მთავარი » კულტურა

ქართველოლოგიის ცენტრის I საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 26.11.2011 | 1,677 ნახვა

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრის I საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა.

ქართველოლოგიის კონფერენციაკონფერენციაში მონაწილე ცნობილი ქართველი და უცხოელი ქართველოლოგების მიერ წარმოდგენილი იყო: აკადემიური ენციკლოპედიებისა და ელექტრონულ ცნობარებში (როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნულ) ქართული ენისა და კულტურის შესახებ არსებული მცდარი ტერმინოლოგიური კვალიფიკაციების, არაზუსტი ინფორმაციებისა და არაადეკვატური რუკების კრიტიკული ანალიზი; იმპერიულ ველში შექმნილი ანტიქართული ისტორიულ-ტერიტორიული იდეოლოგემების კრიტიკული ანალიზი;

საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული საფრთხის ქვეშ მყოფი ქართველური დიალექტების, ფოლკლორისა და ეთნოგრაფიული მასალების კვლევის შედეგები;

მოხსენებები ქართული-ჩრდილო-კავკასიური, ქართულ-სომხური, ქართულ-თურქული, ქართულ-აზერბაიჯანული, ქართულ-ირანული ისტორიული ენობრივ-კულტურული ურთიერთობების შესახებ და სხვა.

ქართველოლოგიის ცენტრის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მთავარი მიზანი გახლდათ ქართველოლოგიის აქტუალური საკითხების შესახებ მომავალი ერთობლივი კვლევებისა თუ ფორუმების დაგეგმვა და კავკასიის მკვიდრთა შორის ურთიერთპატივისცემის გაღრმავება.

“დღეს, როდესაც ჩვენ წინაშეა უმნიშვნელოვანესი ამოცანა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა, თანდათან იზრდება მეორე, არანაკლებ საფრთხე ენობრივი დაშლისა; არიან ისეთი ძალები, რომელნიც ნაკლებად მოაზროვნე ადამიანებს უბიძგებენ, რომ ითარგმნოს ბიბლია ან სხვა წიგნები მეგრულად, სვანურად, ლაზურად და მოამზადონ ნიადაგი იმისათვის, რომ ახლო მომავალში ქართულის ეს განშტოებანი უკვე ცალკე ენებად გამოაცხადონ.

მსოფლიოში ვრცელდება რუკები და კვალიფიკაციები, თითქოს საქართველო აჭარლების, ლაზების, სვანების, მეგრელების, თუშების და სხვათა ხელოვნური გაერთიანებაა, თითქოს ყველას ჩვენ-ჩვენი ენა და კულტურა გვაქვს. ამით უნდათ ჩვენი ერის სხვადასხვა ეროვნულ გაერთიანებებად წარმოჩენა. აქედან კი სახელმწიფოს დაშლამდე ერთი ნაბიჯია.

კაცობრიობა ახალი ტიპის დაპირისპირებაზე – ინფორმაციულ ომზე გადავიდა და იგი, ძირითადად, მასმედიის საშუალებით ხორციელდება. აშკარაა, რომ ჩვენ წინააღმდეგ სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს ინფორმაციული ომი და ამ ყოველივეს შესაბამისი საშუალებებითვე უნდა გაეცეს პასუხი”,- სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II

მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე: “მოგეხსენებათ, რომ ევროპული გამოცდილება ასეთი გახლავთ: იმისათვის, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა, თავიანთი ენა უნდა გაავრცელონ. აუცილებელია ყველა ეთნოსს შეასწავლონ იმ ქვეყნის ენა და კულტურა, რომელშიც ის იმყოფება.

მაგალითად, საფრანგეთში მცხოვრებმა ყველა ეთნოსმა უნდა შეისწავლოს ფრანგული კულტურა, გახდეს ფრანგული კულტურის თანაზიარი.

ევროპის ყველა ქვეყანაში ეს ასეა. მაგალითად, საბერძნეთში ვიცით, რომ სხვადასხვა ეთნიკური წარომადგენლები ცხოვრობენ, მაგრამ, რა თქმა უნდა, საჭიროა საკუთარი ენა შეასწავლო ყველა ეთნოსის წარმომადგენელს.

საქართველოშიც ფუნქცია უნდა ჰქონდეს ქართულ ენას. რუსებმა შესანიშნავად შეძლეს, რომ შეასწავლეს რუსული ენა ყველა ეთნოსს, და ისინი რუსული კულტურის წარმომადგენლებად, რუსულ კულტურაში მცხოვრებ ხალხებად აქციეს. იგივე ფუნქცია უნდა ჰქონდეს საქართველოს სახელმწიფო ენას და ქართული ენა განივრცოს რეგიონებში, ქართული კულტურის თანამონაწილე უნდა იყოს ყველა რეგიონში მცხოვრები ადამიანი.

ეს გახლავთ მოვალეობა მსოფლიოს წინაშე, იმისათვის, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, აღარ მოხდეს კონფლიქტები და დაპირისპირება.

უნდა ვთქავთ, რომ ძველ საქართველოში ეს ხდებოდა ბუნებრივად. სანამ შემოვიდოდნენ რუსები, საქართველოში მცხოვრებმა ყველა ეთნოსმა იცოდა ქართული ენა და იყო ქართული კულტურის წარმომადგენელი.

ასევე, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ აფხაზეთის, ოსეთის ზედა ფენა, საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ფენები შესანიშნავად ფლობდნენ ქართულ ენას და მათთვის უცხო არ იყო ქართველი ერის ინტერესები და მიზნები. ეს უნდა აღდგეს…

მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოს ეკლესიაა.

ეკლესია ყოველთვის იბრძოდა სახელმწიფოს გაერთიანებისათვის. როდესაც რუსეთის იმპერიამ მეცხრამეტე საუკუნეში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია გააუქმა, მიუხედავად ამისა, საქართველოს ეკლესიაში დარჩა მრევლი და სამღვდელოება, რომლებიც დიდი ეროვნული იდეებით იყვნენ აღვსილი და ერთ-ერთი უდიდესი ძალა, რომელიც მუდამ ითხოვდა საქართველოს დამოუკიდებლობას.

ჩვენი მოთხოვნაა, ქართული ენა და კულტურა გავიდეს რეგიონებში, სადაც საერთაშორისო ენა რუსული გახლავთ.
ჩვენ იმედი გვქონდა, რომ საქართველოს სახელმწიფო თავის მოვალეობას აღასრულებდა და ქართულ ენასა და კულტურის გავრცელებას რეგიონებში უპირატესობას მიანიჭებდა. სახელმწიფო ვალდებულია რეგიონებში გავრცელებულ რუსულ ენას ქართული ენა ჩაანაცვლოს.

ტელე და რადიო სივრცე უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ ქართული სალიტერატურო ენა გავავრცელოთ ჩვენს რეგიონებში”.

ქართული უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრის I საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია 26 ნოემბერს დასრულდება.

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი