მთავარი » ეკლესია-მონასტრები

ოთხთა ეკლესია (X ს.)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 25.09.2011 3 კომენტარი | 5,155 ნახვა

თურქეთის ტერიოტორიაზე არსებული კიდევ ერთი ქართული ძეგლი, ოთხთა ეკლესია ოლთისის ვილაიეთში, ჭოროხის ხეობაში, ისტორიულ სოფელ ოთხთადან 5 კმ-ში მდებარეობს.
ოთხთა ეკლესია
X ს-ში აგებული ქართული ტაძარი ბაზილიკების ერთ-ერთი საინტერესო ნიმუშია. ოშკის, ხახულისა და იშხნის შემდეგ, ოთხთა ამ მხარეში მეოთხე დიდი ტაძარი იყო და ასეთი სახელი ამიტომ დაარქვეს.

ოთხთა ეკლესია გიორგი მთაწმინდელს მოხსენებული აქვს გამოჩენილ სასულიერო მოღვაწეთა, ათონის ქართული მონასტრის დამაარსებელთა, იოანე და ექვთიმე მთაწმინდელების ცხოვრებაში. თვით ბაზილიკის წარწერაში კი ცოცხლად იხსენიება 1001 წელს გარდაცვლილი მეფე დავით კურაპალატი.

კომპლექსის შემადგენლობაში შედიოდა: მთავარი ტაძარი, სატრაპეზო, სემინარია და მცირე ეკლესიები. მათგან მთავარია ოთხთას ბაზილიკა, რომელსაც აქვს სამი შესასვლელი, ჩრდილოეთით, სამხრეთითა და დასავლეთით.

ოთხთა ეკლესიაგარედან ეკლესია მოპირკეთებულია სუფთად გათლილი ტუფის ქვებით, რომლებიც სწორ რიგებათაა დალაგებული და რომელთა შორის არ არის დატოვებული ნაპრალი. ტლანქად ნათალი ტუფი აგურთან და რიყის ქვებთან ერთად ასევე გამოყენებულია შიდა წყობისთვის.

აფსიდით დასრულებული შუა ნავი მკვეთრად არის გამოყოფილი გვერდის ნავებისაგან, სახურავის კალთები ციცაბო, ხოლო ფასადები დამუშავებულია ვიწრო და მაღალი დეკორატიული თაღებით. ნაგებია აგურითა და ქვაყორით, შემოსილია მორუხო-მოყავისფრო თლილი ქვით. ინტერიერი მოხატული იყო.

ეკლესიის სამხრეთი და დასავლეთი კედლები დაფარულია ორმეტრიანი ჩამოსული ქანებით. ეკლესიის საძირკველი ორსაფეხურიანია. სამხრეთი კედლის ქვის დიდი ნაწილი მოპარულია. ვახტანგ ჯობაძის მოსაზრებით ეკლესიის ორივე ფასადი ერთნაირად გახლდათ აშენებული. ბაზილიკის ორივე ნავში არის ორ სართულად გაჭრილი კედლის თაღები. სარკმელები ფართოვდებიან გარედან შიგნითკენ. ტაძრის პირველ სართულზე შვიდი სარკმელია, ხოლო მეორეზე – ხუთი. ვახტანგ ჯობაძემ ორ ადგილას აღმოაჩინა წრეების წნულითა და ორმაგი ლენტით დეკორირებული ნახევარწრიული პროფილების ფრაგმენტები.

ოთხთა ეკლესიაუკეთესად შემორჩენილ ჩრდილოეთი ფასადის ქვედა რიგების სარკმელებს ახლავთ მონოლითური თაღები. თაღები დამშვენებულია რადიალური ღადებით, ზედ გადაწნული წრეებით, ორმაგ ლენტთან გადაბმული პარალელური წრეებითა და ბატიყელათი. ზედა რიგი დამშვენებულია ექვსფურცელა ვარდულებით, ვაზის მტევნებით, ორლენტიანი წნულით, ტოლმკლავიანი განედლებული ჯვრებით, თევზისფხური სახით და გადაწნული კვადრატებით.

ოთხთა ეკლესიაოთხთა, ისევე როგორც ოშკი, იშხანი, ხახული, ტბეთი ქართული მონუმენტური მხატვრული ფერწერის უმნიშვნელოვანესი ძეგლია. მხატვრობა გამოირჩევა საზეიმო ხასიათით, გამოკვეთილი ოსტატობით, ხაზისა და ფერის მეტყველებით, – აღნიშნავენ ხელოვნებათმცოდნეები.

დღეს ბაზილიკა მძიმე მდომარეობაშია, ოთხთას ფრესკები ძალიან დაზიანებულია და ბევრი რამ აღარც ჩანს. ტაძარი გადახურილია კრამიტით, რომლის დიდი ნაწილი დაზიანებულია და გატეხილი. კედლები მცენარეებს დაუფარავს. საკურთხეველთან მიწა გადათხრილია. თურქეთში არსებობს გადმოცემები, რომ ქართულ ტაძრებში დიდი სიმდიდრეა ჩამარხული, ამიტომ აქაურები დღესაც ცდილობენ განძის მიგნებას. წლების განმავლობაში კი წყალს ბაზილიკაში დიდი რაოდენობით მიწა შეუტანია.

ოთხთა ეკლესია თურქეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის დაყოფით სამცხე–ჯავახეთისა და ტაო–კლარჯეთის ეპარქიას ექვემდებარება.

მოამზადა თეონა ნოზაძემ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

3 კომენტარი »

  • ვიყავი ტაო–კლარჯეთში 2008 წელს. ტაძარი მართლაც ძალიან სავალალო მდგომარეობაშია, მიტოვებული, მიუსაფარი მოხუცის შთაბეჭდილებას ტოვებს. რომ შეიძლებოდეს, დავრცებოდი იქ და როგორც შევძლებდი, ისე მოვუვლიდი, თუნდაც ლოცვით………
    მიხედეთ, ვისაც როგორ შეგიძლიათ, გთხოვთ!!!

  • ეკატერინე says:

    მეც ვიყავი ტაო-კლარჯეთში, ეს ტაძარიც ძალიან მიყვარს. თითქმის სულ “შეჭამა” მცენარეებმა.
    ღმერთო გვაპატიე, და გთხოვ აღგვადგენინე ეს სილამაზე.ყველაფერი შენი ნებაა, უფალო შეგვიწყალე, უფალო შეგვიწყალე, უფალო შეგვიწყალე.

  • ზურიკო says:

    ყოველ დღე 20 თეთრი გვეჭრება ტელეფონებიდან სახლის და მობილურიდან ამ თანხის ნახევარი რომ მოხმარდეს ამ მადლიან საქმეს ერიც და ბერიც ყმაყოფილი იქნება გადარჩება ჩვენი ტაძრები. აღარ გვექნება სხვისთვის სახვეწარი და ახალი ვალები

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი