მთავარი » ქრისტიანობა

ქორწინების საიდუმლო

სტატიის ავტორი: | თარიღი: 29.09.2019 ერთი კომენტარი | 200 ნახვა

„…ამისთჳს დაუტეოს კაცმან მამაჲ თჳსი და დედაჲ თჳსი და შეეყოს ცოლსა თჳსსა, და იყვნენ ორნივე იგი ერთ ჴორც“
(მათ. 19, 5)

ოჯახი – ადამიანთა საზოგადოების ძირითადი „უჯრედია“. თუკი ოჯახები რღვევას იწყებენ, მათთან ერთად სახელმწიფოც ირღვევა. ქრისტიანული თვალსაზრისით, ყოველი ოჯახი – „მცირე ეკლესიაა“, რომელშიც ქრისტეს ეკლესიის წევრები იზრდებიან და ყალიბდებიან. ამიტომაც სავსებით გასაგებია, თუ რა დიდ ყურადღებას უთმობდნენ ყოველთვის მოციქულები და მათი მემკვიდრეები ოჯახს და როგორ ზრუნავდნენ მისი ერთიანობისა და სიმტკიცისათვის.

ახალი ოჯახის კურთხევისათვის ეკლესიამ დაადგინა ქორწინების საიდუმლო – ჯვრისწერა. ამ საიდუმლოს აღსრულებისას საქმრო და საცოლე ღმერთის წინაშე აღუთქვამენ ერთმანეთს ერთგულებასა და სიყვარულს. მღვდელი კი საგანგებო ლოცვებში ღმერთის მადლს გამოითხოვს მათზე ერთობლივი ცხოვრებისათვის, ურთიერთდახმარებისათვის, ერთსულოვნებისათვის და შვილთა ღვთივკურთხეული შობისა და ქრისტიანულად აღზრდისათვის.
ქორწინება მიმართულია გამრავლებისა და შთამომავლობის აღზრდისაკენ. შვილები ქორწინების უძვირფასესი განძია და თავად მონაწილეობენ მშობლების კეთილდღეობაში. მშობლები პირველი და უმთავრესი აღმზრდელები არიან თავიანთი შვილებისა.

ქორწინება ღმერთმა ჯერ კიდევ სამოთხეში დაუწესა პირველ ადამიანებს. ადამისა და ევას შექმნის შემდეგ ღმერთმა აკურთხა ისინი და უთხრა: „…აღორძინდით და განმრავლდით, და აღავსეთ ქჽჁყანაჲ და ეუფლენით მას…“ (შეს. 1, 28). ამ საღვთო წერილის პირველ წიგნში, რომელიც „დაბადებად“ („შესაქმედ“) იწოდება, საუბარია ადამიანის შექმნისა და ადამიანების პირველი ქორწინების შესახებ: „და შექმნა ღმერთმან კაცი, ხატად თჳსად შექმნა იგი, მამკაცად და დედაკაცად შექმნა იგინი“ (შეს. 1, 27). ამ რამდენიმე სიტყვაში ძალზე დიდი აზრია შთადებული. აქ საუბარია მამაკაცზე და დედაკაცზე, ორ ადამიანზე. წმინდა იოანე ოქროპირის სიტყვით, ერთი ადამიანი – მამაკაცი თუ ქალი – მხოლოდ ერთი ნახევარია სრული ადამიანისა. მან უნდა იპოვოს მეორე ნახევარი და შეუერთდეს მას, რათა მთლიანი და სრულყოფილი, სრულფასოვანი ადამიანი გახდეს. უფრო დაწვრილებით ამის შესახებ საუბარია დაბადების წიგნის სხვა ადგილას: „და თქვა უფალმან ღმერთმან, არა კეთილ არს ყოფა კაცისა მარტო: უქმნეთ მას შემწე მსგავსისაებრი… და დასდვა ღმერთმან განკჳრვება ადამს ზედა, და დააძინა: და მოიღო ერთი გვერდთა მისთაგანი და აღუვსო ჴორცითა მის წილ. და აღუშენა უფალმან ღმერთმან გჽჁრდი, რომელი მოიღო ადამისგან, ცოლად; და მოიყვანა იგი ადამისსა. და თქჽა ადამ, აწ ესე ძვალი ძვალთა ჩემთაგანი, და ჴორცი ჴორცთა ჩემთაგანი, ამას ეწოდოს ცოლ, რამეთუ ქმრისა თჳსისაგან გამოიყვანა ესე“ (შეს. 2, 18, 21-23).
უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ ჯერ კიდევ თავისი ქვეყნიური ცხოვრების დროს აკურთხა ქორწინება თავისი ყოფნით გალილეის კანაში ქორწილზე, როცა თავისი პირველი სასწაული აღასრულა – წყალი ღვინოდ გარდააქცია, და დაადასტურა ქორწინების ღვთაებრივი წარმომავლობა, თქვა რა: „…ამისთჳს დაუტეოს კაცმან მამაჲ თჳსი და დედაჲ თჳსი და შეეყოს ცოლსა თჳსსა, და იყვნენ ორნივე იგი ერთ ჴორც, ვითარმედ არღარა არიან ორ, არამედ ერთ ჴორც. აწ უკუე რომელნი-იგი ღმერთმან შეაუღლნა, კაცი ნუ განაშორებს“ (მათ. 19, 5-6).
მოციქული პავლე, განმარტავს რა ქორწინების ღვთაებრივი დადგინების მნიშვნელობას, დასძენს: „საიდუმლოჲ ესე დიდი არს“ და ქმრისა და ცოლის ურთიერთობას უდარებს ქრისტეს კავშირს ეკლესიასთან (შდრ. ეფეს. 5, 32). ეს კავშირი დაფუძნებულია ქრისტეს სიყვარულზე ეკლესიისადმი და ეკლესიის მიერ თავისი ნების სრულ მინდობაზე მაცხოვრისადმი. ამიტომაც ქმარი ვალდებულია თავდადებით უყვარდეს თავისი ცოლი, ცოლსაც ასევე უნდა უყვარდეს ქმარი, პატივს უნდა სცემდეს და შეეწეოდეს მას, როგორც ოჯახის თავსა და ხელმძღვანელს: „ქმართა, – ამბობს პავლე მოციქული, – გიყუარდედ ცოლნი თჳსნი, ვითარცა ქრისტემან შეიყუარა ეკლესიაჲ და თავი თჳსი მისცა მისთჳს… ესრეთ ჯერარს ქმართაჲ ცოლთა თჳსთა სიყუარული, ვითარცა ჴორცთა თჳსთაჲ…“ (ეფეს. 5, 25, 28). ხოლო ცოლებს ეუბნება: „ცოლნი თჳსთა ქმართა დაემორჩილენით, ვითარცა უფალსა. რამეთუ ქმარი არს თავ ცოლისა, ვითარცა ქრისტე თავ არს ეკლესიისა, და იგი თავადი არს მაცხოვარი გუამისაჲ. არამედ ვითარცა ეკლესიაჲ დამორჩილებულ არს ქრისტესა, ეგრეცა ცოლნი – თჳსთა ქმართა ყოვლითა“ (ეფეს. 5, 22-24). როცა სხვა ადამიანისადმი სიყვარულის უდიდესი ნიჭი მოემადლებათ, ადამიანებს ხშირად არც აქვთ გაცნობიერებული, თუ ვინაა ამ ნიჭის მომცემელი. ისინი თვლიან, რომ მათი სიყვარული თავისთავად აღმოცენდა და არსებობს. არადა ამ დროს ქვეყნად არაფერი კეთილი, არანაირი სიკეთე არ აღმოცენდება და არ არსებობს თავისთავად, არამედ თავის წყაროდ და პირველმიზეზად ღმერთი ჰყავს. ეს იმის მსგავსია, როგორც არც ერთი პლანეტა, მიუხედავად იმისა, რომ ანათებს, არ არის სინათლის წყარო, არამედ მხოლოდ ირეკლავს მზის სინათლეს. წმინდა მოციქული იაკობი შემდეგს წერს ამასთან დაკავშირებით: „ნუ სცთებით, ძმანო ჩემნო საყუარელნო! ყოველივე მოცემული კეთილი და ყოველივე ნიჭი
სრული ზეგარდამო არს გარდამოსრულ მამისაგან ნათლისა…“ (იაკ. 1, 16-17). ყოველგვარი სიყვარული ღმერთის გარეშე განწირულია არსებობისათვის.
ამიტომ ერთმანეთის მოყვარული ქალი და კაცი ეკლესიაში მოდიან, რათა ქორწინების საიდუმლოს მეშვეობით, თავიანთი სიყვარულის საღვთო კურთხევა მიიღონ. მაგრამ ეკლესიაში ერთხელ მოსვლა და ქორწინების კურთხევის მიღება საკმარისი არ არის. სიყვარულის შესანარჩუნებლად ორივე მეუღლეს უსათუოდ ესაჭიროება სულიერი, ეკლესიური ცხოვრება. ერთ-ერთი უმთავრესი საშუალება, რასაც ეკლესია სთავაზობს მორწმუნეებს სიყვარულის შენარჩუნებისა და განმრავლებისათვის, კვლავაც არის ევქარისტიის საიდუმლო. მისი ძალით ზიარებული ადამიანი კვლავ უერთდება ღმერთს – სიყვარულის წყაროს, და მადლმოსილ ძალას იღებს სიყვარულისთვისაც და ყოველი კეთილი საქმის აღსრულებისთვისაც

ამგვარად, ვისაც სურს მტკიცე ოჯახი შექმნას, ბედნიერი ოჯახური ცხოვრება ჰქონდეს და თავისი სიყვარული შეინარჩუნოს, ეკლესიაში უნდა მოვიდეს თავის მეუღლესთან ერთობლივი, ცოლქმრული ცხოვრების კურთხევისათვის ქორწინების საიდუმლოში, და ამის შემდგომაც არ უნდა მიატოვოს ეკლესიაში სიარული, რათა მცნებების დაცვით და ევქარისტიის – ზიარების საიდუმლოსა და სხვა საეკლესიო საიდუმლოების მეშვეობით განიწმინდოს, იკურთხოს, განათლდეს, ღმერთს შეუერთდეს და საბოლოოდ, კეთილ მორწმუნეთათვის ღმერთის მიერ აღთქმული საუკუნო ნეტარი ცხოვრება დაიმკვიდროს.

ზოგიერთი პრაქტიკული რჩევა

ქორწინების საიდუმლოში ერთობლივ ცხოვრებაზე კურთხევა რომ მიიღონ, საქმრო და საცოლე მონათლული მართლმადიდებელი ქრისტიანები უნდა იყვნენ.
საკუთრივ ჯვრისწერის აღსრულებისათვის საჭიროა მათ ჰქონდეთ ბეჭდები, ჯვრისწერის სანთლები, ასევე ჯვრისწერის მოწმობა, რომელსაც საიდუმლოს დასრულების შემდეგ შეავსებს მღვდელმსახური. ქორწინების საიდუმლოს აღსრულების წინ ბეჭდები (მათი დადებისათვის წმინდა საყდარზე – ტრაპეზზე) და ჯვრისწერის სანთლები მღვდელს უნდა გადაეცეს.

ძალზე სასურველია (თუმცა ეს უსათუო და უპირობო აუცილებლობას არ წარმოადგენს), რომ საქმრო და საცოლე სათანადო სახით მოემზადონ და თვით ჯვრისწერის დღეს, ანდა რამდენიმე დღით ადრე მანამდე, აღსარების ჩაბარების შემდეგ ქრისტეს წმინდა საიდუმლოთ ეზიარონ.
საცოლის კაბა, ნებისმიერი ფერისა შეიძლება იყოს, მაგრამ თუკი გავითვალისწინებთ თეთრი ფერის სიმბოლურ მნიშვნელობას ეკლესიის საღვთისმსახურო პრაქტიკაში, სასურველია, რომ საცოლეს (დაე, თუნდაც ის ხანშიშესულიც იყოს) ნათელი ფერის საქორწინო კაბა ემოსოს.
ქორწინების საიდუმლოს – ჯვრისწერის აღსრულებასთან ბევრი ხალხური ცრურწმენა არის დაკავშირებული: ერთნი ფიქრობენ, რომ არ შეიძლება დაქორწინება მაისის თვეში, სხვებმა შეიძლება სულ უბრალო წვრილმანის გამო ჩაიშხამონ ჯვრისწერის საზეიმო წუთები (მაგალითად, ჯვრისწერის დროს თუ საქორწინე ბეჭედი ძირს დაუვარდათ, ეს ქორწინების დარღვევისა ან ერთ-ერთი მეუღლის უდროო გარდაცვალების მიმანიშნებლად მიაჩნიათ; ასევე, მომავალი ბედნიერებისათვის აუცილებლად მიიჩნევენ ახალჯვარდაწერილებს სახლში შესვლისას ერთად დაამსხვრევინონ იატაკზე დადებული თეფში და სხვა). უნდა გვახსოვდეს, რომ თუ მსგავს ცრურწმენებს ავყვებით, ამით ჩვენ საკუთარი რწმენის სისუსტეს ვუმოწმებთ უფალს და იმასაც, რომ არა გვჯერა მისი ყოვლადსახიერი საღვთო განგებულებისა, ეს კი ყოვლად დაუშვებელია მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის.

წყარო: წიგნი “ეკლესიის საუნჯე”
შემდგენელი: დავით შონვაძე




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.