მთავარი » ჯანმრთელობა

რა შემთხვევაშია პური ადამიანის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 23.06.2017 | 7,405 ნახვა

რა სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს პური და რა შემთხვევაში ახდენს პური წონის მატებაზე გავლენას? “ამბიონს” ამ თემაზე ესაუბრა ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი, მედეა ამაშუკელი:

რა სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს პური?

პური ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი საკვები პროდუქტია. იგი წარმოადგენს ნახშირწყლების, უჯრედისის, ვიტამინებისა და მინერალების მნიშვნელოვან წყაროს. პურში განსაკუთრებით დიდი რაოდენობით B ჯგუფის ვიტამინები გვხვდება, პური რომლებიც აუცილებელია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. მინერალებიდან გამოვყოფდი კალციუმს, კალიუმს, რკინას. აღნიშნულ სასარგებლო ნივთიერებებს ძირითადად შეიცავს ხორბლის მარცვლის გარსი და ჩანასახი.

როგორი ფქვილისგან გამომცხვარი პურია სასარგებლო ადამიანის ჯანმრთელობისთვის?

თანამედროვე ტექნოლოგიით ე.წ. უმაღლესი ხარისხის თეთრი ფქვილის წარმოებისას, ხორბალს შორდება გარსისა და ჩანასახის უმეტესი ნაწილი და რჩება ნაკლებად სასარგებლო, ადვილად შეწოვადი მარტივი ნახშირწყლები. თანამედროვე კვლევებმა დაადასტურა, რომ თეთრი ფქვილისგან დამზადებული პროდუქტების დიდი რაოდენობით და რეგულარული მოხმარება ზრდის სიმსუქნის, ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების (ინფარქტის, ინსულტის) რისკს, ამიტომ უმჯობესია უპირატესობა მივანიჭოთ უხეშად დაფქული, არარაფინირებული, ე.წ. ცეხვილი ფქვილისგან დამზადებულ პურეულს. ასევე რეკომენდაციას გავუწევდი ჭვავისა და ქატოს შემცველ პურეულს, რადგან ცეხვილი პურეულის მსგავსად, ისინიც დიდი რაოდენობით უჯრედისს შეიცავენ. ეს არის ნივთიერება, რომელსაც სხვაგვარად „ორგანიზმის ცოცხსაც“ უწოდებენ, რადგან აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის პერისტალტიკას და უზრუნველყოფს ტოქსინების გამოდევნას, ქოლესტერინის დონის მოწესრიგებას და გვიცავს მრავალი ქრონიკული დაავადებისგან. თეთრ ფქვილში კი უჯრედისი მინიმალური რაოდენობითაა.

როგორი პური უნდა მივიღოთ სხვადასხვა დაავადებების დროს?

როგორც მოგახსენეთ, როგორც ჯანმრთელი, ისე ენდოკრინული, კარდიოლოგიური და ონკოლოგიური დაავადებების მქონე ადამიანებისათვის უმჯობესია რუხი – ცეხვილი, ჭვავის ან ქატოსგან დამზადებული პურის მიღება. არსებობს ისეთი დაავადებებიც, კერძოდ – ცელიაკია, გლუტენის აუტანლობა და ხორბლის ალერგია, როდესაც პაციენტებს ვუკრძალავთ ყველანაირი პურეულის მიღებას.

რა რაოდენობის პური უნდა მიიღოს ადამიანმა დღის განმავლობაში? რა შემთხვევაში ახდენს პური წონის მატებაზე გავლენას?

პური თანამედროვე რეკომენდაციებით, ადამიანმა დღის განმავლობაში უნდა მიიღოს 6-10 ულუფა პურეული. აღნიშნულ ნორმაში პურის გარდა შედის ბურღულეულიც. 1 ულუფა საშუალოდ უტოლდება 1 ნაჭერ (30 გ) პურს ან ½ ჩაის ჭიქა (100-120 გ) საკვებად გამზადებულ ბურღულეულს. ინდივიდუალური რეკომენდაციის მიცემისას, ვითვალისწინებთ ადამიანის ასაკს, სქესს, ფიზიკური აქტივობის დონეს. მაქსიმალური რაოდენობის პურეული სჭირდებათ ახალგაზრდა, ფიზიკურად აქტიურ მამაკაცებს და მოზარდ ბიჭებს. იქიდან გამომდინარე, რომ პური კალორიული პროდუქტია (100 გ შეიცავს დაახლოებით 240 კილოკალორიას), აღნიშნული ნორმების გადაჭარბებისას, თავისთავად იზრდება წონაში მატების რისკი.

მიზანშეწონილია თუ არა პურის სრულად ამოღება რაციონიდან?

მიუხედავად იმისა, რომ ამ ხერხს ხშირად მიმართავენ დიეტების დროს, ნამდვილად არ არის მიზანშეწილი პურის და პურეულის სრული ამოღება რაციონიდან, რადგან როგორც უკვე აღვნიშნეთ, პური არის ვიტამინების, მიკროელემენტების და უჯრედისის მნიშვნელოვანი წყარო. უბრალოდ ჭარბი წონის და სიმსუქნის შემთხვევაშიც უპირატესობა უნდა მიენიჭოს ცეხვილი ხორბლის, ჭვავის და ქატოს პურს. თავისთავად, პურეულის აკრძალვას მოჰყვება სწრაფი შედეგი წონაში კლების თვალსაზრისით, თუმცა ორგანიზმისათვის ოპტიმალურია დაბალანსებული – ნახშირწყლების, ცილების და ცხიმების შემცველი დიეტა.

დღეს ბაზარზე ბევრი სახეობის პური იყიდება, როგორ უნდა გაარჩიოს მომხმარებელმა ჯანსაღი პროდუქტი?

რამდენიმე წლის წინ დახლებზე მხოლოდ თეთრი, ქიმიური საფუარით დამზადებული და საეჭვო ხარისხის, უმეტესად საღებავებით შეფერილი რუხი პური ეწყო. სიმართლე გითხრათ, მიხარია რომ უკანასკნელ წლებში მომხმარებელს გაუჩნდა არჩევანის გაკეთების საშუალება. თუმცა, სწორი გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ არის. რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას მოგცემთ:

• სასურველია შეიძინოთ შეფუთული პური, რადგან ამ შემთხვევაში ნაკლებია პურის დაბინძურების ალბათობა;
• აუცილებლად წაიკითხეთ შეფუთვა. თუ შეფუთვაზე მითითებულია ვიტამინები და დანამატები, სავარაუდოდ საქმე გვაქვს ქიმიურ დანამატებთან, რომელსაც უნდა მოვერიდოთ;
• დააკვირდით როგორი საფუარით არის პური დამზადებული. სამწუხაროდ, უფრო ხშირად გამოიყენება ქიმიური, თერმოფილური საფუარი, მაშინ როდესაც ყველაზე სასარგებლოა ნატურალური, სვიის საფუარით მომზადებული პური. ვიზუალურად ის ნაკლებად გაფუებული და თითის დაჭერით ნაკლებად ელასტიურია;
• პურს დამზადებისას გემოს გასაუმჯობესებლად უმატებენ შაქარს. პური ბევრად უფრო სასარგებლო, ნატურალური და გემრიელია, თუ შაქრის მაგივრად გამოყენებულია თაფლი;
• პურს უნდა ჰქონდეს სასიამოვნო სუნი და გემო, ახალი პური არ უნდა იფშვნებოდეს;
• დაძველებისას არ უნდა გახდეს წებოვანი;
• რუხი პურის წყალში ჩადებისას წყალი არ უნდა შეფერადდეს.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი