მთავარი » სხვადასხვა

ქალაქ ფოთის ისტორია და გავრცელებული ტოპონიმები

სტატიის ავტორი: | თარიღი: 04.03.2015 | 7,052 ნახვა

ფოთი ამიერკავკასიის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია შავი ზღვისპირეთში. ქალაქს ესაზღვრება: ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან ხობის რაიონი, ფოთის ციხის კოშკი ხოლო სამხრეთიდან კი მდინარეები – პალიასტომი და კაპარჭინა.

როგორც ზემოთ აღვვნიშნეთ, ქალაქი ფოთი უძველესი ქალაქთაგანია. იგი წარმოიქმნა მდინარე რიონის ქვემო წელზე მცხოვრებ უძველეს მოსახლეთა საფუძველზე ძვ.წ.აღ. VI საუკუნეში. ფოთი (ფაზისი) ეს სახელწოდება ქალაქმა მიიღო მდინარე რიონის ძველი სახელისაგან. ძვ.წ. IV საუკუნის ბერძენი მწერალი ფვსევდო სკილაქ კარიანდელი (“პერიპლუსი”) გვამცნობს, რომ მდინარე ფაზისის ზღვაში, შესართავთან გაშენებულია ელინთა ქალაქი ფაზისი.
ფაზისს თავიანთ ისტორიულ თხზულებებში იხსენიებენ ასევე პტოლემე, აგათია სქოლასტიკოსი, მენანდრე, პროკოფი კესარიელი და სხვ.

ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ფაზისი და კოლხეთი იასონისა და არგონავტების ოქროს საწმისისათვის ლაშქრობას დაუკავშირდა.

ქალაქის მოხერხებულმა ადგილმდებარეობამ მისი საგრძნობი დაწინაურება გამოიწვია სავაჭრო კუთხით.

ძვ.წ. I საუკუნის პირველი ათეულის დამლევს, პონტოს მეფე მითრიდატე ევპატორმა კოლხების ძლიერი სამეფო დაიმორჩილა, ხოლო მისი ერთ-ერთი ეკონომიური ცენტრი და ნავსადგური, ქალაქი ფაზისი ხელში ჩაიგდო, მაგრამ მითრიდატეს ბატონობას კოლხეთში ბოლო მოუღო რომაელთა შემოსევამ სრულიად საქართველოში. რომაელებმა, სწორედ ფაზისში ჩააყენეს თავიანთი ჯარი, დაანგრიეს ქალაქის გალავანი და მის ნაცვლად კი ახალი ქვის გალავანი ააგეს. თუმცა, 555 წელს ირანელი და რომაელი ჯარების სისხლისმღვრელი ბრძოლების შედეგად ქალაქი ფაზისი მთლიანად აოხრდა, მაგრამ ამის მიუხედავად, თავისი საერთაშორისო მნიშვნელობა მაინც არ დაუკარგავს.

ადრე ფეოდალურ ხანაში ქალაქი ფაზისი კვლავ ინარჩუნებდა დიდი სავაჭრო ცენტრის მნიშვნელობას. საქართველო შავი ზღვით უკავშირდებოდა დასავლეთის ქვეყნებს, რიონი-მტკვრის სანაოსნო გზით კი სამხრეთ-აღმოსავლეთის სახელმწიფოებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ამავე ხანებში ქალაქი ფოთი იყო ბიზანტიურ სამყაროში კარგად ცნობილი კულტურული ცენტრი. ამის შესახებ ცნობას იძლევა ბიზანტიელი ორატორი და ფილოსოფოსი თემისტიოსი, რომ ქალაქ ფოთში არსებობდა უმაღლესი სკოლა. კოლხეთის აკადემიის დაარსების თარიღად ქართველი მეცნიერები III საუკუნის შუა ხანებს თვლიან, თუმცა რუდოლფ შტაინერის ცნობით კოლხეთის აკადემია VII-VIII საუკუნეშიც არსებობდა. მეცნიერები ბევრ წარჩინებულ, ცნობილ ადამიანს მიაწერენ ამ აკადემიაში მოღვაწეობას, ასე მაგალითად იბერიის უფლისწული ბაკური (შალვა ნუცუბიძის მტკიცებით), არსებობს მოსაზრებები იმის შესახებაც, რომ კოლხეთის აკადემიაში მოღვაწეობდა გამოჩენილი ქართველი მოაზროვნე პეტრე იბერი.

საინტერესოა თუ ოფიციალურად როდის მოხდა ქალაქი ფაზისის მოხსენიება ფოთად. ისტორიულ ლიტერატურაში პირველად ამგვარ მოხსენიებას ადგილი აქვს VIII საუკუნის სომეხი ისტორიკოსის ღევონდის თხზულებაში. რაც შეეხება ქართულ წყაროებს, ქალაქი ფოთი პირველად გვხვდება XI საუკუნის ძეგლში “გიორგი მთაწმინდელის ცხოვრება”. ამ ცნობის თანახმად საზღვარგარეთიდან სამშობლოში დაბრუნებული გიორგი ათონელი ქალაქ სამსუნიდან ნავით ფოთის ნავსადგურში შემოსულა.

ფოთელთა საქმიანობას დიდი ყურადღება მიაქცია არქანჯელო ლამბერტმა – 1654 წელს ნეაპოლში დაბეჭდილ “სამეგრელოს აღწერაში”. ამ თხზულებაში იტალიელი მისიონერი აღნიშნავს: “ფაზისი ზღვას შეერთვის ორი ტოტით. ამ ტოტებს შორის არის კუნძული, რომელზედაც თურქებმა 1578 წელს ციხე-სიმაგრე ააგეს… დიდი ხანი არ არის მას აქეთ, რაც ეს ციხე დაანგრია აწინდელმა სამეგრელოს მთავარმა რომელმაც წამოიღო იქიდან უცხოური ზარბაზანი…” (ლამბერტი, 1991:159). არქანჯელო ლამბერტი ასევე ეხება ქალაქ ფოთში ნაოსნობასაც და მიუთითებს, რომ ნავებს ხშირად ქალები მართავდნენ. მისი თქმით, იმხანად ქალაქში თითოეულ ოჯახს ჰქონდა თავიანთი ხისგან გამოთლილი ნავი, რომლითაც გადიოდნენ ერთი ნაპირიდან მეორეზე. მოგზაურის ცნობით ქალაქში ბევრი მეთევზეც იყო.

ფოთის საკათედრო ტაძარი

ახლა მოკლედ შევეხებით ქალაქ ფაზისის სახელწოდებას. ეს სახელწოდება ქალაქისა მდ. რიონის ბერძნულ სახელწოდებად ითვლება, მაგრამ არაერთ ქართველ მკვლევარს უცდია მისი წარმომავლობის ახსნა ქართველურ ენათა მონაცემებით. ასე მაგალითად, ს. ჯანაშია თვლიდა, რომ ბერძული ფასიდი და ქართული ფოთი ერთი და იმავე ძირისაა (ამოსავალი ფრომა არის “ფასთი”). პავლე ინგოროყვას კი სულ სხვა მოსაზრება აქვს, მისი თქმით ამოსავალია ფას//ფს, რაც ქართულში წყალს ნიშნავს. მისი თქმით ქალაქის თავდაპირველი სახელწოდება ფასითი უნდა ყოფილიყო. ქალაქის სახელთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო მოსაზრება გამოთქვა გიორგი მელიქიშვილმა, მისი თქმით ფოთი ბერძნული კოლონიზაციის დროს ატარებდა სვანურ სახელწოდება “ფაშდ”-ს. დღემდე ქალაქის სახელწოდება დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ არის და მეცნიერთა კვლევის საგანს წარმოადგენს. ვვარაუდობთ, რომ კიდევ არაერთი მოსაზრება გამოითქმება ამ საკითხთან დაკავშირებით.

ახლა სანამ უშუალოდ შევეხებით ჩვენი მოხსენების მთავარ საკითხს, ქალაქში გავრცელებულ ტონომასტიკურ მასალას (ტოპონიმებს), არ შეგვიძლია გვერდი ავუაროთ და არ ვახსენოთ დღევანდელი ქალაქ ფოთის, მართლაც რომ ხელახლად დამაარსებელი ნიკო ნიკოლაძე. ნიკო ნიკოლაძემისი წვლილი დიდია ქალაქ ფოთის აღმშენებლობაში. იგი 1894 წელს ერთხმად არჩეულ იქნა ქალაქის თავის თანამდებობაზე. ნიკო ნიკოლაძის დიდი ეკონომიკური ალღოს წყალობით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ქალაქის ფინანსური მდგომარეობა. მან ნელ-ნელა დაიწყო ნავსადგურის ძირფესვიანად გადაკეთება და კეთილმოწყობა. ამ მიზნით გამოყოფილ იქნა 3953000 მანეთი. ახალი ნავსადგურის მშენებლობა მიმდინარეობდა 1863 წლიდან 1907 წლამდე. ასევე ნიკო ნიკოლაძის მმართველობის დროს ქალაქში განხორციელდა ელექტროფიკაცია. განათდა ნავსადგური და რკინიგზა. 1912 წლამდე გაყვანილ იქნა წყალსადენი.

ახლა კი გადავალთ ჩვენი მოხსენების მთავარ თემაზე და გაგაცნობთ ქალაქ ფოთში გავრცელებულ ტოპონიმებს. ეს ტოპონიმიკური მასალა კი ემყარება ძირითადად პროფ. პაატა ცხადაიას მიერ 1991 წლის 12 აგვისტოს მოპოვებულ მონაცემებს.

• ბოგვერაძის კუნძული – ეს გახლავთ ტყე, რომელიც მდებარეობს გურიის საზღვარზე. ბოგვერაძე კი როგორც ცნობილია ტყის მცველი იყო და სახელწოდება გვარიდან მომდინარეობს.
• გრძელი ეწერი – ეს გახლავთ საძოვარი, შემაღლება ფიჩორის მარჯვენა მხარეს.
• გურიის უბანი – კაპარჭინის მარჯვენა მხარეს, მალთაყვამდე, გურიიდან შემომავალ გზაზე. აქ დღესაც საკმაოდ ბევრი გურული ვხოვრობს.
• კუნძულის უბანი / დიდი კუნძული – ქალაქის ნაწილი პატარა რიონსა და მის ჩრდილოეთ შტოს შორის.
• კაპარჭინა – მდინარე, რომელიც გადიოდა პალიასტომის ტბიდან და უერთდებოდა შავ ზღვას. 1924 წელს 1 კმ-მდე სიგრძის არხით პირდაპირ შეუერთეს ზღვას.
• მალთაყვა – ეს არის დასახლება, ქალაქის სამხრეთ ნაწილში, საიდანაც გადის ბათუმის საავტომობილო გზა. მალთაყვასთან მოხდა ბრძოლა რუსეთისა და ოსმალეთის ჯარებს შორის ფოთის გამო. მალთაყვა როგორც სოფელი, შედიოდა ლანჩხუთის რაიონის შემადგენლობაში. მალთაყვაში ძირითადად გურულ დიალექტზე საუბრობენ. თქმულების მიხედვით მალთაყვის უბანი გაუვალი და ჭაობიანი ყოფილა. ხოლო აქ არსებული მდინარე მალთაყვა – ღრმა. მტრების ერთ-ერთი შემოსევისას ადგილობრივმა მოსახლეობამ აქ მოიმწყვდია მომხდურები, რომელთაც სიმწრისგან აღმოხდათ “მულტა აკუა” – რაც დიდ წყალს ნიშნავს. მას შემდეგ შემორჩა ამ ადგილს სახელწოდება მალთაყვა.
• ნაბადა – ფოთის ერთ-ერთი უძველესი უბანია. სახელწოდებასთან დაკავშირებით არსებობს რამდენიმე მოსაზრება. ზოგი მკვლევარის აზრით ქალაქის ამ ნაწილში უსიერი, “ნაბადივით” შავი ტყე იყო და სწორედ ამიტომ დაარქვესო ნაბადა. არსებობს სხვა მოსაზრებაც, ყულევში იდგა სამხედრო ნაწილი, მათ კი მდინარეზე ნავით უხდებოდათ გადმოსვლა, რუსებიც ამიტომ ხმარობდნენ სიტყვას “На баиду”, რის გამოც ადგილობრივ მოსახლეობაში დამკვიდრდა სიტყვა (სახელწოდება) ნაბადა.
• მეშვიდე კილომეტრი – ხიდი და პოლიციის საგუშაგო სენაკი-ფოთის გზაზე.
• მაიაკის უბანი – ეს გახლავთ ზღვისპირა უბანი შუქურასთან.
• პარკისუბანი – უბანი კაპარჭინასა და რიონის ახალ კალაპოტს შორის, ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში.
• პალიასტომი – ტბა შავი ზღვის სანაპიროზე. აკვატორია არის 1700 ჰა. პალიასტომთან არის დაკავშირებული საკმაოდ საინტერესო ლეგენდა, რომელიც მოგვითხრობს, თუ როგორ აღმოცენდა ეს ტბა. ზანთა ტომის ერთ-ერთ ბელადს, რომლის სახელიც პალია გახლდათ, ულამაზესი ასული ჰყავდა – არანია. მას მრავალი ხელის მთხოვნელი ჰყავდა. თუმცა არჩევანის უფლება ქალს ჰქონდა. რაკი რჩეული ვერ მოინახა, მამის თხოვნით არანიამ გამოცდა მოუწყო ვაჟებს. ყველა მათგანი მოედანზე შეკრიბა, ცენტრში კი გალიაში დამწყვდეული ვეფხვი გამოიყვანეს. მხეცი გალიიდან გამოუშვეს, მას არანია მიუახლოვდა და თვალებში ჩახედა, არანია კი უფრო და უფრო უახლოვდებოდა ნადირს, ვეფხვი კი ღრენას უმატებდა. საბოლოოდ მხეცი დამშვიდდა და თვალები დახარა, კუდი ამოიძუა და უკანა თათებზე დადგა. არანიამ კი ყველას იქ შეკრებილს მიმართა ვინც ჩემს ნამოქმედარს გაიმეორებს, სწორედ ის გახდება ჩემი ქმარიო. მხეცთან მიახლოვება ვერცერთმა ვაჟმა ვერ გაბედა. ყველანი უკანმოუხედავად გაიქცნენ. ერთ-ერთი მათგანი გულგატეხილი და უზომოდ შეურაცყოფილი ვაჟი, სახელად ჯაუში, შურისძიების წყურვილით შეპყრობილი ლაშქართან ერთად დაბრუნდა ზანეთში და იქაურობა დაარბიაა (პალიას მთელი ტომი დედაბუდიანად ამოახოცინა). მზეთუნახავი არანია და ტომის ბელადი პალია კი ცოცხლად შეაპყრობინა. სისხლიანი ანგარიშსწორების შემდედ ჯაუშმა ნადიმის გამართვა ბრძანა. პალიას ოქროს სასმისი ღვინით აავსო და სანამ დალევდა მიწა იძვრა, პირი გააღო და ჯაუში მისი ლაშქრითურთ შთანთქა. ჩაღრმავებული ადგილი კი ჭის წყლით ავსებულა და დიდ ტბად ქცეულა. პალიას ტომის ნამოსახლარზე ახლა პალიასტომის ტბა მდებარეობს. თუმცა გურიაში გავრცელებულია ლეგენდის სულ სხვა ვარიანტი, ის პავლიას ტომს უკავშირდება. ახლა რომ ტბაა იმ ადგილას თურმე ხმელეთი იყო და ზედ ხალხი იდგა და ამ ხალხს “პავლიას ხალხს” ეძახდნენ. ერთ დღეს ხმელეთმა ძირს დაიწია, მიწა გაირღვა და წყალმა მთელი სოფელი დაფარა. მხოლოდ ერთი დიაკვანი გადარჩა, რომელმაც მოასწრო მთავარანგელოზის ხატის გადარჩენა. ეს ხატი კი ჯუმათის მთაზე აიტანა და შემდეგ იქ ამ ხატს ეკლესია აუშენეს. ეს დიაკვანი კი გვარად დარჩია, დეკანოზად დააყენეს. ჯუმათის მთაზე მონასტერი დღესაც არსებობს და დარჩიები ახლაც ცხოვრობენ ჯუმათში. ასეთი გახლდათ ორი ლეგენდა პალიასტომზე, ტბაზე რომლის წიაღი და კუნძულები ჯერ კიდევ ბევრ ამოუცნობ საიდუმლოს ინახავს.
• გაზკანტორის ტბა – მდებარეობს ფოთის აეროპორტთან. აქვე მდებარეობს ქარხანა და ბენზინ გასამართი სადგური, ამის გამო, შესაძლოა უბრლოდ სწორედ მდებარეობის შესატყვისად უწოდეს მას გაზკანტორის.
• კუნძული კოლიმბარი – მდებარეობს მდინარე კაპარჭინასა და პალიასტომის ტბას შორის.
• ოქროს ტბა – მდებარეობს მალთაყვის უბანში (ადგილობრივები ხშირად მას რუსულად მოიხსენიებენ უბრალოდ озеро).
• ნახუტური – ახლანდელი ნინოშვილის სასაფლაოს ტერიტორიაზე რუსეთიდან გადმოსახლებული სტაროვერების ხუტორი არსებობდა (სტაროვერი – ძველი სარწმუნოების მიმდევარი ან `სტაროობრიადცი~ – ძველი წესის მიმდევარი. რუსი საეკლესიო და საერო პირები, რომლებმაც წინააღმდეგობა გაუწიეს 1653 წელს პატრიარქ ნიკონის მიერ შემოღებულ, ბერძნულ მართმადიდებლურ ლიტურგიაზე დაფუძნებულ რეფორმებს, ამ წინააღმდეგობის შედეგი იყო დიდი სქიზმა “რასკოლ” და შუა საუკუნეთა მრავალი ტრადიციის დაკარგვა რუსულ ეკლესიაში). თურმე ისინი დროთა განმავლობაში მალთაყვის უბნისკენ გადასულან საცხოვრებლად, ხოლო ნამოსახლარზე სასაფლაო გაუხსნიათ, რომელსაც ადგილობრივები ნახუტურით მოიხსენიებენ ხოლმე.

ლუკა კარკაძე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის
ეთნოლოგიის მიმართულების ბაკალავრიატის III კურსის სტუდენტი

ეძღვნება ბიძის – ვალერი სილოგავას ნათელ ხსოვნას

დამოწმებული ლიტერატურა:

1. გრიგოლია 1994: გ.გრიგოლია, ეგრის-ლაზიკის სამეფოს საისტორიო გეოგრაფიის პრობლემები, თბ., 1994.
2. ცხადაია 2007: პ. ცხადაია, სამეგრელოს გეოგრაფიული სახელწოდებანი, ტ. III (ხობის რაიონი, ქ.ფოთი), თბ.,2007.
3. ცხადაია 1999: პ. ცხადაია, ძიებანი კოლხეთის ტოპონიმიიდან, თბ.,1999.
4. ლამბერტი 1991: არქანჯელო ლამბერტი, სამეგრელოს აღწერა, თბ., 1991.
5. ბერძენიშვილი 1969: მ. ბერძენიშვილი, ქალაქ ფაზისის ისტორიისათვის, მეცნიერება, თბ., 1969.
6. გაგუა 1997: ვ.გაგუა, კოლხეთის (ფაზისის) აკადემია, თბ., 1997.
7. ჯაფარიძე 2001: ანანია ჯაფარიძე (მიტროპოლიტი), ტბები და მდინარეები ისტორიულ კოლხეთში, თბ., 2011


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.