მთავარი » ქრისტიანობა

ქრისტეშობა – სადღესასწაულო ქადაგება – 07.01.2021

სტატიის ავტორი: | თარიღი: 07.01.2021 | 715 ნახვა

ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში, 7 იანვარს, მაცხოვრის შობის დღესასწაულზე მრევლს ქადაგებით მიმართა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი).

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
ძვირფასო ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს!

დღეს არის შობა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, დღე, როდესაც ცოცხალი ღმერთი მოევლინა ამ სამყაროს, თითქოს გარეგნულად ძალიან უმწეოდ, ბაგაში იშვა, მაგრამ ეს იყო და არის თავად სიყვარული; სიყვარული არა მხოლოდ, როგორც კეთილი დამოკიდებულება ან როგორც გრძნობა, არამედ თვითონ ღმერთი, როგორც სიყვარული, რომელიც მოევლინა ამ წუთისოფელს იმისთვის, რომ გადაგვარჩინოს და გვაცხოვნოს, გადაგვარჩინოს ცოდვისგან, სიკვდილისგან და მოგვცეს მარადიული სიხარული.

დღევანდელი დღე არის მოწოდება ასევე ჩვენთვისაც. აი, გავიხსენოთ მოგვები, რომლებიც მიდიან ახალშობილ მაცხოვართან. ისინი მიდიან შორეული ქვეყნიდან.

და დღეს ჩვენ ვფიქრობთ, რითი ვუპასუხოთ ამ სიყვარულს, რომელიც ბოლომდე დამდაბლდა ჩვენთვის, დაამარცხა წუთისოფელი და ცოდვა; რითი ვპასუხობთ, რა მივართვათ ჩვენ მას თავისი შობის დღეს?

და აი, მოგვები მოდიან შორეული ქვეყნიდან, სადაც არ იყო ღმერთი, არ იყო ქრისტე. ჩვენც შეიძლება მივიდეთ უფალთან ამ ჩვენი შორეთიდან, თუ შეიძლება ასე ითქვას.

რა არის ეს ჩვენი შორეული ადგილი?

ეს არის ჩვენი სული, რომელიც დაბნელებულია ცოდვით, სიმძიმით, განსაცდელებით და აი, ამ სიღრმიდან (როგორც ამბობს წმინდა დავით წინასწარმეტყველი: „ღრმითამო ღაღადვყავ შენდამი, უფალო!“) მივმართოთ უფალს, მივიდეთ მასთან და მივართვათ ჩვენი ძღვენი, როგორც მოგვებმა მიართვეს ოქრო, გუნდრუკი და მური.

ოქრო რა არის? ოქრო ხომ მიწის წიაღში მოიპოვება. ეს საოცარი ბრწყინვალე ლითონი ამ შავი მიწის წიაღშია. ის შეიძლება შევადაროთ ჩვენს სულს. ჩვენც გვაქვს ეს ოქრო, მიუხედავად ჩვენი ცოდვისა და დაცემულობისა, ჩვენც გვაქვს და ეს უნდა მივართვათ უფალს, უნდა განვწმინდოთ ჩვენი გული, ჩვენი სული, ჩვენი ცხოვრება და მივართვათ ის ოქრო, რომელიც ღვთისგან გვაქვს მოცემული.

ასევე გუნდრუკი – კეთილსურნელი საკმეველი – ეს უნდა იყოს ჩვენი ერთგულება, ჩვენი სიყვარული უფლისადმი, რომელიც უნდა მივართვათ უფალს.

ასევე – მური. თქვენ გახსოვთ, მურს მიართმევდნენ მიცვალებულებს. ესეც ერთგვარი სიმბოლოა, რომ ჩვენ უნდა მივართვათ უფალს ჩვენი თავგანწირული სიყვარული, ჩვენი თავგანწირვა, რადგან როგორც ამბობს უფალი: „რომელმან წარიწყმიდოს თავი თვისი“ ჩემთვის და სახარებისთვის, მან მოიპოვოს და იცხონოს სული თვისი.

აი, ამ ყველაფერზე გვაფიქრებს დღევანდელი დღე, ძვირფასო ძმებო და დებო.

გილოცავთ და თუ ჩვენ ასე ვიფიქრებთ და ასე მივუძღვნით თავს უფალს, მაშინ ჩვენთვის დღევანდელი დღე იქნება ნამდვილად დიდი სიხარული და დღესასწაული; და არა მარტო ჩვენთვის, არამედ – ათასობით ადამიანისთვის ჩვენ ირგვლივ.

ღმერთმა გაგახაროთ, ღმერთმა დაგლოცოთ, მრავალი და ბედნიერი შობა მოგმადლოთ თქვენ და სრულიად საქართველოს, ამინ!“




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი