მთავარი » საეკლესიო ხელოვნება

ქართული საგალობლები

სტატიის ავტორი: | თარიღი: 14.06.2011 10 კომენტარი | 14,946 ნახვა

“16-საუკუნოვან ქართულ მუსიკალურ გენიას მიწა იცავდა…”

ნოტიXIX საუკუნის დასაწყისში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ძალადობით გაუქმებას სავალალო შედეგები მოჰყვა: იძარცვებოდა და ნადგურდებოდა უძველესი ეკლესიის ფასდაუდებელი საუნჯე. ქართული საეკლესიო გალობაც გარდაუვალი საფრთხის წინაშე დადგა.

ქართულ ღვთისმსახურებასა და მრავალხმიანობას, გალობას საფრთხე დაემუქრა. მეფის რუსეთმა ეკლესიებში რუსული ტრადიციები დააკანონა. რუსეთის მიერ დანიშნული ეგზარქოსებისა და სხვა სასულიერო პირების ძალისხმევით ქართული გალობა რუსულმა ჩაანაცვლა.

ქართული მრავალხმოვანი საგალობლებისთვის ბრძოლა იმ პერიოდისთვის ცნობილმა საზოგადო მოღვაწეებმა იტვირთეს. ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, დიმიტრი ყიფიანის ინიციატივით ქართული საგალობლები თანამედროვე ნოტებით გადაიწერა. ამ პერიოდამდე მუსიკალური მემკვიდრეობა მარტივი ლიმფური ჩანაწერებისა და ზეპირსიტყვიერი გადაცემით თაობიდან თაობას გადაეცემოდა.

ამ საქმეს სათავეში ფილიმონ ქორიძე ჩაუდგა. იტალიაში მოღვაწე ფილიმონ ქორიძე საოპერო მომღერალი იყო, რომელმაც ქართული საგალობლების გადაწერა და მემკვიდრეობა არჩია ლასკალის თვალწარმტაც სცენასა და მსოფლიო აღიარებას.

მაქსიმე ჩხარტიშვილი, მელქისედეკ ნაკაშიძე, ნესტორ კონტრიძე, ძმები კარბელაშვილები, ანტონ დუმბაძე, მაქსიმე შარაძე ქართული ეროვნული საგალობლების გადარჩენის საქმეში ფილიმონ ქორიძეს გვერდში ამოუდგნენ. 28 წლის განმავლობაში 5532 საგალობელი გადაიწერა. რამოდენიმე მათგანი სტამბური წესით გამოიცა კიდეც. სწორედ აქ გამოჩნდა ესტატე კერესელიძე, პირველი ქართული სტამბის თანამშრომელი, რომელიც ფილიმონის გარდაცვალების შემდეგ ქართული საგალობლების მთავარ დამცველად მოგვევლინა. მიუხედავად მისი დიდი ძალისხმევისა, საგალობლების ნოტების მცირე ნაწილი გაიფანტა.
1912 წელს ესტატე კერესელიძე ჯერ – მორჩილად, შემდეგ კი ბერად აღიკვეცა და აქედან მოყოლებული თავაუღებლად წერდა ნოტებს. გელათის საკათედრო ტაძრის დაკეტვის შემდეგ ექვთიმე საგალობლების წერას ჯერ – სვეტიცხოველში, მოგვიანებით კი ზედაზნის მონასტერში განაგრძობდა. აღსასრულამდე სიცოცხლის ფასად იცავდა ჩანაწერებს – ჩვენს ეროვნულ საგანძურს. რუსეთის იმპერიის შიშით ყუთები მიწაში ჩამარხა. 1935 წელს კი თავადვე გადასცა ხელნაწერების მუზეუმს.

როგორ გადაურჩა ქართული საგალობლები განადგურებას?

“ულმობელი დროით დაეჭვებულმა ექვთიმემ მთელი არქივი მღვდელ რაჟდენთან გადააბარგა.

იგი დიდ ფიქრსა და შიშში იმყოფებოდა, რომ ნაწერები არ დაკარგვოდა.
როდესაც წიგნებით სავსე ყუთები მიუტანა მღვდელ რაჟდენს, მას გაუკვირდა და ჰკითხა, თუ სად ჰქონდა ამდენი წიგნი. ყუთების ნაწილი ნალიაში შეინახა, ზოგი – საბძელში, ზოგიც – სარდაფში. ექვთიმე ფიქრობდა, რომ ასე უფრო უსაფრთხოდ იქნებოდა ხელნაწერი ნოტები, მაგრამ შეცდა…

ექვთიმე კერესელიძეროდესაც ექვთიმე რაჟდენთან წიგნების წამოსაღებად მივიდა, რაჟდენმა უარი განუცხადა. უთხრა: თუ შენ ვირივით მუქთამშრომელი ხარ, მე არ ვარ და თუ არ გაყიდი, თავად ავიღებ ფულსო. ამოიღო ყუთებიდან წიგნები და დანით ამოჭრა გვერდები. ორი ათას ფურცლამდე მთლიანად წაიღო.

როდესაც ექვთიმე წიგნებში დანის ტრიალს უყურებდა, კანკალმა მოიცვა და ცრემლი წამოუვიდა. როგორც დედ-მამა დასტირის თავის შვილს, ასე გოდებდა “ვაიმე, ვაიმეს”…

ექვთიმე ერთი თვე ავად იყო. მაღალი სიცხე წვავდა. წიგნები და საგალობლები რომ აკლდა, მგლოვიარედ იმყოფებოდა…
იგი ისევ მივიდა რაჟდენთან და მცირე ძღვენი მიართვა. ბოდიში მოუხადა და შეჰბედა, თითო წიგნი ეთხოვებინა ხელწერილით. იმას გადაწერდა, დაუბრუნებდა და სხვას წაიღებდა. ამ თხოვნაზე დასთანხმდა რაჟდენი. მისცა ხელწერილი და ერთი წიგნი გამოართვა, რომელიც გელათში წაიღო და თავაუღებლად გადაწერა…

თითქოს არ ჰყოფნიდა ნოტებთან ურთიერთობა. სანოტო რვეულის ყოველ ფურცელს ალამაზებდა და ყვავილებით რთავდა. ხშირად ეუბნებოდნენ მონასტრის ძმები: დღე და ღამე სულ წერ და წერ… ნეტა, რა სარგებლობას ნახულობ, უფულოდ ტყუილად რად უჭირვებ საკუთარ თავსო?! რაზეც ექვთიმე პასუხობდა: “მე მაგას არ ვფიქრობ, მე წარმოდგენილი მაქვს ჩემი თავი, როგორც ოქრომჭედელი და თვალ-მარგალიტის დამლაგებელი. ხანდახან მიკვირს, ვინ მოუშვა ჩემამდე ეს ძვირფასი სიმდიდრე, რომ მე, უღირსი, იმაში ხელს ვურევ…”

საქართველოში კომუნისტური ტერორი ძლიერდებოდა. გელათის მონასტერიც დაკეტეს. ექვთიმე იძულებული გახდა კიდევ ერთხელ გადაემალა ხელნაწერები.

რკინის ყუთებში ჩაწყობილი საგალობელთა კრებულები ურემზე დააწყო და მცხეთისკენ წამოვიდა. გზას ერთი კვირა მოუნდა…

ეს ის დრო გახლდათ, როდესაც ქვეყანა ყაჩაღების თარეშით იყო აკლებული.
ექვთიმემ საგალობელთა კრებულები საპატრიარქო ტაძარში დააბინავა.

ექვთიმე კერესელიძე1932 წელს ექვთიმე ზედაზნის მონასტერში გაამწესეს. მან რკინის ყუთებში ჩაწყობილი ხელნაწერები ურმით ზედაზენზე გადაიტანა. ყუთები მიწაში ჩამარხა. ეშინოდა, მის განძს ვინმე არ დაპატრონებოდა. სამი წლის განმავლობაში ზედაზნის მიწა ინახავდა ქართულ გალობას.

1935 წლის ნოემბერში მეტეხის მუზეუმის თანამშრომელმა დავით დავითაშვილმა ბეთანიის მონასტრის ბერებისგან შეიტყო, რომ ფილიმონ ქორიძის მიერ ჩაწერილი საგალობლები ზედაზნის მონასტერში ექვთიმე კერესელიძესთან ინახებოდა.

ექვთიმე თავიდან უნდობლად შეხვდა დავითაშვილს, მაგრამ როდესაც დარწმუნდა მის კეთილ განზრახვაში, საიდუმლო გაუმჟღავნა და 34 სანოტო კრებული გადასცა.

მუზეუმის დირექტორს გაუხარდა, აღნიშნა, ექვთიმე კერესელიძეს რამდენად დიდი საქმე ჰქონდა გაკეთებული. გაიყოლა იგი და მთავრობის პირები გააცნო. ექვთიმე ფიქრობდა, თუ რა სასწაული ხდებოდა მის თავს, რომ მანამდე მას ქვეყანაზე კაცად არავინ თვლიდა, მასთანს საუბარს არ კადრულობდნენ და ზოგს სასაცილოდაც მიაჩნდა. ახლა კი ასე დააფასეს – ერთდროულად ფულითა და პენსიით დააჯილდოვეს.

რამდენიმე წლის შემდეგ ექვთიმე ზედაზნის მონასტერში აღესრულა სრულიად მარტო”.

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

10 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი