მთავარი » კულტურა

პროექტი “საქართველოს ხერხემალი”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 26.03.2011 4 კომენტარი | 3,196 ნახვა

საქართველოს ხერხემალისამების ტაძართან არსებულ ახალგაზრდულ ცენტრში კინოპროექტ ,,საქართველოს ხერხემლის” მეოთხე ფილმის ჩვენება გაიმართა. საღამოს ესწრებოდნენ სამღვდელო პირები, მეუფე იოანე, რაიონებიდან ჩამოსული სკოლის დირექტორები და მასწავლებლები. ღონისძიებას უძღვებოდა პროექტის ხელმძღვანელი ალექსი გელაშვილი. ,,საქართველოს ხერხემლის” შემოქმედებითი ჯგუფის მიზანია, გადაღებული ფილმებით ქართველებში დაამკვიდროს განწყობა: ,,არა მოველ, რათა გიმსახურო, არამედ მსახურებად შენდა”. პროექტის შესახებ ,,ამბიონს” თავად ალექსი გელაშვილი ესაუბრა.

გელაშვილი ალექს (პროექტ ,,საქართველოს ხელხემლის” ხელმძღვანელი, ავტორი): ,,2008 წელს უწმიდესთან იყო შეხვედრა იმ ლიდერებისა, რომლებიც ახალგაზრდებთან თანამშრომლობდნენ. მეუფე სტეფანეს კურთხევით მეც ვიყავი მოწვეული, ვინაიდან უკვე მქონდა გაკეთებული სატელევიზიო გადაცემები და ლიტერატურული თეატრები სკოლებში. პატრიარქმა ასე დააყენა საკითხი: რა გადაარჩენს საქართველოს? როგორ უნდა ვითანამშრომლოთ მოსწავლე-ახალგაზრდობასთან? პასუხები შემდეგნაირი იყო: მართლმადიდებლობა, ზნეობა, სიყვარული… ვერავინ გასცა სწორი პასუხი. მაშინ პატრიარქმა თქვა: მთავარი არის გაქართველება რა ფორმითაც გინდა: სიმღერით, ცეკვით, სალამურით, ფილმით, ლექსითა და, რა თქმა უნდა, ტაძრით. და თუ კარგი ქართველი გახდა, გაეროვნულდა, ის კარგი მართლმადიდებელიც იქნება, ზნეობრივი ადამიანიცა და მოყვასის მოყვარულიცო. ეს კურთხევა იყო, ამიტომ ჩამოვედით თუ არა, დავსახეთ მიზნად, ის წიგნები, რომელთაც დღევანდელი თაობა უკვე აღარ კითხულობს, აგვეღო, დაგვემუშავებინა და ეფექტური ხერხით მიგვეწოდებინა ახალგაზრდობისათვს და ქართული ფესვები ამით გაგვეცოცხლებინა. როცა რუსთავში პირველი პროექტი ვაჩვენეთ ალექსი ბერის ცხოვრებაზე, იმ წლები კინოთეატრები აღარ ფუნქციონირებდა. ვიგრძენი, უცებ ღმერთმა გამიხსნა გზა. დავინახე, რომ სულ სხვანაირად უსმენდა და უყურებდა ახალგაზრდობა კინოს. ტელეფონები გამორთული ჰქონდათ, ფილმის მსვლელობისას რეკლამა არ ერთვებოდა, არავინ არავის ეჩურჩულებოდა… გამიჩნდა აზრი, რომ სწორედ ასეთი შეკრებები იყო საჭირო ხალხისათვის, ერთობლივი ლოცვები, ერთობლივი ჩვენება ფილმისა, რაც სხვანაირი შედეგის გამომღები იქნებოდა.

ამ დროს რუსთავში იქაურმა კინოთეატრის დირექტორმა არჩილ მუჯირიშვილმა მითხრა ასეთი რამ, რომ მე თუ გადავიღებდი მართლმადიდებლურ ფილმს, მაშინ მართლმადიდებლური ფილმების ჩვენებას დავიწყებ რუსთავშიო. შევპირდი, თუ ამას განახორციელებდა, საგანგებოდ იმ დღესვე დავიწყებდი მზადებას. მართლაც, რაც კი მასალები მქონდა გამოუყენებელი, შენახული, მთელი ჩემი შესაძლებლობა, კადრები, ცოდნა გამოვიყენე და საფუძველი ჩავუყარე პროექტს, რომელსაც ,,საქართველოს ხერხემალი” დავარქვი. პირველ რიგში, რუსთავში სკოლის დირექტორები მოვიწვიე, ქართულის, ისტორიისა და რელიგიის სპეციალისტები და მოძღვრები. ყველას მოეწონა იდეა. დავიწყეთ კინოთეატრში რუსთაველი ბავშვების ტარება, რამაც საოცარი შედეგი გამოიღო. სკოლა არ იყო, რომ არ ეთქვა: ცრემლების გარეშე ვერავინ უყურებდა, ბავშვები ყურადღებით უსმენდნენ და ტაძარში სიარული დაიწყესო.

ამის შემდეგ მეორე პროექტიც გავაკეთეთ. პირველ პროექტს ,,ქართული იდეა” ერქვა. მეორე პროექტია ,,დედა ეკლესია,, და ფილმს ,,დაჭრილი მზე” ეწოდება. როდესაც მეორე პროექტის პრეზენტაცია გვქონდა რუსთავში, პატრიარქის წარგზავნით ჩამობრძანდა მეუფე იოანე, რომელიც თან საგანმანათლებლო სფეროს ხელმძღვანელობს საპატრიარქოში. მეუფემ რომ უყურა, პირდაპირ ასეთი სიტყვები თქვა: მე ამ დარგში, ანუ მართლმადიდებლური ეკლესიური სწავლებით, ასეთი ფილმი არ მინახავსო. იქ იყვნენ პროფესორები: გოჩა გუგუშვილი, მამა გიორგი – ჩვენი მთავარი რედაქტორი და მან მითხრა: შენ ახლა ყველაფერს თავი დაანებე და ამ კაცს მიხედეო. მაშინ მივხვდით, რომ შემთხვევით არ მოხდა ჩვენი იდეის წარმოშობა.
ამ ყველაფერს თან სდევდა განსაცდელებიც. ჩვენი ნაკლია შური, მტრობა, დაუდევრობა, ღვარძლი… ამიტომ არასდროს ჩემს თავს რეჟისორს არ ვეძახი. თავად მე პედაგოგი გახლავართ და ეს არის გაკვეთილები, როგორ გავუცოცხლო ქართული ფესვები ჩემს მოსწავლეებს.

ასე დავიწყეთ და მეუფე იოანემ კურთხევა მოგვცა, სასწრაფოდ თბილისში გადმოგვენაცვლა და გვითხრა, პირველი ფილმის პრეზენტაციას იქ ველოდებიო.

ერთ კვირაში კინოთეატრ რუსთაველში გაიმართა პრეზენტაცია. პირველად გადიოდა კინოთეატრში მართლმადიდებლური ფილმი ,,ქართული იდეა”. იქაც ჩვენდა გასაკვირად ფართოდ გაგვიღეს კარი. დიდი პლაკატი დაგვამზადებინეს. ჩვენი ხათრით 3 ლარამდე შეამცირეს თანხა და დიდი შეღავათი გაგვიკეთეს. ერთადერთი უარყოფითი ის იყო, რომ ჩვენება 12 საათზე დაგვინიშნეს, რადგან სხვა დროს არ ხერხდებოდა.

თბილისში 5 პრეზენტაცია მოვაწყეთ 5 რესურს ცენტრში გამგეობების მიხედვით. მართლაც გმირული შედეგი აჩვენა გლდანი-ნაძალადევის გამგეობამ. არის ასეთი პიროვნება, გვარად ზანდუხაძე, რომელიც თავად დაესწრო და ახმეტელის თეატრში თავად გამართა ფილმის ჩვენება, დირექტორებიც მანვე მოიწვია, თან მირჩია, ეს ისეთი ფილმია, ,,დააპატენტე”, თორემ ქართველები წაგართმევენ იცოდეო. ასე ნელ-ნელა მივხვდით, რომ სერიოზულ წამოწყებასთან გვქონდა საქმე. ყველაზე აქტიური თბილისში გლდანი-ნაძალადევის რაიონი იყო. ზოგადად თბილისი კი, გულწრფელად გეტყვით, ამით ვერ გამოირჩეოდა. მეტად გაგვიჭირდა პროექტის განხორციელება ვაკე-საბურთალოს, მთაწმიდა-კრწანისის, დიდუბე-ჩუღურეთისა და ისნის რაიონებში. ახლაც გრძელდება პროექტი, თუმცა თბილისში ყველაზე ნაკლებად.

ორი ფილმი ასე გადავიღეთ და დავიწყეთ რეგიონებში სტუმრობა. თავიდან 50 ლარი ვისესხეთ, ზვიადი წავიდა ქუთაისში, სადაც მეგობრები დახვდნენ და შეიფარეს, მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის ბინა თურმე ექირავებინათ, ჩვენ კი გვითხრეს, რომ საკუთარი ბინა იყო და დავრჩენილიყავით. მაშინ არც ფული და არც დისკები არ გაგვაჩნდა. ერთი დისკით ჩავატარეთ პრეზენტაციები. ხალხი ტიროდა კინოჩვენებებზე. დავხარჯეთ ის 50 ლარიც და დავსხედით ასე ხელცარიელები. ერთმა დირექტორმა იკითხა, ვინ გვაფინანსებდა. როცა გაიგეს, რომ არავინ გვყავდა დამხმარე, თქვეს: სადამდე გასწვდებით, ვიცით, ფილმები რაც ღირს. გაკეთდება ერთი, ორი და გაჩერდება პროექტი, ჩვენ კი სურვილი გვაქვს, თქვენს საქმეს შევეწიოთო. გვთხოვეს, გაგვეხსნა ანგარიში და ვისაც რამდენი სურდა, შესწირავდა. მართლაც, ასეც მოვიქეცით. დისკზე ეს ანგარიშიცაა მითითებული. ახლა უკვე საიტიც გვაქვს, რომელზეც დიდი ასოებით აწერია: მოუარე საქართველოს. ჩვენი პროექტის მიზანიც ესაა.

პირველი თანხა რომ გადმოირიცხა, ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. სოფელ ჭერემის სკოლას 7 მოსწავლე ჰყავს და 10 ლარი გადმოგვირიცხეს. კაზრეთის სკოლამ სენსაცია მოახდინა. ფილმის შესაწირი ხომ ააგროვეს, მერე თურმე ბავშვებს ჩაუტარებიათ საქველმოქმედო ღონისძიებები, პედაგოგებს ცალკე დაუდიათ ფული და საბოლოო ჯამში 501 ლარი გადმოგვირიცხეს. სიხარულისა და გაოგნებისაგან კინაღამ ცუდად გავხდი. ასე თავდაუზოგავად გვეხმარებიან და ჩვენც ვბეჭდავთ დისკებს და დავდივართ ყველგან. უკვე თითქმის მთელი რეგიონები მოვიარეთ. გადავიღეთ მესამე ფილმიც სახელწოდებით ,,ლაზარე”. მეოთხე ფილმს საფუძვლად დაედო განწყობის თეორია და სათაურადაც `განწყობის თეორია~ დავარქვით. პატრიარქის კურთხევა პირადად გვაქვს და როდესაც მან ნახა ეს ფილმი, ერთი რამ შეგვისწორა: განწყობის თეორია არ უწოდოთ, ,,სამშობლოსმცოდნეობა” დაარქვითო, რადგან ეს უფრო სამშობლოს მცოდნეობის გაკვეთილია და ის კი სამეცნიერო ფილმივით ჟღერსო.

რაც შეეხება სტუდიას, მისი სახელწოდებაა ,,გუთანი”. ეს სახელი სწორედ იმიტომ დავარქვით, რომ როგორც მოსახნავი მიწა, დღეს ქართველის გული და სული ასეა გაპეტიშებული. ჩვენმა ფილმებმა გუთანივით უნდა გადაუაროს ყოველი ქართველის გულს, რომ მოანოყიეროს, რათა შემდეგ ღვთის სიტყვა რომ ჩაითესება, ნაყოფი გამოიღოს. აქ ჩვენ სულის გუთანს ვგულისხმობთ.
შემოქმედებითი ჯგუფის წევრები არიან: ზვიად სეხნიაშვილი (კვირის პალიტრის ცნობილი ჟურნალისტი, სოსო პირველი. ისინი, ძირითადად, პროდიუსერები არიან. მათ რეგიონებში დააქვთ ეს ფილმები. მე ჩემი პატარა სტუდია მაქვს და ვასწავლი ოპერატორობას, სცენარზე მუშაობას, მონტაჟს. 10-15 ბავშვი მყავს, ჩემი გაზრდილები, რომლებთან ერთადაც ვაპირებ შემდგომში რეგიონებზე, სოფლებსა და მაღალმთიან რაიონებზე ინტერნეტ-ტელევიზიის გაკეთებას, რომ უსწრაფესი ინფორმაცია ჩამოვიტანოთ. ჩვენი მისამართია www.gutani.ge.

ამჟამად ყაზბეგზე ვიღებთ დოკუმენტურ ფილმს. ყველაზე ბევრს სცენარებზე ვმუშაობთ, რადგან ჯერ ჩვენ ვსწავლობთ ამ ყველაფერს. მე რომ ქართულ ენაზე გადავიღე ფილმი, გავოგნდი, თურმე არაფერი მცოდნია ჩემი მამულის შესახებ. იგივე მოხდა განწყობის თეორიაზე. სამი-ოთხი თვე დამჭირდა მარტო ამის გაანალიზება, ერთი წელი კი იმაზე ფიქრი, ადვილად რა სიტყვებით დამეწყო ფილმი. ახლა ასეთი იდეა გვაქვს: გადავიღოთ ფილმი ოჯახის თემაზე. ამასთან დაკავშირებით გამაოგნებელი ქადაგება აქვს მამა სერაპიონს, მამა თეოდორესა და მეუფე იოანეს. გვსურს, მეუფე ზოსიმე ჩავრთოთ სისტემატურად, ასევე, წილკნელი უჭკვიანესი ეპისკოპოსი. უნდა მოვუყაროთ მათ აზრებს თავი, დავამუშავოთ საკითხი წიგნებიდან, გაზეთებიდან თუ ჟურნალებიდან და დავწეროთ სცენარი. შემდეგ მეუფეს წავაკითხებთ, რომ არაფერი შეგვეშალოს, გვყავს ფილოლოგები, სარედაქციიო საბჭო, რომლებიც გვეხმარებიან და ამის შემდეგ გავმართავთ პრეზენტაციას. ერთ-ერთ იდეად გვაქვს ფილმის გადაღება თემაზე ,,სული გარდაცვალების შემდეგ”.

მთლიანად პროექტის მთავარი მიზანია, ქართული ფესვები გავაცოცხლოთ ყველაში, განსაკუთრებით კი ჩვენს მოზარდებში, რადგან მოზარდი ჩვენი მომავალი თაობაა. როგორი ახალი თაობაც გვეყოლება, ისეთი მომავალი გვექნება. ფილმით ,,სამშობლოსმცოდნეობა” გვინდოდა გვეთქვა, რომ დღეს, ნებსით თუ უნებლიედ, მტრის ზეწოლით არის ასეთი განწყობა შექმნილი: საქართველოში რა ვაკეთო? ანუ ქართველები ფიქრობენ, როგორ დატოვონ საქართველო, რადგან პერსპექტივა არ აქვთ. ფილმის მიზანი კი გახლავთ ის, რომ ასე კი არ დავაყენოთ საკითხი: რას მომცემს საქართველო, არამედ მე რას მივცემ საქართველოს და არსებული განწყობა ამით უნდა შეიცვალოს. ეს არის გაკვეთილი სამშობლოს მცოდნეობისა. მთავარია ქართველებში ასეთი მიმართულება დამკვიდრდეს: მე როგორ მოვემსახურო საქართველოს და არა – მე რაში გამოვიყენო სამშობლო!”

თათია ნავროზაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

4 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი