მთავარი » სხვადასხვა

ქართული დამწერლობა

ჟურნალისტი: | გამოქვეყნებულია: 25.06.20123 კომენტარი | 7,783 ნახვა

დამწერლობა “შენ სიძველის გმოსავს ნელი ხავსი,
ქვაზე ჭრილი ხარ ჩუქურთმის მსგავსი -
დიდის გზნებით ასე იყავ სავსე
ოცდაექვსი საუკუნის წინად…”

ასეთი ჰიმნი მიუძღვნა ქართულ ანბანს გალაკტიონ ტაბიძემ. ქართველ კაცს ყოველთვის ესმოდა დედაენის მნიშვნელობა ერისთვის და მეტიც, აღმერთებდა მას. ქართული ენა არის საფუძველი ქართველთა ერთობისა და ძლიერებისა. ენა კი სამწერლობო ხდება, როცა იქმნება დამწერლობა.

XI საუკუნის მემატიანე ლეონტი მროველი ქართული ანბანის შემოღებას მეფე ფარნავაზს მიაწერს. ეს ცნობა ფრიად საყურადღებოა, მაგრამ ქართული სალიტერატურო ენის ათვლა V საუკუნიდან უნდა დავიწყოთ, რადგან ჩვენი დამწერლობის უფრო ადრინდელი ძეგლები არ შემოგვრჩენია.

ქართველი ერი საკუთარი დამწერლობის შემქმნელი ერია. როდესაც რომელიმე ენის მეტყველება იწერება, ენა თავის უკვდავ არსებობას იწყებს. დამწერლობა კაცობრიობის ერთ-ერთი უძველესი მონაპოვარია. საერთოდ ანბანური დამწერლობა სემური წარმოშობის უნდა იყოს, რადგან მას თავდაპირველად ჩრდილოეთისა და სამხრეთის სემიანები ფლობდნენ.

ქართული ანბანური დამწერლობის სამი გრაფიკული ნაირსახეობა არსებობს:

ასომთავრული, ანუ მრგვლოვანი ქართული დამწერლობის უძველესი სახეობა და ერთ-ერთი არქაული ანბანური დამწერლობაა მსოფლიოში. ასეთი დამწერლობის ასო-ნიშნებისთვის გეომეტრიული სწორხაზოვნება და სიმეტრიულობაა დამახასიათებელი. ბოლნისის სიონის წარწერა ყველა ასო-ნიშანი ერთი სიმაღლისაა და ორ პარალელურ ხაზს შორის მდებარეობს. ასომთავრულით იწერებოდა ძველი ქართული წერილობითი ძეგლები დაახლოებით XI საუკუნემდე. XX საუკუნის 50-იან წლებამდე, სანამ იტალიელთა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ვირჯილიო კორბოს მეთაურობით პალესტინაში არ აღმოაჩინა მონასტერი ქართული წარწერებით, რომელიც 428-432 წლებით დაათარიღეს, უძველეს წერილობით ძეგლად ბოლნისის სიონის 482-493 წლების წარწერა მიიჩნეოდა. მასში წერია, რომ, სავარაუდოდ, ბოლნისელი ეპისკოპოსი დავითი შესთხოვს ქრისტეს, ამ ეკლესიაში მომუშავეებს შეეწიოს.

ასომთავრული ანბანის საფუძველზე თანდათან იქმნებოდა ნუსხური. საქართველოში საეკლესიო ხასიათის თხზულებები, უპირატესად, ამ დამწერლობით სრულდებოდა. ნუსხური ოთხხაზოვანი დამწერლობაა. ასოები ტოლ-მეტობის პრინციპზეა დაფუძნებული. სინური მრავალთავი ივ. ჯავახიშვილი წერს, რომ ასოთა ტოლმეტობა წარმატებად უნდა ჩაითვალოს, რადგან ასოთა ტოლობა მათ გარჩევას აძნელებს და გრძელი და მოკლე ასოები, პირიქით, ადამიანს უადვილებს კითხვას. ნუსხური დამწერლობის უძველესი ნიმუშია სინური მრავალთავი 864 წლით დათარიღებული. იგი ამჟამად დაცულია იერუსალიმში, წმიდა ეკატერინეს სახელობის ეკლესიაში. მასში შესულია III-V საუკუნეების დიდი საეკლესიო მოღვაწეებისა და მწერლების თხზულებები. როგორც აკ. შანიძემ გაარკვია, მას აკლია 79 ფურცელი. ხელნაწერს ახლავს ვრცელი ანდერძი, რომლიდანაც ჩანს, ხელნაწერის შექმნის ინიციატორია მაკარი ლეთეთელი, რომელიც ნ. მარის აზრით, გრიგოლ ხანძთელის მოწაფე უნდა ყოფილიყო.

ნუსხურის საფუძველზე იქმნებოდა მხედრული, ასევე ოთხხაზოვანი სისტემის დამწერლობა, რომლის უძველესი ძეგლები XI საუკუნიდან გვაქვს. ისინი ცხადყოფენ, რომ დამწერლობა გაცილებით ადრეა შექმნილი, რადგან ასოები ძალიან დახვეწილი და სრულყოფილია. სამწუხაროდ, რა დროიდან არსებობს მხედრული დამწერლობა, ჯერ კიდევ უცნობია. უძველესი ძეგლია ბაგრატ IV-ის შიომღვიმის შეწირულობის წიგნი, რომელიც 1058 წლით თარიღდება და იმავე ბაგრატის ოპიზის სიგელი – 1060-1065 წლებისა. მხედრული დამწერლობა დღემდე შესანიშნავად ასრულებს მასზე დაკისრებულ ფუნქციას.

ქართული დამწერლობის წარმომავლობის შესახებ მრავალი ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრება არსებობს.

XI საუკუნის მოღვაწე ლეონტი მროველი “ქართლის ცხოვრებაში” წერს, რომ ქართული დამწერლობა მეფე ფარნავაზის დროსაა შექმნილი. “შემეცნებათა მატიანეს” მიხედვით, ქართული დამწერლობის წარმოშობის ხანა არ ემთხვევა ფარნავაზის მეფობას. მატიანეს ცნობით, იგი გაცილებით ადრე, ქართველ ქურუმთა მიერაა შექმნილი.

ქართული ანბანის წარმოშობის შესახებ მეორე ცნობა დაცულია სომხურ წყაროებში. უპირველესად, უნდა დავასახელოთ კორიუნის “მაშტოცის ცხოვრება”. მესროპ მაშტოცი იყო სომეხი მოღვაწე. მისი მოღვაწეობის დროს არსებული სომხური დამწერლობა არასაკმარისი გახლდათ, რადგანაც იგი ვერ გამოხატავდა სომხურის ყველა ფონემას. მაშინ მესროპმა და სომეხთა კათალიკოსმა არსენმა ხელახლა დაიწყეს ზრუნვა ახალი ანბანის შექმნაზე. აქვე ნათქვამია, რომ მაშტოცმა ქართული დამწერლობის შექმნასაც მოჰკიდა ხელი. მან მოხაზა ქართული გრაფემები და ისე დააწყო, როგორც საჭირო იყო. როდესაც ივერთა მეფის წინაშე წარსდგა, ქართველთა მეფემ ბრძანა, სხვადასხვა მხრიდან შეეკრიბათ ბავშვები და მიებარებინათ მაშტოცისთვის, რათა მისი ხელმძღვანელობით დაწყებულიყო ჩვენში ლიტერატურული საქმიანობა. კორიუნის ამ ვერსიას მრავალი არმენოლოგი იზიარებს.

რა თქმა უნდა, მაშტოცის მიერ ქართული ანბანის შექმნა სრულიად გამორიცხულია. დამწერლობის შექმნა გულისხმობს დიდ ენათმეცნიერულ ალღოსა და თეორიულ მომზადებას. მაშტოცმა ქართული ენაც კი არ იცოდა.

ივ. ჯავახიშვილმა აღნიშნა, რომ ქართული და სომხური ასოების მოხაზულობაში დიდი განსხვავებაა, ძირეულად განსხვავდება გრაფემების მიმდევრობა და რიცხვითი მნიშვნელობაც. იგი წერს, რომ ასეთი არსებითი განსხვავება, ცხადია, შეუძლებელია იყოს ორ ანბანს შორის, თუ ის ერთი და იგივე პირის შედგენილია. იგი ქართული დამწერლობის წარმოშობის საკითხს გრაფიკული თალსაზრისითაც იკვლევდა. წერდა, რომ VI საუკუნის ძეგლები ისეთი მაღალხარისხოვანი კალიგრაფიული განვითარების საფეხურებს წარმოადგენენ, რომ ქართული ანბანის დასაწყისი სულ ცოტა 7-8 საუკუნით ადრეა საგულისხმო. მეორე მხრივ, ასოთა მიმდევრობა ფინიკიურ-სემური ანბანისას მისდევს, რაც აგრეთვე მის სიძველეზე მიგვანიშნებს.

არსებობს ქართული ანბანის ბერძნულიდან მომდინარეობის თეორიაც. დ. ბაქრაძე მიუთითებდა, რომ ქართული ასოების რიგი ბერძნულის მსგავსია. ზოგი ასოს დაწერილობა ბერძნულს ენათესავება. მსგავსია “უ”-ს დაწერის წესიც. ამ მოსაზრების გასამყარებლად კ. კეკელიძე რამდენიმე არგუმენტს იშველიებს: 1. ქართულში ბერძნულიდან ნასესხებია ტერმინები: კალამი, მელანი, წიგნი… 2. გვაქვს ხმოვანთა გამომხატველი ნიშნები, რაც პირველად ბერძნებმა შემოიღეს. 3. წერის მიმართულება საერთოა ბერძნულთან. ასოების თანმიმდევრობა: “ა”-დან “ქ”-მდე იგივე 24 ასო გვაქვს ორი გამონაკლისის გარდა (ჲ; ჟ). 4. ემთხვევა ამ 24 ასოს რიცხვითი მნიშვნელობაც. ამ თეორიის თანახმად, ქართული დამწერლობა უნდა შექმნილიყო არაუგვიანეს IV საუკუნემდე ქრისტეშჴბიდან.

ფინიკიურობის, ანუ სემური თეორიის მიხედვით, ფინიკიურისგან შეიქმნა ბერძნული და ქართული დამწერლობები. ამ თეორიის თანახმად, ქართული დამწერლობა ქრისტიანობამდელ ეპოქაშია შექმნილი.

მრავალი პრობლემისა და აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ერთი რამ ცხადია: ქართველი ერი საკუთარი ანბანური დამწერლობის შემქმნელი ერია და ქართული დამწერლობა ერთ-ერთი სრულყოფილი ანბანური სისტემაა, ვინაიდან ყოველ ბგერას თავისი ასო შეესაბამება.

მოამზადა სოფიკო აბულაძემ


სტატიაზე ვრცელდება მედიაჰოლდინგ "ამბიონის" საავტორო უფლებები

3 კომენტარი »

დატოვეთ კომენტარი!

გთხოვთ ყურადღებით შეავსოთ აუცილებელი ველები.

"გქონდეს ჭეშმარიტი კეთილზნეობა და მაშინ ჭეშმარიტი ბედნიერებაც გექნება," - წმ. ტიხონ ზადონელი.