მთავარი » ქრისტიანობა

ქრისტე აღსდგა თუ აღდგა – რომელია სწორი ფორმა?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 15.04.2017 25 კომენტარი | 166,110 ნახვა

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე მორწმუნენი ერთმანეთს ესალმებიან შემდეგნაირად: ქრისტე აღსდგა/აღდგა! ჭეშმარიტად აღსდგა/აღდგა!. ამ ფორმებზე საზოგადოებაში არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, თუ რომელი არის სწორი ფორმა, ქრისტე აღსდგა! თუ ქრისტე აღდგა!?. ქრისტე აღსდგა თუ აღდგა თუ ამ საკითხს გრამატიკულად შევხედავთ, აშკარაა, რომ სწორი ფორმა არის აღდგა, რადგან ეს ზმნა არის ერთპირიანი, ეწყობა მხოლოდ მესამე სუბიექტური პირი, მხოლოობით რიცხვში და შესაბამისი სუბიექტური პირის ნიშანი -ა ზმნაში უკვე ასახულია.

უნდა აღინიშნოს, რომ აღსდგა – ფორმაში ნიშანი -ს- რეალურად არის მესამე ირიბი ობიექტური პირის ნიშანი (პირის ნიშანი -ს მესამე ირიბი ობიექტის ნიშნად გვხვდება ცხრა თანხმოვნის წინ: დ, თ, ტ, ძ, ც, წ, ჯ, ჩ, ჭ) რომელიც ერთპირიან ზმნას არ ეწყობა.

აღსანიშნავია, რომ აღდგა ფორმას ვხვდებით მათეს, მარკოზის და ლუკას სახარებაშიც. “სასწრაფოდ წადით და უთხარით მის მოწაფეებს, რომ იგი აღდგა მკვდრეთით და აჰა, წინ მიგიძღვით გალილეისაკენ. იქ ნახავთ მას. აჰა, გითხარით თქვენ” (მათეს სახარება -ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა, თავი-28, 7).

“მან უთხრა მათ: „ნუ შეშფოთდებით! თქვენ ეძებთ ჯვარცმულ იესო ნაზარეველს. იგი აღდგა, აქ არ არის. აჰა ადგილი, სადაც ის დაასვენეს” (მარკოზის სახარება, იესოს მკვდრეთით აღდგომა, თავი-16, 6 ).
“არ არის აქ, არამედ აღდგა. გაიხსენეთ, რას გეუბნებოდათ, როცა ჯერ კიდევ გალილეაში იყო, რომ ძე კაცისა ცოდვილ კაცთა ხელთ უნდა გადაეცეს, ჯვარს ეცვას და მესამე დღეს აღდგესო” (ლუკას სახარება, აღდგომა. თავი-24. 6-7).

ამ ორი ფორმის –აღდგა/აღსდგას შესახებ უნდა ითქვას, რომ აღდგა არის გრამატიკულად სწორი ფორმა, ხოლო აღსდგა კი – ტრადიციული ფორმა. სწორედ ასეა ეს ფორმები განმარტებული სასკოლო ორთოგრაფიული ლექსიკონში, “აღდგება; აღდგა [დ ა ა რ ა აღსდგება, აღსდგა],
მ ა გ რ ა მ: ქრისტე აღსდგა (ტ რ ა დ ი ც.) “.

როგორც “ამბიონთან” საუბარში აღნიშნა პროფესორმა შუქია აფრიდონიძემ (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი), “ზმნის ფორმა აღდგა არ საჭიროებს –– პირის ნიშანს. სხვა (არა მაინცდამაინც რელიგიურ) კონტექსტში რომ გვეხმარა ეს სიტყვა (მაგ., ისევ აღდგა ძველი ტრადიცია), ცხადია, -ს- ნიშნის უხმარებლობა არც იქნებოდა საკამათო.

რაც შეეხება ფორმულას „ქრისტე აღსდგა“, არავითარი სხვა გამართლება, თუ არა მისი ხმარების ხანგრძლივი საეკლესიო ტრადიცია და მისი თანმხლები კოლორიტი, არა აქვს. ამდენად, რჩება მხოლოდ მორწმუნის სუბიექტური არჩევანის საკითხი”.

მოამზადა ანა ტყებუჩავამ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

25 კომენტარი »

  • ილია says:

    ვეთანხმები იმას, რომ “ს” ირიბობიექტური პირის ნიშანია და თუ ზმნა მხოლოდ სუბიექტს და პირდაპრ ობექტს ან მხოლოდ სუბიექტს შეიწყობს, ეს ნიშანი საჭირო არაა. ამ ლოგიკით, მაშინ სწორია “გატანს” და არა “გასტანს”, “გამოცემს” და არა “გამოსცემს” და ასე შემდეგ. ნებისმერი ენის გრამატიკაში, ერთ წესს შეიძლება ჰქონდეს უამრავი გამონაკლისი. ამ შემთხვევაში “აღსდგა” და ზემოთ მოცემული ზმნები არის გამონაკლისი. ეს შეგიძლიათ ამოიკითხოთ აკადემიკოს აკაკი შანიძის სახელმძღვანელოში, აგრეთვე, დარეჯან თვალთაძისა და ნანა გაფრინდაშვილის წიგნში, რომლითაც აბიტურიენტები ემზადებიან.
    რაც შეეხება სახარებას, ის არის გადმოთარგმნილი ძველი ქართულით, ამიტომ თანამედროვე ქართულის გრამატიკით ვერ განვსჯით. “და აღსდგა მესამესა დღესა მსგავსად წერილისა”- ვკითხულობთ “მრწამსში”.

    • ბადრი says:

      ქრისტე აღსდგა! გილოცავთ!
      გაგახარებთ უფალი, რომ აუხსენით მასაც, ვინც იბრალებს და ცდილობს პრესაშიც კი მცდარი ჭეშმარიტად მოგვაჩვენოს!
      მა ასე კარგად არ ვიცი გრამატიკა, სამწუხაროდ, და ძალიან გამიხარდა სწორი განმართების წაკითხვა..
      გმადლობთ

    • მაგდალინა says:

      უნდა აღინიშნოს, რომ აღსდგა – ფორმაში ნიშანი -ს- რეალურად არის მესამე ირიბი ობიექტური პირის ნიშანი (პირის ნიშანი -ს მესამე ირიბი ობიექტის ნიშნად გვხვდება ცხრა თანხმოვნის წინ: დ, თ, ტ, ძ, ც, წ, ჯ, ჩ, ჭ) რომელიც ერთპირიან ზმნას არ ეწყობა. კოდევ ერთხელ გადაიკითხეთ დაკვირვებით

    • მაგდალინა says:

      უნდა აღინიშნოს, რომ აღსდგა – ფორმაში ნიშანი -ს- რეალურად არის მესამე ირიბი ობიექტური პირის ნიშანი (პირის ნიშანი -ს მესამე ირიბი ობიექტის ნიშნად გვხვდება ცხრა თანხმოვნის წინ: დ, თ, ტ, ძ, ც, წ, ჯ, ჩ, ჭ) რომელიც ერთპირიან ზმნას არ ეწყობა. კოდევ ერთხელ გადაიკითხეთ დაკვირვებით

  • ლადო says:

    წმ.ეფთვიმე მთაწმინდელი წმ. იონე ოქროპირის მათეს და იოანეს სახარებების განმარტებებში ყველგან წერს აღდგა-ს და არა აღსდგა-ს. აგრეთვე წმ. გიორგი მთაწმინდელი სახარებებში წერს აღდგა-ს. იგივეა მრწამსშიც, წმ. მაქსიმე აღმსარებლის ცხოვრებაშია, წმ. ეფთვიმეს თარგმნილში. ამიტომ გაუგებარია, რომელ საეკლესიო ტრადიციაზე ვლაპარაკობთ? ძირითადად წმ. ეფთვიმე და წმ. გიორგი არიან იმ საეკლესიო ტექსტების მთარგმნელები და ავტორები, რომლებიც დამკვიდრდა ღვთისმსახურებაშიც, აგიოგრაფიაშიც და ასკეტურ საკითხავებშიც. მათზე მშვენიერი ქართულით აქამდე ვერავინ იმეტყველა!

  • „ქრისტე აღსდგა“ ისევე არ ემორჩილება გრამატიკის კანონებს, როგორც ამ სიტყვების შინაარსი ფიზიკის კანონებს, ამიტომ დაუშვებელია მარადიული ღირებულებების რეფორმირების საკითხის წინ წამოწევა. მრწამსის გარდა „აღსდგა“ გვხვდება სხვა ტექტებშიც („აღსდეგინ ღმერთი და განიბნინედ მტერნი მისნი…“)და თუ ამ ფორმას მარტო გრამატიკის კანონებით მივუდგებით, მალე ალბათ „აღ“ არქაული წინდებულის ნაცვლად „ქრისტე ადგას“ შემოგვთავაზებენ…

  • როგორც ვიცი „ს“ ბერძნულის გავლებაა

  • მეგობრებო მე მგონი საერთოდ ამ საკითხის დაყენება და მასზე მსჯელობა, მხოლოდ მიმომწვლილეობაა და მეტი არაფერი!
    ისე ამბიონის რედაქციას ვთხოვდი, ასეთ პერიოდში (მარხვის დასასრულს) უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე გაემახვილებინა ყურადღება, მაგ. ქრისტეს მაცხოვნებელი ვნება რას ნიშნავს ან რა მოგვიტანა ჩვენ ქრისტეს აღდგომამ!
    ხოლო ერთმანეთს როგორ მივულოცავთ ქრისტე აღსდგა თუ ქრისტე აღდგა, ნაკლებად მნიშვნელოვანია…
    მეგობრებო მთავარი ის უდიდესი სიხარულია, რომ ქრისტემ სულის უკვდავება გვიჩვენა ხილულად და ჩვენი გამოხსნის დასაწყისი გვახარა!!!
    ყველას წინასწარ გილოცავთ ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
    ქრისტე აღსდგა!!! Христос Воскресе! Χριστός ἀνέστη! המשיח קם! Christus resurrexit! المسيح قام ! キリストは上昇しています ! იხარეთ ორსავ სოფელსა შინა!!!

  • ნათია says:

    ყველას თარგმანში გვაქვს წაკითხული წმ. წერილის და წმ. იოანე ოქროპირის ტექსტები. აღდგაა თუ აღსდგაა სწორი ფორმა, ეს ჯერ კიდევ სადავო საკითხი მგონია.

  • თამაზ says:

    მაშ ესეც განვსაზღვროათ,რომელია გრამატიკულად გამართული,,გიხაროდენ,,თუ გიხაროდეთ(გიხაროდეს)?

    • სარა says:

      მხოლობითში-გიხაროდეს, მრავლობითში-გიხაროდეთ. ძველი ქართულით- გიხაროდენ. გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.

  • სოსო says:

    მეცნიერულად დავადგინე, რომ არის “ქრისტე აღდგა”!

  • ნინო says:

    ბატონო იოსებ, ამ ზმნას ქართველ ერთან ერთად გამოვლილი აქვს ენობრივ ნორმათა ეტაპები:
    1. ხანმეტობით ___ აღ-ხ-დგა:
    2. ჰაემეტობით ___ აღ-ჰ-დგა;
    3. სანმეტობით ___ აღ-ს-დგა:
    4. უნიშნობით ____ აღ-დგა ….
    ვინაიდან უნიკალურ მოვლენასთან, უფლის აღდგომასთან, გვაქვს საქმე, ამ ზმნის ყველა ფორმა სწორი იქნება, თვით ხანმეტობაც კი….
    ასე რომ, აღსდგა და აღდგა თანაბარი ლეგიტიმურობის ლექსიკური ერთეულებია დღევანდელ ქართულ ენაში….

  • ნინო says:

    ამ ზმნას ქართველ ერთან ერთად გამოვლილი აქვს ენობრივ ნორმათა ეტაპები:
    1. ხანმეტობით ___ აღ-ხ-დგა:
    2. ჰაემეტობით ___ აღ-ჰ-დგა;
    3. სანმეტობით ___ აღ-ს-დგა:
    4. უნიშნობით ____ აღ-დგა ….
    ვინაიდან უნიკალურ მოვლენასთან, უფლის აღდგომასთან, გვაქვს საქმე, ამ ზმნის ყველა ფორმა სწორი იქნება, თვით ხანმეტობაც კი….
    ასე რომ, აღსდგა და აღდგა თანაბარი ლეგიტიმურობის ლექსიკური ერთეულებია დღევანდელ ქართულ ენაში….

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი