მთავარი » ქრისტიანობა

პეტრე-პავლობა – სადღესასწაულო ქადაგება – 12.07.2021

სტატიის ავტორი: | თარიღი: 12.07.2021 | 866 ნახვა

12 ივლისს, პეტრე-პავლობის დღესასწაულზე, სამების საკათედრო ტაძარში მრევლს ქადგებით მიმართა და დღესასწაული მიულოცა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა (შიომ მუჯირი).

მეუფემ მრევლს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის მილოცვა და ლოცვა- კურთხევა გადასცა. მან ისაუბრა სამოციქულო ღვაწლისა და დღეს წაკითხული სახარების, წმინდა მოციქულების შესახებ.

ამ დღესასწაულს წინ უძღვის ხანგრძლივი მარხვა, როგორც იცით, იმის ნიშნად, რომ დღეს ჩვენ მიერ აღნიშნული მოვლენა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც არის მოციქულთა ღვაწლი, სამოციქულო ღვაწლი.

დღევანდელ სახარებაში არის მოყვანილი ეპიზოდი პეტრე მოციქულის ცხოვრებიდან, როდესაც უფალი იესო ქრისტე ეკითხება მოციქულებს, რომ რას ამბობს ხალხი, ვინ ვგონივარ მეო? მოციქულები პასუხობენ, რომ ზოგს ჰგონიხარ იოანე ნათლისმცემელი, ზოგს – ელია წინასწარმეტყველი, ზოგს კი – სხვა წინასწარმეტყველი. მაშინ უფალი იკითხავს, თქვენ ვინ გგონივართო? პეტრე პასუხობს სხვების მაგივრად: ,,შენ ხარ ქრისტე, ცოცხალი ღმერთის ძე”. შემდეგ უფალი ეტყვის: ,,ნეტარი ხარ შენ, სიმონ იონას ძეო, რამეთუ ხორცთა და სისხლთა კი არ გაგიცხადეს, ანუ შენმა კაცობრივმა ბუნებამ კი არ გაგიცხადა, შენით, შენი გონიერებით კი არ მიხვდი ამას, არამედ ,,მამამან ჩემმან შენმან ზეცათამან” გამოგიცხადა შენ ეს”. ე.ი. უფალი ამბობს, რომ პეტრე ნეტარი არის იმით, რომ უფალმა დაინახა მისი სულის სიღრმე, ჩაწვდა, როგორც გულთამხილავი და მხოლოდ მას აცნობა ეს ჭეშმარიტება, რომ იესო არის ღმერთის ძე, თორემ პეტრე არ იყო სრულყოფილი თავისი ადამიანური ბუნებით. ეს ჩანს სულ ცოტა ხანში იმავე დიალოგის შემდეგ. იგივე პეტრე ეურჩება იესო ქრისტეს, რომელიც ამბობს, რომ მე უნდა შევიდე იერუსალიმში, უნდა მომკლას სინედრიონმა და მესამე დღეს აღვდგეო. პეტრე ეტყვის, რომ ,,ნუ იქნება ეგრე, მოძღვარო!” მაცხოვარი კი პასუხობს, რომ ,,განვედ ჩემგან, სატანავ”, – გახსოვთ ალბათ ეს ეპიზოდი. ანუ როგორ ეურჩება, აქ ჩანს მისი უძლურება. ამრიგად, სხვა მოციქულები შეიძლება უფრო ძლიერებიც კი იყვნენ იმ მომენტში ჯერ. შემდეგ პეტრე სამგზის უარყოფს ქრისტეს. იქაც ჩანს მისი ეს სისუსტე, მაგრამ როდესაც უფალი მკვდრეთით აღდგება და ეკითხება მას: ,,სიმონ იოანასო, გიყვარ მე შენ?” – ეს სუსტი, დაცემული პეტრე პასუხობს, რომ ,,შენ ყოველივე იცი, უფალო, რომ მე შენ მიყვარხარ” და ამიტომ აი, ეს განჭვრიტა უფალმა მასში. ამიტომ იმ აღთქმას, რომელსაც უფალი აძლევს პეტრეს, აღარ გააუქმებს. რომელია ეს აღთქმა? ის, რომელიც ამავე სახარებაშია ნათქვამი: უფალი ეუბნება პეტრეს: ,,შენ ხარ კლდე და აი, ამ კლდეზე დავაფუძნებ მე ჩემს ეკლესიას და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ სძლევენ მას!” აი, ასეთი საოცარი პიროვნებაა პეტრე მოციქული.

ასევეა პავლე მოციქულიც. პავლესაც განჭვრეტს უფალი ამ გულის სიღრმეში. პავლე ხომ სასტიკი მდევნელი იყო და როგორ უეცრად ხდება მისი მოქცევაც, ერთი სიტყვით, უფალი ეტყვის მას: ,,სავლე, სავლე, რატომ მდევნი მე?!” ეს საკმარისი აღმოჩნდა. თქცენ გახსოვთ, თვალთ დაუბნელდა მას და აი, ამ ორი სიტყვით მოაქცია უფალმა სიციცხლისაკენ, ღმერთისაკენ და პეტრეც და პავლეც შემდგომში სიცოცხლეს სწირავენ ქრისტესთვის.

აი, ასე ნელ-ნელა აღამაღლებს უფალი თავის რჩეულებს, იქამდე, რომ დღეს იყო კორინთელთა მიმართ ეპისტოლედან ადგილი, როცა პავლე მოციქული თავის თავზე ამბობს, რომ მესამე ზეცამდე აღამაღლა და იქ ღმერთმა დაანახა, აზიარა მას ენით გამოუთქმელ საიდუმლოებებს, ამის ხილვის ღირსი გახადა. ესეც არ იკმარა უფალმა, დღევანდელ სახარებაში ასევეა სიტყვები პეტრესადმი, არათუ მესამე ზეცამდე აიყვანა თავისი რჩეული, არამედ დღევანდელ სახარებაში პეტრეს ეუბნება: ,,შენ მოგცემ ცათა სასუფევლის გასაღებს, რასაც შეკრავთ დედამიწაზე, შეკრული იქნება ზეცაში, რასაც გახსნით დედამიწაზე, ხსნილ იქნება ზეცაში”. ასეთ საოცარ სიტყვებს ამბობს უფალი.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ.

ამდენად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ როგორც უფალმა განჭვრიტა პეტრესა და პავლეში, ორ აბსოლუტურად განსხვავებულ ადამიანში, ასევე ყოველ ჩვენგანში არის ეს სიღრმე, მიუწვდომელი, თვალით უხილავი, ადამიანებისთვის ამოუცნობი სიღრმე, რომელსაც ჩვენც კი ვერ ვიცნობთ და ვერ ვხედავთ, მხოლოდ ღმერთმა იცის, ვინ ვართ ჩვენ და რისთვის შეიძლება ვიყოთ განმზადებულნი, ღმერთი განსჭვრეტს ამას.

და აი, სწორედ გულისა და სულის ამ სიღრმიდან დაიწყო უფალმა იესო ქრისტემ თავისი ეკლესიის აშენება და დაარსება. ასე გამოირჩია და აღამაღლა თავისი მოწაფეები და განსჭვრიტა სიმონში ეს კლდე – პეტრე, განსჭვრიტა მდევნელ სასტიკ სავლეში პავლე, რომელსაც შემდეგ უწოდა რჩეული ჭურჭელი და სწორედ ამიტომ არის, რომ ღმერთის ნამდვილი მსახურნი, ნამდვილი მონანი უფლისანი ყოველთვის მტკიცედ დგანან სულიერებაში, სარწმუნოებაში. რატომ? იმიტომ, რომ მართალია, ისინი აღამაღლა უფალმა ერისაგან თვისისა, როგორც ამბობს დავით წინასწარმეტყველი, მაგრამ აი, ამ ამაღლებულებს აქვთ გულის შემუსვრილება და ყოველთვის ახსოვთ ის სიმდაბლე და დაცემულობა, საიდანაც აღამაღლა ისინი ღმერთმა. ამიტომაც მტკიცედ დგანან.

იოანეს გამიცხადებაშია ასეთი სიტყვები, რომ: ,,გახსოვდეს, საიდან დაეცი!” – ასე ეუბნება დამდაბლებულებს. ასევე ამაღლებულებსა და გამორჩეულებსაც უნდა ახსოვდეთ, საიდან ამაღლდნენ, რომელი სიმდაბლიდან და ცოდვიდან ამაღლდნენ. სხვათა შორის, ეს მუდმივად ახსოვდა პავლეს, იგი ყოველთვის ამბობდა, რომ მე არ ვარ ღირსი, მერქვას მოციქული, იმიტომ რომ მე ვიყავი ეკლესიის მდევნელი, ხოლო პეტრე მოციქული მთელი თავისი ცხოვრების განმავლოვაში, სიკვდილამდე, ტიროდა, როდესაც მამლის ყივილი ესმოდა. მას ეს ახსოვდა.

ასე რომ, როგორც ამბობს პავლე მოციქული, როგორც დაცემულს უნდა ახსოვდეს, საიდან დაეცა, რა სიმაღლიდან და ამაღლებულს და აღმატებულს უნდა ახსოვდეს, საიდან აღამაღლა იგი უფალმა იმისთვის, რომ ისევ პავლე მოციქულის სიტყვებით, ,, ვერცა სიღრმემ, ვერცა სიმაღლემ, ვერცა სხვა რაიმემ ვერ განმაშორებს მე ღმერთის სიყვარულს უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეში”, რომლისა არს დიდება, პატივი და თაყვანისცემა უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
დღეს, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა მივულოცოთ ჩვენს უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს იმიტომ, რომ როგორც პეტრესა და პავლეში განჭვრიტა უფალმა მომავალი დიდი მოღვაწეები და მოციქულთა თავნი, ასევე განჭვრიტა ჩვენს უწმინდესში უფალმა თავის დროზე ის ადამიანი, რომელსაც უნდა აღეშენებინა, გაეძლიერებინა და აეყვავებინა ჩვენი ეკლესია ამ ურთულეს დევნის და დევნის შემდგომ პერიოდებშიც. ამ ნაყოფს ჩვენ ვხედავთ დღეს, მისი ღვაწლის ამ საოცარ ნაყოფს და მადლობას ვუხდით მას. ის არის ჭეშმარიტად დიდი სამოციქულო ღვაწლის გამგრძელებელი და მაგალითი ჩვენს ქვეყანაში და, საერთოდ, მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიაში. ვუსურვოთ მას დღეგრძელობა, ძლიერება და მისი წინამძღობით მრავალი სიხარული ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ეკლესიას.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და დაგაძლიეროთ.
ჩვენთან არს ღმერთი!”




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი