მთავარი » სხვადასხვა

პოეზიის ახალგაზრდა მოყვარულთ

სტატიის ავტორი: | თარიღი: 18.02.2010 4 კომენტარი | 3,661 ნახვა

ივერიაჩვენ აუარებელი ლექსები მოგვდის დიდის თხოვნითა, რომ დაგვიბეჭდეთო. ჩვენდა სამწუხაროდ და დამწერთა არა-სასიქადულოდ, ათასში ერთი ძლივს გამოდგება ისეთი, რომელზედაც შესაძლო არ იყოს სამართლიანად თქმა: რაზედ მომცდარა დამწერიო. ჩვენ ჩვენის მოვალეობისამებრ, რასაკვირველია, იძულებული ვართ გადავიკითხოთ ხოლმე ყოველივე ეს წარამარად კუდგადაბმული მწყობრსიტყვაობა, რომელიც გაუსაპნავ ურემსავით ჭრიჭინებს ყურისათვისაც და გულისათვისაც. ვკითხულობთ და ვნანობთ, – რაზედ დავკარგეთ დრო და რაზედ წავიხდინეთ, გავიუგემურეთ გუნება. ჩვენ კიდევ იმედი მაინც გვანუგეშებს, როცა ამისთანა უმადურს, მაგრამ ჩვენთვის აუცილებელს შრომას ხელსა ვკიდებთ. ვფიქრობთ, იქნება ათასში ერთს კარგსა და მარილიან რასმეს შევხვდეთ, და თუ ეს იშვიათი, ძლიერ იშვიათი ბედი გვეწვევა, სიხარულით წავავლებთ ხოლმე ხელსა, როგორც ობოლს მარგალიტსა, აუარებელ ლექსში ნაპოვნსა. მაშინ ჩვენც ვსიამოვნობთ და ვსტკბებით და ჩვენს მკითხველსაც ვასიამოვნებთ და ვატკბობთ.

ვამბობთ, ეს ბედი იშვიათად გვეწვევა ხოლმე. ხშირად მთელ დასტა ქაღალდს გადიკითხავთ და ერთ სტრიქონსაც ვერა ნახავთ, “ღვთაებურის ცეცხლით” გამთბარსა. სანანური მარტო ეს ჩვენი ამ გადაკითხვაში დაკარგული დრო არ არის: ეგ ჩვენი მოვალეობაა, მართალია, მეტად უსიამოვნო და შემაწუხებელი, მაგრამ მაინც მოვალეობაა. ხოლო საკვირველი ეს არის, – დამწერი რათა სცდება, რათა ჰკარგავს დროს, ხარჯავს ქაღალდს, მელანს, მაშინ როდესაც არავისაგან დავალებული არ არის? უსაქმურს კაცს, რა თქმა უნდა, ამისთანა უხეირო საქმიანობა არ ეკიჟინება, ცუდად ჯდომას ცუდად შრომა სჯობიაო, ნათქვამია. ჩვენ ამისთანა კაცის არც დრო გვენანება, არც ჯაფა, იმიტომ რომ არც ერთია მისთვის გამოსაყენებელი და არც მეორე, დეე ისევ ლექსებში სიტყვები აჭრიჭინოს თვისდა სასიამოვნოდ და რედაქტორის შესაწუხებლად. ხოლო სამწუხარო და სანანური ის არის, რომ ამაზედ სცდებიან თითქმის უსუსური ყმაწვილები, რომელთაც მძიმე მოვალეობა სწავლისა ჯერ კიდევ წინ მიუძღვით და, მაშასადამე, დროსა და ჯაფას მათთვის თავისი საფასური აქვს.

დღე არ გავა – არ მოგვივიდეს ლექსი და ქვეშ არ ეწეროს “მოსწავლე ამა და ამ სკოლისა”. დღევანდელი ჩვენი სიტყვა ამათ გვინდა მივმართო; ვშიშობ კი, რომ ჩვენი სიტყვა ისე არ იქნას მიღებული ზოგიერთ ჩვენთა მოკეთეთაგან, ვითომც ჩვენ ხალისის დახშვა და გაცუდება გვინდოდეს. ღმერთმა ნუ ქმნას!… ხალისი კარგი საქონელია, ხოლო მაშინ კი, როცა იგი იმოდენად ფრთაშესხმულია, რომ სიმაღლეს საგნისას, რომელზედაც მიმართულია, შესწვდეს. ვიდრე ამისი ძალ-ღონე კაცს არ შეუძენია, ნუ ჰფიქრობს ცარიელის ხალისით გახდეს რასმე.

ამიტომაც ჩვენი პატარა მეგობრები ნუ გვიწყენენ პირდაპირს სიტყვას. პირდაპირი სიტყვა სჯობია ტყუილ-უბრალო წაქეზებას. ქართულად ლექსად მოწყობა სიტყვისა მეტად ადვილია. არა გვგონია, სხვა რომელიმე ენა წარმოადგენდეს ამისთანა სიადვილეს. ხოლო ლექსი იმით არა ლექსობს, რომ სიტყვის ბოლოები ერთმანეთისათვის შეუწყვიათ. ლექსი პოეზიის შვილია. რა არის პოეზია, ამას ვერა კაცი ვერ აგიხსნით, მთქმელიც ტყუილად მოსცდება და გამგონიცა. პოეზია საგრძნობელია და არა საცნობელი. ჩვენ მხოლოდ მისი ზემოქმედება ვიცით. ვიცით, რომ იგი გვატკბობს და გვსიამოვნებს ჭირსა და ლხინშიაც. ვიცით, რომ იგი ხატებაა ჩვენთა გრძნობათა, გულის-თქმათა, ფიქრთა, ნაღველთა, ლხინთა, ერთის სიტყვით, ხილულთა და არა ხილულთა. ვიცით, რომ მისგან მოხიბლულს კაცს “ავიწყდება საწუთროება”, მის მიერ გატაცებული “გულის-თქმა კაცის ცისა იქით ეძიებს სადგურს, ზენა არსთ სამყოფთ”, როგორც ამბობს ჩვენი გამოჩენილი პოეტი ნ. ბარათაშვილი. ყოველივე ეს ვიცით, და თითონ პოეზია რა არის – ეს კი არავინ იცის, პოეზია უცნაური მადლია და პოეტი ამ მადლით მოსილი კაცია.
მადლი ხომ მადლია, მაგრამ ამასაც მოვლა უნდა, უნდა პატრონობა, ხელის შეწყობა, გაზრდა და დავაჟკაცება, თუ ესე ითქმის. ეგ ისეთი აზიზი, მზეთუნახავი ყვავილია, რომ მალე ჭკნება, თავის სურნელებას ჰკარგავს, თუ მეცნიერების შუქი არ ადგია, თუ მეცნიერება თავის უკვდავების წყაროს არ ასხურებს და სიბრძნის ხელი კიდევ დღე-მუდამ არ ჰფურჩქნის.

თუ ღმერთს პოეტობის ნიჭი მოუმადლებია თქვენთვის, ჩვენო პატარა მეგობრებო, ნუ ჩქარობთ მაგის გამოჩენასა. ნუ გეშინიათ, იგი არ მიგემალებათ არსად. იგი თავის დროზედ გამოიხეთქებს,როგორც ანკარა წყარი კლდის გულიდამა, ოღონდ პირველ ხანშივე ნუ მოაკლებთ მაგ უსუსურს მადლს – მეცნიერების ნოყიერს ძუძუსა. ჯერ თქვენ სწავლობთ და ღმერთმაც მოგიმართოთ ხელი მაგ საკეთილო გზაზედ. ჯერ ისწავლეთ, ჯერ თქვენ შეიძინეთ, რომ მერე სხვასაც შესძინოთ რამე. კიდევ გეტყვით: პოეზია ღვთაებური ღონეა, გულის სიღრმიდამ ადამიანის გრძნობათა მარგალიტების ამომტანელი, მხატვარია ცხოველმყოფელი და ხორცთშემსხმელი უსხეულო აზრისა, ფიქრისა, გრძნობისა, ერთის სიტყვით ადამიანის და მსოფლიოს სულის მოძრაობისა. ეს მსოფლიო სული – ზღვაა უძირო, არამც თუ თვალ, ფიქრ-მიუწდომელიცა. ამ ზღვისათვის კაცი გემია, ნიჭი – აფრა და მეცნიერება – საჭე, გემის მიმმართველი. ადამიანი ამ ზღვაზედ სიარულს გამარჯვებით შესძლებს მხოლოდ მაშინ, როცა სწავლითა და ცოდნით განსწმენდია “თვალნი ზე ზეცისა და ქვეყნისა საიდუმლოთა მხედველად, ყურნი ზესკნელისა და ქვესკნელისა უცნაურთა ხმათა მსმენელად”, ხელნი ცისა და ქვეყნის მაჯისცემის შემტყობად და ენა ყოველივე ამის აღმომთქმელად და მთარგმნელად.

ადამიანი, ბუნება, ცა, ქვეყანა, მსოფლიო, – ერთი დიდებული წიგნია, უცნაურს ენაზედ დაწერილი. მეცნიერება ამას სთარგმნის უხატებო, უსურათო სიტყვითა, პოეზია კი ხატებითა და სურათებითა. მეცნიერების ნათარგმნი ჯერ უნდა, რაც შეიძლება ბლომად, მოგროვდეს გულის საგანძეში, რომ მერე პოეტის მხატვრობითმა სიტყვამ აღმობეჭდოს, სული ჩაუდგას, ხორცით შემოსოს ადამიანის გასატაცებლად, აღსაფრთოვანებლად და გასაოცებლად. თუ პოეტი მეცნიერებას არ მოიწვევს, მარტო ცარიელი ნიჭი ვერ უთარგმნის ამ წიგნსა. საცა არ არის მეცნიერება, იქ მკითხველიც ამ წიგნისა არ არის.

“უკეთუ მთარგმნელი არ იყოს, მკითხველნი დუმენო”, ნათქვამია ერთის ძველის ბრძნისაგან. ჯერ თქვენ, ვითარცა მოსწავლე ყრმათა, ეგ მთარგმნელობა არ შეგიძლიათ, ვიდრე საკმაოდ არ შეისრულებთ სწავლასა. ამიტომაც მოგახსენებთ: სდუმენ იმ დრომდე. ამას გირჩევთ ყველას, ვისაც ხალისი ლექსის წერისა ადრეულად გაგღვიძებიათ. ვცდებით ამაში თუ არ ვცდებით, ეს კი გვერწმუნეთ, რომ რჩევა ჩვენი გულწრფელია ორსავე შემთხვევაში. გვერწმუნეთ, რომ ამ რჩევას იძლევა თქვენი გულითადი მეგობარი, თქვენი კეთილის მოსურნე.

ი.ჭავჭავაძე
დაიბეჭდა გაზეთ “ივერიაში”, 1886 წელი, #139

რუბრიკას უძღვება თათია ნავროზაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

4 კომენტარი »

  • თამარი says:

    დროული წერილია. მადლობა ავტორს, ილიას რჩევების გახსენებისთვის. უთუოდ ბევრ რამეს შესძენს ახალგაზრდა პოეტებს.

  • საბა says:

    ნამდვილად კაი და გულწრფელი წერილია, მაგრამ ზოგ რამეში არ ვეთანხმები,
    მაგალითად იმაში,რომ ახალგაზრდა სკოლის მოსწავლეები წერენ ლექსებს რომლებიც არაფრად არ ვარგა, სკოლის მოსწავლე იმ დროისთვის რა დონეზეც იყო განვითარებული იმაზე მეტს ვერანაირად ვერ დაწერდა, წერდა იმას რაც ასწავლეს და ვინ ასწავლა? ვინ და წინა თაობამ :)
    გარდა ამისა თუ ბავშვი წერდა ლექსებს ესიგი მას პოეზია ძლიერ უყვარდა და მასაც სურდა რამე შეექმნა, პირდაპირ შედევრი არავის დაუწერია, ყველაფერს დახვეწა უნდა, თუ დამწყები პოეტი არ დაწერს თუნდაც იმ ცუდს მაშინ ვერასდროს დაწერს იგი კარგს, რადგანაც ყველაფერი ეტაპობრივია,
    ის მოსწავლე რომელმაც რაღაც უაზრობა ლექსი დაწერა გაიზრდება, წაიკითხავს და მიხვდება, შემდეგ ეცდება გამოასწოროს ეს უაზრო ლექსი და უფრო აზრიანად აქციოს, ასე იბადება და ასე ვითარდება ადამიანში ნიჭი… მართალია ვინც ლექსის დაწერა სცადა ყველა პოეტი არაა და ვერ იქნება,მაგრამიქნებ პოტსაც როდესმე რო არ ეცადა ლექსის დაწერა ის პოეტი არ ყოფილიყო ახლა?
    გამოსავალი არაა იმაში, რომ ახალგაზრდებმა ლექსები არ დაწერონ,გამოსავალი არაა ის რომ ავუხსნათ რას ნიშნავს პოეზია, გამოსავალი იქნება თუ ვეტყვით, როგორ დაწერონ, რა უნდა ჩააქსოვონ ლექსში და საით უნდა წარმართონ თავიანთი კალამის გენია… ( ეს ჩემი აზრია უბრალოდ, შეიძლება ვცდები, მაგრამ ასე ვფიქრობ სამწუხაროდ ან საბედნიეროდ).

    • ნინა says:

      საბა,აბსოლიტურად გეთანხმები,ყველა ნულიდან იწყებს ყველაფერს,სხვისი გზიდან ვერასდროს დაიწყებ,ყოველთვის შექმნი ძველზე უკეთეს,მთავარია კარგი დავინახოთ,ასეთი უხეშობა ნამდვილად არ იყო საჭირო პატარებისადმი,შესაძლოა ჩვენი ერთი უბრალოდ სიტყვითაც გული დავწყვიტოთ და პოეზია შევაძულოთ,გავუფრთხილდეთ ერთმანეთს,ღმერთმა ამრავლოს შენი მსგავსი ადამიანები..

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.