მთავარი » კულტურა

პოეზიამ ადამიანს რწმენა უნდა შემატოს

სტატიის ავტორი: | თარიღი: 02.06.2010 3 კომენტარი | 3,409 ნახვა

ნიკა ჯორჯანელიახალგაზრდა პოეტი ნიკა ჯორჯანელი ორი პოეტური კრებულის, “განცდა ხავერდისაგან” და “სუნთქვა ხუთვისას” ავტორია. პოეტი მესამე კრებულის გამოშვებას სავარაუდოდ, მომავალი წლისათვის გეგმავს. თუ რა გზა გაიარა მან საკუთარი შემოქმედების მკითხველამდე მიტანამდე, როგორ ფიქრობს, რა ცვლილებები განიცადა თანამედროვე პოეზიამ და რა დანიშნულება აქვს მას დღეს, “ამბიონის” კითხვებს თავად ნიკა ჯორჯანელი პასუხობს.

ნიკა ჯორჯანელი: წერას 1990-იანი წლების დასაწყისში მივყავი ხელი. რამდენად გაბედულად დავიწყე… ალბათ, საკმაოდ გაბედულად. სხვა შემთხვევაში ვერ დავიწყებდი, რადგან ნებისმიერი დასაწყისი, ამგვარად თუ იმგვარად, გაბედულია. მით უმეტეს, როცა ლექსების წერისათვის შედგომაზეა ლაპარაკი. პირველი კრებული 2003 წელს გამოვეცი, მეორე – ორი წლის წინ, 2008 წელს.

ვფიქრობ, შემოქმედებითი პროცესი ბედნიერების ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიური და თვალსაჩინო გამოვლენაა.

რამდენად განსხვავებულია თქვენი პოეზია თანამედროვეთა შემოქმედებისგან და საერთოდ, ქართული პოეზიისგან?

ჩემი პოეზია ქართული პოეზიაა. ამრიგად, საკუთარი თავისგან განსხვავებული ვერ იქნება. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად განსხვავდება ის, რასაც ვწერ, თანამედროვეთა შემოქმედებისაგან, ეს კითხვა ალბათ უფრო მკითხველისთვისაა დასასმელი, ამგვარი დაკვირვებები სწორედ მისი საწარმოებელია.

თქვენი ლექსები, ერთი შეხედვით, მარტივად იკითხება, ამასთან, რთულად გასაგებიცაა. სინამდვილეში რას გადმოცემთ და რამდენად სწორად აღიქვამს მას მკითხველი?

პოეტი თავისი აბსტრაქტულ-იდეალური მკითხველისთვის წერს, ვისი სულიც პოეზიას ისევე საჭიროებს, როგორც ორგანიზმი ჟანგბადს. პოეტის სამიზნე სწორედ ამგვარი მკითხველის გული და გონებაა. რას გადმოვცემ სინამდვილეში… გადმოვცემ სულის ერთსა და იმავე მდგომარეობას დროის სხვადასხვა რაკურსში.

რას გვეტყვით ლიტერატურული კონკურსების შესახებ, გასულ წელს “საბას” კონკურსზე იყავით წარდგენილი, თუმცა ვერ გახვედით…

მიუხედავად იმისა, რომ “საბა”-ზე ხანდახან ალოგიკური რაღაცები ხდება, დღეს ის საქართველოს ლიტერატურულ კონკურსებს შორის მაინც ყველაზე უფრო ჩამოყალიბებული და საკუთარი სახის მქონე კონკურსია. რაღაცის ავკარგიანობაზე მსჯელობისას საბოლოო ჯამში უნდა დავფიქრდეთ, რა აჯობებდა, ყოფილიყო საერთოდ ეს რაღაცა ბუნებაში თუ არა. უდავოა, რომ ეს კონკურსი ასე თუ ისე წამახალისებელია ქვეყანაში ლიტერატურული პროცესისა, აჩენს სასიამოვნო ინტრიგას, სასარგებლო კონკურენციას, თუნდაც წელიწადში ერთხელ ახსენებს მოსახლეობას, რომ პოლიტიკის გარდა, ამქვეყნად ისეთი რაღაცებიც არსებობს, როგორიც, მაგალითად, ლიტერატურაა. ეს თავისთავად მისასალმებელია.

პირველი კრებული “განცდა ხავერდისაგან” – რატომ შეირჩა ეს ლექსი კრებულის სათაურად? რაზე ამახვილებთ აქ ყურადღებას, ეს არის პროტესტი სიყალბისადმი? თუ…

ნებისმიერი სათაურის შერჩევა – ლექსის, კრებულის, – ალბათ, ინტუიციით ხდება. პირველი კრებულის სათაურზე ფიქრისას შესიტყვება “განცდა ხავერდისაგან” თავისი ჟღერადობითა და სემანტიკით განსაკუთრებით მომივიდა თვალში. პროტესტი… პოეზია, საერთოდ, პერმანენტული საპროტესტო აქციაა.

რა ადგილი უჭირავს თქვენს საქმიანობაში მთარგმნელობას?

ზოგჯერ ვთარგმნი ხოლმე.მაგრამ მომავალში შესაძლოა უფრო აქტიურადაც მოვეკიდო ამ საქმეს.

გასულ წელს რუსეთში იმყოფებოდით, რას საქმიანობდით იქ და ხომ არ აპირებთ თქვენი ლექსები უფრო ფართო მკითხველისთვის გახადოთ ცნობილი?

მოსკოვში ქართულ ენას ვასწავლიდი სახელმწიფო ლინგვისტიკურ უნივერსიტეტში. გარდა ამისა, საერთაშორისო პოეტური პრემია მივიღე.

ლექსში “არაერთხელ გაგონილი” ამბობთ: “მხოლოდ ლოცვაა ერთადერთი ხმა, თუ წრფელია… მხოლოდ ლოცვაა უტყუარი ხმა, ხმა საჩემო”… სინამდვილეში რა ადგილი უჭირავს თქვენს ცხოვრებაში რწმენას და რა გავლენა აქვს მას თქვენს ლექსებზე?

რწმენას რაღაც ადგილი კი არ უჭირავს ადამიანის ცხოვრებაში, მცირე თუ დიდი, არამედ ის მამოძრავებელია ადამიანის მთელი ცხოვრებისა იმ ყველაფრიანად, რასაც მასში ესა თუ ის ადგილი აქვს მიკუთვნებული. ადგილი შეიძლება ეჭიროს სამსახურს, წიგნს, თეატრს, არ ვიცი, თხილამურებით სიარულს… რწმენა კი სიყვარულთან ერთად ღერძს წარმოადგენს ცხოვრებისას, და ყველაფერი, რასაც ცხოვრებაში ადგილები მიეჩინა, მისით უნდა იყოს გაჟღენთილი. ასე რომ, რწმენის გარეშე ვერც ჩემი ლექსები წარმომიდგენია და ვერც სხვისი. ვერ ვიტყვი, რომ მაინცდამაინც ხშირად დავდივარ ეკლესიაში, მრევლის მუდმივი წევრი ვარ და ა.შ. მაგრამ არა მგონია, ეს გადამწყვეტი იყოს.

როგორ ფიქრობთ, რა ცვლილებები განიცადა თანამედროვე პოეზიამ და რა დანიშნულება აქვს მას დღეს?

ფორმალური სახის ცვლილებები განიცადა. არსი და დანიშნულება არ შეცვლილა. არც შეეცვლება. დანიშნულებად კი პოეზიას ის აქვს, რომ რელიგიის მხარდამხარ ნუგეში სცეს ადამიანს, დაუამოს სულიერი ტკივილი, გაუქარვოს სევდა, შემატოს რწმენა…

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

3 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი