მთავარი » საზოგადოება

“მინდა, მტკიცე ქრისტიანული ოჯახი მქონდეს”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 04.06.2010 5 კომენტარი | 4,299 ნახვა

გვანცა დარასელია“რუსთავი 2”-ის დილის წამყვანი, გვანცა დარასელია ჯერ 20 წლისაა, თუმცა უკვე საკმაოდ წარმატებული და ცნობადი სახეა. თვლის, რომ ბევრ შემთხვევაში გაუმართლა და დღევანდელ მიღწევამდე დაბრკოლებების გადალახვა არ დასჭირვებია. ამას ღმერთს უმადლის. მართალია, მოძღვარი არ ჰყავს, მაგრამ ეს დროებითია. სწამს და მოშიშია უფლის. დარწმუნებულია, რომ დადგება დრო, როცა შინაგანად მზად იქნება მარხვისთვის, ჩააბარებს აღსარებას და ეზიარება, რადგან განწმენდის დიდი სურვილი აქვს. სჯერა, რომ აღსარება და ზიარება სულიერად განწმენდს…

ინტერნეტ-ჟურნალი “ამბიონი” მას სახლში ეწვია და სცადა გაეგო, რა მნიშვნელობას ანიჭებს გვანცა ტრადიციებს და რა ადგილი უჭირავს რწმენას მის ცხოვრებაში.

გვანცა დარასელია: “ზოგადად ვფიქრობ, რომ რწმენასა და ტრადიციას უამრავი საერთო აქვთ, მითუმეტეს, საქართველოში. მე, მაგალითად, ძალიან ბევრ ტრადიციას მართლმადიდებლობასთან ვაკავშირებ, ანუ იმ რწმენასთან, რაც ჩვენს ქვეყანას მოსდევს საუკუნეების მანძილზე. საკმაოდ ტრადიციული ოჯახი გვაქვს. ჩვენთან ყველაფერი ისე ხდება, როგორც ნამდვილ ქართულ მორწმუნე ოჯახში. ყველა წევრი, რა თქმა უნდა, მართლმადიდებელია, სწამს და მოშიშია ღმერთის. ვცდილობთ, უფრო აქტიურად ვიაროთ ეკლესიაში, თუმცა ჯერჯერობით ოჯახში მხოლოდ დედაჩემი და ბებიაჩემი მარხულობს…

რატომ? რა არის ამის მიზეზი?

– ალბათ იმიტომ, რომ ჩემს თავს ვერ დავაძალებ მარხვის შენახვას. რამდენიმე თვის წინ ვცადე, მაგრამ ვერ შევძელი და სულ ველოდები იმ დროს, როცა შინაგანად ვიქნები ამისთვის მზად, როცა რაღაც დიდი ძალა მომეცემა იმისთვის, რომ ვიმარხულო, ყოველ კვირა ეკლესიაში ვიარო, ჩავაბარო აღსარება, ვეზიარო, რადგან დღეს ბევრი ადამიანი მინახავს, ვინც ტრაბახობს, რომ დადის ეკლესიაში, ჰყავს მოძღვარი… მე არ მინდა, ეს მარტო იმიტომ გავაკეთო, რომ მერე ვიღაცას ნიშნისმოგებით ვუთხრა: შენ რატომ არ დადიხარ ეკლსიაში, მე დავდივარ-მეთქი. ეს ადამიანის პირადულია და არ ხდება იმისთვის, ვიღაცამ თავი მოიწონოს. ეკლესიურად ცხოვრება არც მოდაა. მოდა რომ იყოს, ვივლიდი. ვცდილობ, ნელ-ნელა რწმენაში გავძლიერდე…

მოძღვარიც ამიტომ არ გყავს?

– მყავდა, მაგრამ რაღაც იმედგაცრუებების გამო აღარ მივედი მასთან. მოძღვარი ჩემთვის ნიშნავს იმას, რომ ნებისმირ წუთს შეგიძლია მიხვიდე, შენი გასაჭირი უამბო. მე კი შიში მქონდა. ალბათ იმიტომ, რომ ძალიან მკაცრი იყო… რატომღაც გული არ მიმიწევდა მასთან და სულიერად ახლოს ვერ ვგრძნობდი თავს. თუმცა მომავალში აუცილებლად ვაპირებ, რომ მამაოსთან მივიდე…

რატომ?

– იმიტომ, რომ ხანდახან ჩემს თავს რომ ვუფიქრდები, ბევრი ისეთი რამ მინდა მოვუყვე, რასაც სხვასთან ვერ ვიტყვი, მაგრამ ზოგჯერ მეშინია. განწმენდის დიდი სურვილი მაქვს. მჯერა, აღსარებისა და ზიარების შემდეგ სულიერად განვიწმინდები, მაგრამ მაინც ფეხს ვითრევ.. იმედია მალე შევძლებ…

შენი აზრით, როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს მოძღვარს მრევლთან?

– მე, მაგალითად, ვიცნობ მამაოებს, რომლებიც ჩემი მეგობრების მოძღვრები არიან და მათთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს. რა თქმა უნდა, დიდი მოწიწება და რიდი გამაჩნია, მაგრამ, ამასთან ერთად, შეხუმრებულებიც ვართ და, რაც მთავარია, ვმეგობრობთ. შემიძლია ნებისმიერ დროს დავურეკო, მოვიკითხო, ვუთხრა, რომ ძალიან მომენატრა… ვფიქრობ, ასეთი ურთიერთობა უნდა იყოს მოძღვარსა და მრევლს შორის. როცა საჭიროა, მამაო მკაცრიც უნდა იყოს, მომთხოვნიც, მაგრამ, პირველ რიგში ­- მეგობარი, რომ გაგიჩნდეს ნდობა და მოგინდეს მისთვის რჩევის კითხვა.

ბებია-ბაბუებს რა წვლილი მიუძღვით შენს აღზრდაში?

– დედას მშობლები გარდაცვლილი ჰყავს, მამის დედ-მამა კი ჩვენს გვერდით კორპუსში ცხოვრობენ და, რა თქმა უნდა, დიდი წვლილი მიუძღვით ჩემს აღზრდაში. თუმცა ამ მხრივ, განსაკუთრებით დედის მშობლები მახსენდება, რადგან თიანეთში ძალიან ბევრი დრო მაქვს გატარებული. იქ მიცხოვრია კიდეც, როცა აქ უშუქობის, უგაზობისა და დიდი გაჭირვების პერიოდი იყო. ანუ ბაღის ასაკში ოფიციალურად გამამწესეს თიანეთში, რადგან იქ ყველანაირი პირობა იყო. რატომღაც ცენტრალური გათბობა და შუქი ყოველთვის გვქონდა, საჭმელი კი სოფელში არასდროს მოგაკლდება… ასე რომ, ის პერიოდი ძალიან კარგად მახსენდება.

რაც შეეხება მამის მშობლებს, ხშირად მსაყვედურობენ, აქვე ვართ და მაინც არ მოდიხარო. ძალიან მრცხვენია, მაგრამ ჩემი გადატვირთული რეჟიმის გამო ვერ ვახერხებ მათ ნახვას. თუმცა შეუძლებელია ბაბუმ დამირეკოს და მითხრას, ღომს ვაკეთებო და არ გავიქცე. ბაბუა-ბებიას გაკეთებული ღომი თავისი ხარჩოთი და მეგრული აქსესუარებით ჩემთვის დიდი ზეიმია.

გვანცა დარასელიადღევანდელ წარმატებამდე როგორ მიხვედი?

– ჩემთვის ეს გზა ძალიან მნიშვნელოვანია. ასაკით პატარა ვარ და მგონია, რომ ყველაფერი წინაა, გასაკეთებელი კიდევ ბევრია. ვერ ვიტყვი, რომ ეს გზა ეკალ-ბარდებით იყო სავსე და ბევრი დაბრკოლება გადავლახე. ხშირ შემთხვევაში, გამიმართლა და წარმატება მარტივად მოვიდა, მაგრამ მე ამისთვის მაინც რაღაც გავაკეთე. ჩემს მიღწევებში ძალიან დიდი წვლილი დედაჩემს მიუძღვის, რადგან სწორად გათვალა, რას შეიძლებოდა ჩემთვის წარმატება მოეტანა. ეს ღრმა ბავშვობიდან ასე იყო. ”დუბლიორში”, იმედის დილის ახალგაზრდა ჟურნალისტთა კონკურსში, დედის დაჟინებული თხოვნით შევიტანე საბუთები. მოხვედრის იმედი არ მქონდა, რადგან 16 წლის ვიყავი, მიღება კი 17-იდან 25-წლამდე იყო. ჩემდა გასაოცრად, 25 საუკთესო მონაწილეთა შორის ამირჩიეს. მაშინ ეს ჩემთვის დიდი მიღწევა იყო, რადგან მართლაც წარმოუდგენლად მერთულებოდა ის საქმე, რასაც შევეჭიდე, თანაც აბსოლუტურად დამოუკიდებლად. იქ მზამზარეულ სიუჟეტს არავინ მოგცემდა, რომ შენ უბრალოდ ხმა გადაგეწერა. თემაც ჩვენ თვითონვე მიგვქონდა, სიუჟეტიც, სცენარიც, რესპოდენტებსაც თავად ვირჩევდით. ეს ჩემთვის პირველი სერიოზული ნაბიჯები იყო, რადგან ყველაფერი ჩვენს კისერზე იყო. ამ პროექტმა დიდი გამოცდილება შემძინა და, მიუხედავად იმისა, რომ ვერ გავიმარჯვე, მაინც დიდ წარმატებად მივიჩნევ. შემდეგი “მის საქართველო” გახლდათ და იქაც დედას დაჟინებული თხოვნით გავედი. მე წინააღმდგი ვიყავი. ვამბობდი, რომ ეგ ჩემი საქმე არ იყო და კონკურსისთვის არ ვიყავი დაბადებული, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც დედამ გაიმარჯვა.

სხვათა შორის, ინგა გრიგოლიას თოქ-შოუს “რეაქციას” ვესწრებოდი. თემა ჰქონდა “მის საქართველო”. კონკურსი იწყებოდა. მე უბრალოდ ინსტიტუტიდან, როგორც სტუდენტი მივედი ამ გადაცემის ჩაწერაზე. ტელეჟურნალისტიკაზე ვსწავლობ და ეს ერთგვარი გამოცდილება იყო. სტუმრად ია კიწმარიშვილი, ყოფილი “მის საქართველოები” და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ჰყავდა, რომელთაც ამ კონკურსის შესახებ აზრი უნდა გამოეთქვათ. მე, რატომღაც, ამ გადაცემაში ყურადღების ცენტრში აღმოვჩნდი. თუ სწორად მახსოვს, თეონა თავართქილაძე და იკა ბობოხიძე იყვნენ სტუმრად და ფეხზე ამაყენეს, არ ვიცი, რატომ. გადაცემა რომ დამთავრდა, ძალიან ბევრმა ადამიანმა “მის საქართველოსთან” დამაკავშირა და მითხრა, რომ აუცილებლად უნდა გავსულიყავი. სხვათა შორის, კარგად მახსოვს ზურა ხაჩიძის კომენტარი: შენ რომ არ გახვიდე, შანსი არ არისო… როცა ამას ოჯახის წევრი გეუბნება, გგონია, რომ მას ყველაზე საუკეთესოდ მიაჩნიხარ და იმიტომ “გწირავს” ასეთი რაღაცისთვის, მაგრამ როცა ბევრი გეტყვის ერთსა და იმავეს, მაინც მოქმედებს ადამიანზე, ასე რომ, სახლში მისული უკვე გავტყდი.

კონკურსი წარმატებული გამოდგა, რადგან ცნობადი სახე გავხდი და ასე თუ ისე, გზა გამეხსნა. თუმცა, ეს ტელევიზიაში მოხვედრის მიზეზი არ ყოფილა. ტელევიზიაში ჩემი ხელმძღვანელების, მანანა ითანიშვილისა და ნინო შუბლაძის წყალობით აღმოვჩნდი. ესეც გამართლება იყო, რადგან ეკა სამხარაძეს ზუსტად იმ დროს მოუწია დეკრეტი, მაშინ გამოვთქვი სურვილი, რომ დილის გადაცემის წაყვანა მინდოდა. აზრი გამოითქვა, სინჯი ჩაგვეწერა. მოვეწონე ხელმძღვანელობას და ასე დავრჩი ტელევიზიაში. ბედნიერი ვარ, რომ ზუსტად იმ საქმეს ვაკეთებ, რაც მიყვარს, თუმცა ეს ჩემს კარიერაში ბოლო ეტაპი ნამდვილად არ იქნება.

გყავს საქმრო… რამდენად შეესატყვისება თქვენი ოჯახის ტრადიციები?

– ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად ემთხვევა. ამას ჩემი მშობლების აზრიდან გამომდინარე ვამბობ, მათ ძალიან უყვართ ვახოს დედ-მამა და პატივს სცემენ. ვფიქრობ, რომ ადამიანი ოჯახის სახეა და მე და ვახო ერთმანეთს ალბათ, ვერც გავუგებდით განსხვავებულ ტრადიციებზე რომ ვიყოთ აღზრდილები. ნამდვილი ქართული, ტრადიციული, სტუმართმოყვარე და, რაც მთავარია, მორწმუნე ოჯახია.

გვანცა დარასელიარამდენად მნიშვნელოვანია შენთვის ჯვრისწერა?

– ეს არის წმინდა რიტუალი, რის შედეგადაც განუყოფლად ერწყმის ორი ადამიანის გზა ერთმანეთს. ისინი განუყრელნი ხდებიან. ეს მჭიდრო კავშირია, რომელიც უფლის მიერაა კურთხეული.

რა მნიშვნლობას ანიჭებ ოჯახის შექმნის დროს და საერთოდ, ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების დროს მშობლების კურთხევას?

– ყოვლთვის ვგრძნობ ჩემი მშობლების გვერდში დგომას. იმას, რომ მათთვის ჩემი და ჩემი ძმის წარმატება და კარგი მომავალი უმთავრესია. ამას ყველაზე კარგად მაშინ ვგრძნობ, როცა ძილის წინ დედა “დედის ლოცვას” მთელი გულით ამბობს ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ გავიზარდე, მაინც რჩევას, აზრს დედ-მამას ვეკითხები, რასაც გადავწყვეტ, ვაფრთხილებ, ყოველთვის იციან, სად ვარ და რას ვაკეთებ. მეამაყება, რომ მშობლებთან ასეთი მეგობრული ურთიერთობა მაქვს.

შენი აზრით, ნამდვილი ქრისტიანული ოჯახი როგორი უნდა იყოს?

– პირველ რიგში, სიყვარულზე უნდა იყოს დაფუძნებული, რადგან ეს გრძნობა უფლისმიერია და ძალიან ბევრ რამეს შეაძლებინებს ადამიანს. იმ რწმენასაც მიანიჭებს, რაც ასე სჭირდება ნებისმირ ოჯახს. მინდა, რომ იმაზე უფრო მტკიცე ქრისტიანული ოჯახი მქონდეს, ვიდრე ჩემს მშობლებსა თუ ბებია-ბაბუებს ჰქონდათ. მე და ჩემი მომავალი მეუღლე ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

თათია ნავროზაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

5 კომენტარი »

  • ზაზა says:

    კარგი ბავშვი ხარ გვანცა…ღმერთმა დაგლოცოს…

  • ioseb says:

    carmatebebi gkondes sul da gvtis cyaloba

  • ირაკლი says:

    ეჭვი არ მეპარება, რომ ჩათვლი შური ან რამე მსგავსი მალაპარაკებს მაგრამ ამის გამო ვერ შევიკავებ თავს რომ კომენტარი არ გავაკეთო :)
    ისე აგრესიას ვერ დავმალავ როგორც არ უნდა ვეცადო, ალბად იმიტომ, რომ პირველ რიგში ზუსტად ეგ არის მოტივი ჩემი კომენტარის, მაგრამ აგრესია არა შენს მიმართ, დისბალანსის მიმართ, რომელსაც წყობიდან გამოვყავარ, თუ როგორ შეიძლება ადამიანი რომლის IQ ალბად თუთიყუშის დონეზეა, იყოს ასეთ სოციალურ მდგომარეობაში, რა კრიტერიუმით ვსაზგვრავ ალბად მკითხველში პროტესტს გამოიწვევს, მაგრამ დასამალი არაფერია; ადამიანი რომელიც რელიგიას სერიოზულად უდგება ან ჰიპოკრატია, ან გონებასუსტი, ამაზე უარესი ის არის რომ რელიგიას PR სთვის იყნებ, ნუ მე არ მაქვს პრობლემა იმის მიმართ რო ადამიანმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მიზნის მისაღწევად, მაგრამ მაქვს პრობლემა იმათ მიმართ ვისაც ეს იდოლოგია მიაჩნია არასწორედ, მაგრამ იგივე კონცეპტით მოქმედებს.
    ანუ ყველაფერი მიდის იქამდე რომ შეიძლება იყო აბსოლუტური 0 და მხოლოდ იმის ხარჯზე რომ გაქვს ლამაზი სახე და ნუ ყველაფერი დანარჩენი, მიმზიდველი გარეგნობა, მიაღწიო იმას რასაც არაერთხელ ალბად შენთითონვე გიფიქრია ჩემო გვანცა რო “სხვა” შენზე მეტად იმსახურებს :)
    ბოდიშს მოვიხდი რომ ქართულად წინადადებების ფორმულირება მიჭირს, (დიდი ხანია უკვე “მომსახურების ზონიდან” გასული ვარ)

    არ ავარდე, ეს უფრო გლობალური პრობლემაა, ვიდრე შენი პირადი, სიმართლე გითხრა არც ვიცი როგორ მოვხვდი ამ გვერდზე ან ის თუ ვინმე წაიკითხავს ამას როდისმე, უბრალოდ თავი ვერ შევიკავე და რაც მინდოდა მოგცწერე :)
    feedback
    lvsacggmls@gmail.com

    • გლადია says:

      ჰეჰეეეე, ძაან მომეწონა ირაკლის კომენტარი 100% ვეთანხმები. გუგლშია ჰიპოკრატიაზე რაღაცას ვეძებდი და ეგ ფრაზა ამომიგდო, მაგის ხათრით მთელ ინტერვიუს გადავავლე თვალი. ისე 20 წლის გოგოს რამე სხვა აზრიც კი უდან ქონდეს გარდა იმსია რასაც გარედან ჩასძახიან :)

  • dzalin miyvars es wamyvani. ra vkna mmartla didi siamovnebit gavicnobdi………darwmunebuli var es admini shedzlebs am problemis gadchras radgan garegnuladc etyoba rom is ketili sulis adminia da yvelapers shedzlebs…….upali gparavdes:)))))))

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი