მთავარი » ქრისტიანობა

პირველი წირვა მახათას მთაზე ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 13.05.2014 | 2,475 ნახვა

13 მაისს, მახათას მთისკენ მიმავალ გზაზე დილიდან ხალხმრავლობა იყო. მრევლი ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძრისკენ მიიჩქაროდა.

09:00 საათზე ტაძარში პირველი წირვა სამების ტაძრის წინამძღვარმა მამა ილია ნასიძემ აღავლინა. ტაძარში ლოცვები ქართული ენის პარალელურად, ინგლისურ ენაზეც ისმოდა, რადგან საქართველოს ამერიკელი სასულიერო პირები სტუმრობენ, რომლებიც ამერიკიდან ჰავაის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მირონმდინარე სასწაულმოქმედ ხატს ჩამოყვნენ. აღნიშნული ხატი მახათას მთაზე მდებარე ტაძარში 08:00 საათზე მიაბრძანეს.

ღვთისმშობლის ეკლესია მახათას მთაზე

მახათას მთაზე მშენებარე ტაძარში პირველ წირვას პოლიტიკოსებიც დაესწრნენ. ტაძარში იმყოფებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან ერთად, ასევე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი.

ილია მეორემ წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებით მიმართა მრევლს, მიესალმა მახათას მთაზე შეკრებილ ხელისუფლების წარმომადგენლებს და განსაკუთრებით უცხოეთიდან ჩამოსულ მოქალაქეებს.

“თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ყოვლად სამღვდელონო მღვდელმსახურნო, ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და დანო, ყველას მოგესალმებით ქრისტეს მიერ სიყვარულით და აღვავლენთ მადლობას უფლის წინაშე ამ დიდი წყალობისათვის. იწყება კვირეული ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა, ღვთისმშობლის სადიდებელი. ჩვენ ვმადლობთ უფალს იმ დიდი წყალობისათვის, რომელიც მოგვივლინა ჩვენ წარსულში, დღეს და მომავალში გარდამოავლენს ჩვენს ზედა. ფსალმუნში ვკითხულობთ:„მაუწყე მე უფალო გზაი, რომელსაცა ვიდოდე, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი.“ და აი, დღეს, ჩვენ კიდევ ერთხელ შევთხოვთ უფალს, გვაუწყოს, გვიჩვენოს გზა, რომელზეც უნდა ვიდოდეთ. გზა არის ერთი, რომელსაც გვიჩვენებს მაცხოვარი ჩვენი. „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“. …

ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა. „ქართლის ცხოვრებაში“ ვკითხულობთ, როდესაც მოციქულებმა ყარეს წილი, ვინ რომელ ქვეყანაში უნდა წასულიყო. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა მიიღო მონაწილეობა და მას შეხვდა ივერია-საქართველო. გუშინ ჩვენ ვდღესასწაულობდით წმინდა ანდრია პირველწოდებულის დღესასწაულს, რომელმაც ჩამოიტანა საქართველოში ხატი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა.

ეს წმინდა ტაძარი და ეს წმინდა ლავრა, რომელიც შენდება წმინდა ადგილზე, კიდევ ერთხელ შეგვახსენებს ჩვენ იმის შესახებ, თუ ვინ ვართ, როგორი დიდი ფასეულობის მფლობელი ვართ ჩვენ, რამდენად დიდია მოწყალება ჩვენზედა და რამდენად დიდია პასუხისმგებლობა ჩვენი ღვთის წინაშე და ჩვენი ერის წინაშე. შენ იცი ჩვენი უძლურება, შენ იცი ჩვენი თვისებები. გვიჩვენე გზა, რომელიც მიგვიყვანს სასუფეველში. მე დღეს გულითადად მივესალმები ჩვენი ხელისუფლების ყველა წარმომადგენელს, მთელ ხალხს და განსაკუთრებით მივესალმები უცხოეთიდან ჩამოსულ სტუმრებს. თქვენ იზიარებთ ჩვენს სიხარულს და ეს სიხარული თქვენც დაგიბრუნდებათ”, – ბრძანა ილია მეორემ.

დღესვე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი, წმინდა გიორგის ორდენით რამდენიმე პირი დააჯილდოვა.

წმინდა გიორგის ორდენით დაჯილდოვდნენ: ქართული ნევროლოგიური სკოლის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის რომან შაქარაშვილი; საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შორის სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საქმეში შეტანილი დიდი წვლილისთვის – ჯონი ხეცურიანი, მეღვინეობა-მევენახეობის სამეცნიერო დარგში შეტანილი დიდი წვლილისთვის – ნოდარ ჩხარტიშვილი.

იხილეთ პატრიარქის ქადაგება სრულად:


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი