნეობრივი კანონით, რადგან შეიძლება ითქვას, ფარულად ეწევიან ქურდობის ცოდვას. ქურდობა ნებისმიერ შემთხვევაში გაუმართლებელია.

მოპარული ნივთის დამალვისას, მითვისებისას სჯობს, აღსარების საიდუმლოში გულწრფელად მოინანიოს მოძღვართან და განიწმინდოს ადამიანი ჩადენილი დანაშაულისგან. იმ პირს კი, ვისაც ზიანი მიაყენა, მოპარა ნივთი, შესაძლებელია ჩუმად დაუდოს სახლში, ან სხვა სახის რაიმე სიკეთე გაუკეთოს, რადგან თუ მორწმუნე არაა პიროვნება, შეიძლება ეს მოვლენა ამ ორ ადამიანში სიძულვილის წარმოშობის მიზეზი გახდეს. ვინც რწმენაშია, ის შეუნდობს, მიუტევებს დამნაშავეს და ურთიერთობის დაძაბვის სახეს ნაკლებად მიიღებს.

ხშირია გამყიდველთა მხრიდან წონაში, ზომაში, ხარისხში, ფასში მოტყუება. ითვლება თუ არა მსგავსი ქმედება ქურდობად? აქლემისა და ნემსის ქურდი ორივე ქურდია?

რა თქმა უნდა, ქურდობაა. როდესაც ვაჭარი უხარისხო საქონელში მომხმარებელს წონაში ატყუებს და ფასსაც სრულად ახდევინებს, ეს ქურდობაა და ამ მცნების დამრღვევად ითვლება. ეს ადამიანის პატიოსნებას ეჭვქვეშ აყენებს და სადაც პატიოსნება არ არის, იქ არც მადლი ღვთისაა. ეს ადამიანები კი იმ ცოდვის მიმდევრები არიან, რასაც ფარული ქურდობა ჰქვია. შეიძლება ფარისევლობის ცოდვაშიც ვარდებიან.

ქურდი ქურდია. აქლემის ქურდი ხარისხობრივად უფრო მძიმე ცოდვაში იმყოფება, ვიდრე ნემსის ქურდი. მაგრამ განსხვავება ამაში არ არსებობს. როცა ბავშვობაში ბავშვი ხილს თავისი ცელქობის, ანცობის გამო მოიპარავს და ზრდასრული ადამიანი შეგნებულად იქურდებს, გაცნობიერებული აქვს ცოდვის სიმძიმე, ამაში სხვაობა შეიძლება გავარჩიოთ.

მამაო, რა ელის ამ ცოდვის ჩამდენს მოუნანიებლობის შემთხვევაში?

ქურდისაერთოდ, სჯობს, ადამიანმა ამ ქვეყანაშივე იზღვიოს ჩადენილი ცოდვის სიმძიმე გარკვეული განსაცდელის სახით, ვიდრე მარადიულობაში ამ ქვეყნიერებიდან გასვლის შემდეგ. გარკვეულწილად, ადამიანებს სინანული ეუფლებათ და ეს ღვთის საიდუმლოს განგებულებაა. ბევრი უფიქრდება თავის წარსულს, დღევანდელობას, აცნობიერებს, რომ ადრე არასწორად ცხოვრობდა და ღვთის ხელში მისი პატიმრობა, თუ ცხოვრებისეული პრობლემები არის ის საშუალება, რომ ადამიანებმა განიცადონ სინანული, განიწმიდონ და შეიქმნან ღირსეული მოქალაქეები.

ვიცით, გარდაცვალების შემდეგ ადამიანის სული საზვერეებს გაივლის. მათგან ერთ-ერთი ქურდობის საზვერეა და თუ ადამიანი თავისი ხორციელი ცხოვრების განმავლობაში არ განწმენდილა მპარაობის ცოდვისგან, სინანულით არ მოუნანიებია მოძღვრის წინაშე და ცხოვრების წესი, ნირი არ შეუცვლია, ასეთი პიროვნება სასჯელს იმსახურებს.

როგორ უნდა გაუჩნდეს ადამიანს სინანულის გრძნობა, როგორ ვებრძოლოთ და დავაღწიოთ თავი ამ ჩვევას?

სინანულის გაჩენა ცხოვრებისეულმა გარემოებებმა უნდა განაპირობოს. ნებისმიერი ჩვენგანი, სანამ ეკლესიურ ცხოვრებას დავიწყებდით, ვგრძნობდით სინდისის ხმას, რომელიც შეაგონებს ადამიანს, რა არის კარგი, რას აშავებს… ქრისტიანულ გზაზე დადგომის შემდეგ კი ვხვდებით, რომ ეს ღვთის ხმაა. თუ მას კარგად დავუკვირდებით, ადამიანი შეიმეცნებს თავის დანაშაულსა თუ კარგ საქციელს. გავიხსენოთ უძღები შვილის შემთხვევა. უმცროსი ძე, რომელიც მამის ქონებას განაბნევს, სიგლახეში გამოიყენებს, სანამ მას სინანული მიეცემოდეს, სახარებაში წერია, რომ გულისხმაჰყოფს, ანუ გულისხმა მიეცემა, რადგან არ მოიქცა სწორად. მას შემდეგ მიდის ის მამასთან, ითხოვს პატიებასა და შენდობას. გულისხმა არის სწორედ სინანულის წინაპირობა.

სამწუხაროდ, ხშირად ადამიანი სუსტი ნებისყოფით ხასიათდება. არ არის მისი გადაწყვეტილება მტკიცე, ძლიერი, რომ ამ ცოდვას განეშოროს. ადვილად მიიდრიკება ქურდობისაკენ, რაც მისი პიროვნული ნაკლულოვანებიდან მომდინარეობს.

თუ ადამიანი უფალს დიდ დროს დაუთმობს, შეეცდება მისი წმიდა მცნებების დაცვას, ეკლესიასთან სიახლოვეს, ღმერთი მისცემს ძალას, ამ ცოდვას, მიდრეკილებას განეშოროს. გახდეს მტკიცე, შეუვალი თავის არჩევანში, რომელი არჩევანიც მას უფრო საუკეთესო ცხოვრებისაკენ წაიყვანს და არა – ტკივილისა და ნაღველისაკენ.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

  • etuna says:

    kurdobis codva raga tkmaunda mdzimea da uflis erterti mcnebis dargvevaa…erti kitxva makvs akviatebuli ramdeni xania: adamini,romelic aris chavardnili kurdobis codvashi,mkvlelobis codvashi,da kidev sxva codvebshi gind es cvrilmani ikneba tu mdzime…mamebi amboben rom sinanuli cxovrebis bolomde unda gvkondes..is codva sul unda gvaxsovdes….mainteresebs:tu adamiani bevr codvahsia chavardnili rogor unda inanos kvela codva ..aman sheidzleba depresia da sasocrakvetilebac ki gamoicvios…rogor unda xdebodes rom adamianma daickos scori sinanuli da ara iseti..uimedo … me mgoni scorad avsvi shekitxva…maldoba cinascar :)

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.