მთავარი » ქრისტიანობა

პეტრიწონის ქართველთა სავანის ყველაზე დიდი სიწმინდე

სტატიის ავტორი: | თარიღი: 10.01.2012 | 4,353 ნახვა

პეტრიწონის ქართველთა სავანე2006 წლის 26 აგვისტოს ბულგარეთში ქართველების მიერ XI საუკუნეში დაარსებული პეტრიწონის (ბაჩკოვის) მონასტრიდან მთავარეპისკოპოსმა გერასიმემ (შარაშენიძე) და მთავარეპისკოპოსმა ნოკოლოზმა (მეთოდიევ-სევსტიანოვი) თანმხლებ სასულიერო და საერო პირებთან ერთად ამ მონასტერში დაცული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ქართული ხატის ასლი ჩამოაბრძანეს. ხატის ასლის დაწერა და საქართველოში ჩამობრძანება საქართველოს საელჩოსა და იქაური ქართული დიასპორის სურვილითა და შემწეობით გადაწყდა. თხოვნით მიმართეს ბულგარეთის პატრიარქს, მაქსიმეს, რომლის ლოცვა-კურთხევითაც პეტრიწონის მონასტერში არსებული ქართული ხატის ზუსტი ასლი დამზადდა.

1083-1086 წლებში პეტრიწონის მონასტერი ტაოელმა ძმებმა, გრიგოლ და აბაზ ბაკურიანისძეებმა ქართველთათვის ააშენეს. გრიგოლ ბაკურიანისძე დიდი მაგისტროსი იყო. მან თავის მიერ დაარსებულ მონასტერს საგანგებო ტიპიკონი თავადვე დაუდგინა და მასზე ხელი იერუსალიმის პატრიარქს, იუბენალს მოაწერინა, რომელმაც დაამტკიცა, რომ ეს მონესტერი ქართველებს ეკუთვნოდა.

პეტრიწონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სავანის ყველაზე დიდი სიწმინდეა ღვთისმშობლის საკვირველთმოქმედი ხატი. გადმოცემით, ეს ხატი ლუკა მახარებლის მიერ არის დაწერილი და იგი საქართველოდან ჩამოაბრძანეს. ხატის დღესასწაულს ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს აღნიშნავენ.

ღვთისმშობლის ხატი 1311 წელს ტაოელმა ძმებმა, ათანესემ და ოქროპირმა პეტრიწონის მონასტერს შესწირეს. მას უამრავი საკვირველი ამბავი უკავშირდება: დამანგრეველი ხანძრისას ღვთისმშობლის ხატის გარდა ყველა სიწმინდე განადგურდა. ასევე, იგი დამპყრობლის ხელსაც სასწაულებრივად გადაურჩა. მღვდელმონაზონი კლიმენტი რილელის გადმოცემით, თურქთა შემოსევის დროს (1363-1393) ბერებმა ხატი პეტრიწონის მონასტრის მახლობლად მდებარე ერთ კლდოვან ადგილას გადამალეს, რომელსაც “კლუბია ჰქვია”. XII საუკუნის დასაწყისში, როცა მონასტრის აღდგენა დაიწყეს, ერთმა მწყემსმა გადამალული ხატი აღმოაჩინა. 1604 წლის აღდგომა დღეს ღვთისმშობლის ქართული ხატი დიდი საეკელესიო პროცესიით მონასტერში გადმოაბრძანეს და განახლებულ ტაძარში იმ ადგილას დაასვენეს, სადაც დღემდე იმყოფება. ხატის აღმოჩენის ადგილზე მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარი ააშენეს. ძველი ტრადიცია დღემდე შემორჩენილია. ყოველწლიურად, აღდგომის მეორე დღეს, ღვთისმშობლის ხატით მსვლელობა ეწყობა პეტრიწონის მონასტრიდან კლუბიაში, სადაც სადღესასწაულო მსახურება ეწყობა. შემდეგ კი მას ისევ პეტრიწონის სავანეში აბრუნებენ. ოსმალთა ბატონობის პერიოდში ასეთი ტრადიცია არსებობდა: მღვდელმსახურების დასრულების შემდეგ იღუმენი მრევლს მხურვალე სიტყვით მყარ ეროვნულ ფასეულობებსა და ტრადიციებს ახსენებდა, შემდეგ სახალხო ტრაპეზი იმართებოდა და ხატს პეტრიწონის მონასტერში მხოლოდ ამის შემდეგ მიაბრძანებდნენ. სწორედ ამ მოვლენის ამსახველია ვრცელი პანორამა მონასტრის სატრაპეზოს გარეთა კედელზე.

დღეისათვის ღვთისმშობლის საკვირველთმოქმედი ხატი მთავარი ტაძრის ცენტრალურ ნაწილში, ყველაზე თვალსაჩინო ადგილზე არის დაბრძანებული. ორივე მხრიდან ხატი მოოქროვილი ვერცხლითაა მოჭედილი, სავარაუდოდ 1311 წელს. ხატის ძველი პერანგი ვერცხლისაგან გამოჭედილი აჟურული საპირეთია გადაფარული, რომელზეც ამოტვიფრულია თარიღი 1819 წელი და სახელი – პეტკო ჰაჯი. ხატის ძველ პერანგზე ლამაზი ასომთავრული ასოებით შესრულებულია 1311 წლით დათარიღებული წარწერა, რომელიც უაღრესად საყურადღებოა. უპირველეს ყოვლისა, იგი გვიდასტურებს, რომ XIV საუკუნეში პეტრიწონის მონასტერი ქართველთა გამგებლობაშია. ძმები ათანასე და ოქროპირი პეტრიწონში ბერად შემდგარი ტაოელი ქართველები არიან. ამათგან ათანასე მოძღვრად იწოდება. სიტყვა “მოძღვარი” მასწავლებელს ნიშნავს. უნდა ვიგულისხმოთ, რომ XIV საუკუნეში ჯერ კიდევ არსებობს პეტრიწონის სემინარია, რომელიც გრიგოლ ბაკურიანის-ძემ მონასტერს დაუწესა და რომ ათანასე ამ სემინარიის ერთ-ერთი მასწავლებელია.

რაც შეეხება ხატის პეტრიწონის მონასტერში მობრძანების თარიღს, მას გრიგოლ ბაკურიანის-ძის მოღვაწეობის პერიოდსაც უკავშირებენ და XIV საუკუნესაც.

დღეს ხატი ისეთივე გამორჩეული და პატივსაცემია ბულგარეთში, როგორც ათონის მთაზე – ივერიის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი. მას პეტრიწონის ქართველთა ღმრთისმშობლის ხატის სახელი დაუმკვიდრდა და საუკუნეების განმავლობაში საკვირველთმოქმედებებით განდიდდა. ხატის მიერ აღსრულებულ სასწაულებს მონასტრის საგანგებო წიგნში (“კონდიკა”) აღნუსხავენ. 1999 წელს მონასტრის ბიბლიოთეკაში გაჩენილმა ხანძარმა მრავალ ძვირფას რელიქვიასთან ერთად ის წიგნიც იმსხვერპლა, რომელშიც ხატის სასწაულები იყო აღწერილი. თუმცა ის ადამიანები, რომლებიც თავისი რწმენის საპასუხოდ ყოვლადწმინდა ქალწულისაგან შეწევნას იღებენ, პეტრიწონის ღმრთისმშობლის ქართული ხატის საკვირველთმოქმედების დამადასტურებელ ცოცხალ მატიანეს წარმოადგენენ.

თათია ნავროზაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი