მთავარი » ჯანმრთელობა

პარკინსონის დაავადება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 13.05.2011 27 კომენტარი | 41,794 ნახვა

რა არის დაავადების გამომწვევი მიზეზი და როგორია მკურნალობის მეთოდი?

პარკინსონის დაავადება მიეკუთვნება იმ დაავადებათა ჯგუფს, რომლებსაც მოძრაობის დარღვევებს უწოდებენ. პარკინსონიდაავადების ძირითადი გამოვლინებაა მოძრაობის უნარის თანდათანობითი შეზღუდვა, რაც გამოიხატება სხეულისა და კიდურების მოძრაობების შენელებით, კუნთების დაჭიმულობის მომატებით, კანკალითა და წონასწორობის დარღვევით.

პარკინსონის დაავადება ძველად ცნობილი იყო “კანკალა დამბლის” სახელით, რომელიც ჯეიმს პარკინსონმა 1817 წელს თავის წიგნში აღწერა. მას შემდეგ ამ დაავადებას პარკინსონის სახელით იხსენიებენ.

რა არის პარკინსონის დაავადება, რა სიმპტომები ახასიათებს? ამის შესახებ უფრო ვრცლად თსსუ ნეირომედიცინის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი ირინე ხატიაშვილი გვესაუბრება:

„კიდურებისა და სხეულის მოძრაობას აკონტროლებს თავის ტვინის ერთ-ერთი უბანი, რომელსაც შავი ნივთიერება ეწოდება. პარკინსონის დაავადება იწყება, როდესაც შავი ნივთიერების ნეირონები მათში მიმდინარე რთული ქიმიური რეაქციების გამო იწყებენ დაღუპვას. ის ფაქტორი, რომელიც უჯრედის დაღუპვას განაპირობებს, უცნობია და შესაძლოა სხვადასხვა შემთხვევაში განსხვავებული იყოს. პარკინსონის დაავადების პირველი ნიშნები ჩნდება მაშინ, როდესაც შავი ნივთიერების ნეირონების 80%-ზე მეტია დაღუპული.

ეს არის თავის ტვინის ქრონიკული, პროგრესირებადი დაავადება, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი სიმპტომები დროთა განმავლობაში რთულდება.

პარკინსონის დაავადებისთვის დამახასიათებელია ოთხი ძირითადი სიმპტომი:

მოსვენების კანკალი, როდესაც ხელებისა და, უფრო იშვიათად, ფეხების კანკალი ძლიერდება კიდურის მოსვენებულ მდგომარეობაში და მცირდება, ან ქრება მისი მოძრაობისას.

პარკინსონის დაავადებამოძრაობათა სიმცირე და შენელება, როდესაც დაავადებული ადამიანის მოძრაობები შენელებულია, ხოლო მოძრაობების სიფართე (ამპლიტუდა) -შემცირებული. ასეთ შემთხვევაში, ადამიანს უჭირს ყოველდღიური, ჩვეული მოძრაობების განხორციელება (მაგალითად: კბილების გახეხვა, წვერის გაპარსვა, წერა და სხვა), სწრაფი სიარული, დადის ნელი, მოკლე და დაბალი ნაბიჯებით, ასევე, შესაძლოა გაიშვიათებული იყოს ქუთუთოების ხამხამი და სახის მიმიკური მოძრაობებიც, რის გამოც სახის გამომეტყველება “მოწყენილია”.

კუნთების დაჭიმულობის მომატება (კუნთების რიგიდობა): პარკინსონის დაავადების დროს ადამიანს კუნთები დაძაბული აქვს და თავის, ან კიდურების პასიური მოძრაობისას მუდმივი წინააღმდეგობა შეიგრძნობა. ამის გამო დაავადებული მხრებში მოხრილ პოზას ღებულობს და ხშირად აწუხებს თავის, კუნთებისა და სახსრების ტკივილი.

წონასწორობის დარღვევა, ანუ პოსტურული არამდგრადობა: პარკინსონის დაავადების მქონე ადამიანებში წონასწორობის მოშლის ერთ-ერთი პირველი ნიშანია ე.წ პროპულსიები, ანუ დაავადებულ ადამიანს ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს სიარულისას წინ რაღაცა ექაჩება, შესაძლოა წაიქცეს კიდეც. ასეთი ადამიანებისთვის წაქცევა ასევე ადვილი შესაძლებელია სიარულის პროცესში მოტრიალებისას, ან მსუბუქი ბიძგისას, ესკალატორზე დგომისას და სხვა.
წონასწორობის დარღვევა, როგორც წესი, დაავადების დაწყებიდან რამდენიმე წელიწადში ვითარდება და სხვადასხვა ადამიანში სხვადასხვა ხარისხით გამოვლინდება.

გარდა ამ ოთხი ძირითადი კლინიკური ნიშნისა, დაავადებას ახასიათებს ხმის ტემბრის შერბილება, სწრაფი ლაპარაკი, პირის ღრუში ნერწყვის ჭარბი რაოდენობა, ყაბზობა, გახშირებული შარდვა, დეპრესია და სხვა.
დაავადებულებს შეიძლება ყველა ეს სიმპტომი არ განუვითარდეთ. მაგალითად, ზოგიერთი პაციენტის ძირითადი, ან ერთადერთი სიმპტომი შეიძლება იყოს ტრემორი (კანკალი) მაშინ, როდესაც სხვას შესაძლებელია ტრემორი საერთოდ არ ჰქონდეს, მაგრამ აღენიშნებოდეს მოძრაობათა მკვეთრი შენელება და ა.შ.“

რა იწვევს პარკინსონის დაავადებას და გადაეცემა თუ არა ეს დაავადება მემკვიდრეობით?

„პარკინსონის დაავადების გამომწვევი მიზეზი დღესდღეობით უცნობია. მეცნიერები და მკვლევრები ინტენსიურად მუშაობენ, რათა დაადგინონ ამ დაავადების გამომწვევი მიზეზი, ან მიზეზები გენეტიკური და გარემოს ფაქტორების ჩათვლით.

პარკინსონის დაავადების შემთხვევათა უმრავლესობა მემკვიდრეობით ხასიათს არ ატარებს. პარკინსონის დაავადების მქონე ადამიანთა 15-25%-ს ჰყავს ამავე დაავადებით ნათესავი. ეპიდემიოლოგიური კვლევის შედეგად დადგენილია, რომ იმ პიროვნებებს, რომელთაც პირველი რიგის ნათესავი ( დედა, მამა, ძმა, და) დაავადებული ჰყავთ პარკინსონის დაავადებით, აქვთ ამავე დაავადების განვითარების უფრო მაღალი რისკი, ვიდრე მათ, ვისაც დაავადებული ნათესავი არ ჰყავთ. პარკინსონის დაავადების გენეტიკური ასპექტები ინტენსიური კვლევის საგანია. რაც შეეხება გარემო ფაქტორებს, ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობს, რომ ამ დაავადებას გარემოში არსებული გარკვეული ტოქსინები და ადამიანის მიერ მიღებული ტრავმები იწვევს. არსებობს ნარკოტიკული ნივთიერებაც, რომელიც იწვევს პარკინსონის დაავადების მსგავს დაავადებას. საქართველოსა და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში გვხვდება პარკინსონის დაავადებისმაგვარი მძიმე მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია კალიუმის პერმანგანატის (“მარგანცოვკა”) შემცველი კუსტარული ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენებით.“

რამდენად ხშირად გვხვდება პარკინსონის დაავადება?

„პარკინსონის დაავადება მთელ მსოფლიოში გავრცელებული მდგომარეობაა. ყოველი 100 000 ადამიანიდან დაავადებულია, საშუალოდ, 120-180 პირი. საქართველოში მისი გავრცელება შესწავლილი არ არის, თუმცა, სხვადასხვა გამოკვლევების გათვალისწინებით, ჩვენს ქვეყანაში დაავადებულთა სავარაუდო რიცხვი 5000-ზე მეტი უნდა იყოს.“

როგორია მკურნალობის პრინციპი და საშუალოდ პარკინსონით რა ასაკის ადამიანები ავადდებიან?

კანკალი„პარკინსონის დაავადებით უმეტესწილად 50 წელზე უფროსი ასაკის ადამიანები ავადდებიან, თუმცა იგი არც თუ იშვიათად გვხვდება უკვე 40 წლის ასაკის შემდეგ და შესაძლებელია უფრო ახალგაზრდა ასაკშიც განვითარდეს. დაავადებულთა დაახლოებით 1% 40 წელზე ახალგაზრდა ადამიანია. უკიდურეს იშვიათობას წარმოადგენს პარკინსონის დაავადება 30 წელზე უმცროსი ასაკის ადამიანებში.

რაც შეეხება მკურნალობას, ეს ხდება იმისათვის, რომ შევამციროთ დაავადების სიმპტომები, მივცეთ დაავადებულს, შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმალურად თავისუფლად მოძრაობისა და აქტიური ცხოვრების საშუალება და ვეცადოთ, რომ წამლების გვერდითი მოვლენები რაც შეიძლება უმნიშვნელო იყოს. პარკინსონის დაავადებას მრავალი თავისებურება ახასიათებს. მისი სიმპტომები სხვადასხვა პაციენტის შემთხვევაში განსხვავებული შეიძლება იყოს. სწორედ ამიტომ აუცილებელია მკურნალობისადმი ინდივიდუალური მიდგომა.
სამკურნალო პრეპარატები არ აჩერებენ დაავადების პროგრესირებას, ამიტომ დროთა განმავლობაში პაციენტების უმრავლესობას წამლების დოზის მომატება და სხვა წამლების დამატება სჭირდება.

მკურნალობის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება პაციენტსა და ექიმს შორის ერთობლივად უნდა იყოს მიღებული. მკურნალობა უნდა დაიწყოს მაშინ, როდესაც პიროვნებას დაავადების სიმპტომები ხელს უშლის ყოველდღიურ ცხოვრებაში.

პარკინსონის დაავადების მქონე ადამიანები საჭიროებენ ექიმი-ნევროლოგის რეგულარულ მეთვალყურეობას.

პარკინსონის დაავადების განკურნების საშუალება, ანუ ისეთი წამალი, ან ქირურგიული ოპერაცია, რომელიც დაიცავდა შავი ნივთიერების ნეირონებს შემდგომი დაღუპვისგან და აღადგენდა მათ, ან შეაჩერებდა, დღესდღეობით არ არსებობს, თუმცა ამ მიმართულებით გამოკვლევები მუდმივად მიმდინარეობს.”

პარკინსონის დაავადების ყველა სტადიაზე დიდი მნიშვნელობა აქვს ვარჯიშს, სრულფასოვან კვებას, პაციენტისათვის დაავადების შესახებ ინფორმაციის მიწოდებასა და მხარდაჭერას, რადგან ისინი უფრო მეტად არიან მიდრეკილნი დეპრესიისკენ, ვიდრე სხვა ქრონიკული დაავადების მქონე პიროვნებები. თავის ტვინში ამ დროს ადგილი აქვს ისეთი ნივთიერებების ნაკლებობას, რომლებიც გუნება-განწყობილებას არეგულირებენ. სწორედ ამიტომ დაავადებულთა 30-50%-ს აღენიშნება მსუბუქი, ან საშუალო სიმძიმის დეპრესია.

ჩვენი მათდამი მხარდაჭერით უნდა ვეცადოთ, არ იყვნენ გარემოდან იზოლირებულნი, არ დაკარგონ იმედი და საკუთარი ძალებისადმი რწმენა.

ლიკა ალადაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

27 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი