მთავარი » კულტურა

ქართველი რომანტიკოსები

სტატიის ავტორი: | თარიღი: 22.01.2013 7 კომენტარი | 65,683 ნახვა

რომანტიზმი XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე წარმოიშვა და ხელოვნების ყველა დარგი მოიცვა. როგორც საერთო ევროპული მოვლენა, თითქმის ერთდროულად აღმოცენდა ევროპის წამყვან ქვეყნებში.

ქართველი რომანტიკოსები ქართული რომანტიზმის ფუძემდებლად ალექსანდრე ჭავჭავაძე ითვლება. ერთხელ ალ. ორბელიანს ალ. ჭავჭავაძისათვის უკითხავს: კნიაზო, თქვენი ლექსები რომ ასე განასხვავეთ და მსუბუქი და რბილი წყობა მიეცით, საიდან შემოიღეთ ამგვარი სტილიო.

ალ. ჭავჭავაძეს კი უპასუხია: ჩვენი მესტვირეებისაგან (ბლიაძეებისაგან) შემოვიღე. ბევრ ფრანგულ წიგნს ვკითხულობ, ჩვენი მესტვირეების მარტივ ყბედობას ევროპული სიამოვნება დავამატე და ასე შემოვიღე ამგვარი სტილიო.

აქედან მნიშვნელოვანი რამ ჩანს: რომანტიკული პოეზია თვალშისაცემი სიახლე იყო ქართულ მწერლობაში, თუმცა იგი არ უპირისპირდებოდა ძველს.

გერონტი ქიქოძე წერდა, რომ ალ.ჭავჭავაძესა და ნ. ბარათაშვილს თავიანთი ორიგინალური ნაწერები დაბეჭდილი არც კი უნახავთ, არც ერთ მათგანს არავითარი ჰონორარი არ მიუღია… გრ. ორბელიანი ერეკლე მეფის ქალის ელენეს შვილიშვილია. ალ. ჭავჭავაძის დედა ორბელიანის გვარის ქალი იყო. გრ. ორბელიანი მის ოჯახთან დაკავშირებულია ხანგრძლივი მეგობრობით, თავისი საუკეთესო სატრფიალო ლექსები მან მის ქალებს – ნინოსა და ეკატერინეს მიუძღვნა. მეგობრული და რომანტიკული ტრფიალის გრძნობები აკავშირებს ალ. ჭავჭავაძის ოჯახთან ნიკოლოზ ბარათაშვილს, რომელიც გრ. ორბელიანის დის ეფემიას შვილი იყო.

ამ პოეტთა აზროვნებაზე ორმა დიდმა ისტორიულმა თარიღმა მოახდინა გადამწყვეტი გავლენა: 1801 წელმა, როცა საქართველოს დამოუკიდებლობას ბოლო მოეღო და 1832 წელმა, როცა ქართველი პატრიოტული თავადაზნაურობისა და ინტელიგენციის შეთქმულება გამომჟღავნდა და დამარცხდა.

საისტორიო არქივში დაცულია შალვა ჩხეტიას (ისტორიკოსის) პირადი ფონდი, რომლის ერთ-ერთი დოკუმენტი სრულიად ეთმობა ალ. ჭავჭავაძის ბიოგრაფიას (ფ. 2099, აღწ. 1, საქმე 37). დოკუმენტიდან ცნობილი ხდება, რომ ალექსანდრე 18 წლის ყოფილა, როდესაც თბილისიდან გაპარულა და 1804 წლის მთიულეთის აჯანყებას შეერთებია ფარნაოზ ბატონიშვილთან ერთად. აჯანყებულთა მიზანი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გახლდათ. თუმცა მათ იმედი გაუცრუვდათ. ქართველი რომანტიკოსები ციციანოვმა, რომელიც ყარსის ასაღებად იყო წასული, ალყა მოხსნა და მთიულეთისაკენ გამოემართა ჯარით. ხუთი თვე იბრძოდნენ ამბოხებულები. საბოლოოდ აჯანყება სასტიკად ჩაახშეს. ბევრი მათგანი რუსეთის გაწვრთნილ ჯარისკაცებს შეაკვდა. მხარე გაანადგურეს და გადაწვეს. ფარნაოზ და იულონ ბატონიშვილები გადაასახლეს. იგივე ბედი ეწია ალ.ჭავჭავაძესაც, რომელიც ჯერ დააპატიმრეს და შემდგომ ტამბოვს გადაასახლეს.

ამავე საქმიდან ჩანს, რომ სამშობლოში დაბრუნებული ალექსანდრე სამხედრო მოღვაწეობას შეუდგა. 1811 წელს ის უკვე გვევლინება, როგორც მთავრობის წარმომადგენელი, წარგზავნილი კახეთის აჯანყების ჩასახშობად. ამბოხების მიზეზი რუსეთის მიერ კახეთის მოსახლეობისადმი დაკისრებული გადასახადი იყო. მათ ჯარიც კი ჩააყენეს კახეთში და იქაურებს აწიოკებდნენ. აჯანყებულები ზედიზედ ამარცხებდნენ რუს ჯარისკაცებს. საბოლოოდ მთავრობამ გადაწყვიტა, ამბოხებულთა დასაშოშმინებლად გავლენიანი პირები წარეგზავნა. არჩევანი ვახტანგ ორბელიანსა და ალექსანდრე ჭავჭავაძეზე შეაჩერეს. შ. ჩხეტიას თქმით, ალექსანდრემ “ტკბილი ქართულით“ სცადა აჯანყებულთა დაშოშმინება, მაგრამ ამაოდ. ის ბრძოლაში ფეხში დაჭრეს. ჩხეტიას თქმითვე, საყვარელ პოეტს კახელებმა არ აპატიეს ცარიზმთან თანადგომა. დაჭრილი მწერალი თურმანიძეებს განუკურნავთ.

ამის შემდგომ უკვე 1832 წლის აჯანყებაში მონაწილეობის გამო გადაასახლეს ალექსანდრე ტამბოვს, სადაც ოთხი წელი დაჰყო. სამშობლოში დაბრუნებულმა კი ისევ სამხედრო სამსახური განაგრძო. როგორც ცნობილია, ალ. ჭავჭავაძეს ცხოვრების ბოლომდე ბრწყინვალე სამხედრო კარიერა ჰქონდა. ჩხეტია წერს, რომ მთავარსარდალი პასკევიჩი აღფრთოვანებული იყო ალექსანდრეს გმირობითა და სამხედრო ნიჭით. ბაიაზეთის აღებისთვის მან ალექსანდრეს წმ. ანას პირველი ხარისხის ორდენი მიანიჭა და ქებით შეამკო.

ბიოგრაფიას თან ერთვის ფორმულარული (ანუ მისი ნამსახურეობის) სია, სადაც რამდენიმე საინტერესო კითხვაა. მაგალითად: გამოუჩენია თუ არა სისუსტე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, როდესმე თუ დაუჯარიმებიათ, შეურაცხყოფა თუ მიუყენებია ხელქვეითებისათვის და ა.შ. ყველა ამ კითხვაზე პასუხი უარყოფითია, ბოლოში კი გოლოვინის ხელმოწერა ერთვის.

ალ. ჭავჭავაძის ოჯახთან მეგობრული და ახლო ურთიერთობა ჰქონდა გრ. ორბელიანს. როგორც იმპერიალისტური რუსეთის გამობრძმედილი სარდალი და პოლიტიკოსი, შეუბრალებელი იყო ურჩების მიმართ, დამორჩილებულებს კი ლმობიერად ექცეოდა. მისი წერილები, რომლებიც დაღესტნის ბრძოლის ასპარეზიდან არის მოწერილი, საინტერესო მასალას იძლევა მისი პიროვნების გასაცნობად. საისტორიო არქივში გრიგოლის ბევრი წერილი ინახება. ერთ-ერთ წერილში ლაზარევზე წერს: “სულ პირველად მე ავიყუანე, როდესაც იყო კაპიტანი შირვანსკის პოლკისა, და ჩავაბარე მას აყუშა. იქ გამოჩნდა მაგის გონება და შორსმხედველობა, რადგანაც იყო დიდი შიში და ხალხის არეულობა შამილისაგან. გულადი, ვაჟკაცი, გონებიანი დავიახლოვე და მალე გამოვიყუანე ჩინებში, ასე რომ კნ. ბარიატინსკიმაც, დაღისტნის აღებაში, დაიახლოვა და ბოლოს ველიკი კნიაზმაც მისცა დივიზია… ვბედავ და დავიკვეხებ, რომ ვინც გაიარეს ჩემს შკოლაში, ყველანი გამოვიდნენ განსხუავებით გამოჩენილნი: რადეცკი… ლაზარევ, დიმიტრი ჯორჯაძე… ალექსანდრე თუმანოვი… ივანე ბაგრატიონი…“ (ფ. 5; აღწ. 1; საქ. 7515ა).
როცა ორბელიანი ლეკების სოფლებს ანადგურებდა და ამბოხებულებს სჯიდა, სწამდა, რომ ქართველი პატრიოტის მოვალეობას ასრულებდა, რადგან შამილის წინაპრები, განსაკუთრებით მისი პაპის, ერეკლე მეორის მეფობაში, არბევდნენ და აოხრებდნენ ქართლ-კახეთს.

შამილი ბრაზმორეული ამბობდა ხოლმე: “ევდოკიმოვი და ორბელიანი ჩემი ყველაზე დიდი მტრები არიან დაღისტანში… ხელში თუ ჩამივარდა ორბელიანი, მე მას გავგლეჯ, ალბათ, ისიც ასე მოიქცევა“.

მოგვიანებით ორბელიანი პირადად შეხვდა შამილს პეტერბურგში: “შამილა გავიცან პეტერბურგში. კარგი დარბაისელი კაცი ყოფილა. ჟურნალი სხდომისა მაგრამ გაოცებული იყო ყოვლითა მით, რასაც ხედავდა… დიდის სიმწარით მიამბო, რომ მიღალატეს ყოველთა მათ, ვინცა იყვნენ დაახლოებული ჩემთან და ვინც ჩემს მფარველობის ქვეშე და ჩემის მოწყალებით სცხოვრობდნენო! იმათვე ამიკლეს სრულებით, ასე რომ, ეს თეთრი ჩოხა ბაგრატინსკიმ მიწყალობაო. და ამგვარი მრავალი მელაპარაკა.“

გრიგოლ ორბელიანი მონაწილეობდა რუსეთ-ირანისა და რუსეთ-თურქეთის ომებში. ერთ-ერთ წერილში საინტერესოდ აღწერს ყაენთან სტუმრობას: “ბედმან მეცა გამტყოცნა აღმოსავლეთისაკენ. წაველ მისაგებებლად დიდს ყაენთან, რომლისა წინაშე წარვჰსდეგ მის ლაგირში ზღვისპირს ფერრახაბბათის სიახლოეს. იყო დიდის ცერემონიით მიღება ჩემი მისგან, დიდი რეჩები ჩემგან, დიდი სადილები მისგან. ვიხილე მისი დიდება, ყიბლა ალამი, სალოცავ ქუეყნისა. გავიცან მისი კარის კაცნი, მინისტრები, ბიძები და ბიძაშვილები. თვით ყაენი არის ჯერ ისევ ყმაწვილი კაცი, 37 წლისა, კარგის შეხედულობისა, განთქმული ცხენოსანი და მეთოფე, ჰსწავლობს ფრანციცულს და უკითხავენ ამ ენაზე ჟურნალებსაცა და ამით არის თავის ქვეყანაში დიახ წინწასული გონებითა. მე ველაპარაკებოდი დიდს ხანს ადრიბეჟანულს ენაზე, რომელიცა, ძალიან, თურმე ჰყუარებია. ვისხედით ნავში მე და ჩუენი პოსლანნიკ გირს. ეს დიდი ამბავია: თავის დღეში ყაენთან ვერავინ დაჯდება, არცა ცოლი და არცა შვილი, სადილზედაც ჰზის მარტო. მხოლოდ ჩუენ ორნი ვართ, მე და გირს, ის ბედნიერნი, რომელთა შემოგუნატრის ქუეყანა! როგორ მოგახსენო, მართლად, ამისი უთვალავი სიმდიდრე ჯავდირებისა, რომლითაცა არის მოჭედილი ამის ტანისამოსი, ეპოლეტები, ხმალი, წელსარტყამი, ჯიღა, და სხუანი და სხუანი! დიდად ჰსურის ევროპის ხილვა და ჰსცდილობს კიდეც, რომ აღასრულოს სურვილი ესე, მაგრამ ძნელია: სპარსეთიდან განსვლა ყაენისაგან არ არის აგრე ადვილი: ბაბიდები, თუმცა მრავალნი ამოწყვიტეს დიდის ტანჯვითა, მაგრამ საიდუმლოდ ეს სეკტა არის დიდად განმრავლებული სპარსეთშიცა და თვით ბაქო-შამახიაშიცა. ვიყავ ზღვაში თორმეტი დღე; ზღვის პირები ასტარაბბათთან საკურველად ემზგავსებიან აფხაზეთს სილამაზითა. ტყიანი მთები დიდროანის ხეობებითა და მათ შემდეგ ასულნი დიდროანნი თოვლიანნი მთები… ამ მგზავრობამ დიდად მაამა და გადმიყარა გულიდამ სევდები…“ (ფ. 5; აღწ. 1; საქ. 7515ა).
გრიგოლი დაესწრო ერევნის აღებასაც. სწორედ აქ დაწერა “სადღეგრძელო“, სადაც მოკლედ აღწერა საქართველოს მთელი წარსული. ისეთ ტაეპებს, როგორიცაა ამ პოემაში “თამარის დროშა გაშალეს“ და “სხვა საქართველო სად არის“, დიდხანს მღეროდა ქართველი ხალხი.

გრ. ორბელიანმა დაარღვია ძველი ქართული ლექსთწყობის ნორმები და თამამად გამოიყენა ე.წ. თეთრი ლექსი. ის მეტად განიცდიდა ქართული ენის ბედს: “…ქართული ენა აღარ ვიცით და არცა გვინდა რომ ვიცოდეთ… სომხები, ფრანგები, თათრები, ურიები ლოცულობენ და ჰგალობენ თავიანთ ენაზე და მხოლოდ ქართველთ მღუდლებმა, საქართველოში, არ უნდა იცოდნენ ქართულად გალობა და ლოცუა. ზურნის ხმას ხომ ვერსად გაიგონებ, დიდად სასტიკად არის აღკრძალული, რადგანაც ახლა გამოჩნდა, რომ ზურნა ყოფილა მიზეზი ქურდობისა და ავაზაკობისა!! აღუკრძალეს დიდად სასტიკად პატარა ბრმათ ბიჭებსა, რომელნიცა ჩონგურით დადიოდნენ და კარდაკარ მღეროდნენ, და ამით ჰსცხოვრობდნენ!!! და დაყრუვდა ჩუენი ქალაქი, და მართლად, უფრო და უფრო გახშირდა ქურდობა და ავაზაკობა.

ასე გახლავს აწინდელი მდგომარეობა ქართლ-საქრისტიანოსი…“ (ფ. 5; აღწ. 1; საქ. 7515ა).
ქართული რომანტიზმის ფესვები თვითონ საქართველოს ისტორიულ სინამდვილეშია. ეს განსაკუთრებულად ჩანს გრ. ორბელიანისა და ბარათაშვილის პოეტურ მემკვიდრეობაში.

ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებაში ქართულმა რომანტიზმმა სრულყოფილი სახე მიიღო. პოეტის სიდიადის დამახასიათებელი ნიშანი ისაა, რომ მან საკუთარი სულის ობლობა მთელი პროგრესული კაცობრიობის გულთათქმას დაუკავშირა. ამას პირველად ყურადღება ილია ჭავჭავაძემ მიაქცია. ის ბარათაშვილზე ამბობდა: “იგი მით იყო ძლიერი ლირიკაში ალ. ჭავჭავაძესა და გრ. ორბელიანზედ, რომ მისნი გულისთქმანი, მისნი გრძნობანი, მისნი ჭირნი და მწუხარებანი უფრო საყოველთაო, საკაცობრიო არიან, ვიდრე კერძონი… მისი კვნესა კაცობრიობის კვნესაა, მისი ჩივილი კაცობრიობის ჩივილია, მისი ვერ მიწვდენა სურვილისა კაცობრიობის უღონობაა.“

კონსტანტინე მამაცაშვილი ერთ-ერთ წერილში იხსენებს მეგობრების სეირნობას გარეუბნის ბაღში: “ტატო, ესე იგი ნიკოლოზ ბარათაშვილი, ძალიან მხიარულად იყო და თავისებურად ხუმრობდა. მერმე ჩამოვარდა ლაპარაკი ჩვენს წარსულს ცხოვრებაზედ და ტრაგიკულს დასასრულზე მეთვრამეტე საუკუნისა… წერა კიხვის გამავრცელებელი საზოგადოება და ტფილისის წახდენაზედ 1795 წელს. ამ ლაპარაკის დროს ნიკოლოზ, ყოველთვის მოცინარს და მხიარულს, სახე გამოეცვალა, დაიწყო ხელსახოცით ცრემლების წმენდა და აღელვებულმა მითხრა: ჩვენმა უხეირობამ დაგვღუპა! და ოხვრით დაუმატა: ვაი ჩვენო ქართლის ბედო! დიდხანს დავდიოდით თავჩაღუნულნი და მოწყენილნი…“ (ფ. 1438; აღწ. 1; საქ. 341).

ბარათაშვილის შემოქმედება თავისი ეპოქისადმი შეურიგებლობის ნიშნის მატარებელია. პოეტის პესიმიზმს საფუძვლად უდევს მისივე საბრძოლო მისწრაფებანი. ის არსებული საზოგადოებრივი ცხოვრებით უკმაყოფილოა. არსებული სახელმწიფოებრივი რეჟიმი მას ძალით იმორჩილებს და გასაქანს არ აძლევს:

“საყვარელო ძმაო ზაქარია!… მე ძალიან ავად ვიყავი… იმ დრომდე არაფერი ავადმყოფობა არ გამომევლო. ახლა ვიგრძენ უცნაური მისი ზედ-მოქმედება, იქნება, მრთელ ჩემ სიცოცხლეში დასარჩენი. მიუხვდომელობამ ჩვენის დანიშნულების საგნისამ, უსაზღვროებამ ადამიანის ნატვრისა და ამაოებამ მრთელის ცას-ქვეშეთისამ ამივსეს გული საშინელის სიცარიელით. მე რომ პატარა დამოუკიდებელი შეძლება მქონოდა, ამ წამსვე დავანებებდი ქვეყანასაც, ადამიანსაც მისის გაუმაძღრობით და შეუშფოთებლად და მშვიდად გავატარებდი უბრალო (მამაპაპურ) სიცოცხლეს წიაღსა შინა მარტივის ბუნებისასა, რომელიც ასე დიდებული და მშვენიერია ჩვენს მამულში…“ (ფ. 1438; აღწ. 1; საქ. 341).

ერთ-ერთი დოკუმენტი ბარათაშვილის საკმაოდ ვრცელ ბიოგრაფიას მოიცავს, რომელსაც ბოლოში მეუნარგიას ხელმოწერა ერთვის (ფ. 1438, აღწ. 1, საქმე 341). ყურადღებას რამდენიმე განსაკუთრებით საინტერესო ეპიზოდზე გავამახვილებ.

1.მეუნარგიას ცნობით, ნიკოლოზი ცელქი, მოუსვენარი, მხიარული და ცოტა დამცინავი ბავშვიც ყოფილა. გიმნაზიაში სწავლის დროს მოსწავლეებს კონცერტი ჩაუტარებიათ. ეს კონცერტი და მისი მონაწილეები სომხებს აბუჩად აუგდიათ. ეს რომ ტატოს გაუგია, სატირა დაუწერია, სადაც სომხებისა და რამდენიმე ქართველისთვისაც დაუცინია. ეს წერილი ფოსტალიონისთვის გაუტანებიათ თავადაზნაურობის წინამძღოლ ფალავანდიშვილთან. სატირა იმდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რომ მას ყურადღება მთავრობამაც კი მიაქცია. მეორე დღესვე მთავრობის წარმომადგენლები მივიდნენ გიმნაზიაში, გაარკვიეს, ვინ იყო სატირის ავტორი და ნიკოლოზი საკუთარ მამას მიუყვანეს დასასჯელად. მეუნარგიას თქმით, მელიტონმა იმის სიხარულით, რომ შვილი გიმნაზიიდან არ გაუგდეს, კინაღამ სული ამოხადა ცემით ტატოს.

2.ტატო შემდგომშიც ასეთ მოუსვენარ და ენაკვიმატ პიროვნებად დარჩენილა. ერთ-ერთ საღამოს შეკრებაზე მას მაღალაშვილი გაუცნია. ის საკმაოდ დამცინავი პიროვნება ყოფილა და ხშირად დასცინოდა ილია ორბელიანს, ტატოს ბიძას, რაშიც ხშირად ნიკოლოზიც აჰყვებოდა ხოლმე. ერთხელაც ილიამ ვეღარ მოითმინა და გადაწყვიტა, პირველივე შეკრებაზე ჩხუბი აეტეხა და დუელში გამოეწვია მაღალაშვილი. მაგრამ რატომღაც იმ შეკრებაზე მაღალაშვილი არ მოვიდა და ილიამ ჯავრი ტატოზე იყარა. დუელში გაიწვია საკუთარი დისშვილი. დანიშნეს დუელის დრო, ადგილი და შეთანხმდნენ, რომ გამარჯვებული დამარცხებულს, ცოცხალსა თუ მკვდარს, თავისი ხელით მიუყვანდა ჭირისუფლებს. პირველ გასროლაზე ილიას ფალიაში მხოლოდ წამალი ამოიწვა. ის დაეჭვდა, იქნებ ტყვიები არ ჩამიდესო და დამბაჩის ხელახლა დატენვა მოინდომა. მეორე გასროლაზე ნიკოლოზი წაიქცა. სასოწარკვეთილი ილია მივარდა დისშვილს და ხელი ისე მოხვია წელზე, რომ ჯიბეზე მოუხვდა. მაშინ ტატომ თავი წამოყო და წამოიძახა:

-ქიშმიში მაქვს ჯიბეში, ქიშმიში, არ ამომაცალოო.
-შე შეჩვენებულო, გული რატომ გამიხეთქეო, – წამოიძახა გახარებულმა ილიამ.

თურმე სეკუნდანტები შეთანხმებულან, რომ ილიას დამბაჩა ტყვიით არ გაეტენათ, ნიკო კი პირველივე გასროლაზე უნდა წაქცეულიყო, რათა მათი საიდუმლო არ გამოაშკარავებულიყო. გახარებული ილია ღმერთს მადლობას სწირავდა დუელის მშვიდობიანად დამთავრებისათვის.

ერთ-ერთ საქმეში ინახება პეტრე უმიკაშვილის წერილიც, რომელშიც ის წუხს, რომ წელიწადნახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც გაიგეს, ბარათაშვილის საფლავზე განჯაში ქუჩა უნდა გაეყვანათ და ამდენი დრო დასჭირდათ, რომ პოეტის გვამის გადმოსვენების უფლება მოეპოვებინათ (ფ. 1438, აღწ. 1, საქმე 341). აქვეა ილიას თხოვნა ტატოს გვამის გადმოსვენების შესახებ, რომელსაც თან ილიას ხელმოწერა ერთვის (ფ. 481, აღწ. 1, საქმე 198).

საინტერესოა ზედგინიძის წერილი, რომელშიც იუწყება, რომ ერევანში ერთ-ერთ სომეხთან შემთხვევით აღმოაჩინა ნ. ბარათაშვილის სურათი (ფ. 481, აღწ. 1, საქმე 571). ეჭვს მხოლოდ ის ბადებდა, რომ სურათზე გამოსახულ პიროვნებას უფრო დიდი ულვაშები ჰქონდა, ვიდრე ტატოს რეალურ ცხოვრებაში. გაირკვა, რომ ფოტოგრაფს განგებ დაეგრძელებინა ულვაშები, რათა სომეხთა საყვარელი გმირისთვის დაემსგავსებინა. როდესაც სურათის ქართველებისათვის გადაცემის საკითხი დადგა, ფოტოს პატრონი უარზე დადგა და გამოტყდა, რომ 4-5 წელი ამ სურათის ასლებს ყიდდა და საკმაოდ ბევრიც გაეყიდა. საბოლოოდ კი დათანხმდა, 20 დღით გადაეცა ფოტო წ-კ.გ. საზოგადოებისათვის იმ პირობით, თუ ასლებს არ გადაიღებდნენ. სამწუხაროდ, ბოლოს რა ბედი ეწია ამ სურათს, მოაღწია თუ არა ჩვენამდე, წერილში არ ჩანს და დღესაც ნიკოლოზ ბარათაშვილის პორტრეტთან დაკავშირებით საერთო და უეჭველი აზრი არ არსებობს.

მოამზადა თათია ნავროზაშვილმა
ეროვნული არქივის მასალებზე დაყრდნობით


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

7 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი