მთავარი » ეკლესია-მონასტრები

ქციის მამათა მონასტერი (VIII-IX სს.)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 25.07.2011 5 კომენტარი | 5,998 ნახვა

ქციის მარადქალწულ მარიამ ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტერი მდებარეობს სამხრეთ საქართველოში – დმანისის რაიონში, მდინარე ქციის მარჯვენა სანაპიროზე. ქციის მონასტერი
მონასტერი თბილისიდან დაშორებულია 100 კმ-ზე. ტაძრის შესასვლელში გახლდათ ასომთავრული წარწერა: “ესე სოფელი ქცია, მტერმა ვერ დააქცია.” სოფლისა და მდინარის სახელწოდებიდან გამომდინარე, მას ქციის ღმრთისშობლის შობის სახელობის მამათა მონასტერი ეწოდა.

მონასტერი შემოსაზღვრულია ტყით, გარემო მყუდროა და მშვიდი. მიწა ნაყოფიერია, ჩამოედინება მდინარე, უახლოესი დასახლება კი 5 კილომეტრში მდებარეობს. ყველაფერი ერთად განსაკუთრებულ გარემოს ქმნის მონასტრული ცხოვრებისათვის.

მონასტრის შესახებ მცირე რამ თუ იყო ცნობილი. თუმცა 2008 წელს შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით, პროფესორმა ნოდარ ბახტაძემ არქეოლოგიური გათხრები ჩაატარა და ბევრი რამ გახდა ნათელი. გიორგი ზვიადაძეტაძარი მანამდეც VIII-IX სს. თარიღდებოდა, მაგრამ შეუსწავლელი გახლდათ ტაძრის მიმდებარე ტერიტორია, რის გამოც, დანამდვილებით ვერ ვიტყოდით აქ ადრე მონასტერი იყო, თუ არა. არქეოლოგიურმა გათხრებმა აქ მონასტრის არსებობა დაადასტურა, აღმოჩენილი ნივთიერი მასალა კი საკმაოდ მაღალი ხარისხისა და მხატვრული დონისაა, რაც სპეციალისტებს იმის მტკიცების საფუძველი მისცა, რომ მონასტერი ეკონომიკურად საკმაოდ მაღალ დონეზე იყო თითქმის მთელი არსებობის განმავლობაში.

მონასტერმა სასულიერო მოღვაწეობის მწვერვალს XI-XIII სს. მიაღწია. აქ ცხოვრება XIV-XV საუკუნეებში შეწყვეტილა, რაც უთუოდ თემურ-ლენგის შემოსევებს უკავშირდება. მან არა ერთხელ ააოხრა ქვემო ქართლი.

მონასტრის ბრძოლით აღებაზე და განადგურებაზე მეტყველებს დანგრეული საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობანი და ამ ნაგებობებში აღმოჩენილი მონღოლური ტიპის შურდულის ქვები (კვერცხისებური ფორმის). ასეთი ქვები აღმოჩენილია ყველა იმ ქალაქში, ციხე-სიმაგრესა, თუ მონასტერში სადაც თემურ-ლენგმა შეაღწია. დიდი ხნის განმავლობაში ამ კომპლექსის მიდამოებში არც საერო და არც სასულიერო ცხოვრება არ განახლებულა.

XV ს. შემდეგ, ტაძრიდან ნახევარი კილომეტრის მოშორებით სოფელი გაშენდა. უშუალოდ ეკლესიის შემოგარენის ათვისება მოსახლეობის მიერ არ მომხდარა. მხოლოდ ეკლესია აღუდგენიათ და მის გარშემო სასაფლაო მოუწყვიათ. როგორც ჩანს, ვერ შეუმჩნევიათ ძველი მონასტრის ნაშთები. სოფლის კვალი XVIII-XIX სს.-ში ქრება.

მონასტერიეკლესიის რესტავრაციის წინა არქეოლოგიური კვლევის შედეგად დადასტურდა რომ სამეკლესიანი ბაზილიკის ჩრდილოეთის და სამხრეთის ეკვდერებში საკმაოდ კარგად მოწყობილი, ქვით ნაგები და კირით მოლესილი ინდივიდუალური სამარხები ყოფილა მოწყობილი. რაც შეეხება საანგარიშო სამუშაოებისას ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთით შესწავლილ ე.წ. “ორსენაკიან ნაგებობას”, გათხრის შედეგად გამოირკვა, რომ საერთო ხუროთმოძღვრული გეგმარების და მიხედვით, მისი სახით საქმე გვაქვს საცხოვრებელ ნაგებობასთან, რომლის წინა, მომცრო ოთახი დამხმარე-სამეურნეო დანიშნულებისაა, მოზრდილი სათავსო კი უშუალოდ ადამიანთა სადგომი. არქეოლოგიური მასალა ადასტურებს, რომ ეს ნაგებობა X-XIV საუკუნეებში ყოფილა აგებული და გამოყენებული. მისი ეკლესიის მახლობლად მდებარეობა გვაფიქრებინებს, რომ ის ბერების საცხოვრებელ სენაკს წარმოადგენდა.

“უნდა ითქვას, რომ საანგარიშო არქეოლოგიურმა სამუშაოებმა ქციის ღმრთისმშობლის შობის მამათა მონასტრის ტერიტორიაზე, სავსებით გაამართლა ძირითადი მიზანი – დაგვედგინა მის ტერიტორიაზე არსებული ნაგებობების ფუნქცია და ამით განგვესაზღვრა მათი თავდაპირველი დანიშნულებით ხელახალი გამოყენების მიზანშეწონილობა. ჩატარებული სამუშაოების შედეგებმა დაგვარწმუნა, რომ სავსებით მისაღებია მონასტრის მესვეურთა განზრახვა, ჩვენ მიერ არქეოლოგიურად საფუძვლიანად შესწავლილ თითოეულ ზემოთ აღნიშნულ ნაგებობას პროფესიულ დონეზე ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ დაუბრუნდეს თავდაპირველი ფუნქცია.”-ნათქვამია დასკვნაში.

ქციის მამათა მონასტერიმონასტრიდან 7 კმ-ში ქციის ხეობაში მდებარეობს 1189-1209 წლებში აშენებული დიდი სამონასტრო კომპლექსი ე.წ. “ლამაზი მონასტერი”, რომელიც გამორჩეულია არა მარტო ტაძრის სიდიდითა და გარეშემოსილობით, არამედ თვით კომპლექსში შემორჩენილი უამრავი ნაგებობებით. მონასტრიდან 7კმ-ში გომარეთის პლატოს კიდეზე კი VIII-IX სს. სამნავიანი ბაზილიკა “რევაზაშენი” მდებარეობს. მისი სახელწოდება უკავშირდება გვიან საუკუნეებში ეკლესიის სიახლოვეს გაშენებულ ამავე სახელწოდების სოფელს. თუმცა ეკლესიის სიძველიდან გამომდინარე ადვილი შესაძლებელია, რომ აქ ეკლესიის თანადროული მონასტერიც არსებობდა. ეკლესიას 2007 წელს ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები. მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქციის ხეობასა და გომარეთის პლატოზე VI-XVII სს-ის რამდენიმე ათეული ეკლესია-მონასტერია.

სოფლებიდან სიშორისა და მატერიალური პრობლემების გამო საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა მონასტრის აღდგენის პირველი წლები. სამონასტრო კომპლექსში შემავალი ძირითადი ტაძარი (რომელიც გადმოცემით, ღვთისმშობლის შობის სახელობისა იყო), ნახევრად მიწითა და ხეებით იყო დაფარული, ფაქტობრივად არ ჩანდა და სახურავიც ჩამოქცეული გახლდათ. ტაძრის არსებობის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილმა იცოდა. მოხდა ტაძრის გაწმენდა-გასუფთავება მიწის ფენისგან, გადახურვა, ეკლესიის გამშვენიერება და ხატებით შემკობა. ამ საქმეს უანგარო დახმარება გაუწია ადგილობრივმა მოსახლეობამ, თბილისიდან ჩამოსულმა მორწმუნეებმა და ბატონ ბიძინა ივანიშვილის ფონდმა.

ქციის მონასტერი

აღდგენილი ტაძარი იკურთხა 2006 წლის 21 სექტემბერს. 2005-2009წწ-ში ტაძრის წინამძღვარი მღვდელ-მონაზონი დიონისე გვიმრაძე იყო, ამჟამად კი მღვდელ-მონაზონი ხარიტონ არეშიძეა.

ქციის მარადქალწულ მარიამ ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტერი მდებარეობს დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიაში. ეპარქიის მმართველი გახლავთ მთავარეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული).

მოამზადა თეონა ნოზაძემ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

5 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი