მთავარი » საზოგადოება

პატიმრების რესოციალიზაცია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 14.02.2013 2 კომენტარი | 5,342 ნახვა

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს 2013 წლის 13 თებერვლის მონაცემებით, ამნისტიის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე არსებული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებები დატოვა სულ 7 075 ბრალდებულმა, ციხე მათ შორის – 175-მა პოლიტპატიმარმა, 278-მა მდედრობითი სქესის სრულწლოვანმა და 17-მა მამრობითი სქესის არასრულწლოვანმა.

რა არის საჭირო ყოფილი მსჯავრდებულების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისათვის? რა პირობებია შექმნილი საქართველოში ყოფილი პატიმრების საზოგადოებაში სრულფასოვნად დაბრუნების კუთხით? “ამბიონი” ორგანიზაცია “ციხის ადმინისტრაციული რეფორმის” პროექტის კოორდინატორს, ირენა გაბუნიასა და ფსიქოლოგ გიორგი დონაძეს ესაუბრა.

ირენა გაბუნია: “პატიმართა რეაბილიტაციის პროცესი ციხეშივე უნდა დაიწყოს. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უნდა მოხდეს ადამიანის მომზადება, რომ გათავისუფლების შემდეგ მან საზოგადოებაში ადგილი იპოვოს და დანაშაულის რეციდივი არ მოხდეს.

ციხის დატოვების შემდეგ სახელმწიფომ ყოფილ მსჯავრდებულს უნდა მიაწოდოს ის რესურსები, რომელიც მისთვისაა აუცილებელი. კერძოდ, ჯანდაცვის, სამუშაო პროგრამების, სასწავლო კურსების კუთხით, რათა მათ თავიანთი სამოქალაქო უფლებების რეალიზება და საზოგადოების ცხოვრების რიტმში ჩართვა შეძლონ.


ამ კუთხით სახელმწიფომ გადადგა რამდენიმე ნაბიჯი, რომ შეიქმნას დანაშაულის პრევენციის ცენტრი. ჩვენი ინფორმაციით, თავდაპირველად ის გათვლილი იქნება 1 000 ყოფილ პატიმარზე და ძირითადად მოიცავს 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს. მათ დაეხმარებიან სამუშაოს მოძიებაში, სხვადასხვა სასწავლო პროგრამებში ჩართვაში და ალბათ გარკვეული დახმარებები სოციალურ რეაბილიტაციაზეც იქნება. იგივე დოკუმენტების მოძიება-გაკეთების მხრივ, ძალიან ბევრს არ აქვს პირადობის მოწმობა… საყურადღებოა, რომ ამ ასაკის ადამიანების რიცხვი საკმაოდ მაღალია და პროგრამა ფართო მასაზე გათვლილი არ გახლავთ.

ძალიან დიდი პრობლემა აქვს სისტემას წამალდამოკიდებულებასთან მიმართებაში. სახელმწიფო ცდილობს ამ პრობლემას დაწესებულებიდანვე ებრძოლოს, რომ შემუშავდეს გარკვეული მიდგომები, რათა წამალდამოკიდებულება ციხეებში ეტაპობრივად დაძლიონ.

სამწუხაროდ, არ არსებობს რაიმე სახის სარეაბილიტაციო ცენტრები, რომელიც უფასო ან ხელმისაწვდომი იქნება იმ პირებისთვის, რომლებსაც სურთ, გაუმკლავდნენ თავიანთ დაავადებას.

მზადება ამ საკითხების მოგვარებისადმი შეიმჩნევა, მაგრამ ამნისტიას სახელმწიფო ორგანოები მომზადებით ვერ შეხვდნენ, ვგულისხმობ ამ პირების დახმარების თვალსაზრისით. ციხიდან გამოსვლის შემდეგ ძალიან ბევრი საჭიროებს სამედიცინო დახმარებას, ზოგადად სოციალური ფონი მძიმეა და აქედან გამომდინარე, დანაშაულის რეციდივის ალბათობა დიდია.”

რა უფლებებით სარგებლობენ ყოფილი მსჯავრდებულები?

სამართლებრივად კანონი არ გვიწესებს რაიმე შეზღუდვას ასეთ პირებზე, ისინი ამნისტირებულები არიან და ჩვეულებრივ, სამოქალაქო უფლებებით სარგებლობენ.

თუმცა საზოგადოებაში არსებობს სტიგმა და სახელმწიფომ მისი დაძლევის ეფექტური გზები უნდა გამონახოს, რათა არ მოხდეს ამ ადამიანების გარიყვა და დანაშაულის ხელახალი ჩადენა.

რაც შეეხება ყოფილი მსჯავრდებულების დასაქმებას, ცდილობენ, გააფართოონ პრობაციის სამსახურების როლი. ადგილობრივ თვითმმართველობებში საქმდებიან ასეთი ადამიანები, თუმცა ეს ძალიან მცირედი რიცხვია. გაჟღერდა ინიციატივები, რომ დაწესდება საგადასახადო შეღავათები შ.პ.ს.-ებისა თუ კერძო სექტორის საწარმოებისთვის, რომლებიც თავიანთ დაწესებულებებში ყოფილ პატიმრებს დაასაქმებენ.

ირენა გაბუნია მიიჩნევს, რომ ეტაპობრივად უნდა შეფასდეს ყოფილი მსჯავრდებულების პოტენციალი, რათა უმტკივნეულოდ მოხდეს მათი საზოგადოებაში ინტერგაცია დასაქმებისა და სხვადასხვა მნიშვნელოვანი ფაქტორების გათვალისწინებით.

გიორგი დონაძე (ფსიქოლოგი): “საპატიმროში ადამიანებს მომავალზე ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ, რადგან უარყოფითად აღიქვამენ როგორც საკუთარ თავს, ისე სამყაროსაც. ამიტომაც ხშირად არ იციან, თუ რას გააკეთებენ სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ. რესოციალიზაცია უნდა დაიწყოს საპატიმროდანვე, სადაც მიუხედავად მათი სტატუსისა, თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად უნდა იგრძნონ. ამისათვის ისინი უნდა ჩაერთონ რაიმე აქტივობებში. სოციალური მუშაკები, ფსიქოლოგები, სამღვდელო პირები, სასჯელაღსრულების თანამშრომლები თუ საზოგადო მოღვაწეები მუდმივად უნდა ზრუნავდნენ პატიმრების ცნობიერების ამაღლებაზე. თუ პატიმრებს გააჩნიათ პროფესიული თუ რაიმე სხვა სახის განათლების სურვილი, ამაში მათ ხელი უნდა ეწყობოდეთ. ამ შემთხვევაში ციხის შემდგომი რესოციალიზაცია და რეაბილიტაციაც გაცილებით გაიოლდება.”

რა ფუნქცია აკისრია საზოგადოებას და რა ევალება სახელმწიფოს, რომ ყოფილმა პატიმრებმა თავი სრულყოფილ მოქალაქეებად იგრძნონ?

ყოფილი მსჯავრდებულების რესოციალიზაციაში საზოგადოებასაც მნიშვნელოვანი როლი ეკისრება, რადგან პატიმრებისა და ყოფილი პატიმრების მიმართ არსებული სტიგმა უნდა შეიცვალოს და აღმოიფხვრას. ამისათვის კი წარმატებული ყოფილი მსჯავრდებულები ფართო საზოგადოებას უნდა წარედგინოს. ყოფილ მსჯავრდებულებსა და საზოგადოების თითოეულ წევრს უნდა ესმოდეს, რომ საზოგადოებასა თუ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მათი განსხვავებული სტატუსების მიუხედავად, ისინი თანასწორნი არიან. ამისათვის კი ისევ და ისევ საჭიროა, საზოგადოების ცნობიერება გაიზარდოს. რაც შეეხება სახელმწიფოს, მან მაქსიმალურად უნდა წაახალისოს პატიმრები, რომელთაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებული სიტუაცია და რესურსიც საკუთარი ზრდისათვის გამოიყენეს, გათავისუფლების შემდგომ კი “ცხოვრების სტილის შესაცვლელად” მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს.

რამდენად მნიშვნელოვანია, თავად პატიმრები მოექცნენ პასუხისმგებლობით საზოგადოებაში დაბრუნებას, რომ არ ჰქონდეთ მუდმივი “მსხვერპლის სტატუსი”?

რაც შეეხება “მსხვერპლის სტატუსს”, საზოგადოება მათ “მოძალადისა” და “კეთროვნის” როლში უფრო აღიქვამს, ვიდრე – მსხვერპლის. რაც ხშირად პატიმრის სტატუსის განზოგადებით და იმ ცრურწმენებითაა გამოწვეული, რომლის მიხედვითაც “ყოფილი პატიმრისგან თუ პატიმრისგან ყოველთვის ცუდს უნდა მოელოდე”. რთულია იმის მტკიცება, თითქოს ქცევისა და აზროვნების სტილი ადვილად იცვლება, თუმცა ამის თუნდაც ძალზედ მცირეოდენი შანსის შემთხვევაშიც, ამგვარი დამოკიდებულების შედეგად, საზოგადოება “კარგავს” ყოფილ მსჯავრდებულს. ის ფიქრობს, რომ მაინც არავინ დაიჯერებს, რომ გამოსწორდა. ამას ემატება დასაქმების პრობლემა, რომელიც ყოფილი მსჯავრდებულის რესოციალიზაციისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ფსიქოლოგ გიორგი დონაძის აზრით, საზოგადოებაში არსებული სტიგმა, შიში და უნდობლობა იწვევს ყოფილი პატიმრის გარიყვას, ის ვერ იმკვიდრებს თავს ნორმალური ქცევით და უბრუნდება დევიაციურს. ასეთი შეკრული წრის შედეგად კი ასოციალური ქცევა კვლავ და კვლავ, დაუსრულებლად გრძელდება.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

  • დიმიტრი says:

    მადლობა თეონა. კარგი სტატიაა. კარგი იქნებოდა, თუკი ჩამოყალიბდებოდა რაიმე ფონდი ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის და რესოციალიზაციის დასახმარებლად, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეეძლებოდა თანხის ჩარიცხვა.

  • ქეთი ჩიტაშვილი says:

    https://www.facebook.com/resocialization.gov.ge

    ეს გახლავთ ყოფილ მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია- რეაბილიტაციის პროგრამა, რომელიც 2012 წლის დეკემბრიდან არსებობს, იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ინიციატივით და საკკმაოდ წარმატეულად მუშაობს

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი