Home » ქართული გვარების ისტორია

ქართული გვარების ისტორია

ქართული გვარების ისტორია

ქართული გვარები

აბაზაძე – გავრცელებულია ხაშურის რაიონში, თბილისში და სხვ. საფუძვლად უდევს საკუთარი სახელი აბაზა. გვარი მოხსენიებულია ვახუშტი ბაგრატიონის მიერ მთავართა გვარსახელებს შორის. ადრინდელ საცხოვრებლად აბასთუმანს ვარაუდობენ (ადიგენის რაიონი). გიორგი ახვლედიანის მითითებით, აბასთუმანი აბაზაძეთა უბანს აღნიშნავდა.

აბაშიძე – ერთ-ერთი პოპულარული ისტორიული გვარსახელი. ვახუშტი ბაგრატიონს მოხსენიებული აქვს იმერეთის წარჩინებულ და შემძლებელ თავადთა შორის, რომელთაც ქართლშიც ჰქონდათ მამულები. საფუძვლად უდევს სახელი აბაშ, აბაში. ეთნონიმადაც არის ცნობილი: აბაში. შედარებითი ტოპონიმები: აბაშა (ქალაქი, რაიონული ცენტრი), აბაშეთი (ქვეყანა). ამავე ძირისაა: აბაშია, აბაშიშვილი (წარჩინებული ფეოდალური საგვარეულო ქართლში, ბარათაშვილთა შტო).

აბრამაშვილი – აბრამ ძველი ებრაული „ მამა სიმაღლისა“, ან „ამაღლებული“ ქართული მნიშვნელობით ემთხვევა აგრეთვე მეორე ებრაული სახელი აბრაჰამ (-აბრაამ – აბრამ) „მამა მრავალთა“.

აბუსერიძე – გავრცელებულია გურიისა და აჭარის რაიონებში. ეს არის წარჩინებული სამთავრო გვარი აჭარაში.ცნობილია მეთერთმეტე საუკუნიდან. იგივე ძირისაა აბუსელიძე.

აბშილავა – გვარი მომდინარეობს გამოთქმიდან აბშილა. ძველი ეთნონიმი “აფშილი” ნიშნავს აფხაზს.

ავაზნელი – გავრცელებულია გორის რაიონში და სხვ. გვარადქცეული სადაურობის სიტყვა; ჯავახეთში ყოფილა სოფელი ავაზანა, ზოგადი მნიშვნელობით – საქონლისათვის წყლის სასმელად წყაროსთან დადგმული ერთიანი ხისაგან გამოთლილი დიდი გობი.

ავალიშვილი – გავრცელებულია ხარაგაულში, გარდაბანსა და თბილისში. ავალიშვილების ფეოდალური საგვარეულო საქართველოში დაწინაურდა XV- XVI სს.-ში ძველი თორის მხარეში (ახლანდ. ბორჯომის ხეობა). აქ ჩამოყალიბდა ავალიშვილების სათავადო (საავალიშვილო). საავალიშვილო (1535- 45წწ.) იმერეთის სამეფოში, 1545 წლიდან კი სამცხე- საათაბაგოში შედიოდა. XVI ს-ის 70- 80 წლებში ოსმალებმა დაიპყრეს. XVII ს-ში ავალიშვილების ერთი ნაწილი შიდა ქართლში, კახეთსა და იმერეთში გადასახლდა, საკუთარ მიწა-წყალზე დარჩენილნი გამაჰმადიანდნენ და ბეგების წოდება მიიღეს. ქართლ-კახეთის ავალიშვილები იყვნენ ეპისკოპოსები, ეკავათ მოურავთა, ეშიკაღაბაშთა, მეითართა და სხვა თანამდებობები. ავალიშვილები ძველად ციციშვილთა გვარს ენათესავებოდნენ და წინაპარს სახელად ავალა ერქვა.

ამილახვარი – დიდი სათავადო საგვარეულოა ქართლში. გვარადქცეული თანამდებობის ძველი ტერმინი (“ამირ ახურ” – არაბული სიტყვა და საჯინიბოს უფროსს ნიშნავს). დიდმოხელეთაგანი ფეოდალურ საქართველოში, სამეფო საჯინიბოებისა და აბჯარ-საჭურვლის გამგე, სათანადო მოხელეების უფროსი.

ანთაძე – გავრცელებულია ვარძიაში (ორჯონიკიძის რაიონი). შეიცავს საკუთარ სახელს ანთა, ანთაი. ანთა ქართველთა წარმართული ღვთაების ბოლომოკვეცილი ფორმაა, რომელიც საკუთარ სახელად ქცეულა. “ანთებს” ძველად (VI- VII ს.) ეძახდნენ აღმოსავლეთ სლავიანებს, ასე რომ, “ანთაძის” დღევანდელი მიახლოებითი თარგმანი იქნებოდა რუსიძე ან რუსიშვილი, რუსაძე (აკ. შანიძე). ანთები იყვნენ ქართველთა მონათესავე ტომები, რომლებსაც ეკავათ შავი ზღვის აღმოსავლეთი სანაპირო და ახლო ურთიერთობა ჰქონდათ ქართველებთან. ამაზე მოწმობს დღემდე შემორჩენილი ქართული გვარები, როგორიცაა: ანთია, ანთიძე, ანთელავა და სხვა. ამავე ძირისაა: ანთაიძე, ანთაური, ანთელავა.

ასლამაზიშვილი – გავრცელებულია გარდაბანში, მცხეთასა და თბილისში. შედგება საკუთარი სახელისგან ასლამაზა. ასლამაზიშვილების გვარის წინაპრები ლამაზიშვილები ყოფილან (XV ს). მოგვიანებით (XVIIIს.) ზედმეტმა სახელმა ასლამაზ აწარმოა გვარი ასლამაზიშვილი. იოანე ბატონიშვილი წერს: ”ამათნი წინაპარნი ესახლნენ კახეთსა შინა, ლაბიანად წოდებულსა ივრის ხეობაზედ, რომელთაცა უწოდენ ლამიანის ძეებად, დროსა გიორგი მეფისასა 1587წ., ხოლო ამათ შთამომავალთაგანი იყო ვინმე ყრმა ფრიად მშვენიერი, რომელსა სახელად უწოდენ ლამაზსა და მის გამო გაუგვარდათ შვილთა მათთა ლამაზისშვილობა და არიან ესენიცა მოხსენიებული ტრაქტატსა შინა”. როგორც ცხოვრებაში ხდება, მჯობზე მჯობი არ დაილია და ლამაზის შვილთა ერთ-ერთ ასულს ასლამაზა შეარქვეს. მეტსახელიდან ასლამაზა გაჩნდა გვარი ასლამაზიშვილი. მე-19 საუკუნეში ქ. თბილისში მუდმივად ცხოვრობდა 23 სხვადასხვა გვარის 70-ზე მეტი მამრობითი სქესის თავადი. ამას გარდა, იყო 68 სხვადასხვა გვარის აზნაური. მათ შორის იყვნენ ასლამაზიშვილები. ისტორიულ დოკუმენტებში გვარი ასლამაზიშვილი გვხვდება 1615წ., 1689წ., 1782წ. და შემდგომ წლებში. გვარის ზოგიერთი წარმომადგენელი სომხურ ეთნოსს მიაკუთვნეს, მაგრამ დაივიწყეს, რომ კუდი დაემალათ. საქმე ისაა, რომ ამ გვარს აქვს შტო-გვარებიც: ზურაბიშვილი, რამაზაშვილი, ფეიქრიშვილი. ასლამაზიშვილების მეორე გვარი ყოფილა ზურაბაშვილი.

ასპანიძე – ძველი ქართული ფეოდალური საგვარეულო სახელი. XII ს-ში ასპანიძენი ტაოს მფლობელნი იყვნენ და ფანასკერტელად იწოდებოდნენ. მათი ერთი შტო XV ს-ში გადმოსახლდა ქართლში და ფანასკერტელ-ციციშვილად იქცა.

აშკარელი – გვარადქცეული სადურობის სიტყვა. სოფლის სახელწოდება აშკარა დადასტურებულია ხალხურ ლექსში: “თავფარავნელი ჭაბუკი აშკარეთს ქალსა ყვარობდა”.

ახალბედაშვილი – გავრცელებულია გორის რაიონში. მომდინარეობს საკუთარი სახელისაგან – ახალბედა; ამ გვარის წინაპარი, გადმოცემის თანახმად, მესხეთიდან გადმოსახლებულა. გვარად მაისურაძე, როგორც ახლად მოსულისათვის, მისთვის ახალბედაშვილი უწოდებიათ.

ახალკაცი – გავრცელებულია ქარელის, ბორჯომისა და სხვა რაიონებში. გადმოცემის მიხედვით, ყმა გამოქცევია ბატონს და სხვა სოფელში შეხიზნულა. იგი გვარს ვერ ამჟღავნებდა და ახალკაცს უწოდებდა თავს. სწორედ აქედან მოდის გვარის სახელწოდება. ამავე ძირისაა გვარი ახალკაციშვილი, ახალმოსულიშვილი და ახალშენიშვილი.

ახვლედიანი – გავრცელებულია ცაგერის რაიონში, წყალტუბოს რაიონში და სხვ. სვანური წარმოშობისაა. სავარაუდოა, საფუძვლად ედოს საკუთარი სახელი ახვილდ (ახავილდ), სადაც ილდ სვანური კნინობითობის მაწარმოებელი ფორმატია და ერთვის საკუთარ სახელს ახავ-ს. (შედარებითი გვარებია: ახავიტაშვილი, ახოშვილი, ახაბიძე).

ბარათაშვილი – წარჩინებული ფეოდალური საგვარეულო ძველ საქართველოში, ქვემო ქართლის მფლობელნი. მომდინარეობს XVI ს.-დან საკუთარი სახელისაგან ბარათა. ისტორიულ წყაროებში ცნობილია ბარათა ქაჩიბაძე, რომლის შვილიშვილმა ქავთარმა სათავე დაუდო ბარათაშვილობას (1523წ.). მისგან წარმოქმნილი შტოებია: აბაშიშვილი, გერმანოზიშვილი, გოსტაშაბიშვილი, ყაფლანიშვილი, ორბელიანი. ბარათაშვილთა სამფლობელო ტერიტორიას საბარათიანო ეწოდებოდა. თვით გვარსახელი კი ზოგჯერ მოიხსენიებოდა როგორც ბარათიანი.

ბარდაველიძე – გავრცელებულია თერჯოლის რაიონსა (სოფ. ბარდუბანი) და თბილისში. საფიქრებელია, წარმომდგარი იყოს სადაურობის აღმნიშვნელი სიტყვისაგან- ბარდაველი. ბარდავი ქალაქი იყო საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, “რეზიდენცია რან-მოვაკნის მმართველისა”. თვით სოფლის სახელს ბარდუბანს შესაძლებელია კავშირი ჰქონდეს გვარსახელთან, იყოს შემოკლებული ფორმა “ბარდათ უბნისა”.

ბახტაძე – “ბაჰტ” სპარსული სიტყვაა და ნიშნავს ბედს. ბახტა (ბახთა) – მეტსახელი გვარში ბახტაძე. შედარებითი ფორმაა ბახტარ. ამავე ძირისაა: ბახტარიშვილი, ბახტრიშვილი, ბახტურიძე, ბახტუაშვილი. ბერუა ბახტაძე იხსენიება 1776 წლის 3 აგვისტოს, ხოლო ბახუტა ბახტაძე მიწის გაცვლილობის წიგნში 1816 წლის იანვარში. სოფელ ჩხიკვათში 1721 წ. დურმიშხან საგინაშვილის მამულში მოიხსენიება ხოსიტა ბახტაძე.

ბედიანიძე – გავრცელებულია ძირითადად გარდაბნის რაიონში. გვხვდება სხვაგანაც. სავარაუდოდ, გვარი წარმოქმნილია საკუთარი სახელისგან – ბედიანა, რაც ბედის მქონეს ნიშნავს. ამავე ძირისაა გვარები: ბედიანიშვილი, ბედიანიძე, ბედინაძე, ბედანაშვილი, ბედინეიშვილი.

ბერიძე – გავრცელებული გვარია მთელ საქართველოში. საფუძვლად უდევს საკუთარი სახელი ბერი (ზოგადი მნიშვნელობით: ვაჟი, ძე, ყმა). მისგან მიღებულია მრავალი საკუთარი სახელი, რომლებიც შესულია გვარ-სახელებში: ბერაძე, ბერეკაშვილი, ბერაია, ბერიანიძე და სხვ. ივ. ჯავახიშვილის ვარაუდით, ეს სიტყვა ძველად ზოგად ქართულში ყოფილა. ბერიძე საკუთარი სახელია ფშავში: ბერიძე ბასიტაშვილი, ბერიძე შიოშვილი, ბერიძე ავგაროზიშვლი. მესხეთში (ახალციხის რ-ნი) ბერიძეზე ასეთი თქმულება არსებობს: „სოფელ ერკოტის უმრავლესობა გვარად არიან ბერიძეები, რომლებიც ერთი ბერისაგან მოშენებულან. თათრების შემოსევის დროს ეს ბერი გამოქცეულა ზარზმიდან, თათრებს ეჭვი რომ არ მიეტანათ, ამიტომ სოფელ ერკოტში უთხოვია ცოლი, მიუყვია ხელი გლეხობისათვის და ჩუმად დარბაზებში მაინც სწირავდა ხოლმეო. გვარად კი დაწერილა ბერიძე. დღეს ამ გვარეულობას ეძახიან ზანდარიენთს, უფრო უწინ კი ეძახდნენ ზარზგიენთს“. სოფელ ფარცხისში მცხოვრებ დღევანდელ ბერიძეთა ვარაუდით, აქ გადმოსულან ასპინძის რაიონიდან. თავდაპირველად, 1873 წლის აღწერით იწერებოდნენ ბერიძესშვილებად, ხოლო 1886 წელს აღწერაში ბერიძეებად მოიხსენებიან. აქ მცხოვრები ბერიძეები ყოფილან ორ შტოდ დაყოფილი: საკუთრივ ბერიძიანები და ადოლაანებად (ადოლაშვილები). 1843 წლიდან სოფ. ბოგვში ცხოვრობდნენ როგორც ბერიძეები, ისე ბერიძეშვილები. ვახუშტი ბაგრატიონი ბერიძეთა გვარს ადრინდელ მთავრებში მოიხსენიებს (XII –XIVსს).

ბერუაშვილი – გავრცელებულია გორში, ქარელში, თბილისში. საკუთარი სახელი ბერუა – ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახელია XVIII ს. ქვემო ქართლში. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, წალასყურსა და თელეთში მამასახლისია ბერუა. კოდელმა დავით ბერუაშვილმა 1826 წელს, ამავე სოფლის ალექსანდრე ნეველის წმ. გიორგის ეკლესიაში მონათლა შვილი პეტრე. ივანე ბესარიონის ძე ბერუაშვილი მოიხსენიება 1882 წ. სოფელ ფარცხისში.

ბეჟანიშვილი – გავრცელებულია გარდაბნის რიონში (მარტყოფი), სიღნაღის რაიონში (პრასიანი), მცხეთაში და სხვა. შეიცავს საკუთარ სახელს ბეჟან, რაც სპარსულად “მამაცს” ნიშნავს, მომდინარეობს ძველი ირანულიდან (ვეჟან- “ვეჯილი” ანუ “ირანელი”). თავკიდური ბგერა სპარსულშივე არის შეცვლილი: ვეჟან- ბეჟან. ბეჟანი ფირდოუსის პოემის “შაჰ-ნამეს” ერთ-ერთი გმირია. ქართულში ამ სახელის კნინობითი ფორმებია: ბეჟია, ბეჟუა, ბეჟიკო, ბეჟიტა, საიდანაც მიღებულია გვარები: ბეჟანიშვილი, ბეჟუაშვილი, ბეჟუკაშვილი, ბეჟიტაშვილი. ბეჟან სახელი, ამ ფორმით ქართულიდან არის შესული სომხურში. ისტორიულად ბეჟანიშვილები თავად ამილახვართა შთამომავლებიც არიან.

ბოგველიშვილი – გავრცელებულია თელავის რაიონში (წინანდალი). შედგება საკუთარ სახელადქცეული სადაურობის სიტყვისაგან ბოგველი; ბოგვი სოფელია თეთრიწყაროს რაიონში.

ბოტკოველი – გვარადქცეული სადაურობის სიტყვა. გავრცელებულია თელავის რაიონში. ბოტკო სოფელია საგარეჯოს რაიონში; მოხსენიებულია თამარ მეფის 1202წ. სიგელში შიომღვიმის მონასტრის მიდამოებში მდებარე სოფლად, სხალტბის ახლოს.

გაგნიძე – გავრცელებულია თბილისში, ხაშურსა და თელავში. სავარაუდოდ, მომდინარეობს მეტსახელიდან გაგანა. გაგნიძეები ასურეთში ჩამოსახლდნენ ქლუხორიდან 1957 წელს.

გამრეკელი – უძველესი ფეოდალური საგვარეული მესხეთში. “ძველთა მთავართა გვარი”. გამრეკელ-თორელები XII ს-ში ფლობდნენ თმოგვის ციხეს, მონღოლთა ბატონობის დროს გამრეკელ-თორელი ჯავახეთის მმართველი იყო. საკუთარ სახელადაც გვევლინება: გამრეკელი კახასძე, გამრეკელი ჯავახიშვილი. სამხედრო თანამდებობის ტერმინიდან უნდა იყოს წარმომდგარი. ამავე ძირისა: გამრეკელაშვილი, გამრეკელიძე -> გამრეკლიძე.

გელაშვილი – გავრცელებულია იმერეთში, ქართლში, კახეთში და სხვ. შედგება საკუთარი სახელისგან გელა. ამავე ძირისაა: გელავა, გელაძე, გელეიშვილი, გელეხავა, გელიკაშვილი, გელოვანი… წარმოქმნის თვალსაზრისით გელა ძირის პროდუქტიულობა აყენებს საკითხს მის ეთნონიმურ წარმომავლობაზე. ბერძნულ წყაროებში მოხსენიებული სკვითური ტომის სახელწოდება გელა, გელონი, გელონოი, გელონოსი, ივ. ჯავახიშვილის აზრით, ქართველებთან ურთიერთობაში მყოფი, მათი მეზობელი ტომთაგანი უნდა ყოფილიყო. გელაშვილების ბუდე-ადგილად სოფ. ნადაბური ითვლება; გადმოცემით გელაშვილების სალოცავი ტაძარი გელათი ყოფილა.

გზირიშვილი – გავრცელებულია: კასპი, საგარეჯო, თბილისი. სამოხელეო ტერმინი გზირი. სულხან-საბას განმარტებით გზირი სხვათა ენაა, ქართულად შულტა ჰქვია. გიორგი გზირიშვილი მოიხსენიება ნასყიდობის წიგნში 1746 წელს.

გიგაური – ხევსურული წარმოშობის ქართული სათემო გვარი. ფუძეში შეიცავს წინაპრის საკუთარ სახელს “გიგა”, “გიგი”, “გიგო”. ეს ეპონიმური ტიპის გვარსახელია. გვარი “გიგაური” სათავეს იღებს ბუდე ხევსურეთის, წყალსიქითის თემის სოფელ ბლოდან.

გურამიშვილი – ქართლის სათავადო საგვარეულო, ზედგინიძეთა ერთ-ერთი შტო. ვახუშტი ბაგრატიონი იხსენიებს წარჩინებულ მთავართა შორის, მიუთითებს წარმოშობას კახეთიდან. საგურამო გურამიშვილთა სამკვიდრო იყო; შეიცავს საკუთარ სახელს გურამი, ძველი სახით იგივე გუარამ : გურამ კურაპალატი, გუარამ მამფალი, გუარამ ერისთავი.

გურგენიძე – გავრცელებულია ამბროლაურისა და ჩოხატაურის რიონებში. ეს გვარი ცნობილია XII ს-იდან, გვხვდება იჩქით გურგენიძე, წუნდის ეკლესიის აღმშენებელი. მომდინერეობს საკუთარი სახელიდან “გურგრნი”. ისტორიაში ცნობილია გურგენ I კურაპალატი, გურგენ დიდი ერისთავთერისთავი. ამავე ძირისაა გურგენიშვილი.

დადიანი – ოდიშის მთავართა სამთავრო წოდება-გვარი ჩიქვანთა საგვარეულოდან, სამეგრელოს მთავართა ტიტული. ადგილობრივი გამოთქმით: დადია. ძველად მარუშიანნი (მარუშისძენი) ყოფილან. ხშირად არიან მოხსენიებულნი წყაროებში: დადიანი ცოტნე, გიორგი, ლევან, ვარდან, მამია და სხვ. შესაძლოა წარმომდგარი იყოს საკუთარი სახელისგან დადა, დადაი, დადი. ამავე ძირისაა: დადიანიძე, დადივაძე, დადვაძე. ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით “დადიანობა არ არის გვარი, გარნა წესი ჴელობისა”.

დავითიშვილი – დავით (ძვ. ებრ) “სიყვარული” სხვადასხვაგვარი გააზრებით “წინამძღოლი”, “შეყვარებული” და გარდა ამისა, მართლმადიდებლური ეკლესიის წმიდანთა სახელია, რომელსაც აღნიშნავდა ეკლესია 5 მარტს, 12 აპრილს , 2 მაისს, 25-26 ივლისს 5,6,19 ივლისს. ეს გვარი განსაკუთრებით გავრცელებულია ქართლში.

დათუაშვილი – გავრცელებულია გურჯაანში, ქუთაისსა და თბილისში. ნაწარმოებია საკუთარი სახელიდან „დათუა“. დათუა, დოლმაზა შანშიაშვილის შვილი იხსენიება 1677 წ., მამულის ნასყიდობის წიგნში, გაცემული შაღუბათა ბეროაშვილის მიერ დოლმაზა შანშიას შვილისადმი. დათუა, დათა, დათია, დათიკო, დათუკა, დათუნა და სხვა, დავითის კნინობით-ალერსობით ფორმებად ითვლება. ვინმე დათუაშვილი ზურაბა იხსენიება 1710 წელს.

დარბაისელი – გავრცელებულია გორისა და საგარეჯოს რაიონში. გვარადქცეული ზოგადი მნიშვნელობის სიტყვა. იგი ძველად დარბაზის წევრის აღმნიშვნელი ტერმინი იყო, ხოლო შემდეგ დინჯი ადამიანის მნიშვნელობაც მიენიჭა.

დეკანოიძე – ნაწარმოებია ეკლესიის მსახურთა სახელწოდებიდან – დეკანოზი. დეკანოზი – ქართული ქრისტიანული ეკლესიის უფროსი მღვდელი. საქართველოს მთიანეთის ზოგ კუთხეში ძველად – ხატის მსახური.

დვალი – გავრცელებულია ქუთაისში, ამბროლაურსა და თბილისში. იბერიულ- კავკასიური ტომი ძველ საქართველოში. ანტიკურ წყაროებში პირველად მოხსენიებულნი არიან ახალი წ. აღ. I-II სს-ში თალის, ვალის, უვალის სახელწოდებებით, სახლობენ ცენტრალური კავკასიონის მაღალმთიან ზოლში- დარიალის ხეობასა და მამისონის უღელტეხილს შორის, ისტორიულ დვალეთში. ისტორიულად ცნობილია დვალები, ქართველი კალიგრაფები. დვალები ასურეთში გადმოვიდნენ 1941 წელს ამბროლაურის რაიონის სოფელ კაჩაეთიდან.

დოლაბერიძე – გავრცელებულია მაღლაკში (წყალტუბოს რაიონი ) და სხვ. შეიცავს რთული შედგენილობის საკუთარ სახელს დოლაბერი.

ედიშერაშვილი – გავრცელებულია ხოვლეში (კასპის რ.), ქარელისა და გორის რაიონებში. მომდინარეობს საკუთარი სახელიდან – ედიშერა. “ედიშერაშვილნი არიან ედისიდგან მოსულნი ხეობასა შინა ძველადვე აზნაურნი”. დავით ედიშერაშვილი (1935წ.), ზესიძედ ჩასახლდა მუხათში არტემ მურადაშვილთან. გადმოვიდა გომარეთიდან (დმანისის რ-ნი). შედარებითი გვარებია: ედიშერიძე, ედიშეროვი (იგივე ედიშერაშვილი).

ელიზბარაშვილი – საკუთარი სახელი “ელიზბარ”. ელიზბარის ეტიმოლოგია არაა დადგენილი. ცნობილია, 1659 წელს ქართველთა აჯანყების ერთ-ერთი მეთაური ელიზბარ ერისთავი, რომელიც მამასთან და ბიძინა ჩოლოყაშვილთან ერთად სპარსელებმა სიკვდილით დასაჯეს და წმინდანად იქნა შერაცხული. ელიზბარაშვილები არიან რამდენიმე დიდებული საგვარეულოს შტო-გვარებიც, მათ შორის ბაგრატიონ-დავითაშვილებისა.

ელიოზაშვილი – გავრცელებულია ქართლში. მომდინარეობს საკუთარი სახელიდან “ელიოზი”. ვახუშტი ბაგრატიონს მოხსენიებული აქვს ეს გვარი წარჩინებულ მთავართა შორის.

ერისთავი – გავრცელებულია ახმეტის რაიონში( ქისტაური). გვარადქცეული თანამდებობის ძველი ტერმინი. მეფის მიერ დანიშნული გარკვეული კუთხის გამგებელი ფეოდალურ საქართველოში (ქსნის ერისთავი, არაგვის ერისთავი, რაჭის ერისთავი და სხვ.)

ზარანდია – გავრცელებულია ზუგდიდის რაიონში. ზარანდ -ირანული საკუთარი სახელი. ეს მეგრული გვარი ნაწარმოები ჩანს სკვითური ზარანდ სახელისაგან, რომელიც “მოხუცს” ნიშნავს.

ზარიძე – გავრცელებულია ფშავში. სავარაუდოდ, დაკავშირებულია მეტსახელთან “ზარი”. ზარი, სამგლოვიარო გუნდური სიმღერა – ტირილი. ზარიძეები სოფელია თიანეთის რაიონში. ამავე ძირისაა: ზარია, ზარიაშვილი.

ზედგინიძე – გავრცელებულია ასპინძის რაიონში. ვახუშტი ბაგრატიონი მოიხსენიებს წარჩინებულთა შორის. ამ გვარეულობამ მიიღო ამილახვრობა. შედგება საკუთარი სახელისგან ზედგინი, ზევდგინ. მესხეთიდან იმერეთშიც არიან გადმოსახლებულნი.

ზუბიაშვილი – გავრცელებულია გორში, კასპსა და თბილისში. შედგება საკუთარი სახელისგან ზუბია. შედარებითი გვარებია : ზუბაშვილი, ზუბულაშვილი, ზუბალაშვილი. ლეჩხუმში არის ზუბის ციხე. იქვეა სოფელი ზუბი. ზუბიაშვილი არის აგრეთვე თუმანიშვილების შტო-გვარი.

თაბაგარი – გავრცელებულია ძირითადად თერჯოლის რაიონში. გვარადქცეული სადაურების სიტყვა უნდა იყოს. თაბაგრები სოფელია ჭიათურაში. სწორედ აქედან მომდინარეობს ეს გვარი.

თავდგირიძე – გავრცელებულია გურიასა და აჭარაში. ვახუშტი ბაგრატიონს მოხსენიებული აქვს მთავართა შორის, უწარჩინებულეს და შემძლებელთა შორის. გურიაში გადასულნი არიან სამცხიდან. ძველი ფორმაა თადგირიძე. შეიცავს საკუთარ სახელს თავდგირი.

თათარაშვილი – თათარაშვილების ადრინდელი გვარი გადმოცემით ქავთარაძე ყოფილა. ერთ-ერთი ქავთარაძე თათრებს მთიულეთიდან გაუტაციათ. დიდი ხნის შემდეგ თავი დაუხსნია და მცხეთაში დასახლებულა. მის შთამომავლობას ამის გამო თათარაშვილობა მიუღია.

თამაზაშვილი – ეს გვარი გავრცელებულია საგარეჯოს რაიონში. მომდინარეობს საკუთარი სახელიდან – თამაზი. ხაშმელი თამაზაშვილები, გადმოცემით, რაჭიდან არიან გადმოსულები. მათი ადრინდელი გვარი ლაშხი ყოფილა. შემდეგ მამის სახელი უქცევიათ გვარად.

თამარაშვილი – ეს გვარი ძირითადად გავრცელებულია თბილისსა და ახალციხეში. ცნობილი ისტორიკოსი მიხეილ თამარაშვილი თავის გვარს ამ წესით ამოკლებდა და ევროპულ ენებზე წერდა: Michel Tamarati. ამავე ძირისაა თამარაძე.

თაქთაქიშვილი – გავრცელებულია ქართლში და ძველი ფეოდალური საგვარეულო ყოფილა სამცხეში. სამცხიდან ჩამოსულან და დასახლებულან ქართლში. ამავე ძირისაა თაქთაქიძე.

თაყაიშვილი – მომდინარეობს საკუთარი სახელიდან თაყა. ეს სიტყვა შემონახულია ანდაზაში: “ეგრე არ უნდა თაყაო, შენ რომ მამული გაყაო”. ამავე ძირისაა: თაყაძე (ჯავახეთში); თაყაიშვილი, თაყნიაშვილი(დმანისის რ-ნი).

თბილელი – გავრცელებულია თბილისში. გვრადქცეული სადაურობის სიტყვაა. გამოყენებული ფსევდონიმადაც: იოსებ თბილელი და სხვა. ამავე ძირისაა თბილელაშვილი.

თუხარელი – გვარადქცეული სადაურობის სიტყვა. გავრცელებულია ცხინვალისა და კასპის რ-ში; თუხარისი ციხე-ქალაქი იყო შავშეთში.

იაშვილი – გავრცელებულია ამბროლაურის, საჩხერის რაიონებში და სხვა. წარჩინებული ფეოდალური საგვარეულოა რაჭასა და იმერეთში. იაშვილთა სათავადოს ჩამოყალიბება სავარაუდებელია XVს. მიწურულს. პირველად იგი მოიცავდა სოფლებს: სადმელს, ძირაგეულს, კლდისუბანსა და ბეთლევს (ამბრ.რ.). ადრინდელი ცნობა ამ საგვარეულოს შესახებ დაცულია 1432 წლის სიგელში. შემდგარია საკუთარი სახელისგან “ია”. ასურეთში იაშვილები გადმოვიდნენ ამბროლაურის რაიონის, სოფ. სხვავადან 1951 წელს. ამავე ძირისაა იაძე.

იგითხანიშვილი – გავრცელებულია ახალციხეში. შედგება რთულფუძიანი საკუთარი სახელისგან იგითხანი. “იგიდ-ხან” თურქული სიტყვაა და ნიშნავს გმირს, მამაც ბატონს. თურქთა ბატონობის დროს შერქმეული გვარსახელია. ძველი გვარი ჩუტკერაშვილი ყოფილა.

ინასარიძე – წარჩინებული ისტორიული საგვარეულო რაჭაში. გავრცელებულია ასპინძის, ამბროლაურისა და ონის რაიონში.

იშხნელი – გავრცელებულია თერჯოლის რაიონში. თერჯოლაში არის იშხნელების უბანი; გვარადქცეული სადაურობის სიტყვაა; იშხანი სოფლისა და მონასტრის სახელწოდებაა ძველ ტაო-კლარჯეთში. ამავე ძირისაა: იშხანაშვილი (მუხრანი), იშხნელიძე (აჭარა).

კანდელაკი – გავრცელებულია იმერეთში, რაჭაში და სხვაგან. ეს გვარი მომდინარეობს სასულიერო ტერმინიდან – “მესანთლე”, “მნათე”(ბერძ). ამავე ძირისაა გვარი კანდელაკიშვილი. საჯავახოს კანდელაკები ადრე ქორიძეები ყოფილან, სამტრედიისა კი – ნიკურაძეები.

კაცია – მეგრული წარმომავლობის გვარია. ფიქსირდება ზუგდიდში, ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში. კაცია ქართულ საეკლესიო კალენდარში მიჩნეულია ადამ-ის შესატყვისად.

კერესელიძე – გავრცელებულია ონის, თერჯოლისა და ლანჩხუთის რაიონში. უნდა მომდინარეობდეს სახელიდან კერა, კერე. სოფელ ბოგვში ალგეთისპირა ერთ-ერთ ბაღს ახლაც ეძახიან “კერესელიძეების ბაღს”. იტყვიან “კერესელიძეების წისქვილსაც”, რომელიც აღარ ფუნქციონირებს, რადგან შეცვალა სოფ. ჯორჯიაშვილში აგებულმა ელექტროწისქვილმა. ეს წისქვილი საუკუნეზე მეტხანს ემსახურებოდა ბოგვსა და მის ახლომახლო სოფლებს. არის კერესელიძეების სახლიც, მაგრამ ამ სახლს თავისი პირვანდელი მფლობელის სახელი ვერ შერჩა, სახლის ხსოვნამ მისი უკანასკნელი მფლობელის საგინაშვილის სახელი შემოინახა.

კვირიკაშვილი – სიტყვა კვირიკედან მომდინარეობს, კვირიკე ბერძნულად “უფლისა”-ს ნიშნავს. კვირიკე ქართულში ადრიდანვე გვხვდება არაერთი ისტორიული პირის სახელად მისგან წამოსული გვარებია: კვირიკაძე, კვირიკაშვილი, კვირიკეიშვილი, კვირიკიძე, კვირკველია.

კიკნაძე – ეს გვარი წინაპრის საკუთარ სახელს – “კიკნას”- ს უკავშირდება. წარმოშობილია დასავლეთ საქართველოში. გვარის ბუდეა ზემო იმერეთი. სოციალური წარმომავლობით აზნაურული გვარია. პირველად მოხსენიებულია XVI საუკუნის ბოლოს. დომენტი კათალიკოსის დროს, 1598-1600 წლებში კიკნაძის გვარი გვხვდება შეწირულობის სიგელში. ამ პერიოდში უკვე შიდა ქართლშია გადმოსული. რაოდენობით კიკნაძის გვარი ამჟამად 5500-ს აჭარბებს. 700-ზე მეტი ცხოვრობს ხაშურში, 600-ზე მეტი – ხარაგაულში, 200-ზე მეტი – რუსთავში, 200 – ბორჯომში, 100-ზე მეტი – ყვარელში, თბილისში კი 2000-ზე მეტი კიკნაძეა.

კლდიაშვილი – გავრცელებულია თერჯოლის რაიონში (სოფ. სიმონეთი). შედარებითი საკუთარი სახელი -კლდია. არსებობს დოკუმენტი, იმერეთის მეფე გიორგი II -ის მიერ კლდიაშვილებისადმი ბოძებული წყალობის წიგნი, საიდანაც ირკვევა, რომ კლდიაშვილთა ძველი გვარი შალვაშვილია. მესხეთის მკვიდრნი ყოფილან, მაგარამ მეფე ბაგრატ III -ის დროს მე-16 საუკუნეში იმერეთში გადმოსახლებულან. კლდიაშვილი- გავრცელებულია თერჯოლის რაიონში (სოფ. სიმონეთი). შედარებითი საკუთარი სახელი -კლდია. არსებობს დოკუმენტი, იმერეთის მეფე გიორგი II -ის მიერ კლდიაშვილებისადმი ბოძებული წყალობის წიგნი, საიდანაც ირკვევა, რომ კლდიაშვილთა ძველი გვარი შალვაშვილია. მესხეთის მკვიდრნი ყოფილან, მაგარამ მეფე ბაგრატ III -ის დროს მე-16 საუკუნეში იმერეთში გადმოსახლებულან.

კოვზაძე – ეს გვარი ხელობა-საქმიანობის მიხედვით შერქმეული სახელი “კოვზა”-დან მომდინარეობს. ამ გვარის წინაპრები კოვზების გამოთლით ყოფილან ცნობილნი. ეს ტრადიცია aხლაც გრძელდება. ამავე ძირისაა: კოვზანაძე, კოვზიაშვილი, კოვზიშვილი, კოვზირიძე.

კოპაძე – გავრცელებულია მესხეთში, იმერეთსა და ქართლში. წარჩინებული ფეოდალური საგვარეულო მესხეთში. შეიცავს საკუთარ სახელს კოპა, შედარებითი ფორმაა კოპალე. ისტორიულ დოკუმენტებში დაცულია “კოპაძეთა მოსახსენიებელნი”. ამავე ძირისაა: კოპეიშვილი, კოპელაშვილი, კოპილაშვილი, კოპლატაძე.

კოპტონაშვილი – მომდინარეობს მეტსახელიდან “კოპტონა”. გადმოცემით, კოპტონაშვილების ძველი გვარი ხმალაძე ყოფილა. ერთ-ერთ ხმალაძეს ბატონთან უთანხმოება ჰქონია, მისთვის თივის ზვინები გადაუწვია, გაქცეულა და ჯავახეთში გადასახლებულა. აქ ბევრი სელი მოუყვანია, კოპტონი უხვად ჰქონდა, რისთვისაც კოპტონა დაურქმევიათ.

კოშკელაშვილი – სადაურობის სიტყვიდან მომდინარეობს. სოფელი კოშკი კახეთში მდებარეობდა. გადმოცემით, კოშკელაშვილების წინაპრები კახეთიდან თბილისის მახლობლად გადმოსახლებულან. ზოგი მათგანი კოშკელოვებად იწერება.

ლაბაძე – წარმოიშვა სახელიდან “ლაბა” ეს გვარი იმერული წარმოშობისაა და გავრცელებულია ძირითადად იმერეთის რეგიონში. ლაბაძეების ფუძე მომდინარეობს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ბოსლევიდან. გადმოცემის მიხედვით, თავდაპირველად მხოლოდ ზემო ბოსლევში ცხოვრობდნენ ლაბაძეები, რომელთაგან ნაწილი გადასახლდა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზეთში, მეორე ნაწილი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შროშაში. ბუნებრივია, ლაბაძეების ნაწილი დარჩა სოფელ ზემო ბოსლევშიც. აქედან კი მოხდა მათი შემდგომი გადასახლება ლაგოდეხში, ხაშურსა და ახალციხეში.

ლეკიშვილი – გავრცელებულია: გარდაბნის (მარტყოფი), ასპინძისა (ვარგავი) და კასპის რაიონში (წინარეხი). ამავე ძირისაა ლეკიაშვილი. გადმოცემით, წინარეხელი ლეკიშვილები წინათ მამისაშვილები ყოფილან, ერთი მათგანი ლეკებს გაუტაციათ, 3 წლის შემდეგ უკან დაბრუნებულა.

ლიქოკელი – გავრცელებულია ხევსურეთში: აკუშო, აჭე. მომდინარეობს გვარადქცეული სადაურობის სიტყვიდან. ლიქოკი სოფელია ხევსურეთში, ლიქოკელების ძირითადი საცხოვრისი.

ლოლაძე – გავრცელებულია საგარეჯოში, ჭიათურასა და თბილისში. შეიცავს ქალის საკუთარ სახელს – ლოლა. “ლოლაძეთა წინაპარნი არიან იმერეთიდან გადმოსულნი და ესენი ჩანდნენ ერეკლე მეფის დროს 1695 წელს და ტრაქტატსა შინა არიან მოხსენიებულ როგორც აზნაურნი და რომელნიც სახლობენ აწ იმერეთს და რომელიმე ქართლს”.

ლურსმანაშვილი – გავრცელებულია: ჩხერში, სხლითში, ვერტყვიჭალაში. გადმოცემით ძველად ფურცელაძეები ყოფილან. ჩხეთში მოსახლე ლურსმანაშვილთა შტოგვარებია: ქაქიჩაშვილი, ბაშტაშვილი, მიქელაშვილი, ბეკიაშვილი, კიჟინაშვილი.

მაისურაძე – მაისურაძეთა გვარი ერთ-ერთი მრავალრიცხოვანია საქართველოში. ამჟამად მაისურაძეები სახლობენ თბილისში, რუსთავში, ონის რაიონში, გორში, კახეთში, მესხეთში ყაზბეგსა და ბორჯომში. მეცნიერთა ნაწილის ვარაუდით, მაისურაძეთა ფუძე იყო სამხრეთ საქართველო. სიტყვა “მაისური” არაბულად წყლის მძებნელ ადამიანს ჰქვია. უხსოვარი დროიდან არაბეთში წყლის მძებნელის პროფესია არსებობდა.

მარტოლეკი – გავრცელებულია მცხეთაში. შერქმეული გვარსახელი, სოფ. პატარძეულში მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში ერთი ლეკი ჩამოსახლებულა და ცოლად ქართველი ქალი შეურთავს, სოფელს არ მოსწონებია ქრისტიანისა და მაჰმადიანის შეუღლება. ცოლ-ქმარი სოფელს გასცილებია და ცალკე დასახლებულა. მათი შვილებისათვის მარტოლეკი უწოდებიათ.

მაღალაძე – წარჩინებული ფეოდალური საგვარეულო ქართლში. მაღალაძეები დაწინაურდნენ მე-15 საუკუნიდან. მაღალაძეთა გვარს ეჭირა საპატიო ადგილი – სვეტიცხოვლის ქადაგის თანამდებობა და ერთგული სამსახურისათვის მიუღიათ ამ თანამდებობისათვის მიკუთვნილი მამულები წინარეხში, რომელიც მათი რეზიდენცია გამხდარა. წინარეხიდან სამიოდე კმ-ის დაშორებით შემონახულია ე.წ. მაღალაანთ ეკლესია და კოშკები.

მახარაშვილი – გავრცელებულია გორის, მცხეთის, სიღნაღისა და სხვა რაიონებში. ამ გვარის ძირია “მახარა”, “მახარე”, რაც დიდ სიხარულსა და აღტაცებას გამოხატავს. ამავე ძირისაა გვარები: მახარაძე, მახარობლიშვილი, მახარობლიძე.

მგალობლიშვილი – გავრცელებულია დირბში(გორის რ.), ერკეთში (ჩოხატაურის რ.) და ზუგდიდის რაიონში. სამეგრელოში გამოთქვამენ როგორც გალობერი, გელებერი. გადმოცემით, ერკეთელი მგალობლიშვილები ბალაძეები ყოფილან და გურიაში მესხეთიდან გადმოსახლებულან ლტოლვილობის დროს, თან წამოუღიათ ზარზმის ხატები და საეკლესიო ნივთები. ბალაძის ოჯახი მგალობელი ყოფილა, გურიის მთავარს გადაუყვანია შემოქმედს, სადაც მგალობლად უმოღვაწიათ.

მეგრელიშვილი – გავრცელებულია ამბროლაურის რაიონში – სოფელ აბანოეთსა და ორბელში (ცაგერის რაიონი).

მელაშვილი – მომდინარეობს საკუთარი სახელიდან – მელა, მგელი. აქედანვეა მიღებული სოფლის სახელი მელაანი (გურჯაანის რ.), ამავე ძირისაა: მელაია, მელაიძე, მელაძე. გავრცელებულია კვაცხუთში (ამბროლაურის რაიონი) და სხვა.

მელიქიძე – გვხვდება ასპინძასა და ახლციხეში. საკუთარ სახელად ქცეული თანამდებობის ტერმინი “მელიქი” (არაბ. მალიქ)- კუთხის, სოფლის, ქალაქის მმართველი, გამგებელი.

მერაბიშვილი – გავრცელებულია ადიგენის რაიონში (უდე), კასპის რიონში (კავთისხევი) და სხვ. დაკავშირებულია საკუთარ სახელთან მერაბი. მერაბ სპარსულად “მზესავით ელვარეს” ნიშნავს. მერაბი ერქვა “შაჰ-ნამეს” ერთ-ერთ პერსონაჟს, როსტომის პაპას, რომელიც ზაბულისტანში მეფობდა. მერაბიშვილები 1688 წელს ენაგეთში მოხსენიებულნი არიან როგორც სახასო აზნაურები. გადმოცემით, უდელი მერაბიშვილების წინაპართა გვარი ხურციძე ყოფილა.

მეფარიშვილი – გავრცელებულია ვანის და ჩოხატაურის რაიონში. შედგება ხელობის სახელისაგან მეფარე – ფარის მკეთებელი, მოხელე. ამავე ძირისაა: მეფარიძე.

მუჯირი – (1921 წ) გვარადქცეული თანამდებობის სიტყვაა, მუჯირი “ხვარბლის მნე” (საბა), ამავე ძირისაა : მუჯირიშვილი.

მჭედლიძე – გავრცელებულია გორში, ზესტაფონსა და თბილისში. შედგება ხელობა-მოსაქმეობის სიტყვისაგან მჭედელი. ამავე ძირისაა: მჭედლიანი, მჭედლიშვილი, მჭედლური. პროფესორი ზურაბ ჭუმბურიძე წერს: გვარი ჭელიძე მიღებული ჩანს მჭედლიძე-საგან. ამ ვარაუდის დასასაბუთებლად შეიძლება მოვიხმოთ ქუთაისის საყდრის გამოსავალი ბეგრის დავთარი (1578 წლისა), სადაც გურიაში სოფელ ბახვის მცხოვრებთა შორის დასახელებულია ბევრი მჭედლიძე. ამჟამად კი, სოფელ ბახვაში მჭედლიძე არავინაა, მაშინ როცა ჭელიძეები მრავლად სახლობენ. ცხადია, ისინი ძველი მჭედლიძეების ჩამომავალნი არიან, თორემ ძნელად წარმოსადგენია, ამ მხარეში მჭედლიძეები ყველა ამოწყვეტილიყო და საიდანღაც ჭელიძეთა მრავალრიცხოვანი გვარი გაჩენილიყო. ამრიგად, თუ ჩვენი ვარაუდი სწორია, მჭედლიძის გვარს სახე უცვლია (ორი თანხმოვანი -მ და დ დაკარგულა), ჭელიძედ ქცეულა.

მხეიძე – ერთ-ერთი უძველესი ფეოდალური საგვარეულო იმერეთსა და სამეგრელოში. ისტორიულ წყაროებში XI საუკუნიდან გვხვდება. პირველად არგვეთის მფლობელნი ყოფილან, შემდეგ თრიალეთსა და ალგეთის ხეობის ნაწილსაც დაჰპატრონებიან. ბაღვაში, ლიპარტიანი და მხეიძე საერთო წარმომავლობის უნდა იყოს. ძველ ძეგლებში მოიხსენიება მხეციძედ. ამავე ძირისაა: მხეცაძე, ხეცია, ფხეიძე.

ნათაძე – გავრცელებულია ქართლში, იმერეთში და სხვ. უნდა მომდინარეობდეს საკუთარი სახელიდან “ნათა”; ამავე ძირისაა ნათური, ნათიშვილი, ნათიძე.

ნაჭყებია – მომდინარეობს სოფლის სახელიდან “სანაჭყებიო”. “ნაჭყი” მეგრულად “დაწყევლილს” ნიშნავს. გადმოცემით, ამ გვარეულობის წინაპრები სვანეთიდან ყოფილან. ერთ-ერთ მათგანს ბატონი შემოკვდომია და გაქცეულა. იქ მისთვის ეს სახელი დაურქმევიათ.

ნოზაძე – გავრცელებულია ხაშურში, საჩხერესა და თბილისში. შედგება საკუთარი სახელისაგან ნოზა. ნოზაძეთა განშტოების გვარად ითვლება ალელიშვილი და ცაცუნაშვილი. ალელიშვილი გავრცელებულია ჯავახეთში. შედგება გვარადქცეული სადაურობის სიტყვისგან ალელი. ალი სოფელია ხაშურის რ-ში. გადმოცემით წინაპართა გვარი ნოზაძე ყოფილა. ალიდან ჯავახეთში გადასახლებულან. ახალციხელ ალელიშვილებს ადგილობრივი გამოთქმით არდელიანთს უწოდებენ, ამის გამო საფიქრებელია, მათი წარმომავლობა სოფელ არლიდან (არალი ადიგენის რაიონშია).

ოდიშვილი – ოდიშვილების ადრინდელი გვარი ცეცხლაძე გახლავთ. თავიდან ცეცხლაძეებს მეჯუდის ხეობის სოფელ არდისში უცხოვრიათ. აქ ყოფილა სამი ძმა: ბედო,ოდი და მელა, რომელთაც ნამდვილი გვარი ცეცხლაძე გადაუკეთებიათ სამ გვარად: ოდიშვილად, ბედოშვილად და მელაძედ.

ონოფრიშვილი – გავრცელებულია კასპის რაიონში (სოფ. კავთისხევი). დაკავშირებულია საკუთარ სახელთან ონოფრე. გადმოცემით ონოფრიშვილთა გვარი მოსიძე ყოფილა, ჯავახეთიდან გადმოსულან ქართლში.

პარეხელაშვილი – საკუთარი სახელადქცეული სადაურობის სიტყვიდან “პარეხელი”-დან მომდინარეობს. პარეხი სოფელი და ტაძარია ისტორიულ ტაო-კლარჯეთში. ისტორიულ წყაროებში ცნობილია სასულიერო მოღვაწე მიქაელ პარეხელი.

პეტრიაშვილი – პეტრე (ბრძ.”კლდე”, “ლოდი”) ეს გვარი მომდინარეობს სახელი პეტრედან. ეს სახელი უძველესი დროიდან ცნობილია საქართველოში, ამისთვის საკმარისია გავიხსენოთ I საუკუნის გამოჩენილი ფილოსოფოსი პეტრე იბერი. პეტრიაშვილი გავრცელებულია ძირითადად გოგაშენში, ახალქალაქის რაიონში. ამავე ძირისაა გვარი პეტრიაძე.

სააკაძე – ისტორიული ცნობით, ეს გვარი გავრცელებული ყოფილა ატენის ხეობაში. მე-16 საუკუნის ბოლოდან კი სააკაძეები ნოსტეში გადასახლებულან (კასპის რაიონში). გიორგი სააკაძის შემდეგ მათი შთამომავალნი თარხან-მოურავებად იწოდებოდნენ. დღეს კი თარხნიშვილებად არიან ცნობილნი.

სააკაშვილი – ისაკ. (ძვ.ებრ) ნიშნავს გაცინებას, მოცინარს ბიბლიური გადმოცემის მიხედვით პატრიარქ აბრამის ცოლს სარას, რომელსაც დიდხანს შვილი არ ჰყავდა უკვე მოხუცებულობის ჟამს უწინასწარმეტყველეს, რომ ვაჟი გაუჩნდებოდა. მან არ დაიჯერა ეს და გაეცინა. შემდეგ კი, როცა წინასწარ მეტყველება აუხდა, ვაჟს ისაკი დაარქვა ისაკის კნინობითი ფორმებია სააკა, სისაკა. აქედან წარმოიშვა სააკაშვილი.

საგინაშვილი – გავრცელებულია სიღნაღში, მცხეთაში და სხვაგან. მომდინარეობს საკუთარი სახელადქცეული ანტიკური ეთნონიმიდან “საგინა”. ამავე ძირისაა საგინაძე.

სადუნიშვილი – გავრცელებულია საჩხერის რაიონში. “სადუნი” ნიშნავს სხვა ენის მცოდნე ადამიანს.

საძაგლიშვილი – მისი ძველი გვარი ჯოხაძე ყოფილა. გადმოცემის თანახმად, ერთ-ერთ ყმას – ჯოხაძეს ბატონის ნების გარეშე ცოლი შეურთავს. ბატონი მასზე გაბრაზებულა და მისთვის საძაგლიშვილი შეურქმევია.

სებისკვერიძე – ძირითადად გავრცელებულია უბისაში და ბორითში. მომდინარეობს სიტყვისგან – სეფისკვერი (წმიდა კვერი ეკლესიაში საზიარებლად). გადმოცემით ამ გვარის წინაპრები უბისის ტაძრისთვის სეფისკვერს აცხობდნენ. ამავე ძირისაა სეფისკვერიძე.

სეთური – ეს გვარი გავრცელებულია დუშეთის რაიონში. მომდინარეობს საკუთარი სახელისგან – სეთი. სეთურნი სოფელია ამავე რაიონში. ამავე ძირისაა სეთაშვილი და სეთურიძე.

სუთიაშვილი – გავრცელებულია თბილისში, მცხეთასა და გორში. უკავშირდება საკუთარ სახელს სუთია. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, 1721 წელს მოიხსენიება ვინმე ალავერდა სუთიაშვილი. ამავე ძირისაა სუთიძე.

სულაშვილი – შედგება საკუთარი სახელისგან სულა. მოიხსენიება XII ს. ძეგლში. 1817 წელს კოდაში თავად ლუარსაბ ორბელიანის ყმებს შორის მოიხსენიება გეო სულაშვილი. სულა ამჯამად გავრცელებულია მოფერებითი ფორმით – სულიკო. სულა-დან ნაწარმოებია გვარები: სულაძე, სულავა, სულაისძე, სულიაური, სულიაშვილი.

ტაბაღუა – გავრცელებულია ზუგდიდის რაიონში. სავარაუდოდ დაკავშირებულია სახელთან ტაბაღი. შედარებითი ფორმა ტაბახი – უძველესი ეთნონიმი ძველი აღმოსავლეთის მოსახლეობიდან. ამავე ძირისაა ტაბახია.

ტყებუჩავა – ტყებუჩა შავკანიანს ნიშნავს. სავარაუდოდ, ეს გვარი შავკანიანი კაცის მეტსახელიდან მოდის. გვარის მოკლე ისტორია აღწერილი აქვს გვარების მკვლევარს, პაატა ცხადაიას. საქართველოში ყველაზე გავრცელებულ ათას გვარს შორის ამ გვარს 350-ე ადგილი უჭირავს, სენაკის რაიონში – მეორე, ხოლო ხობის რაიონში – 30-ე. ტყებუჩავათა ძირითადი სამკვიდროა ზანა, სადაც ამ გვარის 240 ოჯახი ცხოვრობს. ეს გვარი, ასევე, გვხვდება სოფლებში: ფოცხო – 32, ახალსოფელი (სენაკის რაიონი) – 24, საჯიჯაო – 17, ძველი აბაშა – 14, ხობი – 11, გურიკული – 8, უშაფათი – 5, აბაშა – 4 და ასე შემდეგ. გვარის ადგილობრივი ვარიანტია ტებჩა. სატყებუჩავო სოფელი ზანაძგის ორივე ნაპირას გვხვდება. სატყებუჩავო-სატყებუჩო უბანია შუა სოფელში, ძველ აბაშაში. 1995 წელს ვაუჩერი აიღო 2 310-მა ტყებუჩავამ: სენაკში – 903-მა, თბილისში – 395-მა, ხობში – 276-მა. არიან სხვაგანაც.
წყარო: აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

ტყეშელაშვილი – ძირითადად ონისა და ამბროლაურის რაიონებშია გავრცელებული. გადმოცემით ამ გვარის წინაპრები კოზოლიები ყოფილან, აფხაზეთიდან გადმოსულან იმერეთში და კოზოლაძეებად ქცეულან, შემდეგ ხატისკაცებად. ტყეშელაშვილების პირველი საცხოვრებელი იმერეთში ბზვანი და მაღლაკი ყოფილა. ამავე ძირისაა ტყეშელაძე, ტყეშელიაძე.

ულუმბელაშვილი – გადმოცემით, ულუმბელაშვილების გვარის წინაპარი ბაქრაძე იყო. სამი ძმა ბაქრაძე რაჭიდან რაღაც შემთხვევის გამო გამოიქცა. ძმებმა ულუმბოს მამათა მონასტერს შეაფარეს თავი. მდევარმა მათ 3-4 თვეში მიაგნო. იმისათვის, რომ არ დაეხოცათ, ულუმბოს ბერებმა ძმებს გვარი უბოძეს – ულუმბელაშვილი. ულუმბოს ბერის შვილებად წოდებული ძმები ურბნისში გადავიდნენ და 1715 წელს მოხსენიებულნი არიან რუისის საეკლესიო სამწყსოს დავთარში (ნიკოლოზ მროველი ორბელაშვილის მიერ შედგენილი), შემდეგ კი უფრო დასავლეთით, ჩუმათელეთი-სურამის ტერიტორიაზე დასახლდნენ, რადგან სწორედ ამ ადგილზე ცხოვრობს ამ გვარის ყველაზე მეტი წარმომადგენელი. ასევე დაუზუსტებელი ცნობებით, ძმებიდან ერთ-ერთი სასულიერო პირად შედგა და მოწამეობრივად აღესრულა.

უნდილაძე – გავრცელებულია დუშეთის რაიონში. შედგება მეტსახელი უნდილა-საგან, რაც მომდინარეობს ზოგადი მნიშვნელობის სიტყვისაგან უნდილი, უფხო, მოუხერხებელი ადამიანი. თეიმურაზ I -ის მიერ ერთ-ერთ თავის თხზულებაში მოხსენიებული ”შირაზის ხანი” არის გამაჰმადიანებული ქართველი იმამ-ყული-ხან უნდილაძე, ფარსის ბეგლარბეგი, ერთ-ერთი თვალსაჩინო ფიგურა შაჰაბაზ I-ის დროინდელი სეფიანთა ირანის სამხედრო-პოლიტიკურ ასპარეზზე, აღჭურვილი უდიდესი გავლენითა და ავტორიტეტით. ალავერდიხან უნდილაძე იყო შაჰ-აბასის პირადი მცველი, ჯარის მეთაური (ყულარაღასი) და ირანის მნიშვნელოვანი პროვინციის ფარსის ბეგლარბეგი. უნდილაძე დაუდხანი-განჯის ბეგლარბეგი. ამავე ძირისაა უნდილაშვილი.

ქავთარაძე – ქავთარაძეების გვარი მომდინარეობს მამაკაცის სახელიდან – ქავთარა. ეს სახელი მთელ საქართველოში იყო გავრცელებული. XVIII ს-ში ქავთარაძეები მოსახლეობდნენ სოფლებში: ძმიანთკარში, ჩადისციხეში და ბატატიანთკარში. დღესაც ქავთარაძეები მთიულეთში ერთ-ერთი დიდი გვარია.

ქართველიშვილი – ეს გვარი ეროვნების გამომხატველი სიტყვაა ქართველიდან მომდინარეობს. ქართველიშვილი გავრცელებულია საქართველოში, უდრის “ქართველის შვილს”.

ყაზბეგი – შედგება ორი სიტყვისგან – “ყაზი”-საგან (საკუთარი სახელი) და “ბეგი”-საგან (თურქული სიტყვაა და ნიშნავს ბატონს, ხელისუფალს). ყაზბეგები ხევის მმართველები იყვნენ. მათი წინა გვარი ჩოფიკაშვილი გახლავთ.

ყაუხჩიშვილი – გავრცებულია ახალციხეში, ქუთაისში,თბილისSi. ეს გვარი მომდინარეობს თურქული ტერმინიდან “ყაუხჩი”, რაც ქართულად მექუდეს ნიშნავს.ზოგიერთი გადმოცემით, მათი წინაპართა გვარი დარდგანიძე ყოფილა.

შავლაშვილი – ამ გვარის წარმომავლობა ხევსურეთიდან მოდის. შავლაშვილები გიგაურის “განაყარი” გვარია. ამავე ძირისაა შალვაძე.

შალიკაშვილი – ლანჩხუთის რაიონშია გავრცელებული. მომდინარეობს საკუთარი სახელიდან “შალიკა”. შალიკაშვილი მსხვილი ფეოდალური საგვარეულოა ძველ საქართველოში. მისი წინარე გვარი როჭიკაშვილი ყოფილა.

შონია – გავრცელებულია ზუგდიდის, ხობის, წალენჯიხის რაიონში. გვარადქცეული ეთნონიმი შონი (მეგრ – სვანი).

ჩიბუხაშვილი – გავრცელებულია ზემო მაჩხაანში. შერქმეული გვარი უნდა იყოს, აღნიშნავდა ჩიბუხის მკეთებელს (მეჩიბუხეს), ანდა, როგორც გადმოცემა გვაუწყებს მიუთითებდა ყმა გლეხზე, რომელიც ბატონს ჩიბუხს უკიდებდა.

ჩიხრაძე – ჩიხრაძეების გვარის ისტორია მე-16 საუკუნიდან იწყება. გადმოცემის მიხედვით, ჭიათურის რაიონში მდინარე ჩიხურას ხეობაში ორი ძმა ბატონს გაუნაწყენდა და სოფლიდან წასვლა გადაწყვიტა. გახიზვნის შემდეგ მათი სამყოფელი ახლანდელი გომის ტერიტორიაზე მოუნახავთ. მთისთვის, სადაც იმყოფებოდნენ, ჩიხორა დაურქმევიათ, ხოლო გვარად ჩიხრაძეზე დაწერილან. ჩიხრაძეები ძირითადად ხის ხელოსნობით ირჩენდნენ თავს.

ჩიქოვანი – წარჩინებული საგვარეულოა ძველ საქართველოში. “ოვან” ბოლოსართით წარმოქმნილი გვარსახელია. ამ გვარის ძირი არის საკუთარი სახელი “ჩიქა”. ამავე ძირისაა ჩიქავა, ჩიქვანია, ჩიქვილაძე, ჩიქვინიძე.

ჩუბინიძე – ქუთაისში, ჭიათურასა და თბილისშია გავრცელებული. ჩუბინი (ძვ.) – მარჯვე, აუცდენლად მსროლელი. გიორგი გიორგის ძე ჩუბინიძე მოიხსენიება სოფ. ბოგვში 1871 წელს. ჩუბინიძე და ჩუბინაშვილი ერთი და იგივე გვარადაა მიჩნეული.

ჩოლოყაშვილი – წარჩინებული საგვარეულოთაგანი ძველ საქართველოში. კახეთის ფეოდალთა შტო; გავრცელებულია თელავისა და ახმეტის რაიონებში.

ჩოხელი – გვარადქცეული სადაურობის სიტყვაა. ჩოხი სოფელია მთიულეთში. ქალის მითხოვებაზე ჩოხელთა გვარს უარს ვერ ეუბნებოდნენ. ამას რელიგიური წარმოდგენა ედო საფუძვლად.

ჩხვიმიანი – ზემო სვანური გვარი. მესტიაში გვხვდება საკუთარ სახელადაც – “ჩხვიმიან”.

ცალუღელაშვილი – გავრცელებულია თიანეთის რაიონში. გადმოსახლებულნი არიან ერწოდან. მათ ნაცხოვრებ უბანს ახლაც ცალუღელაანთკარი ჰქვია. წინაპართა გვარი რაზმაძე ყოფილა.

ცაძიკიძე – გავრცელებულია ახმეტის რაიონში (ომალო, ფარსმა, ზემო ალვანი). ცაძიკიძეების ძველი გვარი უზანიშვილი ყოფილა. მათი წინაპარი ბატონს გამოჰქცევია და თუშეთში დასახლებულა.

ციციშვილი – გავრცელებულია ქარელის რაიონში. ეს გვარი წარჩინებული ფეოდალური საგვარეულოა ქართლში, ყოფილი ფანასკერტელი, საციციანოს მფლობელი მე-16 საუკუნიდან. ამავე ძირისაა ციციაშვილი, ციციგაშვილი, ციცილაშვილი.

ციხელაშვილი – გავრცელებულია დუშეთის, დმანისისა და ახმეტის რაიონებში. შედგება საკუთარი სახელისგან ციხელა. დმანისის რაიონში მოსახლე ციხელაშვილები, გადმოცემით, ჯავახეთიდან ყოფილან გადმოსულნი (სოფ. გოგაშნიდან), ძველად ხოსიტაშვილები ყოფილან.

ციხისთავი – ფშაველი გვარადქცეული თანამდებობის სიტყვაა. ციხისთავი ნიშნავდა მეციხოვნე ჯარის უფროსსა და ციხის გამგებელს. ციხისთავებს ადრე სოფელ დევათში უცხოვრიათ (ამჟამად ნასოფლარია ფშაველის მახლობლად).

ცხოვრებაძე – სავარაუდოდ, დაკავშირებულია სახელთან “ცხოვრება”. ამავე ძირისაა ცხოვრებაშვილი. გვხვდება მაქათუბანსა და ჩხერში.

ცხომარია – გვარადქცეული სადაურობის სიტყვა ცხომარი, ნიშნავს ცხომელს, ცხომი, იგივე ცხუმი – თანამედროვე სოხუმის ძველი სახელწოდება იყო. ცხომარი გვხვდება საკუთარ სახელადაც. ამავე ძირისაა ცხომელიძე.

წამალაიძე – გავრცელებულია მთიულეთში. მომდინარეობს საკუთარი სახელიდან “წამალა”. ამავე ძირისაა წამალაძე, წამალაშვილი.

წერეთელი – წარჩინებული ფეოდალური საგვარეულო ზემო იმერეთში. გვარადქცეული სადაურობის სიტყვა, წერეთი სოფელია გორის რაიონში. “წერეთლების უძველესი სამკვიდრებელი აღმოსავლეთ საქართველოში უნდა ვეძიოთ. ამ გვარის წინაპრები, როგორც ირკვევა, თავდაპირველად ზემო ქართლში მოსახლეობდნენ. გორის სამხრეთით, თრიალეთის მთის ჩრდილო მხრიდან მიემართება ქედი, რომელიც ახლაც ატარებს წერეთის ქედის სახელწოდებას, ხოლო იმავე რაიონში მდინარე ტანას შემდინარეთა ხეობაში მდებარეობენ სოფლები დიდი წერეთი და პატარა წერეთი. ჟამთა მიმავლობაში წერეთლებს ბინადრობა უცვლიათ. ნაწილი გადასულა იმერეთში, ნაწილი კიდევ დასახლებულა მდინარე ფრონეს ხეობაში, ცხინვალის მახლობელ მიდამოებში. ეს სანახები რომ ძველი საცხოვრებელი ადგილი ყოფილა წერეთლებისა ამას კარგად მოწმობს, ერთი სიგელი როსტომ მეფისა (1634-1653) ბოძებული მის მიერ 1648 წელს ვინმე ზაალ წერეთლისათვის”. წერეთლების სათავადო სამფლობელოს საწერეთლო ეწოდებოდა.

წიკლაური – წიკლაური სათემო გვარია გავრცელებულია ხევსურეთში. მთიულეთში წიკლაურებს უცხოვრიათ: ათნოხში, ბახანში, ბურსაჭილში, დგნალში, დიხჩოში, დოლასქედში, დუმაცხოში, ზანდუკში, ლუთხუბში, მაქართაში, საჩალის ჭალაში, საჯანაანში, და თოთიაურთ-კარში, ფახვიჯაში, ჩიბაურში, ცხვედიანში, ჭოჭოხში, ხოზაში და ჯუღისში.
დღეს ეს გვარი გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში.

წიფურია – გავრცელებულია ჩხოროწყუს რაიონში. წიფური მეგრულად წითელს ნიშნავს. მე-17 საუკუნეში ამავე სახელით ცნობილი ყოფილა სოფელი, სადაც კათოლიკე მისიონერები სახლობდნენ.

ჭაბუკაშვილი – გავრცელებულია ქარელის რაიონში. გადმოცემით, სიდამონიძეები ყოფილან სოფელ ხანდოს მცხოვრებნი, იქ ბატონი მოუკლავთ და გამოქცეულან. ამავე ძირისაა: ჭაბუკიძე, ჭაბუკიანი.

ჭავჭავაძე – გავრცელებულია თელავის რაიონში (ყვარელი, წინანდალი). წარჩინებული ფეოდალური საგვარეულო კახეთში. ცნობილია მე-14 საუკუნიდან, გადმოცემის თანახმად ხევსურეთიდან წარმომავლობენ. საფუძვლად უდევს ფრინველის სახელი ჭავჭავი, იგივე ჭივჭავი.

ჭანტურია – გავრცელებულია წალენჯიხის რაიონში. გადმოცემით, გვარის წინაპარი თითქოს რომაელებისაგან წარმომავლობენ. კოლხიდაში მყოფ რომაელთა ჯარიდან ასისთავი (სანტურიონი) დაოჯახებულა და მისი შთამომავლობა სანტურია-დ წოდებულა. ამავე ძირისაა: ჭანტურაია, ჭანტურიშვილი, ჭანტურიძე.

ჭარელიძე – გავრცელებულია ამბროლაურის რაიონში. შედგება საკუთარ სახელადქცეული სადაურობის სიტყვისაგან ჭარელი. ჭარელიძენი იხსენებიან სორის ტაძრის წარწერაში (მე-14ს.)როგორც რაჭის ერისთავები. სოფელ შქმერში ცხოვრობენ ჭარელები. ამავე ძირისაა ჭარელიშვილი (ახმეტის რ.), ჭარელაშვილი (ფშავი).

ჭიორელი – გავრცელებულია თელავის რაიონში (წინანდალი). გვარადქცეული სადაურობის სიტყვა. ჭიორა სოფელია ონის რაიონში. წინარე გვარი რეხვიაშვილი ყოფილა.

ჭუმბურიძე – გავრცელებულია სიმონეთში, ბარდუბანსა (თერჯოლის რ-ნი.) და კიცხში. საკუთარი სახელია “ჭუმბურო”. შესაძლებელია მომდინარეობდეს მეგრული სიტყვისაგან ჭუმბური (წაბლი).

ხაბაზი – გავრცელებულია ქობულეთის რ-ში. მომდინარეობს ხელობა-საქმიანობის გამომხატველი სიტყვიდან. ხაბაზი პურის მცხობელი, მეპურეა. ამავე ძირისაა ხაბაზიშვილი.

ხარაძე – ნაწარმოებია ხარ-ისაგან “ა” ბოლოსართით. ამავე ძირისაა ხარაიშვილი, ხარაული, ხარაშვილი.

ხარატიშვილი / ხარატასშვილი – ხარატი (არბ.) ოსტატი. მოგვიანებით ხელობა საქმიანობის სიტყვა ხარატი, რომელიც ჩარხზე ხისგან ან ლითონისგან ჩარხავს (ახარატებს) სხვადასხვა ნაკეთობას. ეს გვარი სწორედ ხარატიდან, იგივე ოსტატიდან მომდინარეობს.

ხარისჭირაშვილი – გავრცელებულია ახალციხეში, თბილისში (წარმოშობით ჯავახეთიდან, წინაპართა გვარი – ადუაშვილი). შედგება ხელობა-საქმიანობის მიხედვით შერქმეული მეტსახელისაგან ხარისჭირა. გადმოცემით, ამ სახელით ცნობილი პირი სახალხო მკურნალი ყოფილა.

ხარხელაური – გავრცელებულია თიანეთში, მცხეთასა და თბილისში. შედგება სავარაუდო მეტსახელისგან ხარხელა (შდრ. ხარაბა). ხარხელაური 1860 წელს სოფ. ლასტისციხეში გადმოსულა საცხოვრებლად “ტიფლისის ოლქის” სოფ. მოხისიდან (დღევ. ქარელის რ-ნი).

ხაშმელაშვილი – შედგება საკუთარ სახელადქცეული სადაურობის სიტყვისაგან ხაშმელა. ხაშმი სოფელია საგარეჯოს რაიონში.

ხეთაგური – ხეთაგურის გვარი სტეფანწმიდის მკვიდრი გვარია. XVIII ს-ის ბოლოს და XIX ს-ის დასაწყისში ისინი ხეთაგიძის გვარით არიან მოხსენიებულნი. მოხევე ხეთაგურებს საერთო არაფერი აქვს ოსურ გვარ ხეთაგუროვთან.

ხიზამბარელი – გავრცელებულია კასპის რაიონში (კავთისხევი, ნოსტე, თვალავი). გვარადქცეული სადაურობის სიტყვა, წარმომდგარი ხიზაბავრელისაგან. ხიზაბავრა სოფელია ჯავახეთში (ასპინძის რ).

ხიზანიშვილი – გავრცელებულია გორის რაიონში. წარმომდგარია საკუთარი სახელისაგან ხიზანი, ზოგადი მნიშვნელობით დროებით სხვას შეკედლებული პირი; მამულის მიწაზე მოსახლე თავისუფალი გლეხი, რომელიც გადასახადს ყმის თანაბრად იხდიდა.

ხიმშიაშვილი – ხიმშიაშვილის გვარი აჭარაში მეტად გავლენიანი იყო და მთელი მხaრის ბატონ-პატრონად ითვლებოდა. ეს გვარი მონათესავეა დუშეთის რ-ში მცხოვრებ ხიმშიაშვილებისა. მათ წინაპარს XVIII საუკუნეში კაცი შემოკვდომია არაგვის ხეობაში, მეფის რისხვას გაქცევია და აჭარაში შეხიზნულა.

ხოსრუაშვილი – გავრცელებულია ქარელში, გორში და თბილისში. ხოსრო სპარსულად ნიშნავს “სახელგანთქმულს”, “დიდებულს”. დაკაშირებულია საკუთარ სახელთან “ხოსრო” (ხვასრო). ამავე ძირისაა: ხოსრიაშვილი, ხოსროშვილი.

ხოჯივანიშვილი – გავრცელებულია ახალციხეში, თბილისში. გადმოცემით, ამ გვარეულობის წინაპარი სახელად იოვანე მასწავლებელი ყოფილა. მესხეთში თურქთა ბატონობის დროს ხოჯას ეძახდნენ, რაც გვარის წარმოშობას დაედო საფუძვლად.

ხუციშვილი – გავრცელებულია გორში, ასპინძის რაიონში და სხვა. ხუც – ძირი უძველესია, იგი დადასტურებულია საყოველთაოდ გავრცელებულ ხუცეს-ში და საკუთარ სახელებში: ხუცა, ხუცია, ხუცუნა, ხუციკა, ხუცო, ხუცინა, ხუცურა, ხუცაური. მღვდლის მნიშვნელობა ხუცეს – მა და ხუცმა შემდეგში მიიღო თავდაპირველად კი, უფროსს, მთავარს, მოთავეს ნიშნავდა. ხუციშვილთა გვართან დაკავშირებით ისტორიკოსი ზაქარია ჭიჭინაძე წიგნში “ქართველი გრიგორიანები” წერს: “ხუციშვილები, ქათველები არიან და ცხოვრობენ საქართველოს მრავალ კუთხეში. გვარის ძირია ქართული სიტყვა ხუცი. ძველად ამ გვარის რამდენიმე წევრმა ჯავახეთში კათოლიკობა მიიღო, ახალქალაქს რამდენიმე მცხოვრებმა გრიგორიანობა მიიღო”. ხუციშვილების ერთი ნაწილი აზნაურები იყვნენ.

ჯაბადარი – ერთ-ერთი წარჩინებული გვართაგანია ძველ საქართველოში. გვარადქცეული სამეფო თანამდებობის ტერმინია. თურქულ-სპარსული სიტყვა “ჯაბადარ” ჯავშან-საჭურვლის მცველს ნიშნავს.

ჯავახი – გვარადქცეული ეთნონიმი. როგორც ჩანს, XIII საუკუნის დამდეგს სამძივართა საგვარეულოში (უკეთ, ამ საგვარეულოს იმ შტოში, რომელიც დამკვიდრებულია თეძმის ხეობაში) შემოდის სახელი ჯავახი და შეიძლება უკვე XIV ს. პირველ ნახევარში ისინი იწოდებოდნენ ჯავახიშვილებად; სახელი “ჯავახი” XIV საუკუნეზე უფრო ძველია: ჯავახ აფაქის ძე მოხსენიებულია იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპში. ამავე ძირისაა ჯავახია.

ჯავახიშვილი – ერთ-ერთი წარჩინებული გვარეულთაგანი ძველ საქართველოში. ქართლელი ჯავახიშვილების წინაპარნი გამრეკელ-თორელნი ყოფილან, XII საუკუნეში გადმოსახლებულან ჯავახეთიდან ქართლში, სოფ. ხოვლეში. XVII-მდე ეს გვარი უტარებიათ, შემდეგ კი წინანდელი ადგილსამყოფელის მიხედვით ჯავახიშვილებად წოდებულან.

ჯანელიძე – გვხვდება ამბროლაურის, სამტრედიის რაიონებში. უკავშირდება საკუთარ სახელს “ჯანელი”. (ჯანა + ბოლოსართი – ელ). ამავე ძირისაა ჯანველიძე.

ჯაფარიძე – გავრცელებულია რაჭაში, სვანეთში, იმერეთში და ქართლში. ვახუშტი ბაგრატიონს მოხსენიებული აქვს რაჭის მთავართა შორის. მომდინარეობს არაბული საკუთარი სახელიდან “ჯაფარ”. სახელი “ჯაფარა” საქართველოში შემოიტანა ლიპარიტის (ბაღუაშის ძის) მტერმა, არაბმა ამირა(ემირმა) ჯაფარმა 1047წ. ქართულად “ჯაფარა”იგივეა, რაც ჩხიკვი. ჯაფარის ძე, იხსენიება ხუნამისის წარწერაში (Xს. დასასრული). თავდაპირველად, იწერებოდნენ მჯა+ფარ=მჯაფარიძე.

ჯაყელი – საპატიო და საგამგეო წოდება-გვარია, მიღებულია სადაურობის სიტყვისაგან. ჯაყი ისტორიული სოფელია სამცხეში, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე. სამცხის ათაბაგთა დინასტიური გვარია. ამავე ძირისაა ჯაყელიძე.

ჯაჯანიძე – გავრცელებულია ჭიათურაში, ასევე ოზურგეთის რაიონში. შედგება საკუთარი სახელისგან “ჯაჯანი”. ფრინველთა სახელისაგან წარმოქმნილი გვარია, უკავშირებენ სიტყვა “ჯაჯა”-ს, რაც ქორს ნიშნავს სამეგრელოსა და გურიაში.

ჯვარელია – შესაძლებელია მომდინარეობდეს სადაურობის სიტყვისაგან. ჯვარი დაბაა წალენჯიხის რაიონში.

ჯინიუზაშვილი – გავრცელებულია ახალციხესა და თბილისში. ხელოვნურად არის მიღებული ჭილიმუზაშვილ-ისაგან, რომელიც სომხური ორიენტაციის სასულიერო მოღვაწის, არქიმანდრიტ პავლე შაჰყულიანის, იმავე შაჰყულაშვილის, წინაპართა გვარი ყოფილა. ამ გვარმა დღემდე მოაღწია.

ჯუღაშვილი – იგივე ჯუგაშვილი; გავრცელებულია ქ.გორში, წინაპრებს ლილოში უცხოვრიათ; შედგება საკუთარი სახელისგან ჯუღა. ჯუგაშვილები ცხოვრობენ სოფელ მატაანში, მათი თავდაპირველი სამშობლო სოფელი ჯუგაანი უნდა ყოფილიყო (სიღნაღის რ.), ეს გვარი ჯუღაშვილად იქცა ძველ ქართულ დოკუმენტებში რუსულიდან გადმოქართულების შედეგად (რუსული გ ქართულში ღ-დ გადმოიღეს).

მოგვწერეთ: info@ambioni.ge

ქართული გვარების ისტორია