მთავარი » ქრისტიანობა

პრაქტიკული რჩევები აღმსარებელს

სტატიის ავტორი: | თარიღი: 27.03.2019 | 1,030 ნახვა

აღსარებას,
ჩვეულებრივ, აბარებენ ტაძარში, ნებისმიერ დროს, და არა აუცილებლად ღვთისმსახურების აღსრულების დღეს, ამასთან, მოძღვარს შეუძლია აღმსარებელთაგან ტაძრის გარეთაც, მაგალითად, სახლშიც მიიღოს აღსარება.

როცა აღსარებაზე მივდივართ, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი უმთავრესი მიზანია მთელი გულწრფელობით გადავუშალოთ ღმერთს ჩვენი შემუსრვილი გული და არ ვეცადოთ გამართლების მოძებნას ჩვენი საქციელებისათვის რაღაც ცხოვრებისეულ ვითარებებში, ანდა სხვა ადამიანების ქმედებებში, როგორც ეს ხშირად ხდება. როცა საკუთარ ცოდვებზე ვლაპარაკობთ, არ უნდა შემოვიფარგლოთ ბევრისთვის ძალზე პოპულარული და თავისი არსით მზაკვრული აღიარებით – „ძალზე ცოდვილი ვარ“, „ყველაფრით შევცოდე“, „ვცოდე საქმით, სიტყვით და ზრახვებით“, „ყოველ ნაბიჯზე ვცოდავ“ და მისთ. აღსარებაზე საჭიროა მოვინანიოთ კონკრეტული პირადი ცოდვები, რომლებიც შეგნებული გვაქვს და რომლებიც ჩვენში სინანულის გრძნობას იწვევენ. არ არსებობს უცოდველი ადამიანი, მაგრამ საკუთარი ცოდვების დანახვა – ესეც საღვთო ნიჭია, რომელიც ლოცვით უნდა გამოვთხოვოთ უფალს. ხოლო გამოთქმა – „არაფრით არ შემიცოდავს“, მოწმობს ან იმას, რომ ადამიანს არ ესმის ცოდვის არსი, ანდა იმას, რომ მისი სული სრულიად გაქვავებულია.

ზოგჯერ
აღსარების ჩაბარებისას, სუსტ მეხსიერებას აბრალებენ იმას, რომ ყველა ცოდვას ვერ იხსენებენ. მართლაც, ჩვენ ხშირად ძალზე ადვილად და სწრაფად ვივიწყებთ ჩვენს შეცოდებებს, დაცემებს. მაგრამ განა ეს ჩვენი სუსტი მეხსიერების გამო ხდება? აკი კარგად გვამახსოვრდება შემთხვევები, როცა მწარედ შეეხებიან ხოლმე ჩვენს თავმოყვარეობას, როცა დაუმსახურებლად გვაწყენინებენ, ანდა პირიქით, ყოველივე ის, რაც აამებს ჩვენს ქედმაღლობას: ჩვენი წარმატებები, კეთილი საქმეები, შექებანი და მადლიერებანი ჩვენი მისამართით დიდხანს, მრავალი წლის შემდეგაც კარგად გვახსოვს. ანუ ყველაფერი ის, რაც ჩვენს საერო ცხოვრებაში ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს ჩვენზე, ჩვენ დიდხანს და მკაფიოდ გვამახსოვრდება. და განა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საკუთარ ცოდვებს მხოლოდ იმის გამო ვივიწყებთ, რომ არ ვანიჭებთ მათ სერიოზულ მნიშვნელობას?

აღსარებისათვის მომზადება მოსახერხებელია, როცა თვალწინ გვაქვს ცოდვათა ჩამონათვალი, ამიტომ ზოგნი ფურცელზე ჩამოსწერენ ხოლმე თავიანთ ცოდვებს, რომლებიც აღსარებისას უნდა მოინანიონ და ასე მიდიან მოძღვართან. ეს ჩვეულება მხარდაჭერის ღირსია, პირველ ყოვლისა, იმის გამო, რომ რომელიმე ამ ცოდვათაგან არ გამორჩეს აღმსარებელს და გულწრფელად და ხმამაღლა შეინანოს ისინი მოძღვრის წინაშე, და არა ფორმალურად წაიკითხოს ჩანაწერი. აღსარების შემდეგ ეს ფურცელი უნდა დაიწვას.

აღსარების
დროს არ არის საჭირო ბევრი ყურადღება დავუთმოთ ცოდვის ჩადენის გარემოებებს, განსაკუთრებული სიზუსტით გადმოვცეთ მისი დეტალები. მთავარია – პირდაპირ და გულწრფელად დავასახელოთ ჩვენი შეცოდება და გამოვხატოთ გულწრფელი სინანული მისი ჩადენის გამო, აღვუთქვათ ღმერთს, რომ მისი შეწევნით მომავალში აღარ გავიმეორებთ მას. აღსარებისთვის მისულებმა ყოველგვარი შეცბუნება და უხერხულობა უნდა მოვიცილოთ, ყოველივე გულახდილად და გულწრფელად ვაღიაროთ მღვდლის წინაშე, გვეხსომება რა აღსარების საიდუმლო ხასიათი და ისიც, რომ ჩვენს მოძღვარს სავსებით ესმის ადამიანური ცხოვრების გარემოებები; რომ იგი მკაცრი მსაჯული კი არ არის, არამედ ჩვენი შემწეა ღმერთისადმი ჩვენი სინანულის აღვლენაში. სრულიად დაუშვებელია შეგნებულად განვყოთ სინანული: ჩვენი ცოდვების ნაწილში ერთი მღვდლის წინაშე მოვინანიოთ, მეორე ნაწილში კი – სხვა მღვდელს ჩავაბაროთ აღსარება, – ასეთი საქციელი მხოლოდ იმის დადასტურება იქნება, რომ ამის ჩამდენს არ ესმის სინანულის საიდუმლოს არსი, და ეს არანამდვილად გადააქცევს აღსარებას. თუ თქვენ პირველად ხართ მისული აღსარების ჩასაბარებლად და გიჭირთ გარკვევა, თუ რა მოინანიოთ და როგორ მოინანიოთ, მაშინ ჯობს ამის შესახებ მაშინვე უთხრათ მღვდელს. იგი გარკვეულ შეკითხვებს დაგისვამთ და შეგაძლებინებთ გულწრფელად და სრულად შეინანოთ ცოდვები.

იმ შემთხვევაში, როცა დრო სინანულისათვის, აღსარების ჩაბარებისათვის ძალზე შეზღუდულია (მაგალითად, ქალაქის ტაძარში, დიდ დღესასწაულებზე, როცა აღმსარებელთა რიცხვი დიდია, ხოლო აღსარების მიმღებ მღვდელმსახურთა რაოდენობა – მცირე), უნდა გვახსოვდეს, რომ მხოლოდ ჩვენ როდი გვსურს ცოდვათა მონანიება და ქრისტეს წმინდა საიდუმლოთ ზიარება, და შეძლებისდაგვარად ვეცადოთ არ გავაჭიანუროთ ჩვენ მიერ აღსარების ჩაბარება. ხოლო თუკი გრძნობთ, რომ სერიოზული, ხანგრძლივი აღსარება გესაჭიროებათ,  ჯობს იგი სხვა, უფრო მოსახერხებელი დროისათვის გადადოთ (საღამოსთვის ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, თუკი ამის შესაძლებლობა არსებობს, ანდა იმ დღისათვის, როცა აღმსარებელნი ნაკლებნი იქნებიან).

წყარო: წიგნი “ეკლესიის საუნჯე”
შემდგენელი: დავით შონვაძე




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი