მთავარი » სხვადასხვა

პატარა ჭინჭრობის ეკლესია – ტაო-კლარჯეთში კიდევ ერთი ქართული ტაძრის კვალი იშლება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 01.10.2014 2 კომენტარი | 3,496 ნახვა

ისტორიულ ტაო-კლარჯეთში მდებარე კიდევ ერთი ქართული ძეგლი – პატარა ჭინჭრობის ეკლესია განადგურების პირასაა. ჩამოინგრა ტაძრის მთლიანი კედელი, რომელიც ყველაზე კარგად იყო შემორჩენილი. როგორც გეოგრაფი გიორგი დვალაშვილი აღნიშნავს, ეკლესია, სავარაუდოდ, არც რესტავრაციას დაექვემდებარება და დროთა განმავლობაში, შესაძლოა აქ არსებული ტაძრის კვალიც წაიშალოს.

პატარა ჭინჭრობის ეკლესია

გიორგი დვალაშვილი (თსუ-ს ასისტენტ-პროფესორი, ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი): „თანამედროვე არტაანის ტერიტორიაზე, არტანიის ციხესიმაგრიდან სამხრეთით 3 კმ-ში, ყოფილ სოფელ პატარა ჭინჭრობის ცენტრში ჭინჭრობის ეკლესია მდებარეობს. ჯერ კიდევ 102 წლის უკან შექმნილ რუსულ რუკაზე ამ ადგილზე მითითებულია დასახლება – ჭინჭრობი და ჭინჭრობის ეკლესია. სოფელი მოგვიანებით ქალაქ არტაანს შეუერთდა და მის გარეუბნად იქცა. ეკლესია დარბაზული ტიპისაა. სავარაუდოდ, მე-10-11 საუკუნეებს უნდა მიეკუთვნებოდეს. ტაძარი დეტალურად შესწავლილი არ არის და მის შესახებ ბევრი რამ უცნობია. არტაანის პროვინციაში ასეთი დარბაზული ტიპის ეკლესია მრავლადაა. თითქმის ყველას არქიტექტურა თანადროული უნდა იყოს და ეს მსგავსებაც თვალშისაცემია. არაა გამორიცხული, რომ ძველად მიმდებარე ტერიტორიაზე სხვა დამხმარე ნაგებობებიც არსებობდა და ეკლესია მის შემადგენლობაში შედიოდა.

ტაძრის დიდი ნაწილი დაზიანებული იყო. აღმოსავლეთის კედელზე, სადაც წყლის ზემოქმედების ფაქტი ნაკლებად ხდებოდა, ჯერ კიდევ გასულ წლებში მხატვრობის მცირე ფრაგმენტი იკითხებოდა. სამწუხაროდ, ეს ეკლესია, ისევე როგორც სხვა ათეულობით და უმრავლესობა ეკლესიებისა, განძის მაძიებლებმა საკმაოდ ბევრგან გადათხარეს. შიდა ინტერიერში, საკურთხეველთან ახლოს, დიდი ორმო იყო, რომელიც ბოლო წლებში მართალია მცირე რაოდენობით შეივსო, მაგრამ მასში დიდი რაოდენობით წყალი გროვდებოდა.

ეკლესია მდებარეობს ზღვის დონიდან დაახლოებით 1850 მეტრზე. ტაძართან ახლოს პატარა მდინარე ჩაედინება, რომელსაც ჭინჭრობის წყალი ქვია. პატარა ჭინჭრობის ეკლესია ეს მდინარე დროთა განმავლობაში თავსხმა წვიმების შედეგად საკმაოდ აზიანებდა და ტაძარს ძირს უთხრიდა.

როგორც ჩანს, ტაძრის სახურავი უფრო ადრე დაზიანდა, მაგრამ ვიდრე განძის მაძიებლები ე.წ. გადათხრით სამუშაოებს დაიწყებდნენ, ტაძრის ოთხივე კედელი კარგ მდგომარეობაში იყო. ჯერ კიდევ 8-10 წლის უკან ტაძრის კედლებზე ნაპრალებიც არ იყო. გაზაფხულზე კი ნაპრალები შევნიშნეთ.

სექტემბრის თვის ბოლოს ვიმყოფებოდით ამ ტერიტორიაზე და სამწუხაროდ, ტაძრის კედლის დიდი ნაწილი, რომელიც ყველაზე კარგად იყო შემორჩენილი, მთლიანად ჩამოვარდნილია. საყურადღებოა, რომ ბოლო 1 კვირის განმავლობაში ტაო-კლარჯეთის რეგიონში ძლიერი წყალდიდობა დაფიქსირდა. სავარაუდოდ, სწორედ ამ ბუნებრივმა სტიქიამ შეუწყო ხელი კედლის ჩამოვარდნას, რომლის მონოლითიც შუაზე გადამტყდარია და მთლიანად გატეხილი.

პატარა ჭინჭრობის ეკლესიის რუკა

პატარა ჭინჭრობის ეკლესიასთან ახლოს გადის საკმაოდ ფართო, ორმხრივი ზოლის საავტომობილო გზა, რომელიც მშენებლობის პროცესშია. არაა გამორიცხული, ამ გზის მშენებლობისას, დატვირთვა მიეღო ტაძარს, რამაც, გარკვეულწილად, ხელი შეუწყო ეკლესიის კიდევ მეტად დაზიანებას.

ამავდროულად, თუ ეს ტაძარი წინა წლებში გზიდან კარგად ჩანდა, გზის მშენებლობის გამო, ამ მიმართულებით მოძრაობისას იგი აღარ ჩანს და თუ მომავალში გზის გაფართოება დაიგეგმება, ტაძარი შესაძლოა უშუალოდ ავტობანის მშენებლობის ქვეშ მოექცეს. მომავალში ეკლესია არც რესტავრაციას დაექვემდებარება და სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში, შესაძლოა აქ არსებული ტაძრის კვალიც წაიშალოს.

თუ პატარა ჭინჭრობის ეკლესიას ტაო-კლერჯეთში არსებულ ქართულ ძეგლებს შევადარებთ, ის დღეს გაცილებით მაინც უკეთ გამოიუყურება, ვიდრე ოპიზასა და ტბეთის ტაძრები, რომლებიც 1960 წელს ააფეთქეს და მათგან ფრაგმენტებიღაა შემორჩენილი. იგივე შეიძლება ითქვას ერთ-ერთ დიდ სასულიერო ცენტრზე – შატბერდზე და ბანას ტაძარზეც.“

თეონა ნოზაძე

სტატიაში გამოქვეყნებული ფოტომასალა ეკუთვნის გიორგი დვალაშვილს


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

  • surprizi says:

    მოგესალმებით!
    ეგ რუკა მე ავტვირთე და პატარა ჭინჭრობის ეკლესიაც მე გადავიღე ოღონდ ეგ არა ის რაც რუკაზეა მონიშნული იმ ადგილის. რაც შეეხება ამ ფოტოებს, ეგება დამეხმაროთ, მე ვთვლი რომ ეგ დიდი ჭინჭრობის ეკლესია უნდა იყოს რაც არ მინახავს.

    პატარა ჭინჭრობი პატარა დარბაზული ნაეკლესიარია, შემორჩენილია მხოლოდ საძირკველი. ეს აშკარად სხვა ძეგლია. ან თუ ესეც იმ სოფელში მდებარეობს ესეიგი სოფელში ორი ეკლესია იდგა.

  • surprizi says:

    კი ეხლა გადავამოწმე და შემიძლია ერთმნიშვნელოვნად დაგიდასტუროთ ეგ არ არის პატარა ჭინჭრობის ეკლესია. თქვენი ძეგლი მდებარეობს მთავარი გზის პირას არტაანთან ახლოს და არ შეესაბამება ზემოთნახსენებ რუკას. პატარა ჭინჭრობიდან ეგ ძეგლი 5.5 კმ-ში მდებარეობს. აი კოორდინატებიც.
    http://wikimapia.org/#lang=en&lat=41.102121&lon=42.725192&z=18&m=b

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი