მთავარი » საეკლესიო ხელოვნება

ქრისტიანული ხელოვნების ისტორია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 12.09.2012 5 კომენტარი | 16,381 ნახვა

“გევედრები, უფალო, გაუნათე გონება მეცნიერთა, მწერალთა და ხელოვანთა ჩვენთა. დალოცე საქმე მათი, რათა იქმნას ნაღვაწი მათი საკეთილოდ ქვეყანისა, რათა შრომითა თვისითა გემსახურონ შენ, ემსახურონ ერსა ივერიისასა”.

სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქი ილიაII

ქრისტიანული ხელოვნებაქრისტიანულ ხუროთმოძღვრებასა და ხელოვნებას საქართველოში თითქმის ორი ათასი წლის ისტორია აქვს. 326-37 წლებს შორის ნათელღებულ ქვეყანაში თავიდანვე აქტიურად დაიწყო სატაძრო-სამონასტრო მშენებლობაცა და მასთან დაკავშირებული ხელოვნების დარგების განვითარებაც. უფრო მეტიც, საკუთრივ საქართველოს გარდა ჩვენს წინაპრებს ეკლესიები და მონასტრები ქრისტიანული სამყაროს უმნიშვნელოვანეს ცენტრებშიც უშენებიათ (მაგ.: Vს-ში პეტრე იბერის მიერ დაარსებული მონასტრები იერუსალიმის მახლობლად, X-XI სს-ის ეკლესია-მონასტრები პალესტინაში, სინას, ათონისა და შავ მთებზე, კონსტანტინოპოლში, კუნძულ კვიპროსზე და სხვ.), სადაც საუკუნეების მანძილზე ეწეოდნენ ღვთის სადიდებელ საქმიანობას.

ქრისტიანული ხუროთმოძღვრებისა და ხელოვნების ისტორიის შესახებ “ამბიონს” ესაუბრა საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფროსი კურატორი, ხლოვნებათმცოდნეობის დოქტორი ნანა ბურჭულაძე:

“ქვეყნის შიგნით თუ გარეთ არსებულმა ხუროთმოძღვრებისა და ხელოვნების ძეგლების დიდმა ნაწილმა ჟამთა სიავის გამო ჩვენამდე ვერ მოაღწია. მოღწეულიდანაც ბევრი მნიშვნელოვნად დაზიანებული და სახეცვლილია, მაგრამ ისიც კი, რაც ღვთის შეწევნით შემოგვრჩა, აშკარად მოწმობს, რომ ძველი ქართველი ოსტატების ნაღვაწი ზოგადსაკაცობრიო ღირებულებისაა და მას ქრისტიანული კულტურის საგანძურში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

ბოლნისის სიონი, მცხეთის ჯვარი, წრომი, ოშკი, კუმურდო, ბაგრატი, სვეტიცხოველი, ალავერდი, სამთავისი და მრავალი სხვა წმიდა ეკლესია სამშენებლო ხელოვნების ნამდვილი შედევრია. ისინი, ტიპოლოგიურად, მასალით თუ ინტერიერისა და ექსტერიერის გაფორმების პრინციპებით საკმაოდ მრავალფეროვანია. ცხადია, ესა თუ ის ტაძარი ეპოქალური სტილური ნიშნებისა და ამა თუ იმ რეგიონისთვის დამახასიათებელი სამშენებლო ტრადიციების გამომხატველი და ზოგადქრისტიანული სიმბოლიკის მატარებელიცაა, მაგრამ არსებობს საინჟინრო თუ მხატვრული თავისებურებები, რითაც შუა საუკუნეების ქართული საეკლესიო არქიტექტურა სხვა ქრისტიანული ქვეყნების არქიტექტურისგან აშკარად გამორჩეულია.

ქრისტიანული ხელოვნებაიგივე ითქმის საეკლესიო-სამონასტრო ნაგებობებთან განუყოფლად დაკავშირებული ხელოვნების სხვადასხვა დარგის შესახებაც. ძვირფასი ლითონებისგან დამზადებული, საღებავებით ნახატი, ქვასა თუ ხეში ნაკვეთი ჯვრები და ხატები, კედლის მხატვრობა, საეკლესიო ავეჯი და ჭურჭელი, ღვთისმსახურთა შესამოსელი, მდიდრულად მორთული ხელნაწერი წიგნები და სხვ. დახვეწილი ტექნიკით, მხატვრული სინატიფითა და გამოსახულებათა შინაარსის სიღრმით იქცევს ყურადღებას. მათგან ბევრი უნიკალური, განუმეორებელი ნივთია, რომლებშიც კარგად ჩანს ავტორთა დიდი ოსტატობა, ეროვნული ტრადიციების ერთგულება და რაც მთავარია, ღვთის დიდი სიყვარული და მოწიწება.

შუა საუკუნეების ქართული საეკლესიო ხელოვნების განვითარება რთულ ვითარებაში მიმდინარეობდა, ვინაიდან ქართველებს მუდმივად უხდებოდათ ან უცხოელ დამპყრობლებთან ბრძოლა, ან შინა ომებში მონაწილეობა. ასეთ ვითარებაში სწორედ ეკლესია გამოდიოდა ერის გამაძლიერებელ-გამაერთიანებელ ძალად – ომის დროს ლოცვით შეეწეოდა მეომრებს, ხოლო მშვიდობიანობის ჟამს მოსახლეობის სულიერ და ზნეობრივ აღზრდაზე ზრუნავდა.

ქრისტიანული ხელოვნება ამ მხრივ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ეკლესია-მონასტრებში სამეცნიერო, ლიტერატურული, სამხატვრო თუ სამუსიკო კერების არსებობას, სადაც იწერებოდა, ითარგმნებოდა და მხატვრულად ფორმდებოდა საღვთისმეტყველო-ფილოსოფიური შინაარსის წიგნები, იხატებოდა და იბეჭდებოდა ხატები, იქმნებოდა ფრესკული მხატვრობა, საგალობლები და ა.შ.

ქართველ მეფეთა სურვილითა და შემწეობით ფუძნდებოდა მონასტრები და ტაძრები არა მარტო საქართველოში, არამედ საზღვარგარეთაც.

ამ მხრივ XIX საუკუნეში ვითარება მკვეთრად შეიცვალა. 1801 წელს ქვეყნისთვის თავსმოხვეული ხელშეკრულებით საქართველოში მეფობა გაუქმდა და რუსეთის იმპერიას თბილისისა და ქუთაისის გუბერნიების სტატუსით მიუერთდა. იმ დროს ჩამოერთვა საქართველოს სამოციქულო ეკლესიას ავტოკეფალია და სამართავად რუსეთის ეკლესიის სინოდის მიერ დანიშნულ რუს ეგზარქოსებს გადაეცა.

ცხადია, ამგვარ ვითარებაში რუსიფიკაცია განიცადა როგორც ღვთისმსახურების წესმა, ისე ხუროთმოძღვრებამ და სახვითმა ხელოვნებამ. თბილისსა და მის გარეთაც გაჩნდა რუსული ტიპის ტაძრები, რომლებიც შუა საუკუნეების ქართულ ტაძრებთან ერთად რუსული იკონოსტასებით, კედლის მხატვრობით, ხატებით, ქსოვილებით, ჭურჭლითა და ავეჯით შეიმოსა. ტაძართა ერთი ნაწილი “სათანადო სახის მისაცემად” კირით ისე შეთეთრდა, რომ ძველი ქართული მოხატულობები შელესილობის ქვეშ აღმოჩნდა.

ახალი სტილი, რუსული ხატები და საეკლესიო ინვენტარი რუსეთიდანაც შემოედინებოდა და თვით საქართველოში, განსაკუთრებით კი თბილისში ჩამოსახლებული რუსი ოსტატების მიერაც იქმნებოდა. ამგვარი გარემოების შედეგად საქართველოში საეკლესიო ხელოვნებამ სრულიად დაკარგა თვითმყოფადი ხასიათი და იმხანად რუსეთში გავრცელებული რუსულ-ევროპული ყაიდის ხელოვნების პერიფერიულ განშტოებად იქცა. XIX საუკუნესა და XX საუკუნის დასაწყისში ქართული ეროვნული საეკლესიო ხელოვნების განვითარება საკმაოდ ხანგრძლივი დროით შეჩერდა.

ქრისტიანული ხელოვნებაეს პერიოდი საზოგადოების განვითარების იმ ეტაპს დაემთხვა, როცა ცხოვრების სტილი, რიტმი და ზნეობრივი ღირებულებებიც მნიშვნელოვნად გადასხვაფერდა. ადამინთა ცხოვრება პრაგმატული, უტილიტარულ მოთხოვნილებებზე დამოკიდებული და ტექნიკის განვითარებაზე ორიენტირებული გახდა, რამაც, ბუნებრივია, რომ მათ სულიერ მდგომარეობაზე მნიშვნელოვნად იმოქმედა,Aამიტომაც ამ დროის საეკლესიო ხელოვნებაში ღრმა შინაარსისა და მაღალი მხატვრული დონის ნაწარმოებები საკმაოდ იშვიათი მოვლენაა, მდარე ხარისხის ხელოსნური ნაწარმი კი მრავლად გვხვდება.

XX საუკუნის 20-იანი წლებიდან, როდესაც საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შევიდა, ბოლშევიკ ხელისუფალთა მიერ აიკრძალა ღვთისმსახურება, სამღვდელოება საზოგადოების განვითარების მავნე სოციალურ ფენად გამოცხადდა, ეკლესია-მონასტრები დაიხურა, მათი ნაწილი დაინგრა, ნაწილი კი საწყობებად, კლუბებად, თეატრებად და სხვა, კიდევ უფრო შეუფერებელი დანიშნულების სათავსებად გადაკეთდა.

იმდროინდელი ანტირელიგიური კამპანიის დროს საეკლესიო საგანძურის ერთი ნაწილი განადგურდა, მეორე კი, ქართველი საეკლესიო და საზოგადო მოღვაწეების უდიდესი ძალისხმევით, მუზეუმებსა და სხვა სახელმწიფო საცავებს ჩაბარდა, სადაც კულტურულ-ისტორიული ძეგლების სტატუსი მიენიჭა.

ამგვარი ვითარება თითქმის ერთი საუკუნე გრძელდებოდა.…

თანამედროვე ქრისტიანული ხელოვნებაღვთის განგებით, ბოლო დროს საქართველოში ვითარება მკვეთრად შეიცვალა. XX ს-ის 70-იან წლებიდან სრულიად გამოაშკარავდა ეკლესიური ცხოვრებისა და მასთან დაკავშირებული საეკლესიო ხუროთმოძღვრებისა და ხელოვნების აღმავლობა. ამ პროცესის სულისჩამდგმელი და წინამძღოლი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II გახდა. სწორედ მისი უწმიდესობის აღსაყდრების თარიღი – 1978 წელი არის მიჩნეული საქართველოს ეკლესიის ისტორიის ახალი ეტაპის დასაწყისად.

უწმიდესი და უნეტარესი ილია II პატრიარქობის პირველივე წლებიდან განუხრელად შეუდგა ჩვენი ეკლესიის საუკეთესო ტრადიციების აღდგენაზე ზრუნვას. პატრიარქის პიროვნულმა თვისებებმა და პირადმა მაგალითმა დიდად შეუწყო ხელი ქართველი ერის ეკლესიისკენ მობრუნებას. მისი მოღვაწეობის დასაწყისიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა ღვთისმსახურთა რიცხვი და ამოქმედდა ის ეკლესია-მონასტრები, სადაც საამისო პირობები მეტ-ნაკლებად უკვე არსებობდა. პატრიარქმა ქვეყნის თანამედროვე და ისტორიულ ტერიტორიებზე აღადგინა და გაამრავლა ეპარქიები. ამასთან, წმიდა სინოდთან ერთად მოახდინა ახალი წმიდანების კანონიზაცია, რითაც ჩვენი ეკლესია კიდევ უფრო გაძლიერდა.

1978-1983 წლებში ილია II აირჩიეს ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ხელმძღვანელად, რამაც საქართველოს ეკლესიის ავტორიტეტი საერთაშორისო დონეზე აამაღლა.

1989 წელს მსოფლიო პატრიარქმა დაადასტურა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია, რაც ჩვენი ეკლესიისა და ქვეყნის არაკეთილმოსურნეთა მიერ თითქმის ერთი საუკუნე იჩქმალებოდა.

ქრისტიანული ხელოვნებაილია II –ის ლოცვა-კურთხევით, 7988 წელს მცხეთის სასულიერო სემინარიის ბაზაზე დაარსდა თბილისის სასულიერო აკადემია, რომელმაც მომავალ ღვთისმსახურთა განსწავლაში დიდი როლი შეასრულა. ამ უმაღლეს სასწავლებელში გაიხსნა საღვთისმეტყველო ინსტიტუტიც, სადაც საერო პირებსაც მიეცათ საშუალება, დაუფლებოდნენ საღვთო მეცნიერებებსა და მათ შორის, ქრისტიანული ხელოვნების საფუძვლებსაც.

ილია II-ის პატრიარქობის დასაწყისს უკავშირდება 1978-88 და 1982-89 წლებში თბილისში დიდუბის ღვთისმშობლის შობისა და ღვთისმშობლის მიძინების (სიონის) ეკლესიების ფრესკებით შემკობა. უფრო ადრე თბილისშივე წარმოუდგენელი რამ მოხდა – 1946-48 წლებში უწმიდესი და უნეტარესი კალისტრატე ცინცაძის ძალისხმევით ქაშუეთის წმიდა გიორგის ტაძრის საკურთხეველი მოიხატა.

ეს მოხატულობები, ფაქტობრივად, თანამედროვე ქართული საეკლესიო ხელოვნების პირველ ნიმუშებს წარმოადგენდა. მათი ავტორები ცნობილი ქართველი მხატვრები – ლადო გუდიაშვილი (ქაშუეთი), ალექსანდრე ბანძელაძე (დიდუბე) და ლევან ცუცქირიძე (სიონი) არიან. მათ შორის მეტ-ნაკლებად ტრადიციული მხოლოდ ალექსანდრე ბანძელაძის მოხატულობა აღმოჩნდა, დანარჩენი ორი კი ავტორთა მიერ, ნებით თუ უნებლიედ, მკვეთრად განსხვავდება შუა საუკუნეების ფრესკული მხატვრობისთვის დამახასიათებელი ტექნოლოგიური, სტილური და იკონოგრაფიული ნიშან-თვისებებისაგან, რითაც დაირღვა მათი კავშირი მართლმადიდებლურ, კანონიკურ მხატვრობასთან. და მაინც, ამის მიუხედავად, თვით ფაქტი, რომ კომუნისტური მმართველობის დროს საქართველოში შესაძლებელი გახდა ტაძრების მოხატვა, მოასწავებდა, რომ საეკლესიო ხელოვნების აღორძინება დაიწყო და იგი უთუოდ გაგრძელდებოდა.

მართლაც, 80 –იანი წლების ბოლოდან, როდესაც საქართველომ პოლიტიკური დამოუკიდებლობა მოიპოვა, ქვეყანაში ინტენსიურად დაიწყო ეკლესია-მონასტრების აღდგენა, აღმშენებლობა და ხელოვნების ყველა დარგის აღორძინება.

თანამედროვე ქართული საეკლესიო ხელოვნების განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქართულენოვანი სახარების ახალი ნუსხის შექმნას, რომელიც ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში ინახება. მასზე მუშაობა უწმიდესის კურთხევით 1984 წელს დაიწყო და 2004 წელს დასრულდა.

წმიდესის კურთხევით, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ხატწერისა და ქარგვის სახელოსნოებიც გაიხსნა. დაარსდა ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობისა და ხატწერის ფაკულტეტებიც.

ამის პარალელურად, თბილისსა და ეპარქიებში ცალკეულ მონასტრებთან და ტაძრებთან ამუშავდა სახელოსნოები, სადაც ბერ-მონაზვნები და მრევლი საკუთარი ხელით ადიდებენ უფალს~.

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

5 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი