ქართველ მხატვარ-კალიგრაფთა კავშირი
ოცდაოთხსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ქართული კალიგრაფია ჩვენი ქვეყნის კულტურის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს. ეს ის განსაკუთრებული მემკვიდრეობაა, რაც ყველასგან გამოარჩევს ჩვენს ერს. ქართული დამწერლობა მსოფლიოს 14 დამწერლობას შორის ერთ-ერთია. უძველესი ასომთავრული, ნუსხური და თანამედროვე მხედრული ხელნაწერები უცხოელების დიდ მოწონებას იმსახურებენ. ამ კულტურის შენარჩუნების, პოპულარიზაციისა და მომავალი თაობების მეტად დაინტერესების მიზნით საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირი შეიქმნა. მისი საქმიანობის შესახებ “ამბიონს” კავშირის დამფუძნებელი ლევან ჩაგანავა ესაუბრა:
– როდის და რა მიზნით დაარსდა მხატვარ-კალიგრაფთა კავშირი? რატომ მიიჩნიეთ, რომ საჭირო იყო ასეთი კავშირის არსებობა?
2010 წლის თებერვლიდან აპრილამდე სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობით, კონკურსი “ქართული კალიგრაფია” მიმდინარეობდა.
კონკურსი სამ ტურად დაიყო და მასში მონაწილეობდნენ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მე-5-12 კლასის მოსწავლეები, ასევე საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ბავშვები. მონაწილეთა საერთო რიცხვმა ათი ათასს გადააჭარბა.
ჟიურის წევრებმა პირველივე ტურში აღმოვაჩინეთ გასაოცარი ნამუშევრები, სადაც კალიგრაფიის სკოლის არარსებობის მიუხედავად, ქართული ანბანისა და დამწერლობის საფუძვლების სწორი აღქმა იგრძნობოდა. ეს იყო განცხადება აქამდე დაფარული გენეტიკური ნიჭისა, რომელიც შთამომავლობას წინაპრებისგან ერგო.
და მაინც, პროფესიონალი კალიგრაფები კარგად ვხვდებოდით, მსგავსი კონკურსები ბავშვებს ბევრს ვერაფერს მისცემდნენ. კონკურსიდან კონკურსამდე არაფერი შეიცვლებოდა მათ შემოქმედებით ცხოვრებაში. სატურნირო სივრცის ნაცვლად, ბავშვებისათვის, პირველ რიგში, სწავლისა და შემოქმედების პერსპექტივა უნდა გაშლილიყო. ეს გახდა წინაპირობა კალიგრაფთა კავშირის დაარსებისათვის.
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირი 2010 წლის პირველ მარტს დარეგისტრირდა და კონკურსის მსვლელობის გაშუქებას საკუთარ ვებ-საიტზე მაშინვე შეუდგა.
საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირის მიზანია: კალიგრაფიის ხელოვნების პოპულარიზაცია საქართველოში; ქართული კალიგრაფიისა და წიგნის ხელოვნების სკოლის აღორძინება თანამედროვე ტექნოლოგიებთან მიმართებაში და მოზარდი ახალგაზრდობისათვის ამ ინტელექტუალური შემოქმედების სწავლება, პროფესიონალურად მათი მომზადება და წარდგენა საერთაშორისო დონეზე ქართული დამწერლობისა და ზოგადად, ქართული კულტურის სადიდებლად.
– ვის შეუძლია გაწევრიანდეს კავშირში და რა ფუნქცია-მოვალეობები ეკისრებათ კავშირის წევრებს?
საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირის წევრები შეიძლება გახდნენ: საქართველოს მოქალაქეები და უცხოელები, რომლებიც იზიარებენ კავშირის მიზნებსა და ამოცანებს და სურთ, მათ განხორციელებაში საკუთარი წვლილი შეიტანონ.
მხატვარ-კალიგრაფთა, წიგნის ილუსტრატორთა და ხატმწერთა გარდა, კავშირში ვიწვევთ ისტორიკოსებს, ქართული ენისა და დამწერლობის მკვლევარებს, რომელთა ნაშრომები და სტატიები სიღრმისეული ცოდნით განამტკიცებს როგორც დამწყებ, ისე პროფესიონალ კალიგრაფებს. ამავე დროს, მივესალმებით ნებისმიერი პროფესიის ადამიანს, ვინც ქართული კალიგრაფიის პოპულარიზაციის საქმეს წინ წასწევს.
კავშირის წევრების ფუნქცია შემოქმედებითი აქტივობაა. არააქტიური წევრი ეთიშება ჩვენს ღონისძიებებს და კავშირსაც ტოვებს.
– რა ღონისძიებები ჩაატარა კავშირმა ამ დრომდე ქართული კალიგრაფიის პოპულარიზაციის მიზნით და უახლოეს მომავალში რა გეგმები გაქვთ?
2010 და 2011 წლების კალიგრაფიის კონკურსები მხოლოდ კალიგრაფთა კავშირმა გააშუქა ვრცლად და საფუძვლიანად. ჩვენ მიერ შექმნილი ფოტო და ვიდეორეპორტაჟები გავავრცელეთ ინტერნეტით, გადავუგზავნეთ UNESCO-ს ეგიდით მოქმედ კალიგრაფიის საერთაშორისო გამოფენას, რომელშიც მსოფლიოს 40 ქვეყნიდან 150-ზე მეტი კალიგრაფი მონაწილეობს. გამოფენაზე კონკურსის გამარჯვებულთა ის ნამუშევრებიც წარვადგინეთ, რაც მათ კავშირში გაწევრიანებისა და პროფესიული გადამზადების შემდეგ შექმნეს. მასალებს დავურთეთ ვიდეომასტერკლასები, რომლებიც მსოფლიო კალიგრაფიის ამსახველ დოკუმენტურ ფილმებში შევიდა და რასაც პრეზენტაციებზე დღესაც აჩვენებენ.
ასე რომ, 2010 წლის გაზაფხულზე, ჩვენი რეპორტაჟების საშუალებით მსოფლიომ თანამედროვე ქართული კალიგრაფიის ნიმუშები პირველად იხილა. სექტემბრის თვეში კი, ქალაქ ნოვგოროდში გამართულ კალიგრაფიის III საერთაშორისო გამოფენაზე, ოცდამეერთე საუკუნის ქართული ხელნაწერების ორიგინალებმა ღირსეულად წარმოაჩინა ჩვენი დამწერლობის კულტურა დამთვალიერებლის წინაშე.
ამ ხნის განმავლობაში, საერთაშორისო ურთიერთობები უფრო გაღრმავდა და საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირი დღეისათვის ლიდერის პოზიციაზეა მსოფლიო კალიგრაფების თანამეგობრობაში.
ამერიკელი, ევროპელი და აზიელი კალიგრაფები ჩვენს პროექტებში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამენ. მათთვის სპეციალურად ვამზადებთ თარგმანებს იმ ტექსტებისა, რომლის მიხედვით უნდა შეიქმნას კალიგრაფიული ნამუშევრები.
წელს, ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 150 წლის აღსანიშნად, მისი პოემების მიხედვით, საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირის წევრები ხელნაწერ წიგნებს ამზადებენ, პროექტის უცხოელი მონაწილეები კი კალიგრაფიულ ნამუშევრებს საკუთარ ენაზე ქმნიან.
გარდა ამისა, საიუბილეო აქციაში მონაწილეობის ადგილობრივი მსურველებისათვის, 2011 წლის აგვისტოს თვეში საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირიმა კონკურსი გამოაცხადა. მონაწილეებს უნდა შეექმნათ სიგელის სტილის ხელნაწერი ვაჟა-ფშაველას ერთ-ერთი ლექსის მიხედვით. კონკურსმა კვლავაც აღმოგვაჩენინა რამოდენიმე ნიჭიერი შემოქმედი, რომელთა ნამუშევრებსაც პროექტის პრეზენტაციასა და გამოფენებზე პროფესიონალ კალიგრაფთა ნამუშევრებთან ერთად წარმოვადგენთ.
პრეზენტაციის ჩატარებას შემოდგომის ბოლოს ვგეგმავთ თბილისში. გამოფენები გაგრძელდება და საქართველოს რეგიონებს მოიცავს.
მსგავსი პროექტების განხორციელებას მომავალ წელსაც ვაპირებთ. “ვეფხისტყაოსანი” და მსოფლიო კლასიკოსების პოეზია ნუსხაში უკვე შევიტანეთ.
– საიდან ხდება ფინანსების მოძიება? სახელმწიფო ორგანოები რამდენად გიჭერენ მხარს?
კავშირის შიდა საქმიანობის დასაფინანსებლად აქამდე არავინ შეგვიწუხებია. კალიგრაფიის გარდა, კავშირის წევრები ვფლობთ ისეთ პროფესიებს, რომელთა საშუალებით ვახერხებდით ვებ-საიტის მართვას, სტატიების, ფოტო და ვიდეომასალის მომზადებას, ახალი წევრების პროფესიულ გადამზადებას, საერთაშორისო გზავნილებისა თუ საკომუნიკაციო ხარჯების დაფარვას. ახლა, როცა პირველი ეტაპი გავლილია და მსოფლიო ავტორიტეტი მოპოვებული, ჯერი ნამუშევრების შექმნასა და გამოფენების მოწყობაზეა.
ვაჟა-ფშაველას საიუბილეო ღონისძიება ჩვენი პირველი მასშტაბური პროექტია და აქტიურ მხარდაჭერას მოითხოვს არა მარტო სახელმწიფო სტრუქტურებისგან, არამედ მთელი ქართული საზოგადოებისგან.
პრეზენტაციას კულტურულ-სანახაობითი მხარეც უნდა ახლდეს. ეს შესაბამისი გაერთიანებებისა და ჯგუფების დახმარებით მოხერხდება. მომავალი წლიდან ამ გამოფენამ უნდა მოიცვას საქართველოს რეგიონები, რაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტების აქტიური მხარდაჭერითაა შესაძლებელი.
სავარაუდოდ, უცხოელი კალიგრაფებისგან ბევრ ნამუშევარს მივიღებთ, მაგრამ პრეზენტაციაზე მათი ჩამოყვანა ამჯერად ვერ მოხერხდება. რომ ყოფილიყო მხარდაჭერა საელჩოებისგან, ფონდებისგან, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, სამასზე მეტი ჩვენი მეგობარი, პროფესიონალი კალიგრაფი გვესტუმრებოდა საქართველოში და მოაწყობდა მასტერკლასებს, საოცარ სანახაობას ასო-ნიშნებით ხატვისა. თავად კი, ქართული შემოდგომის დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს მეგობრებისთვის საამბობლად გაიყოლებდნენ.
ყოველ შემთხვევაში, ჩვენი კავშირი ქმნის წინაპირობას, რომ კალიგრაფიის საშემოდგომო საერთაშორისო ფესტივალი საქართველოში ყოველწლიურად გაიმართოს. ახლა საქმე მხარდამჭერებზეა.
– თქვენს კავშირს აქვს კალიგრაფიის სკოლა. ვის შეუძლია იქ სწავლა და კონკრეტულად რას შეასწავლიან მსურველებს? არის თუ არა გადასახადი?
ჯერ გავარკვიოთ, თუ რას გვაძლევს კალიგრაფიის შესწავლა და რა სივრცე იშლება კალიგრაფის მოღვაწეობისათვის თანამედროვეობაში:
1. თანამედროვე მსოფლიო კალიგრაფები, ხელნაწერების შექმნის გარდა, გრაფიკულ დიზაინს ითვისებენ და საკუთარი ხელით ნაწერი ასოების,ა თუ სიტყვების ვექტორულ ვერსიებს ამუშავებენ. ასე ყალიბდება მსოფლიოს წამყვანი ბრენდების ლოგოტიპები და მათი პროდუქციის ეტიკეტები.
კალიგრაფია ყოველთვის ელიტარულ ხელოვნებად ითვლებოდა და დღესაც, სარეკლამო სფეროში საუკეთესო კომპანიების პროდუქციას წარმოგვიჩენს. ძვირფასი ღვინის, ტანსაცმლისა თუ სუნამოს ეტიკეტის გრაფიკას ჩვეულებრივ დიზაინერს არ უკვეთავენ. კალიგრაფ-დიზაინერმა ეს საქმე უკეთ იცის!
2. წიგნის ხელოვნების შესწავლა თანამედროვე მხატვარ-კალიგრაფს საშუალებას აძლევს, იმუშავოს ბეჭდური გამოცემების ილუსტრაციაზე.
3. კალიგრაფები საყოფაცხოვრებო სფეროშიც არიან დაკავებულნი. მათ მიერ შესრულებულ წარწერებს სამოქალაქო ღონისძიებებზე, სამახსოვრო სუვენირებზე, სხვადასხვა ნაწარმზე, ჭურჭელსა და კულინარიულ პროდუქტებზეც კი ვხედავთ.
4. კალიგრაფიული წარწერები და ეროვნული ორნამენტები პოლიტიკურ-ეკონომიკური მიმართულებითაც გამოიყენება. გვხვდება პატრიოტულ თუ პროპაგანდისტულ გამოცემებში, სახელმწიფო დაწესებულებების უძრავ და მოძრავ ქონებაზეც კი.
5. დაბოლოს, ერთეულ მხატვრულ-კალიგრაფიულ ნამუშევრებზე მსოფლიოში მოთხოვნა ისეთივეა, როგორც სახვითი ხელოვნების სხვა ნიმუშებზე.
ამრიგად, ჩვენი სკოლის მოსწავლეები, ლამაზად წერასთან ერთად, მოთხოვნად პროფესიებს უნდა დაეუფლონ და სასწავლო დისციპლინებიც ასე ყალიბდება: კალიგრაფია, წიგნის ილუსტრაცია, მინიატურა, ხატწერა, გრაფიკული და ვებ დიზაინი, ფონტების დიზაინი.
სკოლაში მივიღებთ ყველა ასაკის ნიჭიერ პიროვნებას. მაგრამ თუ დონორი ორგანიზაცია არ გამოჩნდა, სწავლა ფასიანი და ძვირადღირებული იქნება.
სალომე ლილუაშვილი
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.