ოშკის აღდგენის სანაცვლოდ ბათუმში მეჩეთს ააშენებენამბიონი ოშკის აღდგენის სანაცვლოდ ბათუმში მეჩეთს ააშენებენ
მთავარი » სხვადასხვა

ოშკის აღდგენის სანაცვლოდ ბათუმში მეჩეთს ააშენებენ

სტატიის ავტორი: | თარიღი: 13.05.2010 6 კომენტარი | 2,727 ნახვა

ნიკა ვაჩეიშვილითურქეთისა და საქართველოს კულტურის მინისტრები უახლოეს მომავალში ხელს მოაწერენ ხელშეკრულებას, რომლის შემდეგ მოხდება ისტორიული ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე ოშკის, ხანძთის და იშხანის აღდგენა; სანაცვლოდ ბათუმში მეჩეთი აშენდება, ხოლო ქობულეთის რაიონის სოფელ კვირიკეში ჯამეს და ახალციხეში მეჩეთის რესტავრაცია დაიწყება. ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელძღვანელმა, ნიკა ვაჩეიშვილმა განაცხადა.

ჩვენ უკვე შემოგთავაზეთ მასალა, სადაც საქართველოს ეკლესიის ოფიციალური პოზიციაა დაფიქსირებული, ისტორიულ ტაო-კლარჯეთში ქართული ძეგლების აღდგენის სანაცვლოდ ბათუმში მეჩეთის აშენებასა და ახალციხესა და ქობულეთში მუსულმანური სალოცავების რესტავრაციასთან დაკავშირებით.

– ბატონო ნიკა, უშუალოდ ვინ არის ჩართული ოშკის აღდგენასთან დაკავშირებულ ქართულ–თურქულ მოლაპარაკებებში, როგორც ქართული, ისე თურქული მხრიდან?

– ეს მოლაპარაკებები რამდენიმე ფაზად შეიძლება დაიყოს, რომ პროცესი ჩანდეს. 2005 წლიდან მოყოლებული, თურქ კოლეგებთან ერთად, ერთობილივი სამუშაოები რამდენიმე გზის გავწიეთ. უპირველესად, ეს იყო თურქეთში ქართული და საქართველოში ოსმანური ძეგლების ინვენტარიზაცია. ამ პროცესში მონაწილეობდნენ ანკარის უნივერსიტეტების პროფესორები და საქართველოს კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები, ჩვენი ექსპერტები.

გარდა ამისა, ჩვენ უკვე მაშინვე ვგეგმავდით, რომ ჩვენი ძეგლების რესტავრაციის შესახებ ხელშეკრულების მომზადება აქტუალური გახდებოდა და ამიტომ, თადარიგი დავიჭირეთ – სპეციალური პროგრამით საგანგებო დოკუმენტაციის შეგროვების პროცესიც დავიწყეთ, ერთობლივი ჯგუფით, რომელშიც ქართველ სპეციალისტებთან ერთად თურქი კოლეგებიც იყვნენ; გახსნილი და კარგი სამუშაო გამოვიდა, ძალიან ტევადი და მდიდარი დოკუმენტაცია დაიდო.

ანუ ეს არის ერთის მხრივ თურქი და ქართველი პროფესიონალების, სარესტავრაციო ჯგუფების და მეორეს მხრივ, სახელმწიფო სტრუქტურების ურთიერთობა; ეს იყო საქართველოს კულტურის სამინისტრო და იქაური კულტურის სამინისტრო.

– დღეს ამ საკითხზე ერთმანეთთან კულტურის მინისტრები საუბრობენ? ამ მოლაპარაკებებში ხომ საგარეო საქმეთა მინისტრი, გრიგოლ ვაშაძეცაა ჩართული?!

– ამ პროცესში თურქეთში ჩვენი საელჩო ძალიან აქტიური იყო და არის ჩართული; შესაბამისად, ასეა საქართველოში თურქეთის საელჩო. კულტურის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობის დროს, ამ საკითხზე თურქეთის ელჩს ბევრჯერ შევხვდი. ახლა უკვე ამ მოლაპარაკებებს ნიკა რურუა განაგრძობს; ეს საელჩოების მეშვეობით ხდება და მათივე მეშვეობით იგეგმება ხელმოწერის პროცედურა.

დოკუმენტს, რომელიც მომზადებულია და რომელშიც ძალიან დიდი შრომაა ჩადებული, ხელს აწერენ საქართველოს და თურქეთის კულტურის მინისტრები.

– ამ დოკუმენტზე უკვე მოაწერეს ხელი?

– არა, ხელმოსაწერადაა გამზადებული.

– შეგიძლიათ გვითხრათ, რა წერია ამ დოკუმენტში?

– რა თქმა უნდა, შემიძლია. ვფიქრობ, ძალიან კარგი დოკუმენტია, რომელიც ითვალისწინებს თურქეთში ქართული სიძველეების და საქართველოში ოსმანური სიძველეების რესტავრაციას. ეს არის გაცვლითი პროექტი – ასე ვთქვათ, სამი სამზე, მაგრამ ერთ-ერთი პუნქტი გულისხმობს, რომ ამ სამი ძეგლის აღნიშვნის მიუხედავად, სამომავლო განვითარებაზე ის მაინც ღიაა და შეიძლება გაცვლითი, პარიტეტული სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდეს დავუშვათ, მეოთხე ძეგლსაც, ანუ სხვა ძეგლებსაც, რადგან ასეთი ძალიან ბევრია, განსაკუთრებით ჩვენი სიძველეები. მოგეხსენებათ, ეს სიძველეები არის პირველხარისხოვანი, ზოგადსაკაცობრიო ღირებულების მქონე და ისინი ამ დოკუმენტში განხილულია, როგორც კულტურის ძეგლები.

ზემოხსენებული დოკუმენტის საგანგებო პუნქტი აღნიშნავს, რომ ეს ძეგლები არ განიხილება მათი თავდაპირველი, რელიგიური ფუნქციით, რესტავრაციის შემდეგ წირვა-ლოცვისთვის, ან მუსულმანური ღვთისმსახურებისთვის. იქ პირდაპირ წერია, რომ ეს არის სხვა შესაძლო ხელშეკრულების საგანი, რომელიც შეიძლება აქტუალური გახდეს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ – ამ ხელშეკრულებაში მხოლოდ კულტურის ძეგლების გადარჩენაზე და აღდგენაზეა საუბარი; ანუ ეს ხელშეკრულება ფუნქციის აღდგენას არ ითვალისწინებს.

– კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მუზეუმის ფუნქციით აღდგენას ხომ არ ითვალისწინებს, ეს ხელშეკრულება?

– იცით როგორ არის?! ხელშეკრულებაში ეს არ წერია. მთავარია ისინი აღდგეს, როგორც არქიტექტურის ძეგლები. იქ ახლა კულტურის ცენტრი გაკეთდება, უფუნქციოდ დარჩება, თუ რა მოხდება, ეს არის სხვა მოლაპარაკების საგანი; ეს ამ ფარგლებს სცილდება.

– ამ მოლაპარაკების პროცესში რაიმენაირი ფორმით არის თუ არა ჩართული საპატრიარქო?

– საპატრიარქო ამ პროცესში ძალიან აქტიურად იყო ჩართული, მით უფრო, რომ ამ ძეგლების თავდაპირველი ფუნქცია რელიგიურია. ამიტომ ჩვენ ვთვლიდით, რომ საპატრიარქოს პოზიცია ძალიან მკაფიოდ გამოხატული უნდა ყოფილიყო. ხანძთა სწორედ ამ მოლაპარაკებების დროს, მოუვლელობის გამო ჩამოინგრა.

– მაშინ, როცა მოლაპარაკებების პირველი ეტაპი აქტიურად მიდიოდა?

– დიახ. ხელშეკრულებას 2008-ში ხელს ვაწერდით და შემდეგ ხელმოწერა გადაიდო, საპატრიარქომ კიდევ ითხოვა დრო შეჯერებულიყო, იმ სამი მუსულმანური მეჩეთის აღდგენის საკითხზე, რომელიც ხელშეკრულებაში იყო.

– ამ მოლაპარაკების პროცესში საპატრიარქოს ოფიციალური სტატუსი ჰქონდა?

– ოფიციალური სტატუსით ისინი ხელშეკრულებას ხელს არ აწერდნენ, მაგრამ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ვთვლიდი, რომ მათი აზრი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამიტომ, ფაქტიურად, საპატრიარქოს გამო ხელმოწერა შეჩერდა, რადგან ვიმეორებ, მათი როლი, თუნდაც არაიურიდული, მაგრამ მაინც, არსობრივი როლი ძალიან მნიშვნელოვანი იყო – არ შეიძლებოდა მხოლოდ ერთი უწყების პატრიოტულ სულისკვეთებაზე ყოფილიყო დამოკიდებული ოშკის, ხანძთის და იშხნის გადარჩენის საკითხი; ამ შემთხვევაში ფართო საზოგადოებრივი და გნებავთ მორწმუნეთა ნების დადასტრურებაც უნდა ყოფილიყო და რადგან ხელშეკრულებას საპატრიარქო არ დაეთანხმა და დრო ითხოვა, მაშინ ხელშეკრულების ხელმოწერა გადაიდო.

– ახლა როგორი პოზიცია აქვს საპატრიარქოს?

– ეს უკვე კულტურის სამინისტროსა და საპატრიარქოს მოლაპარაკების საგანია. ვფიქრობ, ხელშეკრულება ხელმოწერილი იქნება, რადგან საპატრიარქო მთლიანად აცნობიერებს ამ საკითხის მნიშვნელოვანებას, ამ სიძველეების გადარჩენის პასუხისმგებლობას. ვფიქრობ, ფორმა მოიძებნება, რომ ეს იყოს ერთიანი, კონსოლიდირებული გადაწყვეტილება. ეს შეიძლება არ იყოს საპატრიარქოს კურთხევა, რომელიმე მეჩეთის განახლებაზე, მაგრამ ასეთი ფართო, არსობრივი თანხმობა, ამ უნიკალური სიძველეების გადარჩენაზე, მათი არჩევანიც არის.

– რამდენად ახლოსაა სიმართლესთან ის, რომ თურქული მხარე ოშკის აღდგენის სანაცვლოდ ითხოვს ქობულეთში, სოფელ კვირიკეში ხის ჯამეს რესტავრაციას, ბათუმში აზიზიეს მეჩეთის აშენებას და ახალციხეში მედრესეს გარემონტებას?

– დიახ, ეს სრული სიმართლეა. სამივე ეს ძეგლი არის კულტურის ძეგლი, ოღონდ ერთი შენიშვნა – ახალციხის მეჩეთის და არა მედრესეს რესტავრაციაზეა საუბარი.

– ისინი თურქული კულტურის ძეგლებია, თუ ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენენ?

– მაგალითად, სოფელ კვირიკეს ჯამე იმდენად კარგია, ქვითხუროობის ისეთი მნიშვნელოვანი ძეგლია, რომ მხოლოდ თურქულზე საუბარი არ შეიძლება; ეს არის ლაზურ–კოლხურ–დასავლეთ ქართული კულტურის გამოხატულებაც, ისევე, როგორც ახალციხის მეჩეთი, რომელშიც ახლა არის ეროვნული მუზეუმის ლაპიდარიუმი (ქვის ფონდია გამოფენილი, სადაც არის ქართული ასომთავრული წარწერები, რელიეფები, ხატები, სომხური საფლავის ქვები) და ის იქ დარჩება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ხელშეკრულებაში ფუნქციის ცვლილებაზე საუბარი არ არის.

– ახალციხის მეჩეთი ქართველი მუსულმანების აშენებულია, თუ თურქების?

– თურქების აშენებულია, წელიც კი ცნობილია.

– კონკრეტულად სად ითხოვენ აზიზიეს მეჩეთის აშენებას?

– აზიზიეს მეჩეთი გასული საუკუნის 50-იან წლებში დაიწვა და მერე იქ აშენდა ეგრეთ წოდებული ხრუშჩოვკა, საცხოვრებელი სახლი. ამიტომ ის ადგილი ახლა სხვა ფუნქციითაა დატვირთული – იქ საცხოვრებელი რაიონია. ფოტოები გადარჩენილია და ამიტომ ხელშეკრულებაში ჩაიწერა, რომ აზიზიეს მეჩეთი აღდგეს კულტურული ძეგლის რეპლიკის სახით, იმ ფოტოებზე და მასალებზე დაყრდნობით, რომელიც არის. ეს არის ორსართულიანი ხის ნაგებობა.

ხელშეკრულების მეორე ეტაპი ითვალისწინებდა, ქართულ მხარეს ეზრუნა შესაბამისი ტერიტორიის გამოყოფაზე. რომელი ტერიტორია იქნებოდა, ცნობილი არ იყო. ეს შეიძლება ყოფილიყო ბათუმის შემოგარენი, ეს შეიძლება ყოფილიყო ახალი უბანი, ისევე, როგორც მისი ფუნქციაც არარელიგიური, არამედ რაღაც სხვა იყო განსასაზღვრი, უკვე შემდგომ ეტაპზე.

– შეიძლება თუ არა სხვა მოთხოვნების ჩადება, ხელშეკრულების კორექტირება, თუ მის ამჟამინდელ პირობებს ქართული საზოგადოების უარყოფითი რეაქცია მოჰყვება?

– მაგაზე მეტი სხვა რაღა უნდა მოვითხოვოთ?!

– მაგალითად, უთხრათ, რომ იმას კი ნუ ააშენებთ, აი, ეს გააკეთეთ?!

– საფუძველს ვერ ვხედავ, რომ რამე სხვა შევთავაზოთ. ახალციხის რაიონშიც არის ბევრი მეჩეთი, ისევე, როგორც აჭარაში და შეიძლება შევთავაზოთ, მაგრამ ხელშეკრულებაში ეს გამორჩეული კულტურის ძეგლებია შეტანილი. შეიძლება სხვაც მოიძებნოს, მაგრამ მაშინ ვარჩიოთ და ვიყოთ – ის ძეგლები იღუპება და ჩვენ ვიქნებით.

– რამდენად გაითვალისწინებთ იგივე ბათუმის საზოგადოების აზრს, თუ ის უარყოფითი იქნება?

– საზოგადოებრივი აზრი ერთის მხრივ გადამწყვეტი უნდა იყოს, მაგრამ მეორეს მხრივ, გადაწყვეტილების მიმღებებმაც უნდა იცოდნენ, რომ საზოგადოებრივი აზრი უკვე არის ძალიან დადებითი.

– რის საფუძველზე ამბობთ ამას?

– სოციოლოგიური გამოკითხვები არ ყოფილა, მაგრამ ვისაც უნახავს ოშკი, ხანძთა და იშხანი, მათი გადარჩენა, რომ გადაუდებელია და ეს არის საშვილიშვილო კი არა, საშვილთაშვილო საქმე, დამეთანხმება.

და ის რომ ეს სამი მეჩეთი, რომელიც ფუნქციონირებს, უფრო სწორად, აქედან ორი არსებობს და მათაც შეიძლება რესტავრაცია ჩაუტარდეს, ესეც არაფერი გამონაკლისი არ არის. ასე რომ საერთოდ ვერ ვხედავ საფუძველს, ეს ხელშეკრულება რაიმე მხრივ დაწუნებული რატომ უნდა იყოს.

– ერთი ასაშენებელია და ხომ შეიძლება საზოგადოება წინააღმდეგი წავიდეს?

– საზოგადეობა თუ კარგად ჩაიხედავს, არა მგონია წინააღმდეგი წავიდეს, რადგან შენდება მთელ ქვემო ქართლშიც, აჭარაშიც; ორასზე მეტი მეჩეთი ფუნქციონირებს და როცა შიშზე ვსაუბრობთ, აქ არაფერი სიახლე არ არის. არსებობს მეჩეთი, არსებობს მუსულმანური მოსახლეობა, მათ თავიანთი მეჩეთები აქვთ და ერთი დამწვარი ძეგლის უფუნქციოდ აღდგენა, მგონი სრულებით არაა საშიში მოვლენა.

– რომ დავაზუსტოთ – ხელშეკრულება ითვალისწინებს თუ არა იმას, რომ რესტავრაციის დასრულების შემდეგ, წელიწადში ორჯერ ქართულ ტაძრებში წირვა-ლოცვა აღევლინება და იგივე მოხდება აზიზიეს მეჩეთშიც?

– ხელშეკრულებაში ამის ხსენება სრულებით არ არის; როგორც გითხარით, წერია რომ მათი ნებისმიერი სახით ფუნქციონირების საკითხი არის სხვა შესაძლო ხელშეკრულების საგანი.

– როდის მოეწერება ხელი ამ ხელშეკრულებას?

– არ ვიცი, ეს უკვე სამინისტროს უნდა ვკითხოთ. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში, რადგან ძეგლები მძიმე მდგომარეობაშია და ოშკის დაკარგვა ნიშნავს იმას, რომ დაგეწვას “ვეფხისტყაოსანი“ და აღარ დაგრჩეს, არც ერთი ეგზემპლიარი. ასე რომ ეს ყველამ უნდა გავითვალისწინოთ.

– ვინ გაიღებს ძეგლების სარესტავრაციო თანხას?

– ეს ჩვენ მაშინაც გვედო ბიუჯეტში – დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა მომხდარიყო. ახლაც ვფიქრობ, რომ კულუტრის სამინისტრო ამის რესურსებს გამოაჩენს, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს სხვა კერძო წყაროებიც შემოუერთდნენ, რაც ძალიან კარგი იქნება. მთავარია ეს პოლიტიკურად გადაწყდეს, რომ დაფინანსების წყაროებიც გაიხსნას.

– ანუ ქართული მხარე რას დააფინანსებს და თურქული რას?

– გაცვლითია – ისინი დააფინანსებენ თავიანთ ძეგლებს და ჩვენ დავაფინანსებთ ჩვენს ძეგლებს.

ნინო მიქიაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

6 კომენტარი »

  • გიორგი says:

    ვაი საცოდავო საქართველოვ, ვის ხელში ხარ ჩავარდნილი, ვინ წყვიტავს შენ ბედს!?
    თქვე მანქურთებო, იცოდეთ ჩვენ ისტორიაში შეხვალთ, როგორც ქვეყნის ამაოხრებლები, როგორც ახალი ჰეროსტრატეები.
    იცოდეთ, მომავალი თაობა თქვენ საფლავებს ჩააფურთხებს!
    რატომ არ უჯერებთ საპატრიარქოს და პატრიარქს? თუმცა რა უნდა დაუჯეროთ, როცა ყოველდღიურად ცხადად თუ დაფარულად, ჩვენ რწმენას ებრძვით…
    ჭინკებო და ეშმაკებო, დღეს თქვები ბილწი ბაირამობის დღეა, მაგრამ ხვალე იცოდეთ ღვთის რისხვას ვერ ასცდებით…

  • ედიშერი says:

    მართლა ვის ხელში ვართ. საქრთველოში ლამის 300მდე მეჩეთი ფუნქციონირებს და ეს მუსულმანური მოსახლეობის რაოდენობას საქრთველოში ძალიან ბევრად აღემატება. საქართველოს ხელისუფლებას რომ კითხო დემოკრატიას აშენებენ,, ვაი თქვენს პატრონს.

    შვეიცარიში და საერთოდ ევროპულ ქვეყნებში ამასთან დაკავშირებით მკაცრი კანონი არსებობს ანუ იქ ასია ათას მუსულმანზე ერთI მეცჰეტია გატვალისწინებული, ესაა ნამდვილი დემოკრატია, ქვეყანაში ყველა ადამიანის უფლება უნდა იყოს დაცული, საქართველოში კი ყველაზე მეტად, ქართველების უფლებები ირღვევა.

    რ4ოგორც 9 აპრილს არ დაუჯერეთ პატრიარქს და სასჯელიც მივიგეთ, იგივე გველოდება ახლაც, თქვე უღმერთოებო და გამყოდველებო. თუმცა ნათქვამია :”ხალხი როგორიცაა ხელისუფლებაც ისეთი ჰყავსო” ხოდა ყველანი ერთნაირები ვყოფილვართ და შეგვეწიოს უფალი და გონება გაგვინათოს.

  • ნინო says:

    საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და მას აუცილებლად ეყოლება ისეთი ხელისუფლება, რომელიც ოშკ ისე აღადგენს, რომ თავზე კიდევ ერთ მეჩეთს არ დაგვადგამს! ეს აუცილებლად მოხდება, ღმერთი მოუვლენს საქართველოს ისეთ ძალას, რომელიც დემოკრატიულ პრინციპებს მართლმადიდებლურ პრიზმაში გაატარებს, ხოლო ქვეყნის დამაქცევარებს იქ გამოკეტავს, სადაც ახლა მრავალი უდანაშაულო ადამიანი სასჯელს იხდის!

  • გრიგოლი says:

    ჩვენი ტაძრები ჩვენ უნდა აღვადგინოთ, ყოველგვარი დათმობის ნაცვლად. თუ თურქული მხარე წინააღმდეგი წავა, მათზე ზეწოლა უნდა მოხდეს იუნესკოს, გაეროს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით. ყოველთვის ყველას ყველაფერი ჩვენ რატომ უნდა დავუთმოთ?
    გონიერი მთავრობა ასე მოიქცეოდა.

  • ლალი says:

    ეს ის საკითხია,როცა ყველა უნდა გაჩუმდეს და მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს პატრიარქის მითითებით იმოქმედოს

  • Pretty nice post. I just stumbled upon your blog and wanted to say that I have really enjoyed browsing your blog posts. In any case I’ll be subscribing to your feed and I hope you write again soon!

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი