პატერიკი – როგორ მიიღო ორმა ძმამ ცოდვათა შენდობა და გვირგვინი ღმრთისმიერი სიყვარულისთვის

ორი სულიერი ძმა მონასტრიდან ხელსაქმის გასაყიდად წავიდა. როცა ისინი დროებით დაშორდნენ ერთმანეთს, ერთი მათგანი ეშმაკის ბოროტი ძალისხმევით სიძვით დაეცა. როცა კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს და უმცროსმა სენაკში დაბრუნება შესთავაზა, მან უპასუხა, რომ აღარ წავიდოდა იქ. ძმამ მიზეზი ჰკითხა: რაზედაც პასუხად მიიღო, როცა შენ დაგშორდი, სიძვით დავეცი და ამიტომ აღარ მინდა წამოსვლაო.
მეორე ძმამ ნამდვილი ქრისტიანული სიყვარული გამოამჟღავნა. მან მოინდომა ძმის უკანვე მობრუნება ჭეშმარიტებისაკენ და უთხრა, როცა შენგან წავედი, მეც იგივე შემემთხვა. ახლა კი მოდი, ორივენი უკან დავბრუნდეთ და სინანულით შევევედროთ უფალს შეგვინდოს. მწამს მისი კაცთმოყვარებისა, „რომელმან აღიხუნა ყოვლისა სოფლისა ცოდუანი“ იგი მზად არის მონანული შეიწყნაროს და ცოდვებს მოგვიტევებსო.
ასე მოიყვანა ის ძმაც სინანულში და დაბრუნდნენ თავიანთ მონასტერში. აღუარეს მოძღვარს, რაც შეემთხვათ და სინანულის კანონი მიიღეს. ერთი ძმა მეორის შეცოდების გამო ნანობდა, თითქოს თავად შეეცოდა და მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს მისთვის მიტევებას. ასე დასდო თავისი სული ძმის სიყვარულისთვის. მალე ორთავეს აუსრულდა ვედრება და მიიღეს: ერთმა ცოდვათა შენდობა, მეორემ კი – გვირგვინი ღმრთისმიერი სიყვარულისთვის.
წყარო: www.orthodoxy.ge
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.