მთავარი » ჯანმრთელობა

ოტიტი-ყურის ანთება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 09.11.2012 6 კომენტარი | 33,051 ნახვა

ოტიტი, ანუ ყურის ანთება მტკივნეული და ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, განსაკუთრებით ბავშვებსა და მოზრდილებში. არსებობს ოტიტის სხვადასხვა ფორმა და განვითარების მიზეზი. ოტიტს ხშირად გაციება და ვირუსული ინფექციები იწვევს. ოტიტი ამ დაავადების შესახებ ვრცლად თსსუ ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორს, მედიცინის დოქტორს, ქალბატონ ლია ლომიძეს ვესაუბრეთ:

“ოტიტი შეიძლება იყოს გარეთა და შუა ყურის. გარეთა ყურის ანთება, თავის მხრივ, იყოფა შემოფარგლულ, ანუ ფურუნკულად და დიფუზურად. ამ დროს შეშუპების გამო დავიწროებულია მთლიანად გარეთა სასმენი მილი. აღინიშნება მძაფრი ტკივილი, რომელიც ძლიერდება ხელის დაჭერისას და ღეჭვის დროს. გარეთა ოტიტის გამომწვევი მიზეზი ყველაზე ხშირად დაბინძურებული წყალი (ზღვა, ბასეინი და სხვ.) და სხვადასხვა საგნებით ყურის წმენდა და ქავილია. გარეთა ოტიტი შეიძლება გამოიწვიოს როგორც სოკომ, ასევე ბაქტერიამ. შესაბამისად, ჩივილების მკურნალობის ტაქტიკაც სხვადასხვაგვარია.

რაც შეეხება შუა ოტიტს, მასში განასხვავებენ მწვავესა და ქრონიკულს. მწვავე ოტიტსაც თავისი სტადიები გააჩნია. იგი იწყება ყურის ძლიერი ტკივილით, ზოგჯერ ტემპერატურული რეაქციით, სმენის დაქვეითებით და სხვა. ამ პერიოდს პერფორაციამდელი სტადია ეწოდება, ხოლო შემდგომ, იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მეორე ეტაპი, შეიძლება იყოს პერფორაციის შემდგომი სტადია, ან გამოჯანმრთელება. ეს დამოკიდებულია დროულ და სწორ მკურნალობაზე. პერფორაციის შემთხვევაში შუა ყურში არსებული სითხე, ან ჩირქი გამოხეთქავს დაფის აპკს და გადმოდის გარეთა ყურში.

ამის შემდეგ ტკივილის სიმპტომი იხსნება, სმენაც შედარებით უმჯობესდება და თუ ავადმყოფი დროულად მიმართავს ექიმს და ჩაიტარებს სწორ მკურნალობას, დაფის აპკის პერფორაცია (ნახვრეტი) აღდგება და დადგება გამოჯანმრთელების პერიოდი. იმ შემთხვევაში კი, თუ ექსუდატმა (სითხემ, ან ჩირქმა) ვერ გაარღვია დაფის აპკის მთლიანობა, შესაძლებელია საჭირო გახდეს მცირე ქირურგიული ჩარევა, დაფის აპკის გაჭრა და სითხის გამოშვება. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია ქალასშიდა გართულებები, როგორიცაა მენინგიტი, ტვინის აბსცესი, სახის ნერვის დამბლა და სხვა. თუმცა ზოგჯერ, თუ ადამიანის იმუნური სისტემა ძლიერია, ან დროულად დაიწყო სწორი მკურნალობა, პირველი სტადიის შემდგომ გამოჯანმრთელების პერიოდი დგება.

შუა ოტიტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის სწორი ტაქტიკის შერჩევას. აუცილებელია ექიმი-სპეციალისტის მიერ ზუსტი დიაგნოსტიკა”.

– როდის არის ოტიტის განვითარების ალბათობა ყველაზე მაღალი?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, გარეთა ოტიტების განვითარებას ხშირად ხელს უწყობს დაბინძურებული წყლის მოხვედრა ყურში და ყურის გაღიზიანება სხვადასხვა უხეში საგნებით.

რაც შეეხება შუა ოტიტს, იგი, როგორც წესი, ვითარდება სხვადასხვა ვირუსული ინფექციების დროს, ასევე, ოტიტის განვითარებას ხელს უწყობს ცხვირით სუნთქვის გაძნელების ნებისმიერი მიზეზი. ბავშვებში ოტიტი გაცილებით უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე მოზრდილებში. ამის მიზეზი ის ანატომიური თავისებურებებია, რომელიც ბავშვის ყურს ახასიათებს. ბავშვებში ყურისა და ცხვირის დამაკავშირებელი არხი მოკლე და ფართეა. ოტიტის განვითარება ბავშვის იმუნურ სისტემაზეცაა დამოკიდებული.

– როგორ ვითარდება ოტიტი გრიპის დროს?

გრიპის დროს ხდება ზემო სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის შეშუპება, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ცხვირისა და ყურის დამაკავშირებელი არხის (ევსტაქის მილის) დახშობასა და შუა ყურში სითხის დაგროვებას, რაც დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში ინფიცირდება და ჩირქად გადაიქცევა. ამ პროცესის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ადამიანის იმუნური სისტემის ბრძოლის უნარზე.

– რა სიმპტომები ახასიათებს ოტიტს?

გრიპის საწყისი ეტაპი ძლიერი ტკივილითა და ყურის დაგუბებით იწყება. ოტიტი შეიძლება იყოს ცალმხრივი, ან ორმხრივი. შესაბამისად, ჩივილებიც – ერთ ან ორივე ყურზე. შემდგომ ჩივილად შესაძლებელია აღინიშნოს ყურიდან ჩირქდენა. სწორი და დროული მკურნალობის შემთხვევაში ჩირქი შრება და დაზიანებული აფის აპკი აღდგება.

– როგორ ხდება ოტიტის დიაგნოსტიკა და მკურნალობა?

ოტიტის დიაგნოსტიკა, პირველ რიგში, უნდა მოახდინოს ყელ-ყურ-ცხვირის სპეციალისტმა, რადგან უმრავლეს შემთხვევაში შეუძლებელია დიაგნოზის დასმა შეუიარაღებელი თვალით, აუცილებელია ყურის დათვალიერება მიკროსკოპის საშუალებით. შემდგომ სასურველია ჩატარდეს გამოკვლევა: ტიმპანომეტრია, აუდიომეტრია.

ქრონიკული ოტიტის დროს საჭირო ხდება დამატებითი კვლევების ჩატარება: ყურის რენტგენოგრაფია, ან კომპიუტერული ტომოგრაფია.

რაც შეეხება მკურნალობას, მწვავე ოტიტის დროს ინიშნება ცხვირის წვეთები, რაც ხელს უწყობს ცხვირით სუნთქვის გაუმჯობესებას, ყურის წვეთები, რომლის შემადგენლობა დამოკიდებულია ოტიტის სიმპტომებსა და მიზეზებზე. ასევე, საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა დაინიშნოს ზოგადი ანტიბიოტიკოთერაპია, ლორწოს გამათხევადებელი და ტკივილსაწინააღმდეგო საშუალებები და სხვა.

ქრონიკული ოტიტის დროს კონსერვატიული მკურნალობა მიმართულია მხოლოდ დროებითი რემისიის მისაღწევად, ხოლო საბოლოო განკურნება შესაძლებელია მხოლოდ ქირურგიული ჩარევის გზით. ყურზე ოპერაციები სხვადასხვა სახისაა და დამოკიდებულია დაზიანების ტიპსა და გართულებაზე.

– რა გართულებებია მოსალოდნელი ოტიტის დროს?

ოტიტის დროს მოსალოდნელია ქალასშიდა გართულებები, როგორიცაა: მენინგიტი, მასტოიდიტი, ტვინის აბსცესი, სინუსის თრომბოზი, სახის ნერვის დამბლა; გარდა ამისა, შესაძლოა სმენის დაქვეითება სრულ სიყრუემდეც კი, შიგნითა ყურის სტრუქტურების დაზიანების შემთხვევაში კი – წონასწორობის ფუნქციის მოშლა და სხვა.

– ექიმის რჩევა:

ყურის ნებისმიერი სახის ანთების შემთხვევაში აუცილებელია პაციენტის კონსულტაცია ყელ-ყურ-ცხვირის სპეციალისტთან, რადგან დადგინდეს ოტიტის ტიპი. თუ ექიმთან ვიზიტი ვერ ხერხდება და აღინიშნება ძლიერი ტკივილი, შეგვიძლია ერთჯერადად გამოვიყენოთ ცხვირის სისხლძარღვთა შემავიწროებელი წვეთები და ყურის ანალგეზიური და ანთებისსაწინააღმდეგო წვეთები, ხოლო შემდგომ მივმართოთ ექიმს. არ შეიძლება სპირტისა და სხვა საშუალებების თვითნებური გამოყენება ყურში, რადგან ყური საკმაოდ ფაქიზი ორგანოა და ამან შეიძლება სერიოზული გართულება მოგვცეს, ან რაიმე კვალი დატოვოს პაციენტის სმენასა და ჯანმრთელობაზე.

პროფილაქტიკისათვის კი, გრიპისა და ზემო სასუნთქი გზების ნებისმიერი ინფექციის დროს, საჭიროა ბავშვსაც და მოზარდსაც ცხვირის სისხლძარღვთა შემავიწროებელი საშუალებები მივაღებინოთ.

დავით დანელია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

6 კომენტარი »

  • ნათია says:

    tu shegizliad mitwrad ra cvetbi vixmaro yuris?sitxis gadmosvlis dros?da tkivilis dros.antibiotiks vsvam

  • მარიამი says:

    გამარჯობათ ყურის ანთება მაქვს მესამე დღეა ვიწვეთებ ექიმის დანიშნულ წვეთებს ვიკეთებ ანტიბიოტიკებს და ცხვირის წვეთებს მოვიხმაროთ მაგრამ სმენა ისევ დაქვეითებული მაქვს ძალიან ვნერვიულობ რა პერიოდში აღდგება სმენა სრულათ?

  • xatuna says:

    aravar sakartbrloshi mtkiva Yuri 1tveaukve rasarviwveteb araoeri armshbelis bolokviraa chilli tavisit hamodis magramukve dzlieri tkivilebi damewyo yurigamisivda dadzvlebi mtkiva yurisda Saxisravknadzaan cudadvar

    • ხატია says:

      გამარჯობა,მაქვს ყურის ანთება.ინფექცია მაქვს შეჭრილი.გთხოვთ მირჩიოთ რა საშუალება მივიღო.მაწუხებს ტკივილები.არ ვარ საქართველოში.მივმართე ექიმს და არ გამიჩერდა ტკივილები.

  • Nikoloz says:

    Gamarjobat 6tvea yuri mawuxebs tkivilebi ar mak zmuis ganuwyvetliv rogor movikcet sakartveloshi ar var

  • ხატია says:

    გამარჯობა,მაქვს ყურის ანთება.ინფექცია მაქვს შეჭრილი.გთხოვთ მირჩიოთ რა საშუალება მივიღო.მაწუხებს ტკივილები.არ ვარ საქართველოში.მივმართე ექიმს და არ გამიჩერდა ტკივილები.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი