მთავარი » საზოგადოება

ქართული ენა და თანამედროვე მედია

ჟურნალისტი: | გამოქვეყნებულია: 09.05.201130 კომენტარი | 15,880 ნახვა

რა პრობლემებია ქართულ მედიაში?

ენა ცოცხალი ორგანიზმია. იგი მუდმივად ვითარდება და ივსება. ენის პრობლემები განსაკუთრებით აქტუალური ხდება, როდესაც ქვეყანაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სოციალური ძვრები მიმდინარეობს. ელექტრონული მედიაქვეყნის ცხოვრებაში სერიოზულ გარდატეხათა დროს, სხვა გლობალური პროცესების პარალელურად, იცვლება ენობრივი გარემოც. სწორედ ამიტომ არაერთხელ იდგა დღის წესრიგში ქართული ენის სიწმინდის დაცვის საკითხი. აღნიშნული ამჟამადაც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. სწრაფად განვითარებადი ტექნიკური ცივილიზაცია, ღია საინფორმაციო სივრცე და ინტენსიური გარე ურთიერთობები უმნიშვნელოვანეს გავლენას ახდენს ენის ფორმირებაზე. ამ ყველაფერს, ბუნებრივია, ემატება შინაგანი ენობრივი პროცესებიც.

ენის სიწმინდის დაცვის საკითხში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ჟურნალისტებს. ”ჟურნალისტების მეტყველებას გადამდები ძალა აქვს და თუნდაც უნებლიე მიბაძვის საფრთხეს ქმნის”. ჟურნალისტების საუბარში არაერთი შეცდომა ”იპარება” როგორც გრამატიკული, ასევე სტილისტური. ბევრ მათგანს მაყურებელი უკვე შეეჩვია და ვეღარც კი ამჩნევს, მაგრამ ზოგიერთი აშკარად ჭრის ყურს. თქვენს ყურადღებას ამჯერად რამდენიმე მიმართულებით შევაჩერებთ.

პირველ რიგში, განვიხილოთ გრამატიკულად არასწორი ფორმები და გამოთქმები. უმეტეს შემთხვევაში, პრობლემაა კრებით სახელებთან მრავლობითი რიცხვის შეთანხმება. უხეში შეცდომაა: ”ხალხმა დაინახეს”, ”ყველამ თქვეს” და ა.შ. სწორია ”ხალხმა დაინახა”, ”ყველამ თქვა” და ა.შ. კრებით სახელებს შემასმენელი მხოლობით რიცხვში შეეწყობა. ასევეა სიმრავლის აღმნიშვნელ სახელებთანაც: ”უამრავი ხარჯი” და არა ”უამრავი ხარჯები”….

ჟურნალისტები ხშირად იყენებენ ისეთ დამახინჯებულ ფორმებს, როგორიცაა: ჩვენთაგანი, თქვენთაგანი, მათთაგანი და სხვა. სიტყვები ”ჩვენ” და ”თქვენ” თავად გამოხატავენ სიმრავლეს და მათზე – გან თანდებულთან ერთად მრავლობითის – თა ნიშნის დართვა არასწორია. სწორი ფორმაა ”ჩვენგანი”, ”თქვენგანი” და ა.შ.

”სამი საქართველოს მოქალაქე”, ”ხუთი ჟიურის წევრი”, ”ორი დაცვის თანამშრომელი” და ა.შ ეს ის ფორმებია, რომლებიც ჟურნალისტებს ხშირად აყენებს კომიკურ სიტუაციაში. სამი მოქალაქეა და არა საქართველო, ხუთი წევრია და არა ჟიური….. გრამატიკული შეცდომა ( მსაზღვრელის არასწორ ადგილზე ჩასმა) იწვევს ფაქტობრივ უზუსტობას და შინაარსობრივად აბსურდული ხდება წინადადება.

პრობლემაა მრავლობით რიცხვში დასმულ უსულო საგნებთან შემასმენლის შეწყობის საკითხიც. როგორც წესი, ასეთ ქვემდებარეს შემასმენელი მხოლობით რიცხვში შეეწყობა. არასწორია ”გამოკვლევები ადასტურებენ”, ”ეს საკითხები ყურადღებას იმსახურებენ” და ა.შ. უნდა იყოს ”გამოკვლევები ადასტურებს”, ”ეს საკითხები ყურადღებას იმსახურებს” და ა.შ.

შეცდომაა ასევე “დასვავს”, ”დაასხავს” და ა.შ. ზმნის საწყისია ”სმა” და ”სხმა”, ამიტომ სწორი ფორმაა ”დასვამს”, ”დაასხამს” და ა.შ.

პრესაგავრცელებული შეცდომაა ასევე ზედმეტი ხმოვნის ჩასმა. მაგ.: წარმოჩინდა და წარმოჩნდა. თუ ზმნისწინ – წარს შევცვლით სხვა ზმნისწინით, მივიღებთ ”აღმოჩნდა”, ”გაჩნდა” და ა.შ არცერთ მათგანში არაა ი ხმოვანი. ანუ მისი ხმარება პირველ შემთხვევაშიც გაუმართლებელია. სწორი ფორმაა წარმოჩნდა. ასევეა რამოდენიმესა და რამდენიმეს შემთხვევაშიც. სწორი ფორმაა რამდენიმე, რადგან ”მ” არის დროთა განმავლობაში მიღებული ”ო” ხმოვნისგან (რაოდენი) და მისი დამატება აღარაა საჭირო.

მნიშვნელოვანია, რომ ერთი ენა მეორეზე გავლენას სხვადასხვა კუთხით ახდენს. ყველაზე სახიფათო ტენდენციად სიღრმისეული სტრუქტურული გავლენა მიიჩნევა. სწორედ ასეთ კატეგორიას მიეკუთვნება კალკი. დღეს მრავლადაა რუსული ენიდან შემოსული კალკები: (არ) მაწყობს (не устраивает) – ქართ. ხელს (არ) მაძლევს, ”თვლის” ნაცვლად ”მიაჩნიასი” (считает), ადგილი აქვს (имеет место), მიმალვაშია (იმალება), გაყიდვაშია (იყიდება), მიმართულია ჯგუფებზე, საქმისადმი ერთგულება (საქმის ერთგულება) და ა.შ.

საყურადღებოა ასევე ერთგვარი მყარი სინტაქსური ფორმულები, რომლებიც კალკირების საფუძველზეა წარმოქმნილი. მათ ბირთვს ძირითადად რომელიმე კალკირებული შინაარსის ზმნა, ან სახელზმნა წარმოადგენს. მაგ: წარმოება – თავისი მნიშვნელობით მატერიალური საგნების დამზადებას უკავშირდება, მაგრამ ბოლო დროს დამკვიდრდა ზოგადი მოქმედების გამოსახატავად – მოლაპარაკებას აწარმოებს, გამოძიებას აწარმოებს, მოსავლის აღებას აწარმოებს და სხვ. უფრო სწორი ფორმაა ”მოსავალს იღებს”, ”ესაუბრება” და სხვ.

ჩატარება – გატარება ამ ზმნის ხმარებისას ვხვდებით ორგვარ შეცდომას. ა) ანაცვლებს კანონიერ ”კეთება, ხმარება, გამოყენებას”: საათს ატარებს (საათი უკეთია), სათვალეს ატარებს (სათვალეს ხმარობს) და ა.შ. ბ) ენაცვლება ”გამართვა, მოწყობას” – საღამოს ატარებს (საღამოს მართავს(აწყობს)), კონკურსს ატარებს (კონკურსს მართავს(აწყობს)) და ა.შ.

შედგომა – არასწორია შეხვედრა შედგა (შეხვედრა გაიმართა), ვიზიტი არ შედგა (ვიზიტი არ გამოვიდა)…..

მიცემა, მისცა – შეფასება მისცა (შეაფასა), დავალება მისცა (დაავალა). განცდა, განიცდის – ფეხბურთელმა მარცხი განიცადა (დამარცხდა), გაჭირვებას განიცდის (მატერიალურად უჭირს)…
მიყენება – ტკივილი მიაყენა (ატკინა), ჭრილობა მიაყენა (დაჭრა)…

ასეთი მყარი სინტაქსური ფორმულები დღეს სტილისტურ შეცდომებად მიიჩნევა, მაგრამ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ისინი კალკირების შედეგად ყალიბდება.

კლიშე კი – ეს არის ერთგვარი სამეტყველო სტერეოტიპი, მზამზარეული გამონათქვამი. მასში მოიაზრება სხვადასხვა ენობრივი ფორმულა როგორც ერთსიტყვიანი, ისე რამდენიმე სიტყვიანი ფრაზა.

ზოგიერთ მათგანს იმდენად ხშირად იყენებენ ჟურნალისტები, რომ ლამის სავალდებულო ფორმულის სახე მიიღო: საკითხის დასმა, პრობლემის გადაწყვეტა, პოზიციის დაფიქსირება, აღებული ვალდებულება, შეშფოთებას გამოთქვამს, ხელს უწყობს და ა.შ.

ზოგადად კლიშეების ასეთი დამკვიდრება და ჟურნალისტის მიერ მისი ხშირი გამოყენება სათანადო ლექსიკური მარაგის არქონაზე მიანიშნებს. ლექსიკური მარაგის არქონა კი, თავის მხრივ, ჟურნალისტის წიგნიერების დაბალ მაჩვენებელს უსვამს ხაზს. კლიშეებისა და შტამპების ასეთი სწრაფად და უმტკივნეულოდ დამკვიდრების უმთავრესი მიზეზი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ინფორმაციის სწრაფი მიღება და გადამუშავებაა. ამიტომ მედიის ენა ამ კუთხითაც საგანგებო მეთვალყურეობას მოითხოვს.

ამასთან, ხშირად გვხვდება სხვადასხვა სახის გავრცელებული შეცდომები.

მოთხოვნა თუ მოთხოვნილება – ხშირად ამ ორ სიტყვას ერთმანეთში ურევენ. მაგ: ”აქციის მონაწილეებს სხვადასხვა მოთხოვნილებები აქვთ”. ”მოთხოვნილება” თითქმის იგივე მნიშვნელობისაა, რაც ”საჭიროება” და ცოცხალი ორგანიზმის შინაგან, მისივე ორგანიზმის მიერ ნაკარნახევ მდგომარეობას აღნიშნავს. მოთხოვნა კი ერთი პირის მიერ წაყენებული, ან თავსმოხვეული პრეტენზიაა მეორე პირის მიმართ.

(ორი დღის) წინ თუ უკან – წინა ვითარების გამოსახატავად ყოველთვის იხმარება ”წინ”. მაგ.: ვამბობთ ”წინა წელს” და არა ”უკანა წელს”… სწორი ფორმაა ორი დღის წინ, სამი წლის წინ და ა.შ.

განმავლობაში და მანძილზე – ჟურნალისტები (და არა მარტო ისინი) დროის მონაკვეთების აღნიშვნისას უმეტესად იყენებენ სიტყვას ”მანძილზე” (ორი საათის მანძილზე), რაც შეცდომაა. დროს მანძილი არ გააჩნია. მართებული ფორმაა ”ორი საათის განმავლობაში”, ”მთელი სიცოცხლის განმავლობაში” და ა.შ.

შეიძლება და შესაძლოა – ამ ორი სიტყვის მნიშვნელობას ხშირად ურევენ ერთმანეთში. არასწორია ”თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება ქვეყნის ეკონომიკა ჩამოიშალოს”… ”შეიძლება” ნიშნავს, რომ რაღაც ნებადართულია, არსებობს შესაბამისი უფლება. ”შესაძლოა” გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა ალბათობაზეა საუბარი, ამიტომ სწორია ”თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა ქვეყნის ეკონომიკა ჩამოიშალოს”.

ბარბარიზმი უცხო სიტყვების საჭიროების გარეშე გამოყენებაა. თანამედროვე მეტყველებაში მრავლადაა შემორჩენილი რუსული ბარბარიზმები, რაც ჩვენი საბჭოური წარსულის დამსახურებაა. ბეჭდურ და ელექტრონულ მედიაში ხშირად ვხვდებით ”აჯიმანიას”, ”კაშნს”, ”ბუკეტს” და ა.შ. ყველა მათგანს აქვს ქართული შესატყვისი: ”აზიდვა”,”შარფი”, ”თაიგული” და ა.შ.

რეპორტიორიმაგრამ ”რუსულ გადმონაშთებზე” უარესი სხვა რამაა. ”ბარბარიზმების პრობლემა უფრო მძაფრად აღიქმება ”დამპყრობელი ერის” მიმართ, ვიდრე ენათა კულტურული ურთიერთქმედებების დროს.” სწორედ ასეთი ურთიერთობა ინგლისურთან მნიშვნელოვნად აზიანებს ქართულ ენას. არავინ დაობდა იმაზე, რომ რუსულიდან შემოსული ”ტრენერი” და ”ტრენიროვკა” ბარბარიზმი იყო. დღეს კი ინგლისურის გზით შემოსული იგივე სიტყვები (ტრენერი და ტრენინგი) უმტკივნეულოდ იმკვიდრებს ადგილს. ობიექტურად თუ ვიმსჯელებთ, ამჟამად ქართული ენა ყველაზე მეტად სწორედ ინგლისური ბარბარიზმებით ბინძურდება. ამ მხრივ კი ყველაზე მეტს სწორედ ჟურნალისტები და ის პოლიტიკოსები სცოდავენ, რომლებიც მუდმივად ჩანან ეკრანზე… ინგლისური სიტყვების აუცილებლობის გარეშე გამოყენებით ცდილობენ ხაზი გაუსვან თავიანთ განათლებულობას. რუსული ბარბარიზმები ახლა ყურს ჭრის და ადვილად ხვდებიან, რომ მისი გამოყენება არ შეიძლება, მაგრამ ინგლისურიდან შემოსული სიტყვები არ აღიქმება ბარბარიზმებად, პირიქით, თითქოს აუცილებლობაც კი გახდა მათი გამოყენება. ასეთი დამოკიდებულება შესაძლოა დამღუპველი აღმოჩნდეს ქართული ენისათვის, რადგან უცხოური სიტყვები შეუმჩნევლად ანაცვლებს ქართულს. აქ საუბარი არაა ინტერნაციონალურ სიტყვებზე (კომპიუტერი, პროცესორი და სხვ.), რომელთა შემოსვლა და დამკვიდრება ტექნოლოგიურმა თუ სხვა სახის ცვლილებებმა გამოიწვია. საქმე ეხება ისეთ სიტყვებს, როგორიცაა, მაგალითად, პრიორიტეტული (უპირატესი), კრეატიული (შემოქმედებითი), რეზულტატი (შედეგი), ივენთი (ღონისძიება), ექსპერიმენტი (ცდა), აუთლაინი (მონახაზი), მესიჯი (შეტყობინება, გზავნილი), რიმეიქი (გადამუშავება), მეილი (ფოსტა), ფეშენვიქი (მოდის კვირეული), უიქენდი (შაბათ-კვირა) და ა.შ. ქართველი ჟურნალისტები, როგორც წესი, უპირატესობას უცხოურ სიტყვებს ანიჭებენ. ამიტომ რიგითი მაყურებლისთვის, რომელსაც ხელში არ უჭირავს განმარტებითი ლექსიკონი, გაუგებარი რჩება, რის შესახებ საუბრობს ჟურნალისტი.

უცხოური სიტყვების შემოტანის, მათი ქართულ ენასთან შესაბამისობაში მოქცევისა და დამკვიდრების საკითხების გადასაჭრელად სხვადასხვა ორგანოები არსებობდა. ბოლოს იყო ენის სახელმწიფო პალატა, რომელიც 1998 წელს ჩამოყალიბდა და 2004 წელს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გააუქმეს. ის თვალყურს ადევნებდა სალიტერატურო ენის ნორმათა დამკვიდრებას, აკონტროლებდა ყველა უწყებაში სახელწიფო ენის კონსტიტუციური სტატუსის დაცვას. მსგავსი ორგანოები საქართველოში 1921 წლიდან ფუნქციონირებდა: ტერმინოლოგიათა შემმუშავებელი სამეცნიერო საბჭო (1921 წ. ხელმძღვანელი ივ. ჯავახიშვილი), სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი კომისია (1934 წ.), ნორმათა დამდგენი კომისია (1946 წ. ხელმძღვანელობდნენ ჯერ ს. ჯანაშია, შემდეგ – ა. შანიძე), სალიტერატურო ნორმათა დამდგენი მუდმივი კომისია (1953 წ). დღევანდელი ხელისუფლება კი რატომღაც არ მიიჩნევს საჭიროდ მსგავსი კომისიის არსებობას. არადა ყველაზე მეტად სწორედ ახლაა საჭირო მსგავსი ორგანოს არსებობა, რათა გაკონტროლდეს, თუ რა ისმის ყოველდღიურად ტელე ეთერიდან, რა იწერება ბეჭდვით მედიაში… მითუმეტეს, იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს უცხო ენების სწავლება და მსოფლიო მასშტაბითაც ერთეული ენები იწყებენ გაბატონებას.

თავის მხრივ, ჟურნალისტებმაც უნდა გაიაზრონ, რომ ქართული ენის ნორმების დაცვა აუცილებელია. როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, მათი საუბარი მაგალითი ხდება მაყურებლისა თუ მკითხველისათვის.

მოამზადა სალომე ლილუაშვილმა


სტატიაზე ვრცელდება მედიაჰოლდინგ "ამბიონის" საავტორო უფლებები

30 კომენტარი »

  • დავითი says:

    თქვენ გაიხარეთ, ეს რა კარგი სტატიაა და თანაც დროული.
    ენა გვერყვნება დებო და ძმებო, მეტი ყურადღებაა ჩვენგან საჭირო.

  • თიკო says:

    შესანიშნავი სტატიაა.მომწონს.

  • კარგი ნამუშევარია… მადლობა ავტორს.

  • ლევანი says:

    არ ვიცი რა ვთქვა,ბრაზი მერევა და ძალიან მაღიზიანებს რომ ყველაფერი ისეა როგორც სტატიაში წერთ. ცუდია როცა ბარბარიზმების გამოყენება პიროვნების მაღალ სოციალურ მდგომარეობად აღიქმება.
    ენავ ქართულოოო, ცად აღმართულოოო!

  • თათია says:

    არაჩვეულებრივი სტატიაა.ზუსტად ასახავს დღევანდელ პრიბლემას.მადლობა ავტორს

  • ნინო says:

    გაიხარეთ! ჩემი სათქმელი თქვით…
    ვიღლები ხოლმე, ამათ საუბარს რომ ვუსმენ :(

  • მარიამი says:

    გეთანხმებით, სიმართლეს ბრძანებთ. ამ მხრივ სამწუხარო და სავალალო მდგომარეობაა.ჩვენმა ჟურნალისტებმა ბევრი რამ არ იციან და არც სურთ ისწავლონ.ზოგიერთმა სალიტერატურო ენის კი არა, საკუთარი პროფესიის – “ვაიჟურნალისტობის”შესახებ ელემენტარულიც არ იცის,რადგან შეაფერისი განათლება არა აქვს მიღებული

  • იასამანი says:

    ძალიან დროული სტატიაა. უფრო მეტიც, აუცილებელი და მრავალჯერ შესახსენებელი. ჩვენი ერის შეგნებული ნაწილი ყოველთვის იბრძოდა მშობლიური ენის დასაცავად. სასმწუხაროდ არაფერი შეცვლილა, პირიქით, დღეს უფრო მეტად საჭიროა მისი დაცვა, ვიდრე ოდესმე. ასე რომ, ბრძოლა გრძელდება, გისურვებთ წარმატებებს.

  • სერგი says:

    გაიხარეთ!

    ამ საკითხის მიხედვა ძალიან მნიშვნელოვანია

    ენა, მამული, სარწმუნოება!

  • ლალი says:

    დიდი მადლობა,ამ პრობლემაზე ზრუნვა დროული და ძალიან მნიშვნელოვანიააა!გისურვებთ წარმატებებს! ეხლა,რამოდენიმე,მინახია,მითქვია……..სამწუხაროა,მაგრამ ფაქტია,ამ სიტყვებით მეტყველებენ არა მარტო ჟურნალისტები, ფილოლოგებიც…

  • ხათუნა says:

    ძალიან მომეწონა იქნებ რამე რუბრიკა შემოიღოთ ამ თემასთან დაკავშირებით

  • მირანდა says:

    საინტერესო თემაა,დგესდგეობით საკმაოდ პრობლემატური,კარგი იქნება თუ ამ საკითხზე ყველა დავფიქრდებით და გამოსავალს ვიპოვით.იქნებ გვიან არაა და შევზლოთ კიდევაც ქართული ენის დაცვა…

  • თამარ says:

    რა ენა წახდეს ერიც დაეცეს …. დროა გამოვფხიზლდეთ….

  • მირანდა says:

    მინდა გთხოვოთ დამრთოთ ნება და ეს სტატია გავაგზავნო თბილისში ჩემი სკოლის სახელით.მე თავადაც მინდოდა ასეთი ამ სახელობის სტატია დამეწერა,მაგრამ ეს სტატია რომ ვნახე ამაზე უკეთესად მე როგორ დავწერთქო ვიფიქრე.თუ დამრთავთ ნებას გავაგზავნო თბილისში ეს სტატია იქნებ მაშინ მაინც დაფიქრდეს ჩვენი მთავრობა იმაზე თუ რა პრობლემები აქვს დრეს ქართულ ენას.დიდი მადლობა ასეთი სტატიისთვის ავტორს და ველი პასუხს ჩემს თხოვნაზე.

  • სალომე ლილუაშვილი says:

    მირანდა იქნებ დამიზუსტოთ კონკრეტულად სად, რა ფორმით და რა მიზნით გსურთ სტატიის გაგზავნა. ეს სტატია წარმოადგენს ჩემი და “ამბიონის” ინტელექტუალურ საკუთრებას.

  • მირანდა says:

    ჩემი სკოლიდან ყოველ წელს იგზავნება სხვადასხვა საგნებიდან თემები თბილისში,მე პირადად ქიმიაშიც დავწერე თემა,სახელწოდებით ფოსფორის ბიოქიმიური მნიშვნელობა ,რომელიც დეკემბრის ბოლომდე უნდა გადიგზავნოს თბილისში .მე ყოველდრე ვუყურებ ტელევიზორში თუ რა შეცდომებს უშვებენ ჟურნალისტები,ამიტომ გადავწყვიტე დამეწერა თემა ამ ამის შესახებ.მეც მოვამზადე რაღაც,მაგრამ თქვენი სტატიასავით კარგი ვერ გამოვიდა.თქვენი სტატია ვნახე და ძალიან მომეწონა,ვიფიქრე გადავწერ და ჩემს ნამუშევარს დავამატებთქო,მაგრამ რახან საავტორო უფლებებია ამ სტატიაზე, იმიტომ მოგწერეთ ეს წერილი.

  • სალომე ლილუაშვილი says:

    მირანდა სტატიის მთლიანად გამოყენების უფლებას ვერ მოგცემთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ ციტატები, ოღონდ ფრჩხილში უნდა მიუთითოთ წყარო ანუ ჩვენი საიტის მისამართი, სტატიის სახელწოდება და ავტორის სახელი. ამ ფორმით არ დაირღვევა საავტორო უფლებები

  • მირანდა says:

    დიდი მადლობა.

  • ზურაბ says:

    აუცილებელი და დროული სტატიაა. კატასტროფის წინაშე ვდგავართ: ენა იმდენად დაბინძურდა და შეირყვნა, სასწრაფოდ შველა სჭირდება. საკანონმდებლო დონეზეა საჭირო საკითხის გადაწყვეტა. უნდა აღდგეს ენის პალატა და განსაკუთრებული უფლებებით აღიჭურვოს. საეჭვოა, ხალხმა, რომელიც ათასობით ინგლისურენოვანი პედაგოგის ჩამოყვანით ამაყობს, ქართული ენის ტკივილი გულთან მიიტანოს. ერთადერთი ავტორიტეტული და გულშემატკივარი ძალა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიაა, ვისაც შეუძლია და გულთანაც მიიტანს ამ უმძიმეს პრობლემას. ეკლესია უნდა ჩაუდგეს ამ ბრძოლას სათავეში. მხოლოდ უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქის ავტორიტეტს შეუძლია საზოგადოების დარაზმვა. მთავარია, ბრძოლა ავტორიტეტულმა ძალამ დაიწყოს, ხალხი გამოფხიზლდება და დაირაზმება. საქმის გადადება აღარ შეიძლება…

  • maia says:

    tqven gaixaret! Shesanishnavi statiaa,stsored rom droulits! Me piradad lingvisti var da vcdilob tavi avarido enis dabindzurebas, tumtsa xshirad maints vtsdebi, instiqturad tu uneblied. Minda erti ram avgnishno: inglisur enatmetsnierebashi arsebobs aseti termini ‘officialese’- ritats aginishneba utskho sitkvebis gadacharbebit gamokeneba,rats groteskul da uazro elpers adzlevs tsarmotqmuls. Aqedan gamomdinare, im politikosebs da skhva mogvatseebs,romeltats tavianti ganatlebulobis khazgasma surt,piriqit gamosdit – namdvilad ganatlebultatvis mkholod sasatsiloebi arian.

  • ელენე says:

    სინტერესო იყო…მადლობა ავტორს :))

    • ბებილო says:

      წერეთ ქართული ანბანით, თორემ მალე ქართულ დამწერლობას ვეღარავინ გაიხსენებს. ბრძოლის ველი ქართული ენის გადასარჩენათ თითოეულ ჩვენთაგანშია და ჩვენ ამ ბრძოლის ველის-ჯარისკაცები.რაც უფრო კარგადაა ჯარისკაცი გაწვრთნილი,მით უფრო დიდია ბრძოლის მოგების შესაძლებლობა(სვეტურად-შანსი)

  • ნატო says:

    ძალიან კარგი სტატიაა, მართლაც მნიშვნელოვანია ქართული ენის შენარჩუნება და დღეს მას უდიდესი საფრთხე ემუქრება ბარბარიზმებით.. მართალია თქვენ აკრიტიკებთ ქართველ ჟურნალისტებს და მათ ბარბარიზმების გამოყენებაში ადანაშაულებთ, რაც ნამდვილად ასეა, მაგრამ ამდენი მორალის კითხვის შემდეგ ტქვენც გაქვტ გამოყენებული არასწორი ფორმები ერთი-ორი ბარბარიზმი..:) მაგალითად ზემოთ, როდესაც ინგლისურიდან შემოსულ ბარბარიზმებზე საუბრობდით ნახსენები გაქვთ სიტყვა ,,ინტერნაციონალური”, რაც ასევე ბარბარიზმია და ქარტული შესატყვისიც აქვს(საერთაშორისო),თავისუფლად შეგეძლოთ მისი გამოყენება,მაგრამ სამწუხაროდ ყოველ ჩვენგანში ისმდენადაა გამჯდარი მსგავსი სიტყვები,რომ უკვე ვეგარც კი ვამცნევთ ისე ვიყენებთ მათ…ამიტომ კარგი იქნება თუ სხვების მკაცრად გაკრიტიკებისგან თავს შევიკავებთ,რადგან მსგავს შეცდომებს გაუცნობიერებლად ჩვენც ვიმეორებთ…

  • ლია says:

    სწორედ ისეა როგორც სატატიის ავტორი წერს,მაგრამ არის მაგრამ რა ჰქნან ხიმ უნდა ილაპარაკონ. სწავლა და კვლავ სწავლა…რუსიფიკაციამ საქართელოს დიდი ზიანი მოუტანა აღარ ვიცით როგორ არის საუბრის სწორი ფორმა და ამერიკანიზაცია ხომ მთლად დაგვღუპავს. ამიტომ ვისაც ხელეწიფება ჩვენი ქართული ენის დაცვა ამოიღონ ხმა და ვიბრძოლოთ მის დასაცავად… ვისწავლოთ უკეთ ჩვენი ენა….

  • ნოდარი says:

    მაინტერესებს ქართულ ენაში მეტი სიტყვაა თუ რუსულში

  • oko says:

    auuuuuu ra wesierebii daweret:D:D:gagegadavet

  • თაკო says:

    პირველ რიგში არასწორი ფორმაა, უნდა იყოს უპირველეს ყოვლისა

  • kofe11 says:

    Xalxno rato ver sheignet! *imat gasagonad vambob visac evaleba* saswrafod unda moxdes qaertuli enis reforma. Is sityvebi romlebic qartulshi shemosulia sxva enebidan da araaqvs qartuli shesatyvisi unda chanacvldes megruli da svanuri sityvebit. Ai es ari swored gamosavali barbarizmebtan sabrzolvelad.

    • ბებილო says:

      ყველა უბედურებასთან ერთად ქართული ანბანით დამწერლობაც მალე გაქრება თუ ქართველებმა,kofe11 მსგავსად, ლათინური ანბანით გააგრძელეს ქართული სიტყვების წერა.

  • ვახტანგ გოგრაჭაძე says:

    მე ვფიქრობ მხოლოდ სტატიების წერა ვერ მოაგვარებს ამ ურთულეს პრობლემას მოდით გავაკეთოთ აქცია და მოვითხოვოთ ქართული ენის დაცვა მივმართოთ შესაბამის უწყებებს რათა აღსდგეს ენის სახელმწიფო პალატა.ხალხო ავიმაღლოთ ხმა თორემ ხელიდან გვეცლება ეროვნული ღირებულებები.

დატოვეთ კომენტარი!

გთხოვთ ყურადღებით შეავსოთ აუცილებელი ველები.

"მოწყალებისა და თანაგრძნობის უნარი, - აი ჭეშმარიტი ბედნიერება, აი, ერთადერთი გზა, ზეცად მიმავალი," - ილია II.