მთავარი » ქრისტიანობა

კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (06.10.2019)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 08.10.2019 | 565 ნახვა

ჩვენთან არს ღმერთი

ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო. ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს. ბოროტი სული საშინლად ებრძვის ადამიანს და თქვენ უნდა ფრთხილად იყოთ. ყოველდღე, საღამოს, უნდა ასხუროთ ნაკურთხი წყალი თქვენს ოთახებს, თქვენს ეზო-კარს და ძილის წინ აუცილებლად წაიკითხოთ ლოცვები.

ხშირი შემთხვევაა, როცა ახალგაზრდები იკლავენ თავს და იღუპება ადამიანის სული. ეს ყველაფერი ბოროტი სულის გავლენაა. ამიტომ თვეში ერთხელ მაინც მღვდელს უნდა აკურთხებინოთ თქვენი საცხოვრებელი.

დღესაც ჩვენ მოგვივიდა ორი შეტყობინება, რომ მაღალი სართულიდან გადმოვარდა ორი ადამიანი. ფრთხილად უნდა ვიყოთ და ვიფიქროთ, რით წარვდგებით წინაშე ღვთისა.

ყველაზე დიდი ძალა, რომელიც თქვენ დაგეხმარებათ და ჩვენ დაგვეხმარება, არის ქველმოქმედება, თანადგომა გაჭირვებული ადამიანისა. ცხოვრების მიზანი უნდა იყოს ღვთის სადიდებლად გაჭირვებული ხალხის დახმარება. ზოგიერთი მიზნად ისახავს დააგროვოს სიმდიდრე, ეს სიმდიდრე სამარის კარამდე მიაცილებს მას, მერე კი ტოვებს.

იყო ასეთი შემთხვევა: ერთ ქვეყანაში ცხოვრობდა მეტად მდიდარი ადამიანი თავის ცოლ-შვილით. აგროვებდნენ სიმდიდრეს. ცოლი ავად იყო და ადარდებდა მხოლოდ ის – ვის დარჩება ჩემი სიმდიდრეო. სიკვდილის წინ გამოატანინა თავისი ყველაზე ძვირფასი კაბა, რომელიც მოქარგული იყო თვალ-მარგალიტით, მაგრად ჩასჭიდა ხელი და ასე გარდაიცვალა. რადგან ხელი ვერ გაუნთავისუფლეს გარდაცვლილს, ოჯახმა შემოაჭრა იმ კაბას დაჭერილი ნაწილი და ის წაიღო საიქიოს იმ ქალბატონმა.

მე კიდევ ერთხელ ყველას გეხვეწებით, გაუფრთხილდით და დაიფარეთ ოჯახები თქვენი, დაიფარეთ შვილები თქვენი.

არავითარ შემთხვევაში წყევლა არ წამოგცდეთ შვილისა ან ადამიანისა. ვინც იწყევლება, თავის თავსაც წყევლის და თავის ოჯახსაც.

ჩვენი დროის სირთულე მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყნის აღსასრული არც ისე შორს არის, ახლოს არის და სწერია ბიბლიაში: როცა ბოროტი სული მიხვდება რომ აღსასრული მოდის, გააძლიერებს ბრძოლას ადამიანთან.

ჯვარი გეწეროთ, ღმერთმა დაგიცვათ და დაგიფაროთ ხილული და უხილავი მტრებისგან.

დღეს ჩვენ ვაჯილდოებთ სამღვდელოებას, ვლოცავთ ოჯახებსა და გვარებს.

დეკანოზი გიორგი დორეული დაჯილდოებულია მიტრის ტარების უფლებით. აქსიოს!

დეკანოზი მიქაელი გვარამაძე, დაჯილდოებულია მიტრის ტარების უფლებით. აქსიოს!

დეკანოზი სერგი ლომიძე, დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით. აქსიოს!

მღვდელი იოანე საბანაძე, აღყვანილია დეკანოზის ხარისხში და დაჯილდოებულია ოქროს ჯვრის ტარების უფლებით. აქსიოს!

მღვდელი დავით შაყულაშვილი აღყვანილია დეკანოზის ხარისხში და დაჯილდოებულია ოქროს ჯვრის ტარების უფლებით. აქსიოს!

მღვდელი იოანე ჩალიგავა აღყვანილია დეკანოზის ხარისხში და დაჯილდოებულია ოქროს ჯვრის ტარების უფლებით. აქსიოს!

მღვდელი ლევან ანთაძე აღყვანილია დეკანოზის ხარისხში და დაჯილდოებულია ოქროს ჯვრის ტარების უფლებით. აქსიოს!

მღვდელი გიორგი ჯულუხაძე აღყვანილია დეკანოზის ხარისხში და დაჯილდოებულია ოქროს ჯვრის ტარების უფლებით. აქსიოს!

დღეს ილოცებიან შემდეგი გვარები: ყაზარაშვილები, ბაზალები, ბოგველები, ედილაშვილები, ჯვარაძეები, თეზუაშვილები, ბეზუაშვილები და დარბაიძეები.

ჩვენთან ასევე მობრძანებულები არიან ახალგზარდების არასამთავრობო ჯგუფის ხელმძღვანელები, რომლებიც მრავალ კეთილ საქმეს აკეთებენ და ცდილობენ, შეიტანონ წვლილი ქვეყნის განვითარებაში, ესენია: ჯაბა კანტიძე, რატი ხითარიძე და ლუკა გიორგაძე.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგამრავლოთ. ღმერთმა დალოცოს თქვენი ოჯახები და თქვენს მიერ აღსრულებული კეთილი საქმეები!




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი