მთავარი » კულტურა

“პატრიარქმა გვირჩია, ლექსი ყოველთვის იმედით დაგვესრულებინა…”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 18.06.2013 ერთი კომენტარი | 3,653 ნახვა

ახალბედა პოეტი მამუკა თეთრაძე ლექსების წერის ნიჭს უფალს მადლობს. სურს, მიბაძოს წინაპრებს, რომლებსაც გულის ცოცხალი ფიცრებიდან სულიერება ხელნაწერის სახით გადმოჰქონდათ… მამუკა თეთრაძე მის ლექსებში ძირითადი ყურადღება გამახვილებულია სულიერ ფასეულობებზე, სინანულზე, თავმდაბლობაზე, მანდილოსნის ღირსების პატივისცემაზე, სიყვარულზე… ღვთისკენ სწრაფვაზე და შესაბამისად, გმობს სიბილწეს, ცოდვის უნანელობას, ამპარტავნებას, უღირსებას, ურცხობას… ცდილობს, ხაზი გაუსვას სიწმინდის, მადლის მოხვეჭის, განღმრთობის აუცილებლობასა და ადამიანებში პატრიოტული გრძნობის გაღვივებას.

„ამბიონს“ საკუთარი შემოქმედების შესახებ მამუკა თეთრაძე თავად გაესაუბრა, რომელსაც დღემდე 100-ზე მეტი ლექსი აქვს დაწერილი, მის შემოქმედებით მიმართულებაზე კი დიდი გავლენა იქონია ეკლესიურმა ცხოვრებამ, სემინიარიაში სწავლისას გატარებულმა წლებმა…
მამუკა თეთრაძე: „ჩემს ერთ-ერთ ლექსში მიწერია: „წუთისოფელი დანგრეულია,
გზა მხოლოდ წმინდა ტაძრისკენ რჩება“.
რა თქმა უნდა, როცა ადამიანთა პირველმშობელნი ადამი და ევა ცოდვით დაეცნენ სოფელში, ქვეყნად შემოვიდა სიკვდილი, ხრწნადობა და ეს სოფელი გახდა წუთისოფელი, რასაც ადამიანის სული ვერ ეგუება. იგი უკვდავების, ღმერთთან მყოფობისთვისაა შექმნილი. და აი, კაცობრიობის იმედი-ქრისტე განკაცდა ქალწული მარიამის წიაღში და იშვა ბეთლემში, ნათლის მომცემელმა ნათელ იღო წმ. იოანე ნათლისმცემლისგან, საქმითა და სიტყვით აცოცხლებდა ადამიანთა უმადლოდ მკვდარ სულებსა და სხეულებს, სურვილისა და რწმენის გათვალისწინებით კურნავდა მათ და ასწავლიდა მაცხოვნებელ მოძღვრებას. ქრისტე ჯვარს ეცვა ჩვენი ხსნისათვის, აღდგა მესამე დღეს და განღმრთობილი სხეულით, მეორმოცე დღეს, ამაღლდა ზეცად და კვლავაც მოვა, როგორც თქვეს ანგელოზებმა და იქნება მკვდართა აღდგომა, ხოლო ადამიანთა ტრაგედიული მდგომარეობა – სიკვდილი განქარდება სიცოცხლით, უკვდავებითა და ღვთის მადლით, ცოცხალი სული და სხეული განღმრთობილი, იქნება ღმერთთან, გასულიერებულ სამყაროში, როგორც ამას, ყველაფერს საღმრთო განცხადება, წმინდა წერილი გვასწავლის.

ამ წუთისოფელში მართლმადიდებლური ღვთისმსახურებით შემტკიცებული ტაძარია ის გზა, რომელიც სულიერი კიბეა, აღმართული ღვთისაკენ და მასზე ადის მართლმადიდებლურად ნათელღებული ქრისტიანი, რომელიც აღსარებით, ზიარებით… ისპეტაკებს, იმტკიცებს სულს და სულიერი ცხოვრებით მადლს იხვეჭს, რომელიც ზე-აზიდავს ღვთისაკენ მას, მსურველს, საქმით მეტყველს.“

ლექსში „ჩვენი ერთობა“, ამბობთ:
„წუთისოფელში ჩვენში არის ცოდვაც, სიწმინდეც;
ერი იხრწნება, იტანჯება, მაინც არსებობს!
არსებობს, რადგან, ერში მისდევს ზოგი სიწმინდეს;
მართალთა ლოცვით საქართველო მაინც არსებობს!“

თქვენი აზრით, რა არის „ერის გახრწნის“ მიზეზი?

წუთისოფელში მხოლოდ ერთი რამაა უდიდესი საშიშროება – ვნებები, რომელიც მსოფლიო ხალხთა ისტორიის ცოდვებს გვანახებს აწმყოში და რეალურად დიდ საშიშროებას წარმოადგენს კაცობრიობისთვის. წარღვნამდელი მსოფლიო ისე იყო ვნებებს აყოლილი, რომ გონებით ღრმად დაბნელებულებს აღარ ახსოვდათ ღმერთი და სულით გაუხეშებულნი სინანულს ისე დაშორდნენ, რომ ადამიანი, ასეთი ცხოვრებით, თავის მისიას აღარ ასრულებდა და შესაბამისად, ღვთისაკენ აღარ წარემატებოდა. ყოვლისმცოდნე ღმერთმა იცოდა, რომ ისინი აღარ შეინანებდნენ და წარღვნა მოუვლინა მათ; გადარჩა მხოლოდ კიდობანში (ეკლესიის სიმბოლო) მყოფი მართალი ნოეს ოჯახი.
ვნება ადამიანს აზროვნებასაც უმახინჯებს და ალბათ გვახსენდება 17 მაისის მოვლენები, ცოდვის პროპაგანდა. ვფიქრობ, იქ დგომა აუცილებელი იყო ჰომოსექსუალიზმის დასაგმობად და სწორედ, ერის გახრწნის მიზეზი – ვნება დაიგმო მშვიდობიანი, მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელოებისა და მრევლის მიერ. მე არ ვსაუბრობ, კონკრეტულ, აგრესიულად განწყობილ პიროვნებებზე!

„მე დღეს ვუმზერდი დარბაზში“ – გვესაუბრეთ ამ ლექსის მნიშვნელობაზე…

2013 წლის 10 ივნისს კულტურული მემკვიდრეობის არასამთავრობო მონიტორინგის ჯგუფმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, გიორგი გაგოშიძე ლექციის ჩასატარებლად მოიწვია. მან ისაუბრა ქართულ ძეგლებზე ანტიოქიის შემოგარენში და მე, როგორც მსმენელმა, განვიცადე ის რეალობა, რაც დღეს თურქეთის ტერიტორიაზე ხდება, ეს ყოველივე ლექსად გადმოვეცი.

ანტიოქიის ტერიტორიაზე ქართული მონასტრები: წმინდა სვიმეონის ლავრის გარშემო შეკრებილი, არის ქართველთა მოლოდინში, რათა მათ შეისწავლონ და დაიცვან ეს საგანძური. ვნახე შემზარავი კადრები, ქართული ორნამენტები წაღებულია და სომხური ტაძრის საკურთხეველში ერთმანეთის მიყოლებითაა მოთავსებული, ასევე ტაძრის ეზოს კედლისთვისაა გამოყენებული. ერთ-ერთი მონასტერი ქარსაცავების სამყოფი გამხდარა და კაცი მონასტრის შესასწავლად რომ ჩავიდეს ხელისშემშლელად აღემართება.

მახსოვს, სემინარიაში სწავლისას პატრიარქმა გვირჩია, რომ ლექსი ყოველთვის იმედით დაგვემთავრებინა და ჩემს ლექსებში იმედიანობა ყოველთვის იგრძნობა. ამ ლექსშიც ორნამენტები წარმოგვიდგება მდუმარე მონაზვნებად, რომლებიც ქართველებს ელოდებიან.

„ამბიონის“ მკითხველს გთავაზობთ ლექსს „მე დღეს ვუმზერდი დარბაზში“

მე დღეს ვუმზერდი ნანგრევებს, სევდას,
ანტიოქიის ქართულ მონასტრებს;
ქარსაცავების უადგილობას
და ორნამენტებს, თითქოს მონაზვნებს.

ვინ იცის როგორ გლოვობენ უტყვად
და მესვეტეებს ელოდებიან
-ორნამენტები, ეს ქართველები,
ელოდებიან, არ იშლებიან.

ქართული სული ასეა თმენით,
ძველი აწმყოშიც იბრძვის თვით ქვაშიც;
უტყვად ღაღადებს თქვა სულმართალმა,
ქვაშიც ღაღადებს ქართული, ქვაშიც.

იქაურობა მეგრძნო ტკივილად
და ქართული ხომ ქართველს ნატრულობს?
მაგრამ, იქ მხოლოდ ზეციდან წვიმა…
და სხვა მიზეზით თურქი ნახულობს.

„ჩემთვის პოეტი არის ვაჟას თავმდაბლობიდან, უბრალოებიდან ღმერთს მიწვდენილ-ნაზიარები სიმაღლე, ვაჟას სულის სილამაზე; გალაქტიონის უცნობლობა; აკაკის მელოდიურ-ჰარმონიულობა; წმ. ილია მართლის საქმით მეტყველებით განცდილ-შემტკიცებული ლექსი და ბოლოს, ჩემთვის პოეტია ღვთისკენ მსწრაფველი სული წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის, წმ. ეფრემ ასურის, იოანე მინჩხის… მსგავსად,“ – აღნიშნავს მამუკა თეთრაძე და ფიქრობს, რომ პოეტი აუცილებლად საქმით მეტყველი უნდა იყოს…

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი