მთავარი » კულტურა

დუეტი “ჯორჯია”: “პატრიარქმა ძალიან დიდი საჩუქარი გაგვიკეთა”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 24.05.2011 ერთი კომენტარი | 5,330 ნახვა

დუეტი “ჯორჯია”: “ჩვენ ხალხისთვის ვმღერით”

დუეტი “ჯორჯია” იმედის არხზე კონკურს “იმედის ტალღაზე” ჩამოყალიბდა. მათი პოპულარობა კონკურსებში მონაწილეობამ განაპირობა. როგორ დაიწყეს პირველი ნაბიჯების გადადგმა სცენაზე, რას ნიშნავს მათთვის სიმღერა და ცხოვრობენ თუ არა ქრისტიანული წესების დაცვით? “ამბიონს” თავად გაესაბრნენ.

დუეტი ჯორჯიარატი დურგლიშვილი (დუეტი “ჯორჯია”):
3 წლიდან სცენაზე ვდგავარ. მამა კომპოზიტორია და აქედან გამომდინარე, ბავშვობიდან მუსიკალურ გარემოში ვიზრდებოდი. პრაქტიკაც ოჯახის მეშვეობით გავიარე. მამას ჰყავდა ვოკალურ-ინსტრუმენტალური ანსამბლი “მთიები” და ძალიან ხშირად სხვადასხვა კონცერტზე გამოსვლა მიხდებოდა. ასე, ნელ-ნელა მოვდივარ და ღვთის წყალობით, დღეს წარმატებას მივაღწიე.

მაკა ზამბახიძე (დუეტი “ჯორჯია”): 7 წლიდან ვდგავარ სცენაზე და მუსიკალურ სფეროში აქტიურად გახლავართ ჩართული. კომპოზიტორ მანანა არაბიძის სტუდიაში დავდიოდი. ვიყავი სოლისტი და არასდროს მიყვარდა თავის გამოჩენა. ყოველთვის უკანა რიგებში ყოფნას ვარჩევდი. ამას თან მოსდევდა დადებითი მხარეებიც, რადგან ყოველთვის უფრო მამჩნევდნენ. არ ვიყავი ძალიან აქტიური, უბრალოდ ჩემს საქმეს კარგად ვაკეთებდი. ასე მზრდიდნენ და თვითონაც ასეთი ხასიათი მქონდა. თბილისში თითქმის ყველა სცენაზე ვარ გამოსული.

როდესაც პირველად იმღერეთ, რა გრძნობა დაგეუფლათ, როგორ გაიხსენებდით საწყის ეტაპს?

მაკა ზამბახიძე: ბავშვობაში ნერვიულობის მომენტი ნაკლებია. ჭკუა რომ გემატება, მერე ხვდები, რას აკეთებ, სად გადიხარ, ვის უმღერი? მაშინ ვიცოდი, უნდა გავსულიყავი სცენაზე, მემღერა, თავი დამეკრა მაყურებლისთვის, მადლობა გადამეხადა. ბედნიერი ვიყავი იმით, რომ ჩემმა მასწავლებელმა პირველად მომცა სოლო და შემეძლო, სცენაზე მარტო მემღერა. ახლა უფრო ვღელავ სცენაზე გასვლისას.

რატი დურგლიშვილი: ყოველ სცენაზე გასვლას ისევე განვიცდი, როგორც პირველს. როდესაც ხელოვანი ადამიანი თავის ნაშრომზე არ ნერვიულობს, ის ხელოვანი არ არის. იგივეა, როცა მომღერალი გადის სცენაზე. მე ვიცნობ ადამიანს, ვინც მოვალეობის მოხდის მიზნით მღერის. ამ ყოველივეს პროფესიულ დონეზე უნდა მივუდგეთ. რადგან სიმღერა ჩვენთვის ყველაფერზე წინ დგას, შედეგიც იმიტომ მივიღეთ. პირველ რიგშია ის, რისი ნიჭიც მოგვცა ღმერთმა. შესაბამისად, როგორც კი ზურგს შეაქცევ და ამბიციური გახდები, ვფიქრობ, ვერაფერს მიაღწევ. მე და მაკა დღემდე ძალიან სათუთად ვეპყრობით თოთოეულ ბგერას. წინსვლისთვის ბევრ წვრილმანს განვიხილავთ. სულ დისკუსია გვაქვს და საბოლოოდ, სიმართლემდე მივდივართ. ერთმანეთს სტიმულს ვაძლევთ და გვერდში ვუდგავართ.

რას ნიშნავს თქვენთვის სიმღერა?

მაკა ზამბახიძე: ბავშვობიდანვე ჩემი გონება სიმღერის გარდა არსად და არაფერზე ფიქრობდა. სწავლასაც კი არ ვაქცევდი ყურადღებას. მე-6 კლასამდე ხუთოსანი ვიყავი და მერე მასწავლებლები ნიშნებს ჩემი სიმღერით მიწერდნენ. მთელი დატვირთვა მუსიკაზე მქონდა მიმართული. სტუდენტობის დროსაც ძალიან დამეხმარა სიმღერა, რადგან უნივერსიტეტში ვერ დავდიოდი.

რატი დურგლიშვილი: იცი, ყოველთვის რა მიკვირს? ძალიან ბევრი ადამიანი აღნიშნავს, რომ სმენა არ აქვს. მაშინ მომღერალს რანაირად აფასებენ?! როგორ არჩევენ კარგ მომღერალს ცუდისგან?!

მაკა ზამბახიძე: სმენა აქვს, მაგრამ მას უბრალოდ არ გააჩნია სასიმღერო სმენა, რაც განსაკუთრებული ნიჭია. ჩვენ ძალიან შეყვარებულები ვართ მუსიკაზე. ყველაფერი მიდის მუსიკისკენ, თუნდაც რამის გაფორმება, ყველგან არის მუსიკალური გაფორმება.

რატი დურგლიშვილი: ყველა მღერის, ბევრს აქვს სასიმღერო სმენა, მაგრამ რაღაც დონემდე. ეს ამოუხსნელი ნიჭია. ვფიქრობ, ეს საერთაშორისო ენაა, რომელსაც “ენა”, როგორც ასეთი, არ სჭირდება და მთელ მსოფლიოს აერთიანებს, რადგან არ მეგულება ადამიანი, ვისაც მუსიკა არ უყვარს. მუსიკის გარეშე არ შემიძლია, ჩემი ჰაერია. მიკვირს იმ ადამიანების, ვინც მუსიკას პატივს არ სცემს.

მაკა პროფესიით დირიჟორია, რატი – მხატვარი. რატი, როგორც ვიცი, შენ მუსიკასაც თავად ქმნი.

რატი დურგლიშვილი: ვცდილობ. ალბათ, მამისგან გამომყვა.

მაკა ზამბახიძე: მაგრამ ნოტები არ იცის, ყველაფერს “დო მაჟორში” აწყობს. თუ ჩვენი სოლოკონცერტი ოდესმე გაკეთდება, ჩემი სურვილია, რომ რატიმ ფორტეპიანოზე დაუკრას.

ადრე უფრო კარგად ვუკრავდი, ახლა საერთოდ აღარ მაქვს შეხება ფორტეპიანოსთან. ძალიან მიყვარს გიტარა. რამოდენიმე სიმღერის ასაწყობი ნოტი ვიცი, მაგრამ ამასაც პრაქტიკა სჭირდება. მინდა, რომ მუსიკალურ-ინსტრუმენტალური ნომერი გავაკეთოთ.

როგორ შეიქმნა დუეტი ჯორჯია?

მაკა ზამბახიძე: დუეტი “ჯორჯია” ჩამოყალიბდა “იმედის ტალღაზე”, სადაც ერთ-ერთი დუეტი შევასრულეთ. მაია ყიფიანს სურდა, შეექმნა დუეტი. იურმალაზეც სწორედ დუეტით გასვლა ჰქონდა ჩაფიქრებული. შეხმატკბილებული გოგო და ბიჭი ვერ იპოვა. ჩვენში კი რაღაც დაინახა. პროექტ “იმედის ტალღაში” ჩვენ გავიმარჯვეთ, რის შემდეგაც გადაწყვიტა, გავეშვით იურმალას კონკურსზე. დაგვარქვა დუეტი “ჯორჯია”. ადრე ამაზე მეცინებოდა და დღეს ვამაყობ, რომ ეს სახელი გვქვია. ქართული სულის მატარებელია. თუმცა ადრე დაგვცინოდნენ, დღეს ძალიან გაამართლა. ასეთ შედეგს არ ველოდით. სხვათაშორის, ამ სახელის მოფიქრებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის მაია ყიფიანს.

რატი დურგლიშვილი: რა სასწაულია, “იმედის ტალღაზეც” პირველი ადგილი ავიღეთ და იურმალაზეც. ჩვენ თვითონ ვცემთ საკუთარ სახელს პატივს. რაც დრო გადის, უფრო ვხვდებით. მახსოვს იურმალაზე სოფოს გამოსვლა. სხვა ბევრი ქართველიც გამოსულა. რატი დურგლიშვილისოფომ გამოსვლა რომ დაასრულა, მე და მაკამ მერე აღმოვაჩინეთ, რომ ინსტინქტურად სკამებზე ავსულვართ. პატარაა საქართველო და ერთმანეთს მხარში უნდა დავუდგეთ. მინდა, უღრმესი მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც დღემდე ემოციით გვხვდება.

ვინც ჩვენ გაგვზარდა, დიდი სტიმული და ძალა მოგვცა ეს გახლდათ მაია ყიფიანი. უღრმესი მადლობა მას მარტო იმიტომ, რომ ძალიან ბევრი გენიალური ადამიანი იყო ჟიურიში კონკურს “იმედის ტალღაზე”, ვის აზრსაც ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. “იმედის ტალღამ” დიდი გამოცდილება მოგვცა. უღრმესი მადლობა ჟიურის წევრებსაც, რადგან ერთხმად გადაწყდა იურმალაზე ჩვენი წასვლა.

მაკა ზამბახიძე: მახსოვს, მაცაცო სებისკვერაძემ “იმედის ტალღის” კონკურსზე თქვა: გაუშვით ეს დუეტი საზღვარგარეთ და ესენი გვასახელებენო.

კონკურსი “იმედის ტალღა” იმით იყო კარგი, რომ ჟიურის დოგმა არ გახლდათ. ყოველ კვირას შემადგენლობა იცვლებოდა. ყველა პროფესიონალი მუსიკოსი იყო. მომღერალი, კომპოზიტორი და მსახიობი გაფასებდა. ეს საინტერესო გახლდათ და გული მწყდება, რომ მსგავსი კონკურსი აღარ ტარდება.

რატი დურგლიშვილი: პროფესიონალია და იცის, ადამიანი ხედავს და ხვდება, მუსიკოსს გრძნობს. ყველას თავისი აზრი გააჩნია. მეამაყება, რომ ასეთი პროფესიონალი ადამიანები თბილისში ცხოვრობენ, მათ წინაშე წარვდექით სიმღერით და მოწონებაც დავიმსახურეთ.

რას ურჩევდით მათ, ვინც ნიჭიერია და ახლა დგამს სცენაზე პირველ ნაბიჯებს?

რატი დურგლიშვილი: თუ კონკურსში მონაწილეობა არ მიიღეს, სხვაგვარად საკუთარი თავის რეალიზებას ვერ მოახდენენ. მეც ასე ვიყავი. კონკურსები არ მხიბლავდა. მაგრამ თურმე საჭირო ყოფილა. ვიცი, რომ ძალიან ნიჭიერი თაობა მოდის, რაც ძალიან მახარებს. მე და მაკა მაქსიმალურად ვცდილობთ, ვინც ნიჭიერია საქართველოში, ჩვენ გარშემო ტრიალებდეს. რაც შეგვიძლია, ყველაფრით ხელს ვუმართავთ იმიტომ, რომ ჩვენ წვალებით მოვდივართ და მინდა, ახალმა თაობამ სწორი ნაბიჯები გადადგას, წინ წავიდეს. ამის მომხრეები ვართ.

მაკა ზამბახიძე: ახლა “ნიჭიერში” მხარს ვუჭერთ მარი ტომარაძეს. ყველანაირად ვცდილობთ, სწორ გზაზე დავაყენოთ. მართლა ძალიან ნიჭიერი ბავშვია. ნამდვილად ღვთის წყალობაა, რომ ასე კარგად მღერის. პედაგოგი არასდროს ჰყოლია. ჩვენ დავაკვალიანეთ, ლალი ბერიანიძესთან მისულიყო, რათა მას მარისთვის მუსიკალური გაკვეთილები ჩაეტარებინა. ჩემი სურვილიც იყო, ამ პროექტში მიეღო მონაწილეობა. “ნიჭიერი” რეიტინგული პროექტია. ჩვენმა გადაწყვეტილებამ გაამართლა და მარი ფინალშია.

რატი დურგლიშვილი: მარი მსოფლიო დონის მომღერალია. უკვე ძალიან პოპულარულია, რაც მეტად გვახარებს.

საუბრობდნენ, რომ თქვენ “ევროვიზიის” კონკურსში უნდა მიგეღოთ მონაწილეობა. რამდენად შეესაბამება სინამდვილეს?

მაკა ზამბახიძე: “ევროვიზიის” კონკურსზე იურმალაში გამარჯვებიდანვე საუბრობდნენ, მაგრამ აქ მარტო ჩვენ არ ვწყვეტთ. მე არ ვარ ამ კონკურსის მომხრე. ჩემი სურვილით შიდა შესარჩევ ტურზე არ გავალ, მაგრამ თუ გადაწყვეტს ქვეყანა, რომ დუეტი ჯორჯია საჭიროა, რომ გავიდეს “ევროვიზიაზე”, ამ შემთხვევაში უარს ვერ ვიტყვით, მთელ ენერგიას დავხარჯავთ.

რატი დურგლიშვილი: ეს ხალხის მოთხოვნაც იყო. დღემდე, ამასთან დაკავშირებით, ქუჩაშიც გვაჩერებენ. პირდაპირ ვაცხადებ: ჩვენ ვართ მზად, რომ სამშობლოს კიდევ ერთხელ დავუდგეთ გვერდში ისევე, როგორც იურმალაზე. უფრო მეტიც, ალბათ, სიცოცხლესაც გავწირავ.

იმ შემთხვევაში, თუ რამოდენიმე ადამიანი გადაწყვეტს, რომ ჩვენ ვიქნებით საჭირო, სამშობლოს გვერდით დავდგებით. თავს გადავდებთ, მაქსიმუმს გავაკეთებთ, რა თქმა უნდა, შესაძლებლობის ფარგლებში.

კონკურენციის მომენტი თუ გიგრძვნიათ, ან შურის მსგავსი?

რატი დურგლიშვილი: ეს იმდენად არ გვაინტერესებს, შეიძლება არის, მაგრამ არ ვიცით. ყველას ჩემს მეგობრად მივიჩნევ და წარმატებებს ვუსურვებ. ყველასთან ძალიან კარგად ვართ. არავისთან გვაქვს კონფლიქტი. საერთოდ, შური და ბოღმა ადამიანის სისუსტეზე მიუთითებს და მის ნაკლებ ნიჭიერებაზე. შენ თუ ნიჭიერი ხარ, სხვისი აზრი არ უნდა გაინტერესებდეს. მე ასე ვფიქრობ. ჯერჯერობით მსგავსი რამ არ დაგვმართია. არ ყოფილა შემთხვევა, ვიღაცას ჩვენთვის ცუდი გაეკეთებინოს. შეიძლება გვიკეთებენ, მაგრამ ნაკლებად ვაქცევთ ამას ყურადღებას. ღმერთმა გასცეს პასუხი ყველას. ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ.

მაკა ზამბახიძე: ძალიან ბევრისგან მსმენია, აი, ამ ადამიანთან კონფლიქტი მაქვს. ჩვენ ხალხისთვის ვმღერით და არა იმისთვის, რომ ვინმეს დავანახოთ, ჩვენ სცენაზე ვდგავართ და შენ _ არა. ასეთ შემთხვევაში ხალხის საყვარელი მომღერალი ვერ იქნები, გამორიცხულია.

რას გვეტყვით თქვენს სამომავლო გეგმებზე?

რატი დურგლიშვილი: ვაპირებთ გავაკეთოთ ფასიანი ტურნე, სადაც გაიყიდება ბილეთები და სურვილი გვაქვს, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში ჩავატაროთ კონცერტი. ღვთის წყალობით, გვყავს ძალიან ბევრი კარგი მეგობარი, ვინც მხარში ამოგვიდგება. ამ ზაფხულს დაახლოებით 10-11 კონცერტის გამართვას ვგეგმავთ. ასევე, რიგით პირველი აუდიო ალბომი დახურული გვაქვს. თუმცა ველოდებით ფინანსებს, რაც ჯერ არ გაგვაჩნია. გვინდა, ალბომის ძალიან დიდი პრეზენტაცია მოვაწყოთ ფილარმონიაში, ან სპორტის სასახლეში. ალბომში შესულია 14 სიმღერა. გამოდის ასევე ჩვენი პლაკატები. ძალიან დიდი გეგმები გვაქვს. მომავალ წელს შეიძლება საქართველოში აღარ ვიყოთ. ჯერ ამაზე არ ვსაუბრობთ, მაგრამ კარგი შემოთავაზებებია. არაა გამორიცხული, აღარც დავბრუნდეთ. თუმცა ეს იქითა წლის სასაუბრო თემაა. რა იქნება, ჯერ არც ჩვენ ვიცით და არც _ სხვამ. ეს მარტო ღმერთმა უწყის.

თუ მოგილოცავთ რომელიმე წმიდა ადგილი? გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები…

რატი დურგლიშვილი: ღვთის წყალობით, კი. უფალს უღრმესი მადლობა ამისათვის. მაცხოვრის საფლავზე ვყოფილვარ. ვისურვებდი, ნებისმიერი ადამიანი მოხვდეს ამ წმიდა ადგილას. საოცარი რამ ვიგრძენი. მაკას ეს ბედნიერება 2-ჯერ აქვს განცდილი.

მაკა ზამბახიძე: ერთხელ – მეუღლესთან ერთად, ჯვარი იქ დავიწერეთ. მეორედ კი – რატისთან. გული მწყდებოდა, რომ რატის არ ჰქონდა ნანახი იქაურობა და მოხდა ისე, რომ ისრაელის ერთ-ერთ ქალაქში კონცერტი რომ ჩატარდა, მერე გადაგვიყვანეს იერუსალიმში და მოვილოცეთ წმიდა ადგილები. ძალიან გამიხარდა, რადგან იმ პერიოდში რატის ეს სჭირდებოდა.

რატი დურგლიშვილი: დავმშვიდდი. მე და მაკას პატრიარქმა ძალიან დიდი საჩუქარი გაგვიკეთა. უწმიდესმა ჯვრები გვაჩუქა და ჩვენს სახელზე აკურთხა. 7 წიგნიც გვისახსოვრა, სადაც მისივე ხელით აწერია: დალოცვილები იყავით. ეს ბედნიერებაა და სხვათაშორის, ერთ რამეს ვიტყვი: სხვა ქვეყანაში თუ ვართ, ვცდილობთ, ეკლესიაში არ შევიდეთ. შეიძლება გაინტერესებს რაღაც, ბევრი ფოტოებსაც იღებს, ათვალიერებს, მაგრამ ეს არ არის, ჩემი აზრით, ლამაზი.

რამდენად ცხოვრობთ ქრისტიანული წესების დაცვით?

რატი დურგლიშვილი: მაკა ქრისტიანულად ცხოვრობს და ყველა წესს ასრულებს. მარხვას ძალიან აქტიურად იცავს, ჩემთვისაც ლოცულობს. მე, ამ მხრივ, ცოტა ზარმაცი ვარ. ისე, 4 თვეა, რაც სიგარეტი გადავაგდე, მეგობარმა შემაშინა, სატანის სანთელიაო და ა.შ.

მაკა ზამბახიძე: მყავს სულიერი მოძღვარი და აქტიურად ვარ ჩართული ეკლესიურ ცხოვრებაში. ბავშვობიდან სულ ეკლესიაში დავდივარ და ვეზიარები, აღსარებას ვამბობ. მაგრამ პირველად რომ გავთხოვდი, ის ერთი წელი მოვწყდი ამ ყოველივეს. ეკლესიას ჩამოვშორდი. მე-4 წელია, ისევ აქტიურად დავდივარ ტაძარში. დედამ გამზარდა ასე.

თეა სულაბერიძე

strong


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი