მთავარი » ქრისტიანობა

ქმრებს, რომლებსაც ცოლებთან უთანხმოება აქვთ…

სტატიის ავტორი: | თარიღი: 11.01.2019 | 275 ნახვა

ცოლ-ქმარი ქმრებს, რომლებსაც ცოლებთან უთანხმოება აქვთ, ზოგიერთი ღვთისმსახური ეუბნება: „მოითმინე, ასეთია შენი ჯვარი, აბა, რას იზამ?! ასეთი მოთმინებისთვის ღმერთი სამაგიეროს მოგიზღავს“ მერე ამ სასულიერო პირთან მიდის ცოლი, რომელსაც მოძღვარი იმავეს ეტყვის: „მოითმინე, მოითმინე, რომ უფლისგან სამაგიერო მიიღო.“ ანუ, შესაძლოა, რომ მეუღლეთაგან ორივე დამნაშავეა, მოძღვარი კი ორივეს მოთმინებას ურჩევს. ანდა, ორიდან ერთ-ერთია დამნაშავე, მოძღვარი კი ორივეს ეტყვის: „მოითმინე, მოითმინე!“ ასეთ დროს ის, ვინც ოჯახურ არეულობაში დამნაშავეა, თავს იმშვიდებს ფიქრით, თითქოსდა თვითონ უთმენს მეუღლეს, რომელსაც სინამდვილეში ყოველდღიურად აწამებს.

ერთხელ ჩემთან სენაკში მოვიდა ერთი ადამიანი და ჩივილი დაიწყო, რომ ცოლთან ძალიან ცუდად ცხოვრობდა. მათ ოჯახში საქმეს უკვე გაყრის სუნი უდიოდა. არც მას და არც მის ცოლს ერთმანეთის დანახვა არ უნდოდათ. მასწავლებლები იყვნენ და ორი შვილი ჰყავდათ. სახლში ისინი არასდროს ჭამდნენ, ცოლი ერთ რესტორანში სადილობდა, ქმარი – მეორეში. შვილებისთვის კი სენდვიჩებს ყიდულობდნენ და საწყალი ბავშვები, როდესაც მშობლები სახლში მივიდოდნენ, ჯიბეში და ჩანთაში უძვრებოდნენ მათ, რომ ენახათ, დედამ ან მამამ რა მოუტანათ საჭმელად. ბავშვები საშინელი დრამის მონაწილენი იყვნენ.

ყველაფერთან ერთად ეს კაცი ერთ-ერთი ეკლესიის გუნდში გალობდა, მაგრამ სადაც ის გალობდა, მისი ცოლი მსახურებაზე იქ არ დადიოდა, ის სხვა ეკლესიაში ესწრებოდა ხოლმე მსახურებას. აი, რამდენად ძლიერი იყო მათი სიძულვილი ერთმანეთისადმი! „რას ვიზამ, მამაო, ჩემი ჯვარი დიდია, ძალიან დიდი, ჩვენს სახლში ყოველდღიურად სკანდალები ხდება“, – მითხრა ამ კაცმა. „მერე, მოძღვართან არ იყავი?“ ვკითხე მე. „დიახ, ვიყავი და მოძღვარმა მითხრა: „მოითმინე, მოითმინე, ძალიან მძიმე ჯვარი გერგო!“ მიპასუხა მან. მაშინ მე შევთავაზე: „აბა ერთი ვნახოთ, ვინ ატარებს უფრო დიდ ჯვარს. მოდი, თავიდან დავიწყოთ: როდესაც დაქორწინდით, მაშინაც ასე ჩხუბობდით?“ „არა, რვა წელიწადი ძალიან მეგობრულად გავატარეთ. მე ვაღმერთებდი ჩემს ცოლს, მას ღმერთზე მეტ პატივს ვცემდი! მერე კი იგი სულ სხვა ადამიანი გახდა, დაიწყო ჩემი წამება თავისი წუწუნით, შარიანობითა და უცნაურობებით“. გესმის რა ხდება?! მას ღმერთზე უმეტეს პატივს სცემდა! აი, მერე კი ვუთხარი: „აბა, მოდი ერთი ჩემთან, საყვარელო! ესეიგი, შენ ცოლს ღმერთზე მეტ პატივს სცემდი?! მაშ, ახლა დამნაშავე ვინ არის იმაში, რომ ამ მდგომარეობამდე მიხვედი, შენ, თუ – ის? შენი ბრალია, რომ ღმერთმა თავისი მადლი განაშორა შენს ცოლს.“ მერე კი ვკითხე: „ახლა კი, რას ფიქრობ, როგორ უნდა მოიქცე?“ „ალბათ გავქორწინდებით.“ მომიგო მან. „შენ რა, სხვა რომანი ხომ არ გააბი?“ ვკითხე. „დიახ, მე ერთ ქალთან ვაპირებ წასვლას.“ მპასუხობს ისევ. „გონს მოდი, გამოფხიზლდი, ნუთუ არ გესმის, რომ ყველაფერში თვითონვე ხარ დამანშავე?! და პირველ რიგში ღვთისგან უნდა ითხოვო შენდობა იმისთვის, რომ ცოლს ღმერთზე მეტ პატივს მიაგებდი. მერე კი მიდი შენს ცოლთან და მისგანაც ითხოვე შენდობა: უთხარი მას: „მაპატიე, ეს ჩემი ბრალია, რომ ჩვენი ურთიერთობები აქამდე მივიდა და ისიც, რომ ახლა ჩვენი შვილები იტანჯებიან.“ მერე კი წადი მოძღვართან, აღსარება თქვი, ღმერთს ეცი თაყვანი, ცოლი კი ისე გიყვარდეს, როგორც – ცოლი. ნახავ, რომ თქვენს შორის ყველაფერი მოგვარდება“ დავარიგე მე. ჩემმა შეხურებამ მას ძალიან არგო. მან ტირილი დაიწყო და დამპირდა, რომ ჩემს რჩევას მიჰყვებოდა. მალე უკვე ძალიან გახარებული კვლავ მოვიდა ჩემთან: „გმადლობ, მამაო, შენ ჩვენი ოჯახი გადაარჩინე, ყველაფერი ძალიან კარგად არის, როგორც ცოლთან, ასევე ბავშვებთან ურთიერთობაში“ ხედავთ, რა ხდება?! თვითონაა დამნაშავე და ამბობს კი, რომ „ძალიან მძიმე ჯვარს ატარებს!“

თქვენც ნურასოდეს გაამართლებთ იმ ქალებს აქ, მონასტერში რომ მოდიან და ქმრებს უჩივიან. მე ასეთ შემთხვევაში არც ცოლს ვამართლებ და არც – ქმარს. პირიქით: ერთსაც და მეორესაც დაფიქრებას ვურჩევ. მაგალითად, ქალი იწყებს ჩივილს: „ჩემი ქმარი სვამს, სახლში გვიან ღამით მოდის, ბილწსიტყვაობს.“ მე კი მას ვპასუხობ: „მისმინე: როდესაც მთვრალი მოვა სახლში, კეთილად მოეპყარ, თუ დაძმარებული სახით დახვდები და აუხირდები: „რად მოდიხარ ასე გვიან?“ ან – „ბოლოს და ბოლოს, როდის შეიცვლები?“ ან – „ეს რა საშინელი ბედი მერგო!“ ან – „ეს ყველაფერი ხომ უკვე ერთი და ორი დღე არ გრძელდება!“ ან – „როდემდე უნდა ვითმინო ყოველივე ეს?!“ ეშმაკი ჩასჩურჩულებს მას: „შენ რა, სულ გაგიჟდი, რომ ამ გადარეულს საერთოდაც არ მიატოვებ?! არ ჯობს, წახვიდე და ვინმე სხვასთან დრო მხიარულად გაატარო?!“ ანუ, შენ შესაძლოა, მართალიც ხარ, მაგრამ ეშმაკი სულ სხვა მხრიდან მოუვლის მას. ხოლო, თუკი კეთილად მოეპყრობი, უთქმელად გადაიტან ბევრ რამეს და ილოცებ, მას კი შენს პრეტენზიებს არ განუცხადებ, მაშინ, რაკიღა შენგან ცოტაოდენ სითბოს და სინათლეს იგრძნობს, იგი დაფიქრდება და გამოსწორდება“.

მერე მოდის ქმარი და თავისას იწყებს: „ცოლს შავ დღეში ვყავარ, უნდა, რომ თავის ჭკუაზე მატაროს…“ მე კი ვეუბნები: „აი, შე უსირცხვილოვ! შენი ბავშვები და შენგან გატანჯული ცოლი შუაღამემდე ელოდებიან, როდის დაბრუნდები სახლში, შენ კი მთვრალი გამოცხადდები შინ, იწყებ ბილწსიტყვაობას! სირცხვილი და თავის მოჭრა! შენ რა, ცოლი იმისთვის შეირთე, რომ მთელი ოჯახი აწამო?!“

მაგრამ, არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც შესაძლოა, ცოლიც მართალი იყოს და ქმარიც. ერთხელ ჩემთან მოვიდა მომლოცველთა ჯგუფი, რომელთაც ვუამბე, რამდენად უმანკო ადამიანი იყო მაკრიანისი [7]. ის სულიერი და ხორციელი სიწმიდით გამოირჩეოდა. როდესაც ეს მოისმინა, ერთი ჩემი მსმენელი ზეზე წამოიჭრა და იყვირა: „ესღა გვაკლდა, რომ ახლა მარკიანისი შეგვერაცხა წმინდანად?“ „რატომ არ იყო წმიდანი?“ ვკითხე მე. „იმიტომ, რომ ცოლს სცემდა“ მიპასუხა მან. „მომისმინე და გეტყვი, თუ რა ხდებოდა მათ შორის. როდესაც მარკიანისს ჯიბეში თუნდაც ერთი გროში მოეძევებოდა და მათთან რომელიმე ფულიანი ქვრივი მივიდოდა, მარკიანისი ამ ქალს ფულს აძლევდა. მისი საბრალო ცოლი ტიროდა და ეჩხუბებოდა: „შენ ხომ შენი შვილები გყავს, რატომ მიეცი მას ფული?“ მოსთქვამდა იგი. მაშინ ის ცოლს კარგად შეახურებდა და ეტყოდა: „შენ ქმარი გყავს, რომელიც გინახავს, ამ საცოდავს კი – არა. აბა, ვინ იზრუნებს მასზე?“ ავუხსენი მე ამ კაცს.

გარდა ამისა, როდესაც მეუღლეთაგან ერთ-ერთი სულიერად ცხოვრობს, მას, მიუხედავად თავისი სიმართლისა, “უფლება არ აქვს,” მართალი იყოს. სულიერი ადამიანი ხომ მოვალეა, რომ უსამართლობას სულიერად მიუდგეს. ანუ, ყველაფერს ისე უნდა ხედავდეს, როგორც ამას საღმრთო სამართლიანობა მოითხოვს. ის იმას უნდა ესწრაფოდეს, რაც სხვებს მოუტანს სიმშვიდეს.

რადგანაც, თუკი ვინმე სისუსტის გამო შეცდომას უშვებს, მას გარკვეულწილად დანაშაულის შემამსუბუქებელი გარემოებები აქვს. მაშინ, როდესაც მეორე, რომელსაც უკეთესი სულიერი მდგომარეობა აქვს, მაგრამ პირველს გაგებით არ ეკიდება, მისკენ არ მიდის – გაცილებით მეტად სცოდავს. თუკი სულიერი ადამიანებიც კი ყველაფერს ერულად მიუდგებიან, ანუ – ერული, ადამიანური სამართლიანობის პოზიციიდან, – მაშინ სადმადე შეიძლება მიგვიყვანოს ამ ყველაფერმა? იქამდე, რომ მათ გამუდმებით საერო სასამართლოში მოუწევთ სირბილი. სწორედ ამით არის გამოწვეული ადამიანების ტანჯვა.

წმიდა პაისი ათონელი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.