მთავარი » ქრისტიანობა

ქორწინების შესახებ

სტატიის ავტორი: | თარიღი: 09.02.2016 | 2,715 ნახვა

მღვდელ-მონაზონი მიქაელი (ჩეპელი)
ზუსტად პირიქით…

მამაკაცისა და ქალის კავშირი ბიბლიაში იმთავითვეა ნაკურთხი და შემდეგ წმინდა წერილში არაერთგზის მოწმდება ეს: „ინაყოფიერეთ და გამრავლდით.“ „მამაკაცებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, როგორც საკუთარი სხეული.“ ეკლესიის კანონებში მრავალი საშუალება არსებობს იმათ დასასჯელად, ვინც ქორწინებისადმი, ქორწინება როგორც ასეთისადმი, სიძულვილითაა განწყობილი.

მაგრამ თუკი ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა ღვთის გარეშე, მხოლოდ ხორციელი ლტოლვის საფუძველზე არსებობს, მაშინ მას ერთმანეთის მიმართ სწრაფად მოსდევს იმედის გაცრუება. იმის ნაცვლად, რომ „ერთმანეთის სიმძიმე იტვირთონ,“ ქალი და მამაკაცი იმას კი არ აქცევენ ყურადღებას, თუ რასგასცემენ ერთმანეთისთვის, არამედ იმას, თუ რას იღებენ ერთმანეთისგან. რადგანაც ვერ განიცდიან იმ სიხარულს, რომლის განცდაც შეუძლიათ იმ შემთხვევაში ერთმანეთს თუ საკუთარ თავს უშურველად გადასცემენ, წყვილი იმის ყურებას იწყებს, თუ თითოეულ მათგანს მეორისაგან რისი მიღება შეუძლია. და ამ დროს, იმ კავშირის სიღრმეში, „ერთ ხორცად“ რომ იწოდება, პარტნიორული დამოკიდებულებები ყალიბდება, რაც კრახისთვისაა განწირული, რადგანაც ვერსად ძღება კაცის სული ისე, როგორც ღმერთში.

სქესობრივი ლტოლვა თავისთავად ვერანაირად ვერ იქნება მყარი კავშირის საფუძველი. თუ სიყვარულითა და კანონიერი კავშირით არ არის განმტკიცებული, ის გამუდმებით ახალ-ახალ განცდებს ითხოვს. ყოველგვარი მიწიერი სიტკბოება სწრაფად წყინდება ადამიანს. იწყება სხვა „პარტნიორების“ ძიება და მათ მიმართ გამუდმებული იმედგაცრუების განცდა.ამ გზაზე შემდგარ ადამიანს გაჩერება არ შეუძლია. სიძვის ცოდვა განსაკუთრებით წარმატებულად არღვევს კაცის სულსა და სხეულს; ანადგურებს მის პიროვნებას; უფრო სწრაფ სიკვდილს ბადებს, ვიდრე რომელიმე სხვა ცოდვა. ოჯახების დარღვევა, მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე; იმგვარი გარყვნილების მოთხოვნილება, რომლიც კლავს ადამიანის სულს და მის პიროვნებას იმ დონემდე ანგრევს, რომ სინანული მისთვის პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება.

მოციქული წერს, „თქვენი სხეულები ღვთის ტაძარიაო.“ არადა, იგი, ვინც სხეულით უერთდება მეძავს, მასთან ერთხორცი ხდება. სხვა ცოდვები სხეულის მონაწილეობის გარეშე აღესრულება, სიძვის ცოდვა კი ხრწნის ღვთის ტაძრად მყოფობისათვის მოწოდებულ სხეულს. სწორედ ამიტომ მეძავები და მემრუშეები შეგინებულ ტაძრებს მიემსგავსებიან.

ასკეტიკურ ლიტერატურაში სხეულსა და ხორცს შორის ზღვარია დადებული. ადამიანის სხეული – ეს სულის ტაძარია; ეს მისი ორმაგი არსების მნიშვნელოვანი ნაწილია. ხორცი კი ეს „ტყავის სამოსელია,“ რომელიც ადამსა და ევას ცოდვის დაცემის შედეგად მიეცათ. ეს ის მდგომარეობაა, რომელზედაც პავლე მოციქული წერდა, რომ „სიკეთეს, რომელიც მსურს, ვერ ვაკეთებ და ბოროტებას, რომლიც არ მსურს ვაკეთებ.“ შემდეგ კი დაურთავს: „ამას მე კი არ ვშვრები, არამედ ჩემში არსებული ცოდვა.“ სხეულისა და ხორცის განურჩევლობამ მიიყვანა ბევრი რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენლები იქამდე, რომ მათ თავად სხეული მიიჩნიეს ცოდვილად, „სულის საპყრობილედ.“ თუმცა ღმერთი ქრისტეში თავისი ბუნებით კაცობრივ ბუნებას შეუერთდა – სულსაც და სხეულსაც. და ამით მთელი მატერიალური სამყარო წმინდა ჰყო.

ამიტომ მამაკაცისა და ქალის კავშირი შესაძლოა, ძალიან კეთილშობილური იყოს, მაგრამ ამას სულიერი საფუძველი სჭირდება. აქ კი საჭიროა იმის მიხვედრა, რომ სულიერი დაკავშირებულია როგორც ღმერთთან, ისე მის წინააღმდგომ ძალებთან. ხოლო სულიერ ღირებულებათა ცვლილება მომაკვდინებელ ცოდვამდე და საუკუნო სიკვდილამდე მიდის. თანამედროვე სამყაროში ხშირად სიძვას სიყვარულს უწოდებენ. წყვდიადს – სინათლეს, ამით ადამიანებს იმის გაგებას ართმევენ, თუ როგორ უნდა იცხოვრონ. ცოდვის ინდუსტრიის განვითარება ადამიანური ცივილიზაციის მოკვდინების კვალდაკვალ ხდება. დაღუპვის პირას მისული იმპერიები თითქმის ყოველთვის გარყვნილებაში ინთქმებოდნენ; დღეს ასეთია ევროპა, რომლის დასასრულზე ოსვალდ შპენგელერი თითქმის ასი წლის წინ წერდა.

ისტორიის განმავლობაში არცთუიშვიათად განაცხადებდნენ ხოლმე იმის შესახებ, რომ სიძვის ცოდვა პირველ რიგში ქალებს უკავშირდება; რომ თითქოსდა ისინი ღვთის წინააღმდეგ ბრძოლაში სატანის თანაშემწეები არიან; ქალებისათვის უამრავი აკრძალვა შემოიღეს; ეს იყო ხელოვნური მცდელობა ძალადობრივად ექციათ ისინი ზნეობრივებად: ჩადრის, ერთგულების სარტყელის და მსგავსი გამონაგონით. ამასთან თანამედროვე ევროპაში, და არა მხოლოდ ევროპაში მამაკაცები, საკუთარი მამაკაცური არსის დაკარგვის შედეგად, მშვენივრად გადიან იოლას ქალების გარეშეც და გარყვნილების ახალ და ახალ ფორმებს იგონებენ. ამავდროულად, მათ არც ქალები ჩამორჩებიან.ასე რომ, მეშვიდე მცნების დაცვა ორივე სქესის ადამიანისათვის უკიდურესად აქტუალურია.

თუმცა წარსულშიც მრავალი სოციალური ცრურწმენა უბიძგებდა ადამიანებს ისეთი ურთიერთობისაკენ, რისთვისაც ისინი მოწოდებულები არ იყვნენ. მონასტრული ცხოვრების მსურველებს ეუბნებოდნენ, რომ თუკი ისინი მონასტერში წავიდოდნენ, შვილებს ვიღა გააჩენდა (ავიწყდებოდათ, რომ მონასტერში ყველა არასოდეს წავა)?! უქმრო ქალებს უწოდებდნენ „გადაბერებულებს“ და „შინაბერებს.“ ამით მათ უვარგისობის კომპლექსს უვითარებდნენ; ამით აიძულებდნენ, რომ უეჭველად უნდა გათხოვილიყვნენ და შვილი გაეჩინათ. ეს კი მრავალი ადამიანის ცხოვრებას ამსხვრევდა.

ქორწინება ეს ორი ადამიანის უმძიმესი გზაა, რომლიც შეუძლებელია ეკლიანი არ იყოს. ზოგჯერ ქორწინებაში მეუღლეების ურთიერთლტოლვა მთელი მათი ერთობლივი ცხოვრების განმავლობაში შენარჩუნებულია. ზოგჯერ კი ის გაივლის. მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ვიღაც გვერდზე უნდა ეძებონ. თუ ეს ვნება სრულიად ჩაქრა, ბავშვები კი გაიზარდნენ; ცოლსა და ქმარს, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეუძლიათ მონასტრული გზა აირჩიონ. იდეალურად ნორმალურ ოჯახში მეუღლეების სულიერი ზრდა შვილების ფიზიკური ზრდის შესაბამისია. მათ ეძლევათ სიბრძნე – აღზრდისა და ღვთისაკენ მიმავალი გზის საჩვენებლად; ხოლო გონება – წამოზრდილი შვილებისათვის ყველზე უფრო რთულ კითხვებზე სწორი პასუხის გასაცემად.

ადამიანის ცხოვრება ღვთის გამუდმებულ ხსოვნაში უნდა გადიოდეს; ისე, თითქოსდა გამუდმებით მის წინაშე იდგეს. ზოგიერთი ქრისტიანი ასკეტი ამას გონიერი ლოცვის საშუალებით აღწევს. ზოგიერთი მათგანისათვის კი ეს მდგომარეობა განუწყვეტლად ნარჩუნდება. მთელი მათი ცხოვრება ლოცვად გარდაიქმნება, მისი მიზანი კი სულიწმიდის მოხვეჭაა, ხოლო ამოცანა – სულის ცხონება და ცათა სასუფევლის ძიება. მაგრამ ასკეტიკისაგან შორს მდგომი ადამიანები ამავე შედეგს სხვა საშუალებებით, კერძოდ, თანაგრძნობით, სიმდაბლით, უშურველობით, მიტევებით აღწევენ. თუკი ადამიანი სხვაში ღვთის ხატებას, მისთვის უფლის მიერ გაცხადებულ სასწაულს ხედავს, ეს იმის წინაპირობად იქცევა, რომ ეს „სხვა“ მისთვის ვნების დაკმაყოფილების საგნად არასოდეს იქცევა; პირიქით, შესაძლოა, ამ ვნებაზე გამარჯვების მიზეზად იქცეს.

იმ ადამიანის მთელი ცხოვრება, ვისი გულიც ღმერთს შეხებია, შესაძლოა ატარებდეს ამ სულიერი სიხარულის ანაბეჭდს, ღვთისადმი მადლიერებით იყოს განმსჭვალული, სწრაფვით, რომ გვერდით მყოფს სიკეთე გაუკეთოს. მაგრამ თავისუფალ ადამიანს არ შეუძლია, ისეთი სახე მიიღოს, თითქოს არაფერი მომხდარა და ცოდვის ჩადენის შემდეგ ჩვეულებრივ აგრძელებდეს ცხოვრებას. სულიერად ის ყოველთვის იგრძნობს, რომ საკუთარ თავს უპირისპირდება.

სტატიების კრებული
2015 წ.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი