მთავარი » საზოგადოება

ქართული ტყის სადღეისო ეკოლოგიური პრობლემები

სტატიის ავტორი: | თარიღი: 08.03.2013 3 კომენტარი | 13,775 ნახვა

საქართველოს ერთ-ერთ სიმდიდრესა და სიკეთეს ქართული ტყე წარმოადგენს. გეოგრაფიული და ჰავა-ნიადაგობრივი პირობებიდან გამომდინარე, იგი თავისი ფლორისა და ფაუნის ბიომრავალფეროვნებით უნიკალური ფენომენია. ქართული ტყე ეკოლოგიური თვალსაზრისით, განსაკუთრებით დიდია მთიანი ტყის მასივების მნიშვნელობა ისეთი მცირემიწიანი და მთაგორიანი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, რადგან ტყის კორომების გამეჩხერება ქვეყნის მიწა-წყლის მოსპობის ტოლფასია. ამისათვის ზრუნავდნენ უძველესი დროიდან ქართველი ერისკაცები ჩვენს ტყეებზე, ამიტომ გვმოძღვრავდა თავის დროზე წმიდა ილია მართალი, რომ “ტყის მოვლა-გაშენება და დაცვა – ეს არ არის რომელიმე კერძო პირის საქმე, ეს მთელი ერის საქმეა. ვისაც მამულისთვის გული არ შესტკივა, ის, რასაკვირველია, ხეებს უღმერთოდ გააჩანაგებს, გაკაფავს და ცეცხლსაც კი წაუკიდებს.”

ქართული ტყის მნიშვნელობისა და მისი ეკოლოგიური პრობლემების შესახებ “ამბიონს” პროფესორი, სატყეო მეცნიერებათა საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი (IAWS, ა.შ.შ.) ელდარ ლობჟანიძე ესაუბრა:

რა ხდება საქართველოს ტყეებში დღეს, ჩვენს ცივილიზებულ ეპოქაში?

პოსტსაბჭოთა ხანაში ჩვენს ქვეყანაში შექმნილმა ურთულესმა სოციალურ-ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა ვითარებამ საშინელი დაღი დაასვა ადგილობრივ ბიოლოგიურ რესურსებს, განსაკუთრებით ტყეებს. საბჭოთა ხანაში რუსეთიდან საქართველოში ყოველწლიურად მილიონობით კუბური მეტრი ხე-ტყე შემოდიოდა, იყო ალტერნატიული საწვავი: ქვანახშირი, გაზი, ელექტროენერგია, დიზელის საწვავი, რითაც ჩვენი დაცვით-ეკოლოგიური ფუნქციის ტყეები დაუზიანებლად ინახებოდა. 25 წლის წინ ყოველწლიურად საქართველოში 8-10 ათას ჰექტარზე აშენებდნენ ხელოვნურ ტყეებს. ის დრო წარსულს ჩაბარდა, სათბობ-ენერგეტიკული კრიზისიდან გამომდინარე, განსაკუთრებით გაიზარდა მოსახლეობის მოთხოვნილება შეშაზე, ასევე, სამშენებლო ხე-ტყეზე. დღეს ჩვენს ქვეყანაში მშენებლობის ბუმია და ხე-ტყის დეფიციტი ძირითადად ჩვენი ტყეების ხარჯზე ივსება.

გაიყინა მრეწველობა, მოიშალა სოფლის მეურნეობა, შრომისუნარიანი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უმუშევარი დარჩა, ქვეყნიდან გაიზიდა ფერადი და შავი ლითონები, გამოილია ჯართიც, დარჩა ტყე და მთელი სიმძიმე მას დააწვა. ტყე გახდა მოსახლეობის ერთ-ერთი საარსებო წყარო, დაიწყო ტყის უმოწყალო, განუკითხავი ჩეხვა.

ტყე, რასაკვირველია, უნდა მოიჭრას და გამოიყენონ საშენ მასალად და საწვავად. ტყე ცოცხალი ორგანიზმია და მოუჭრელ-მოუვლელად ისევე დაბერდება და გადაშენდება, როგორც ვაზი გაუსხლავად. ენერგეტიკული კრიზისისა და სიდუხჭირის წლებში ვინ დაუშლის ქართველ გლეხკაცს შეშის მოჭრას ოჯახის საჭიროებისათვის?! “ღმერთს ჩვენთვის გაუჩენია, სარგოდა, მოსახმარადა! და დღესაც არავინ ჰზოგავს ვერხვ-წიფელს მოსაკლავადა,” – ვკითხულობთ ვაჟას გენიალურ “გველის მჭამელში”, მაგრამ ტყის შემდგომი არსებობა მის გონივრულ გამოყენებაზეა დამყარებული. დაცული უნდა იყოს ტყეთსარგებლობის მეცნიერულად დადგენილი წესები, რათა უზრუნველვყოთ ტყის ბუნებრივი განახლება და მისი აღდგენადი რესურსებით უწყვეტი სარგებლობა. ტყის რესურსების წესიერი, გეგმაზომიერი გამოყენება არის ბუნების დაცვის აქტიური ფორმა, რომელიც უზრუნველყოფს მცენარეული რესურსების კვლავწარმოებასა და უწყვეტი სარგებლობის ხანგრძლივობას.

რამდენად ხდება ტყიდან ხე-ტყის გამოტანისას რეალურად მისი გაჯანსაღება?

სამწუხაროდ, დღეს ასე არ ხდება. შერჩევით, მტაცებლურად, უსისტემოდ იჭრება კორომის საუკეთესო ხეები, ადგილზე რჩება დაბალი ღირსების, გადაბერებული და ფაუტი ხეები. კორომებში აღარ გვაქვს ელიტური სათესლე ხეები, რომ ტყე მოითესოს, განახლდეს. მკვეთრად ეცემა ტყის სასაქონლო სტრუქტურა.

სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის წლებში სატყეო მეურნეობამ და მეტყევე-ინჟინერმა თითქმის დაკარგა ფუნქცია. რეგიონებში აღარაფერს ეკითხებიან სატყეო დარგის სპეციალისტებს. აღარ ფინანსდება დარგი, ჯეროვანი ყურადღება აღარ ექცევა ტყის დაცვა-აღდგენის ღონისძიებებს.

უბედურება იმაშია, რომ პოსტსაბჭოთა ხანაში საქართველოს მთა-ბარში ტყეები უსისტემოდ, ბარბაროსულად ნადგურდება ხე-ტყის საზღვარგარეთ გაყიდვის მიზნით. წლების მანძილზე ჩაქვიდან ბათუმამდე საავტომობილო და რკინიგზა ჩახერგილი იყო საქართველოდან თურქეთსა და ევროპაში ჩალის ფასად გასატანი ეროვნული სიმდიდრით – ძვირფასმერქნიანი სამასალე მორებით. ეს ნედლეული თუნდაც დახერხილ მასალად რომ გაგვეტანა საზღვარგარეთ, შემოსავალი გასამკეცდებოდა, ხალხიც დასაქმდებოდა და ტყეც დაიზოგებოდა, რასაც არაერთხელ აღვნიშნავდით პრესაში.

ნუ მივეცემით ილუზიას, თითქოს ჩვენი მთის ტყეები მიუდგომელია და უგზოობის გამო არ გაჩანაგდება. საქართველოს მთა-ბარსა და ჭალის ტყეებში ნადგურდება მთის ფერდობებისა და მდინარეთა ნაპირების დამცავი კორომები, მათ შორის “საქართველოს წითელ წიგნში” შეტანილი იშვიათი და გადაშენებადი სახეობები. ამიტომ წალეკა ადიდებულმა მდინარეებმა და მეწყერებმა გზები და დასახლებული პუნქტები. გავიხსენოთ, რომ ძველ რუსეთში, პეტრე პირველის განკარგულებით, მდინარეთა ნაპირების გასწვრივ მუხის მომჭრელი სიკვდილით ისჯებოდა.

სამწუხაროდ, გვაქვს ჭრის ფაქტები ხელოვნურად გაშენებული ტყის ნარგაობებსა და ქალაქების ბაღ-პარკებშიც კი. გაჩანაგდა ქარსაფარი ზოლები. ყველაფერს სიდუხჭირეს ნუ დავაბრალებთ. დიდი სამამულო ომის წლებში ლენინგრადის 900 დღიანი ბლოკადის დროს ალყაშემორტყმულ, სიკვდილის ცეცხლოვან რკალში მომწყვდეული ლენინგრადელები გასათბობად ოჯახის ხის ინვენტარს წვავდნენ, მშობლიური ქალაქის ბაღ-პარკებსა და ქუჩებში კი ერთი ხეც არ მოუჭრიათ. ისიც გავიხსენოთ, რომ დიდი სამამულო ომის წლებში, როცა მტერი კავკასიონს მოადგა, თავდაცვითი ნაგებობების ასაშენებლად სამხედრო საბჭოს ბიჭვინთის კონცხზე მესამეული პერიოდის იშვიათი რელიქტური სახეობის – ბიჭვინთის ფიჭვის ერთი ხეც არ მოუჭრია, საჭირო ხე-ტყე მთაში დაამზადეს და ეს უნიკალური კორომი ქვეყანას შეუნარჩუნეს. რა იქნებოდა დღეს მსოფლიოში ცნობილი კურორტი “ბიჭვინთა“ ამ ზღვისპირა ფიჭვნარის გარეშე?

რა საფრთხის წინაშე გვაყენებს ტყის მასობრივი ჭრა?

საქართველოს ტყეების 97% მთის ტყეებია და ატარებს ნიადაგდაცვით, წყალდაცვით და წყალმარეგულირებელ ფუნქციას. მთის ფერდობებზე ტყის მოსპობა იწვევს ნიადაგის ეროზიას, მის ჩამორეცხვას, მთის ქანების დაშლას, ღვარცოფებს, მეწყერებსა და ეკოლოგიურ კატასტროფებს.

უსისტემო, მტაცებლური და ინტენსიური ჭრები მთიან ტყეებში ჩვენი მცირემიწიანი და მთაგორიანი ქვეყნის მიწა-წყლის მოსპობის ტოლფასია. ტყის მოსპობით ჩვენს შთამომავლობას გაუდაბნოებულ ქვეყანაში ცხოვრების პერსპექტივას ვუქმნით. ამ ფაქტით აღშფოთებული ერის მოჭირნახულე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჯერ კიდევ 2000 წლის 10 ოქტომბერს ასე მიმართავდა სრულიად საქართველოს: “მინდა გულისტკივილით აღვნიშნო, რომ ბოლო დროს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, რომელიც ხე-ტყის მოჭრასთან და მის საზღვარგარეთ გატანასთან არის დაკავშირებული, ბოროტებად იქცა საქართველოს მოსახლეობის მიმართ. თუ ეს პროცესი არ აღიკვეთა, ჩვენ მოწმენი გავხდებით დიდი ეკოლოგიური კატასტროფისა. ტყეების გაჩეხვა უნდა შეჩერდეს”.

არ შევისმინეთ ერის სულიერი მოძღვრის შეგონება და ქვეყანა სტიქიურმა კატასტროფებმა მოიცვა. ჩვენი მთა-ბარი უბედურებების ზონად იქცა. აჭარაში 7 სოფელი მოწყდა გარე სამყაროს – მოისპო გზები, ხიდები, დაიტბორა და დაინგრა საცხოვრებელი სახლები, ზვავმა და მეწყერმა ქობულეთსა და ხელვაჩაურში 11 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ბოლო წლებში მარტო აჭარიდან სტიქიით დაზარალებული ასობით ეკომიგრანტი ოჯახი დასახლდა კახეთსა და მესხეთ-ჯავახეთში.

ეკოლოგიური კატასტროფა თავს დაატყდა ქართლ-კახეთსაც, ახმეტისა და ლაგოდეხის რაიონებს. მდინარე ილტოს ხეობიდან აუცილებელი გახდა 7 სოფლის მოსახლეობის სასწრაფო ევაკუაცია, რადგან ამ სოფლებსა და მიცვალებულთა საფლავებს, წყალდიდობებისა და მეწყერების გამო, სტიქია მდინარეში ჩარეცხვით დაემუქრა. ეკოლოგიური კატასტროფები გრძელდება.

სამწუხაროდ, დღეისათვის არ გვაქვს სრულფასოვანი მონაცემები ტყეების უსისტემო ჭრების შემდეგ ქვეყანაში დარჩენილი ტყის რესურსების შესახებ, დროულად უნდა აღირიცხოს დარჩენილი რესურსები, ყურადღება მიექცეს ტყეების გეგმაზომიერი ექსპლუატაციის, აღდგენისა და დაცვის საქმეს, რათა რაც დაგვრჩა, ის მაინც შევინარჩუნოთ. დროულად უნდა განხორციელდეს სატყეო დარგის სისტემური რეორგანიზაცია.

ბოლო წლებში გატარებულმა ე.წ. სატყეო რეფორმამ, თანამშრომელთა შტატების მნიშვნელოვანმა შემცირებამ, კვალიფიციური მეტყევე-სპეციალისტების იგნორირებამ და დარგიდან დათხოვნამ, მათ ადგილზე არაკომპეტენტური, შემთხვევითი პერსონალით დარგის დაკომპლექტებამ სატყეო სისტემაში, ეკონომიკური და ეკოლოგიური თვალსაზრისით ქვეყნის ამ უმნიშვნელოვანეს სფეროში, არასასურველი შედეგი მოგვიტანა.

სატყეო მეურნეობები სატყეო უბნებად გადაიქცა და ტყის მცველს “რეინჯერი” დაერქვა. რატომ ვანაგვიანებთ უცხო სიტყვებით ჩვენს მშობლიურ, მდიდარ “ხმათა ხავერდების და ღმერთების ენას” /ლ.ასათიანი/, რატომ გვავიწყდება ბრძენი წინაპრის შეგონება: “რა ენა წახდეს, ერი დაეცეს”-ო /გ.ორბელიანი/?! ანდა როგორ უნდა დაიცვას და მართოს 10 ათას ჰექტრიანი, სოფლებით დასახლებული ტყის მასივები ერთმა არაკომპეტენტურმა, სატყეო დარგში ჩაუხედავმა პიროვნებამ, ე.წ. “რეინჯერმა”?!

ბატონო ელდარ, როგორ უნდა დავიცვათ ტყე და გადავჭრათ არსებული პრობლემები?

ქართული ტყის აღდგენა-დაცვა-ექსპლუატაცია მოითხოვს დარგის სისტემური რეორგანიზაციის განხორციელებას. სასურველია, აღდგეს წარსულში არსებული სატყეო სისტემა თავისი რეგიონალურ-სტრუქტურული ერთეულებით. აღსადგენია ტყეების პერიოდული აღრიცხვა-ინვენტარიზაციისა და მართვის საპროექტო საწარმო, ამჟამად გაუქმებული “საქტყეპროექტი”. ელდარ ლობჟანიძე ტყეს უნდა დავუბრუნოთ კვალიფიციური მეტყევე-ინჟინერი. ნათქვამია, პური მეპურემ უნდა გამოაცხოსო, სატყეო მეურნეობა პროფესიონალმა უნდა მართოს.

დღეისათვის დიდ ყურადღებასა და გულისხმიერებას მოითხოვს ქართული ტყის დაცვა. ამ მხრივ, დადებით მოვლენად უნდა ჩაითვალოს ამ საქმიდან ეკოლოგიური პოლიციის ჩამოცილება. თუმცა არც მის შემცვლელ უწყებას – გარემოს დაცვის ინსპექციას მოუტანია სიკეთე ქართული ტყისათვის: როგორც ცნობილი გახდა, კორუფციის ბრალდებით დააკავეს ამ ინსპექციის მესვეურები, რომლებიც უკანონოდ მოპოვებულ ხე-ტყეში მეწარმეს სისტემატურად სძალავდნენ ფულს.

არასწორად მიგვაჩნია საქართველოს საუკუნოვანი, ტრადიციული სახელმწიფო ნაკრძალების ე.წ. დაცულ ტერიტორიებად თუ ეროვნულ პარკებად გარდასახვა, ქართული ტყისა და ჭალების უცხოელებზე გასხვისება თუ 49 წლიანი იჯარით გაცემა-გაჩანაგება მაშინ, როდესაც ადგილობრივი მოსახლეობა დაუსაქმებელია, სოფელს ხელი აღარ მიუწვდება ტყეზე და ხე-ტყის, სამშენებლო მასალის, საბაღვენახე ჭიგო-სარის, შეშა-ფიჩხისა და თივის მწვავე დეფიციტს განიცდის.

როგორ დავამაგროთ გლეხი სოფელში, თუ არ ექნება ბიოლოგიური რესურსებით – ტყით, ჭალებითა და სათიბ-საძოვრებით სარგებლობის საშუალება?! გავიხსენოთ, რომ ქართველ მეფეთა შემოღებული “სჯულთა კრებული” /მცირე სჯულის კანონი/ ითვალისწინებდა რა ადგილობრივ ადათ-წესებს, გლეხებს ნებას აძლევდა, უსასყიდლოდ ესარგებლათ თავიანთი მებატონის ტყითა და სათიბ-საძოვრით. მეფე ვახტანგ VI-ის “დასტურლამალში”/სამართლის წიგნი, 1702წ./ აღნიშნული იყო, რომ ტყე, წყალი და სათიბ-საძოვარი არავის არ ეკრძალება, რადგან ამას მოითხოვს ქვეყნის ინტერესი, უამისოდ სოფელი ვერ იარსებებს და ვერ გამრავლდებაო.

დროა, სანამ ქვეყანა მეწყერსა და ზვავებს მთლიანად არ დაუქცევია და წყალს არ წაუღია, შემოვკრათ განგაშის ზარები, გადავარჩინოთ საქართველოს ბუნება, ბუნების უმშვენიერესი გვირგვინი – ქართული ტყე, ჩვენი მიწა-წყალი და მომავალი.

დროულად აღვადგინოთ სატყეო სანერგეები. შევუდგეთ ქართული ტყის დარგვა-აღდგენა-მოვლა-გაშენების საშვილიშვილო საქმეს, რადგან “ხეს დიდი ძალა აქვს, ამასთან, იგი არის სიჯანსაღისა და სიცოცხლის სიმბოლო. ბიბლიაში არაერთხელ არის საუბარი ურთხელის, კედარის, ნაძვის, ფიჭვის, მუხისა და სხვა მცენარეთა შესახებ, რომელთაც სხვა ღრმა დატვირთვაც აქვთ…. გავაშენოთ ტყეები, რადგანაც გახარებული ხეები ლოცვით, სიყვარულითა და იმედით სავსე გულით იქნება დარგული და ამასთან, იქნება სიმბოლო ჩვენი უფაქიზესი და უძვირფასესი გრძნობებისა,” – გვმოძღვრავს ერის სულიერი მამა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

3 კომენტარი »

  • აკაკი says:

    მართლაც საშინელი დამოკიდებულებაა ტყის მიმართ, არადა თუ არ მოუარეთ ერთ დღესაც წყალი წალეკავს ნახევარ საქართველოს. ყური დავუგდოთ ბატონი ელდარს და მისნაირ ნამდვილ მეტყევეებს, რომ მერე ჩვენმა შთამომავლობამ უდაბნოში არ იცხოვროს.
    მე მიხდება საქართველოს მაშტაბით ხშირი გადაადგილება და ზოგიერთ ადგილზე სადაც აშოლტილი ტყე მინახავს ჩემს ბავშობაში, ეხლა მინდვრები დამხვედრია. საცოდავი სანახაობაა ბორჯომის ხეობაში, გზიდან რომ გადაუხვევ პირწმინდა ჭრების გამო, გადაჭრილი კუნძების უზარმაზარი ველებია.
    მე ვფიქრობ, რომ ახალმა ხელისუფლებამ, ამ საკითხს ჯეროვანი ყურადღება უნდა მიაქციოს. ბევრგან კიდევ მოისმენ ასეთ წინადადებას: ,,ამ ბიზნესს ჯერ კიდევ აკონტროლებს ვანო მერაბიშვილიო”.

  • ნინი says:

    გთხოვთ დაასახელოთ პრობლემების გადაჭრის კონკრეტული საშუალებები.
    პატივისცემით,

    ნინი

    • მე ვარ 15 წლის და გეოგრაფიაში ეხლა გავდივარ საქართველოს ტყეებს, ტყეს უამრავი ფუნქცია გააჩნია და თუ მას არ მოვუფრთხილდით უდიდესი ზარალი იქნება პირველ რიგში ჩვენთვის, მართალია პატარა ვარ, მაგრამ იმდენი მესმის რომ ტყეს უნდა გავუფრთხილდე და ძალიან გთხოვთ თქვენც ასე მოიქცეთ. დარინა

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი