პასკა – ზეციური საზრდოს სიმბოლო
პასკას ქრისტიანები სააღდგომოდ აცხობენ მაცხოვრის აღდგომის რწმენის ნიშნად.
ებრაული პასექის დღესასწაულზე ხმიადებს, უსაფუარო პურებს აცხობდნენ. ეს ხმიადები იყო საიდუმლო სერობაზეც. გარკვეული განსხვავება დასავლეთისა და აღმოსავლეთის ეკლესიებში, ჯერ კიდევ განხეთქილებამდე, ის იყო, რომ დასავლეთში უსაფუარო კვერის გამოყენების ტრადიცია შეინარჩუნეს (ებრალებს აკრძალული ჰქონდათ მისი საფუარით მომზადება), აღმოსავლეთში კი გაფუებული კვერის გამოყენების ტრადიცია შემოვიდა. ის ეფუძნება მაცხოვრის მიერ მოყოლილ იგავს სასუფევლის შესახებ: სასუფეველი ჰგავს საფუარიან ცომს, რომლის მცირე ნაწილი ცომს აფუებს.

საფუარი მადლის სიმბოლოა – მადლით ხდება ქვეყანაზე ჭეშმარიტი სარწმუნოების გავრცელება, მადლით ხდება ადამიანის მოპოვება სასუფევლისთვის და ცხონება. ამიტომ აღდგომის დღესასწაულზე ვამზადებთ საფუარიან პურს, რომელიც ტკბილი უნდა იყოს – “ტკბილ ხარ შენ, უფალო, და სიტკბოებითა შენითა მასწავე მე სიმართლენი შენნი”, იესო ტკბილის სულიერი სიტკბოება მიწიერშიც აისახება. ამავე დროს პასკა პურია. უფალი ამბობს: “მე ვარ პური ზეცით გადმოსული”. ვიცით, რომ საზიარებელი ღვინო და პური ღვთის მადლით იკურთხება და გარდაისახება უფლის სისხლად და ხორცად.
აღდგომის სიხარულთან ერთად პასკა ასევე ზეციური საზრდოს სიმბოლოა ჩვენი სულებისათვის.
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.