მთავარი » ქრისტიანობა

პირჯვრისწერა და მეტანიები ღმრთისმსახურების დროს

სტატიის ავტორი: | თარიღი: 27.01.2010 7 კომენტარი | 13,180 ნახვა

მეტანიამამა არჩილ ხაჩიძე (კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მღვდელმსახური):

მეტანია და პირჯვრისწერა უძველესი ტრადიციაა. ადამიანში დევს, რომ განსაკუთრებული მოვლენისა და რაღაცის წინაშე ქედი მოიდრიკოს და ამით თავისი თაყვანისცემა, მოკრძალება და მოწიწება გამოხატოს ამა თუ იმ მოვლენის, პიროვნების ან სხვა რაიმეს მიმართ. ეკლესიაში მეტანიას ადამიანი ოდითგან ასრულებს.

თავად სახარებაშიც არაერთგზისაა აღწერილი გარეგნული სახით დამხობა, თუნდაც მოციქულთა დამხობა ფერისცვალების დროს და ა.შ. ეს არის უძველესი წესი, რაც თაყვანისცემას გამოხატავს.

“მეტანოია” ბერძნული სიტყვაა და იგი ერთ-ერთი მნიშვნელობით “მიძღვნასაც” ნიშნავს. ეს არის გარკვეული მიძღვნა, ერთგვარი ფიზიკური საფეხური, სულიერებისაკენ გადადგმული ნაბიჯი. ადამიანის სურვილია, რომ თავისი ფიზიკურით გამოხატოს თავისი სულიერი მდგომარეობა.

მეტანიის შესრულებას აუცილებლად სჭირდება საგანგებო ლოცვა-კურთხევა სასულიერო პირისგან, მოძღვრისგან. რადგან მეტანია, ეს არის გარკვეულწილად საკუთარი სხეულის, ფიზიკური მდგომარეობის დაუძლურება იმისათვის, რომ ადამიანის შინაგან ბუნებაში აქცენტირება სულიერებაზე მოხდეს.

ქრისტიანულ ეკლესიაში კვირის დღეებში მეტანიის შესრულება პირველივე საუკუნიდან აიკრძალა, რადგან ყოველი კვირა დღე არის აღდგომის დღე, უფლის დღე. თვითონ სიტყვა კვირა ბერძნული სიტყვა “კირიოსიდან”, ანუ ბატონიდან, უფლიდან მომდინარეობს. ანუ, ესაა საუფლო დღე, როდესაც მოხდა აღდგომა და ყოველი წირვა, რომელიც კი შესრულდება ესაა აღდგომა. წირვა, როგორც წესი, კვირას სრულდება და ყოველი წირვა, თუნდაც სხვა დღეს სრულდებოდეს ესაა კვირა.

პირველივე საუკუნიდან კვირა დღეს აიკრძალა მუხლთდრეკა. ანუ, ქედის მოხდა, რადგან ამ დროს შენ ხარ აღმდგარი, გამოხსნილი, ამაღლებული და ზეცისკენ ზეაღმართული.

რაც შეეხება პირჯვრისწერას – თავად ქართული სიტყვა “პირჯვარი” გვაუწყებს, რომ ის სრულდებოდა არა დღევანდელივით მთელს სხეულზე, არამედ სახეზე. უძველეს წყაროებში გვაქვს მითითებები, რომ ადამიანები პირჯვარს იწერდნენ სახეზე, სხეულის სხვადასხვა ორგანოებზე, ვთქვათ გულზე, ბაგეებზე, თვალებზე, ყურებზე. ანუ, ხდებოდა სმენის ორგანოების, გრძნობის ორგანოების აღბეჭდვა.

თავად ჯვარი არის მაცხოვრის მიერ ადამიანთათვის გამხსნისა და ბოროტის ძლევის იარაღი, ამიტომაც პირჯვრის გამოსახვა ადამიანის მხრიდან გულისხმობს ბოროტებისგან განდგომას და ბოროტებისგან განშორებას. ყოველი ბოროტება უფრთხის და კრთის წმინდა ჯვრის წინაშე, რომელიც არის მაცხოვრის წმინდა სისხლით გაპოხიერებული და ჩვენთვის მოცემული როგორც დაცვისა და ძლევის იარაღი. სწორედ ამიტომ სიწმინდეებთან მიახლებამდე ადამიანების მიერ პირჯვრის გამოსახვა, იქნება ეს ხატის მთხვევა, ზიარების წინ ხელის გადაჯვარედინება, ჯვრის მთხვევისას პირჯვრის გამოსახვა, გულისხმობს იმას, რომ მე, როგორც უწმინდური, ჩემი ცოდვების გამო გაუწმინდურებული ადამიანი მივეახლები წმინდას და უშუალოდ სიწმინდესთან შეხებამდე ვისახავ პირჯვარს და ამით განვაგდებ ყველანაირ სიბოროტეს, რაც კი ჩემშია.

პირჯვრისწერა და მეტანიების შესახებ ღმრთისმსახურების დროს

მართლმადიდებელი ეკლესიის ტიპიკონი ითვალისწინებს პირჯვრისწერის წესებს მეტანიის გარეშე, მცირე ან სრული მეტანიით.

პირჯვრის გამოსახვა საჭიროა: საღმრთო წერილის კითხვის დასაწყისსა და დასასრულს; ტროპარის ან ფსალმუნის კითხვისა თუ გალობის დასაწყისში;
ექვსფსალმუნების შუაში “ალლელუიას” დროს; სარწმუნოების სიმბოლოს (მრწამსის) კითხვისა თუ გალობისას სიტყვებზე: “მრწამს”, და “ერთი უფალი იესო ქრისტე”, “და სული წმიდა”, “განტევებისას”, “ქრისტემან, ჭეშმარიტმან ღმერთმა ჩვენმან”, “ძალითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისათა”, დღის წმინდანების მოხსენიებისას და დიაკვნის ვედრებისას: “აცხოვნე, უფალო”.

ქრისტინებისათვის ჯვარი უდიდესი ძალაა და დიდებაა, რადგან მთელი ჩვენი ძალა ჯვარცმული ქრისტეს ძალაშია, ხოლო მთელი ჩვენი დიდება “ქრისტეს სიმდაბლეში”” (ღირსი სვიმეონ ახალი ღმრთისმეტყველი).

ყოველთვის ჯვარით დაიბეჭდე თავი და ბოროტი ვერ შეეხება შენს სულს. ფარის ნაცვლად პატიოსანი ჯვარით აღიჭურვე, ყოველი შენი ასო და თვით გული ამ მძლავრი იარაღით დაიცავი, და თუ ამას შეასრულებ, მაშინ ვერავინ ვერაფერს გავნებს” (ღირსი ეფრემ ასური).

პირჯვარიპირჯვარი ასე გამოვისახოთ: მარჯვენა ხელის პირველი სამი თითი შევაერთოთ იმის ნიშნად, რომ ღმერთი არის ერთი და თანასწორპატიოსანი სამება, ორი თითი კი ხელისგულთან მივიტანოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ იესო ქრისტე არა მარტო ღმერთია, არამედ კაციც. ერთად შეკრული სამი თითი მიგვაქვს ჯერ შუბლთან (რათა უფალმა გაანათლოს ჩვენი გონება), თან გულში ვამბობთ: “სახელითა მამისათა“, შემდეგ გულთან (რათა უფალმა განწმინდოს ჩვენი გული და გრძნობები) და ვამბობთ: “და ძისათა“, და ბოლოს მარჯვენა და მარცხენა მხართან (ჩვენს საქმეთა საკურთხებლად) ვამბობთ: “და სულისა წმიდისათა, ამინ“.

პირჯვრისწერას თან ახლავს მცირე მეტანია: კვერექსის ყოველი თხოვნისას. კვერექსი დროს გადმოიცემა მუხლობრივად სხვადასხვა საკითხები, პუნქტობრივად აყალიბებს ლოცვას მთელი კაცობრიობისთვის. კვერექსის თხოვნისას მღვდლის ან მედავითნის სიტყვებზე, როდესაც იგი დიდებას აღუვლენს ღმერთს; როდესაც გალობენ ან კითხულობენ “მოვედით, თაყვანის-ვსცეთ”-ს, “წმინდაო ღმერთო”-ს, “ალლელუიას”-ს, დავითნის ყოველი “დიდების” ბოლოს და ჟამნობისას ფსალმუნების შემდეგ; სტიქარონის, ტროპარის ან ფსალმუნის გალობის დასასრულს; ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სახელის ხსენებისას; როდესაც აღევლინება ვედრება “აცხოვნე, უფალო”; ცისკარზე ღმრთისმშობლის საგალობლის გალობის დროს ყოველი ჩასართავის შემდეგ; სადიდებლის გალობის დროს; განტევებისას; “მრწამსის” დასასრულს; წირვის ასამაღლებელზე: “ვსდგეთ კეთილად”, “ძლევისა გალობისა”; “მიიღეთ და ჭამეთ”, “სუთ ამისაგან”, “შენნი, შენთაგან”; ასამაღლებლებზე: “უფლისა მიმართ ვილოცოთ” და “წმიდისა მიმართ ვილოცოთ”, რომლებიც რაიმე ვედრებას უძღვნიან წინ.

წმ. სახარებაზე, ჯვარზე, წმ. ნაწილებსა და ხატებზე მთხვევისას აუჩქარებლად უნდა მივიდეთ, ორი მეტანია მანამდე შევასრულოთ და ერთი მის შემდეგ.

ტაძარში ერთი მხრიდან მეორისკენ გავლისას პირჯვარს ვიწერთ და მცირე მეტანიას ვასრულებთ აღსავლის კარის წინაშე.

ეკლესიის წესდება მკაცრად მოითხოვს, რომ ტაძარში მეტანია გულმოდგინედ, აუჩქარებლად და თავის დროზე კეთდებოდეს. მეტანიები და მუხლმოდრეკა უნდა შევასრულოთ კვერექსის ყოველი მოკლე თხოვნის ან ლოცვის შემდეგ და არა მისი გალობისა თუ კითხვისას. არ შეიძლება პირჯვრისწერისა და მეტანიის ერთდროულად შესრულება (ჯერ პირჯვარს ვიწერთ და მერე მეტანიას ვასრულებთ).

თავს ვიდრეკთ პირჯვრის გამოსახვის გარეშე მღვდლის ასამაღლებლის დროს: “მშვიდობა ყოველთა”, “კურთხევა უფლისა თქვენ ზედა”, “მადლი უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი თქვენ ყოველთა ზედა”, და “იყუნენ წყალობანი დიდისა ღმრთისა თქვენ ყოველთა ზედა”, აგრეთვე დიაკვნის სიტყვებზე: “და უკუნითი უკუნისამდე” – “წმიდაო ღმერთო”-ს წინ.

არ არის საჭირო ხელისგულების შეტყუპება და, მით უმეტეს, მათი კოცნა, როდესაც მღვდელი ხალხს აკურთხებს.

არ არის საჭირო პირჯვრის გამოსახვა ფსალმუნებისა და სტიქარონების კითხვისას, პირჯვარს არ იწერენ მგალობლები გალობის დროს. მათ ეს გალობის წინ, ან მის შემდეგ უნდა გააკეთონ. არ არის საჭირო პირჯვრის გადაწერა ბარძიმთან მისვლისას, ხელები გულზე უნდა გვქონდეს დაკრეფილი ჯვარედინად მარჯვენა ხელი მარცხენის ზემოთ. ზიარების შემდეგ ნურც პირჯვარს გადავიწერთ, ნურც მეტანიას შევასრულებთ.

ღმრთისმსახურების დროს თავს ვიდრეკთ წმ. სახარების კითხვისას და დიდ შესვლაზე. დიდი შესვლის დროს სიტყვებზე: “თქვენ და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტიანენი მოგიხსენოთ უფალმა ღმერთმან სასუფეველსა თვისსა”, თავს ვიდრეკთ და ვამბობთ: (ან დეკანოზობა, მღვდელმონაზვნობა, იღუმენობა, არქიმანდრიტობა, მღვდელმთავრობა) შენი მოიხსენოს უფალმა ღმერთმა სასუფეველსა თვისსა”.

პირჯვრის გამოსახვას თან ახლავს მუხლმოდრეკა (გარდა ქვემოთ მითითებული განსაკუთრებული დღეებისა):

წირვის ასამაღლებელზე: “ჰმადლობდეთ უფალსა”; წმ, საიდუმლოთა გარდაქცევის დროს – “შენ გიგალობთ”-ის ბოლოს; “ღირს არს”-ის ან მისი წილი საგალობლის შემდეგ: “მამაო ჩვენო”-ს გალობის დროს ( კვირა დღეებისა და დიდი დღესასწაულების გარდა), წმ. საიდუმლოთა პირველი და მეორე გამობრძანებისას ზიარებისათვის და მის შემდეგ. ვინც ეზიარა, წმ. საიდუმლოთა მეორე გამობრძანებისას მცირე მეტანია ასრულებს; ვისაც ამ დროს მდუღარება ჯერ კიდევ არ მიუღია, ის პირით ბარძიმისაკენ მიბრუნდება და ამით გამოხატავს თავის მოწიწებას.

არ იკრძალება დიდი მეტანიის შესრულება ასამაღლებელზე “წმიდა წმიდათა”.

დიდმარხვის დროს ტიპიკონის, ჟამნისა და ტრიოდიონის (მარხვანის) მითითებით დიდი მეტანიები სრულდება: საცისკრო კანონების კითხვისას – სამი მეტანია (ჟამნებისა და მწუხრის კანონებზე – მცირე მეტანიები); ცისკარზე – ღმრთისმშობლის საგალობლის ყოველ ჩასართავზე, `ღირს არს~-ზე; დიდი სერობის დროს ასამაღლებელზე “ყოვლად წმიდაო ღმრთისმშობელო” და მის შემდგომ მუხლებზე; მწუხრზე და ჟამნობისას სინანულის ტროპარების გალობის დროს – თითო მეტანია, სადილის ჟამნის დროს სიტყვების – “მომიხსენენ ჩუენ, უფალო” – ბოლოს სამი მეტანია; დიდი მეტანიები სრულდება აგრეთვე ეფრემ ასურის ლოცვის დროს.

პარასკევის მწუხრიდან კვირის მწუხრამდე დიდმარხვის მეტანიები უქმდება. ტიპიკონით იკრძალება მუხლმოდრეკა კვირა დღეებში, ქრისტეშობის წინადღესასწაულიდან ნათლისღების წარგზავნამდე, ვნების შვიდეულის ხუთშაბათის ცისკრიდან (წმ. გარდამოხსნის წინაშე მუხლის მოყრის გარდა) სულთმოფენობის მწუხრამდე, როდესაც მუხლმოდრეკის განსაკუთრებული ლოცვები იკითხება; ყველა ათორმეტთაგან დღესასწაულზე მათ წარგზავნამდე (ჯვართამაღლების დღესასწაულის გარდა, როდესაც თაყვანს ვცემთ პატიოსან ჯვარს), აგრეთვე იმ დღეს, როდესაც უფლის წმიდა საიდუმლოებებს ვეზიარეთ. მეტანიები წყდება მწუხრზე, შესვლისას, სადღესასწაულო ღამისთევის ლოცვაზე და განახლდება თვითონ დღესასწაულის დღეს, მწუხრზე – “და ღირს მყუენ”-ის შემდეგ.

საეკლესიო ტიპიკონი კრძალავს საზოგადო ღმრთისმსახურების დროს დაწესებულის გარდა სხვა განსაკუთრებული მეტანიების შესრულებას, აგრეთვე დიდხანს მუხლებზე დოგმას, რაც ხელს უშლის ღმრთისმსახურების წესსა და მიმდინარეობას. თუ ტაძარში სივიწროვეა, უმჯობესია დაწესებული მეტანიებიც არ შევასრულოთ, რათა ჩვენს გვერდით მდგომთა ლოცვითი განწყობა არ დავარღვიოთ.

მართლმადიდებელი ქრისტიანები ტაძარში შესვლისას ტრადიციულად გუნებაში ან ძალიან ხმადაბლა კითხულობენ ფსალმუნის სიტყვებს “შევიდე სახლსა შენსა” (ფსალმ. 5,8-9), შემდეგ 50-ე და 90-ე ფსალმუნებს. მორწმუნე ეკლესიაში ნელა, უხმაუროდ, მოწიწებით უნდა შედიოდეს, რადგანაც ტაძარი ღმერთის სახლია, ზეციური მეუფის სამყოფელი. ხმაური, სიცილი და ლაპარაკი შეურაცხყოფს ტაძრის სიწმინდეს და მასში დამკვიდრებულ ღმერთს. ტაძარში შესვლისას კარებთან უნდა შეჩერდე, შეასრულო სამი მეტანია და თქვა: “ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას” (მეტანია), “ღმერთო, განმწმინდე მე ცოდვილი და შემიწყალე” (მეტანია), “რომელმან შემქმენ, უფალო, მიწყალე მე” (მეტანია). შემდეგ ტაძრის ორივე მხარეს მცირე მეტანია შეასრულე შენამდე მოსულ ხალხის წინაშე.

სამი მცირე მეტანიის შესრულების შემდეგ ლოცვითურთ: “უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი” მოწიწებითა და ღმრთის შიშით მიაპყარი ყური დაწყებულ ღმრთისმსახურება.

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

7 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.