მთავარი » სხვადასხვა

პროექტი ,,ახალი ქართული პროზა”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 14.12.2010 3 კომენტარი | 2,958 ნახვა

8 დეკემბერს ,,ახალი ქართული პროზის” პირველი ტომი _ ოტია იოსელიანის მოთხრობების კრებული ,,ქალი მაინც ქალია” გამოვიდა. წიგნი ჟურნალ სარკესთან ერთად გაიყიდა. ყოველი ტომი ორ კვრაში ერთხელ გამოვა. პროექტის მე-2 ტომში გურამ მეგრელიშვილის რომანი და მოთხრობები იქნება. მისი სახელწოდებაა ,,ორი მილიონი უფასოდ.” პროექტში ნავარაუდევია ქართველი მწერლების მიერ ბოლო 20 წელიწადში დაწერილი ნაწარმოებების გამოცემა. პროექტის შესახებ გვესაუბრება პროექტის ,,ახალი ქართული პროზის” იდეის ავტორი სოსო გოგინაშვილი:

როგორ გაჩნდა პროექტის იდეა?

კვირის პალიტრამ, როგორც ვიცით, გზასთან ერთად წამოიწყო თავისი ძალიან კარგი პროექტი, რომელიც ,,ქართული პროზის საგანძურით” არის ცნობილი. მაშინ ჩვენ ვიფიქრეთ, რომ სხვა ნიშა აგვერჩია, ანუ გვესაუბრა უახლოეს პერიოდზე, რადგან იქ, ძირითადად, კლასიკოსები არიან,თანამედროევ ქართველი ახალგაზრდები და არაახალგაზრდები კი ფრაგმენტულად არიან ცნობილები და ჩვენ შეგვეძლო, რომ ეს ყველაფერი ერთიანად გაგვეკეთებინა და ერთიანი სახით გვეჩვენებინა, თუ ვინ რას წერს.

რა არის ამ პროექტის მიზანი?

მიზანი არის ამ ახალგაზრდა ნიჭიერი ხალხის წარმოჩინება. ასევე, იმის ჩვენება, რომ ისინი იმაზე უკეთ წერენ, ვიდრე ჩვენ გვგონია. რეალურად ასეა, უბრალოდ, არ ჩანს. წამოიდგინეთ ერთ ოთახში მიყრილ-მოყრილი ძვირფასეულობა, რომელსაც ვერავინ ხედავს, რადგან ზოგს ჩვარი აქვს დაფარებული, ზოგს სხვა ნივთი. ერთხელაც მივიდა ვიღაც, გამოაჩია ეს ძვირფასეულობა და მაგიდაზე დადო თვალსაჩინოდ.

ძირითადად როგორ ხდება ამ ნაწარმოებების მიღება? ავტორი თვითონ გთავაზობთ?

არის ასეთი საიტი lib.ge სადაც ძალიან ბევრი ნაწარმოები დევს. ჩვენც იქიდან, ასე ვთქვათ, ვსაზრდოობთ. გარდა ამისა, ჩვენც ვიცნობთ ნიჭიერ მწერლებს. შესაძლებელია უშუალოდ ავტორისაგანაც მივიღოთ ნაწარმოებები, მაგრამ აუცილებელია მოთხოვნას აკმაყოფილებდეს. ხარისხიანი უნდა იყოს ნაწარმოები და საინტერესო, რა თქმა უნდა. როდესაც ავტორი მოდის ჩვენთან, მას უკვე პროფესიულად ვესაუბრებით. რჩევებსაც ვაძლევთ კონსულტაციის სახით, რადგან მწერალი ზოგჯერ ღრმად იჭრება თავის სამყაროში და ის უკვე ვეღარ საზღვრავს, რომ შეიძლება რომელიმე ეპიზოდი მართლაც კარგი იყოს, თუმცა ზედმეტი აღმოჩნდეს სიუჟეტისთვის. მკითხველზეც ხომ უნდა ვიფიქროთ? უმთავრესი მიზანიც ისაა, რომ მკითხველს სიამოვნება მივანიჭოთ ნაწარმოების წაკითხვით. ლიტერატურის არსიც ეს გახლავთ და არა ჭკუის სწავლება, როგორც ეს ბევრს ჰგონია.

კონკურენცია როგორია?

კარგი. იცით, ისე არ არის, რომ, ვთქვათ, მატარებელი ყოველ 5 წუთში გადის და აბა, ვინ მოასწრებს… ყველა მოასწრებს, რადგან, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს შეზღუდული პროექტი არ იქნება. ეს არ იქნება 50 ნომერი, პერსპექტივაში 500-იც იქნება და 1000-იც. ახალი ქართული პროზა 30 წლის შემდეგაც ახალი ქართული პროზა იქნება, ოღონდ იქ სხვა ხალხი შევა. ანუ ეს იდეა ,,ახალი ქართული პროზა” მუდმივია თავისი არსით.

სერიის პირველი წიგნი ოტია იოსელიანის ,,ქალი მაინც ქალია” უკვე გამოვიდა. რატომ მაინცდამაინც ოტია იოსელიანის ,,ქალი მაინც ქალია?” თუ ჩაატარეთ გამოკითხვა ხალხში?

არა. არ გვინდოდა პირდაპირ ახალგაზრდით დაგვეწყო. რაღაც შუალედის შერჩევა გვსურდა. თაობების გამაერთიანებლად ოტია იოსელიანი, საკმაოდ ხალისიანი, საინტერესო და სერიოზული მწერალი ავირჩიეთ. ბევრისთვის ოტია იოსელიანი მარტო სახელია. ზოგი მის შემოქმედებას არც იცნობს. გირჩევთ წაიკითხოთ, დიდ სიამოვნებას მიიღებთ. ხანდაზმულობის მიხედვით არ გადაგვიწყვეტავს ეს. ერთადერთი აუცილებელი ფაქტორი ჩვენთვის არის პოსტკომუნისტური პერიოდი, როდესაც თავისუფალი გახდა წერა. ბოლშევიკების დროს შეზღუდვა იყო, რადგან იმის მეასედსაც ვერ გამოაქვეყნებდი, რასაც – ახლა. დაისჯებოდი ფიზიკურად და არა მარტო – შენ. ჩვენს თაობას ძალიან კარგად ახსოვს ის პერიოდი. გადაბრუნებული სიტყვა გამორიცხული გახლდათ, მთავრობის კრიტიკა ხომ – საერთოდ. გაფიქრებაზეც კი იჭერდნენ, ახლა კი სხვა დროა. რაც გინდა დაწერე… და ეს საკმაოდ რთულია.

ანუ ძირითადად გასული 20 წლის განმავლობაში მოღვაწე მწერლებიც ამიტომ აირჩიეთ?

დიახ. რეალურად პროზას ახლა ეყრება საფუძველი. როცა თავისუფალი ხარ და შეზღუდვა არ გაქვს, ერთი მხრივ, კარგია, მაგრამ მეორე მხრივ – რთული, რადგან თუ რაღაცას გაბედავ, შეიძლება საშუალო დონის პროზაიკოსი იყო და მხოლოდ იმიტომ, რომ გაბედავ, ცნობილი გახდე. ლიტერატურა ძალიან ღრმა არის. ის ერის სარკეა. ერის აზროვნება პროზაშია მოქცეული. ლექსებში – უფრო ნაკლებად. ლექსები ძალიან მიყვარს, მაგრამ ისინი უფრო ალეგორიულია და წამიერი. თუმცა ჩვენ დიდი პროზაული ნაწარმოები არ გვაქვს. ერთადერთია ,,ვეფხისტყაოსანი.” მისი რანგის ნიმუში არ გაგვაჩნია.

როგორ იყიდება ჟურნალი წიგნებთან ერთად? თუ არის განსხვავება პროექტამდე და პროექტის განხორციელების შემდეგ გაყიდულ წიგნების რაოდენობას შორის?

ჟურნალი ჩვეულებრივ იყიდება, რაგან ,,სარკეს” ისედაც სერიოზული აუდიტორია ჰყავს. ვერ ვიტყვი, რომ პირველი ტომის გამოცემამ მის გაყიდვაზე იმოქმედა. გაყიდულ ნომერთა რაოდენობა არც გაზრდილა და არც შემცირებულა.

თათია ნავროზაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

3 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი