მთავარი » საზოგადოება

ორიოდ სიტყვა საქართველოს ერთ კუთხეზე

სტატიის ავტორი: | თარიღი: 27.07.2017 6 კომენტარი | 5,268 ნახვა

“ამბიონის” რეპორტიორი

დღეს ჩვენს ცნობიერებაში აქტიურად არის დამკვიდრებული წარმოდგენა საქართველოს ძირძველ კუთხე ქიზიყზე, რომ იგი ზოგადად კახეთია და წოდება ქიზიყი ადგილობრივთა აკვიატებული ახირებაა. არათუ ზეპირმეტყველებაში, არამედ უკვე საჯარო ოქმებსა, თუ აქტებში, სასკოლო სახელმძღვანელოებში ქორონიმად გამოყენებულია სიტყვა კახეთი. საკითხისადმი ზერელედ მიმდგომებს ამის დასმტკიცებლად მოყავთ არაერთი მაგალითი. ქიზიყი წოდება: კახეთის სამეფო, კახეთის გუბერნია, კახეთის მხარე და ა.შ. მოდით, ვნახოთ ლიტერატურული რეალობა როგორია და ისტორიულ ფაქტებს ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ. ჩვენს ყველაზე ძველ ისტორიულ ქართულ წყაროებს წარმოადგენს ქართლის ცხოვრება და მოქცევაი ქართლისაი, სადაც საქართველოს კუთხეთა საზღვრებს დაწვრილებით აღწერენ. ფაქტიურად მათი მონაცემები იდენტურია. მოცემულ წყაროებში კახეთის გეოგრაფიული საზღვარი შემდეგია: (დასავლეთ-აღმოსავლეთი) არაგვის შესართავიდან ვიდრე ჰერეთამდე, (ჩრდილო-სამხრეთი) კავკასიის მთებიდან ვიდრე კახეთის მთებამდე (გომბორის ქედი). საქართველოს კუთხეთა შორის მოიხსენება შემდეგი, რომელსაც ერქვა კუხეთი. -საზღვრები: (დასავლეთ-აღმოსავლეთი) ბოსტანქალაქიდან (რუსთავი) ვიდრე ჰერეთამდე და (ჩრდილო-სამხრეთი) კახეთის მთებიდან ვიდრე ჰერეთამდე(მტკვრის ზოლი). წმიდა ნინოს ცხოვრებაშიც დაბა ბოდი ნახსენებია არა როგორც კახეთში მდებარე, არამედ კუხეთში. ხორნაბუჯის ციხეც ყოველთვის ამ კუთხის ციხექალაქადაა ხსენებული. მოგვიანებით ცამეტთაგანი ასურელი მამის დავითის გარეჯაში(გარე სჯა) დამკვიდრების მერე ქართველმა მეფეებმა კუხეთის ნახევარი გარეჯის სამონასტრო კომპლექსს შეწირეს და აღნიშნულ რეგიონში მდებარე სოფლები სხვა დანარჩენი გადასახადებიდან გაათავისუფლეს. სახელიც აქედან დაერქვა: საგარეჯო (სა-გარე-შჯოდ), დარჩენილ ნახევარს დიდი ხანია უკვე ქონდა მეორე სახელი კამბეჩოვანი, რაც დღევანდელი ამ მხარის ზუსტი წოდებაც არის. ეს სახელი ანტიკური დროიდან ფიგურირებს, მას სტრაბონი და პლუტარქე “კამბისენად” ახსენებენ( ლათინურად ფონეტიკური წარმოთქმით), თხრობაში პომპეუსის ლაშქრობა. ეს საკითხი ნივთმტკიცებულებით არ დასტურდებოდა. ბოლოწლებში ჩატარებულმა გათხრებმა ეს ცხადყო. დედოფლისწყაროს ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცულია ამის აღმმნიშვნელი მასალები, კერძოდ რომაელი ცენტუნიორის მუზარადი. ქართულ წყაროებში ეს მხარე მოგვიანებითაც ამავე სახელწოდებით კამბჩოვანით იხსენება, მთელი რიგი პერიოდი ვახტანგ გორგასლიდან თამარ მეფის დრომდე და მერმეც ვიდრე მე-16 საუკუნემდე.

გავიხსენოთ მონღოლთა წინააღმდეგ მებრძოლი, დავით ულუს ერთგული მოხელე, მახატლიძე-ბერი ხორნაბუჯელი სწორედ კამბეჩოვნის ერისთავია. სამწერლობო წყაროებში ვხვდებით არსენ საფარელთან, ლეონტი მროველთან, ჯუანშერთან და სუმბატ დავითის ძესთან. სიტყვა ქიზიყი გვიანდელია და უკავშირდება ყიზილბაშობის პერიოდს. არაერთი შემოსევის მიუხედავად ეს კუთხე თავის აქტიურ არსებობას ინარჩუნებდა. ბოლოს ირანის შაჰმა აბას I-მა 1614-1616 წლებში ლაშქრობა მოაწყო და ამ არეს სრულად გაჩეხვა ბრძანა, (ამ დროსვე მოხდა კახეთისა და კამბეჩოვნის მოსახლეობის ირანში ძალად გადასახლება). განსაკუთრებით ვენახის და თუთნარის, რომლითაც ნედლ აბრეშუმს აწარმოებდნენ. ამის გამო ეწოდა გაჩეხილი, სპარსულად ქესიყი, ანუ დღევანდელად ქიზიყი. მიზეზიც ამ ტერიტორიაზე მოსახლეობის სიმცირისა. ეს მხარე დიდხანს იყო დაცარიელებული. ამ ფაქტს შარდენიც აღწერს. წერილობით წყაროებში სიტყვა ქიზიყს ვნახულობთ მეფე-პოეტ არჩილის პოემაში: “გაბაასება რუსთველისა და თეიმურაზისა“. საქართველოს ისტორიკოსი და გეოგრაფი ვახუშტი ბაგრატიონი ქიზიყს ცალკე კუთხედ მოიხსენებს, საზღვრების ოთხივე მხრის აღწერით და მის სოფელთა ჩამონათვალს გვთავაზობს, რომელი ნუსხითაც შემდგომ ერეკლეს შვილიშვილი სარგებლობს. 1640 წელს რუსთა ელჩი თავადი მიშეცკი, სიღნაღის კონცხსა და მაღაროს მაღლობებს ქიზიყს უწოდებს, რომელთა კალთებზე აღნიშნული წლის 6 აგვისტოს ღამე გაათენა რუსთა საელჩომ. მე-18 საუკუნის მიწურულს იოანე ბატონიშვილი მეფე ერეკლეს დავალებით ქართლ-კახეთის (არამხოლოდ) სამეფოს სოფლებს აღწერს. მათ შორის ქიზიყს ცალკე თავი მიუძღვნა, რომელშიც შემდგომ დასახლებებს ჩამოთვლის: „ქისიყი და მისი ხეობა… ასანაური. ჯუგაანი,ტიბაანი, პრასაანი, ბედიყურა,ხირსა, ძველი ანაგა, ქუნბათი. ყოღანთო, ნიკორწმინდა ანუ ნიკორციხე(დღევანდელი ელიას მთის მახლობლად.ლ.ფ.), ხორნაბუჯი ანუ ჭოეთი-ძველი ნაქალაქევი, ყარაღაჯი -ზამთრის სამეფო სასახლე, ცლუკაანიი, არბოშიკი, მირზაანი ანუ მირტაზანი, ჩობანდაღი, ჯაღათა, ბეზირგანბულაღი, ყუშები, ხირსისხევი, ნაზარლები, ჩანკაანთ საყდარი, ბურდომთა, სიჩახინი, ბუზაურისხევი, ჟოჟუას მარანი, ზილიჩა, ახტაში, მაჩხაანი, ბოდბისხევი, ქედელი, ბოდბე, ფანიანი, მაღარო, ნუკრიანი, ჭოტორი, ქალაქი სიღნაღი, ბაიდარაანი, ანაგა, როჭიკაანთ ყურე, ვაქირი, ურდო, მაშრაანი (მაშნაარი), ჯიმაანთ ოლე, საქობო“. ამ ჩამანათვალთან ხაზგასმით აღნიშნავს კახეთის და ქიზიყის საზღვარ გამყოფ სოფლებს. ქიზიყი დღეისობით ეს გამყოფი კარდანახია. მეფე ერეკლე ქიზიყს განსაკუთრებულ როლს ანიჭებს და ამ კუთხის შვილებსაც ბრძოლის ველზე საგანგებო ვითარების დროს(რთულ გადამწყვეტ პერიოდში) რთავდა. არაერთი ხალხური მოგონებაა შემონახული მეფე ერეკლეს და ქიზიყელთა ურთიერთობისა. ასევე წერილობითი ნიმუშები. ანაგელი გლეხი მეფე ერეკლეს წერს: (კახელი თავადები.ლ.ფ.)…მედავებიან „ჩემი ყმა ხარო, ამდონი თქვენი წყალობა იყოს,რომ ერთი ოქმი გვიბოძოთ, თქვენს ქიზიყს მობრძანებამდინ სამნივ დამეხსნან, ნუმცა ერთი ნუ ამყრიან ანაგიდან“. მე-19 საუკუნესა და მე-20 მიჯნაზე იაკობ გოგებაშვილი საქართველოს კუთხეთა დაწვრილებით აღწერისას კახეთს გეოგრაფიული საზღვრებით, ყოფა-კულტურით ნიშანთვისებით ცალკე აღწერს კახეთს, ცალკე ქიზიყს. ასევე ტერმინ ქიზიყს კუთხის აღმნიშვნელ სახელად იყენებს წარმოშობით კახელი ფეოდალი დიდი საზოგადო მოღვაწე წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე). მე-20 საუკუნეში დავით მუსხელიშვილი ქიზიყს ცალკე კვლევას უძღვნის სადაც მას კუთხედ სახელდებს (იხილეთ მისი „ქიზიყის ძველი ისტორია“). ზოგადად ყველაზე ვრცელი ნარკვევი სწორედ აღნიშნულ მკვლევარს აქვს დაწერილი, რაც საფუძვლიან წარმოდგენას უქმნის დაინტერესებულ მკითხველს. ისვე განმარტავს ვახუშტისთან და იოანე ბატონიშვილთან დასახელებულ თურქული ტოპონიმის მქონე სოფელთა რაობას. დღევანდელ დღეს ამ კუთხეს ორი რაიონი წარმოადგენს: სიღნაღის (ქალაქ სიღნაღით) და დედოფლისწყაროსი(ამავ სახელწოდების დაბით). ჯამში 30 სოფლით და ბევრი (120) ნასოფლარით. აქვე ავღნიშნოთ რომ შირაქის ველზე ნაპოვნია უძველესი ქალქი რომლის გალავანზე საბრძოლო ეტლი გაივლიდა. დალისმთის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილი გორასამარხები და გორანასხლარები. ზოგადად კი შირაქ-ტარიბანის ველებზე ჯერაც შესასწავლი ნამოსახლარებია. ამ კუთხის ისტორიული კულტურული ფონდი: ვაშლოვნის ნაკრძალში შემონახული ცოცხალი მასალა, პირველ სახენი ხორბლისა და ყურძნისა, რომელთაც ადამიანმა კულტურული სახე მისცა. სიძველით მას მსოფლიოში ანალოგი არა აქვს. ბრინჯაოს დამუშავება, ტარიბანას ველებზე ნაპოვნია ნასახლარები, ყორღან-სამარხები და სამჭედლო საამქროები. იქ მოპოვებული გადამუშავებული ნედლეული წიდის სახით და მიღებული ნაკეთობანი, დაცული თბილისის სახელწიფო და დედოფლისწყაროს ეთნოგრაფიულ მუზეუმებში. ცნობილი ბრინჯაოს „კახური“ ხმლები სწორედ აქ იწარმოებოდა. ბოლო წლებში ერთი ნიმუში ჩინეთში იქნა აღმოჩენილი, რაც ადასტურებს აქ გამავალ აბრეშუმის გზას. შემორჩენილია უძველესი თუთის ხის ნაშთები, აქ მოყვანილი და ზემოთ უკვე აღნიშნული ფაქტით ვლინდება რომ აბრეშუმის დამზადება ევროპაზე გაცილებით ადრე იყო ნაცნობი. უძველესი დროიდან დახვეწილი იყო მეთუნეობა, რასაც ადასტურებს მისი მდიდარი-მრავალფეროვანი ფონდი. ბევრ საინტერესო თავისებურებასთან ერთად ავღნიშნოთ რომ ვიდრე მე-20 საუკუნემდე სოფლის მეურნეობაში მეტად საკუთრივი წესი ქონდათ. ქიზიყის სოფლებში ბოსელ-გომურები საცხოვრის სოფლიდან მოშორებით ცალკე სასაქონლო „სოფლად“ იყო, რაც მაღალ კულტურაზე მეტყველებს (ცნობა იხილეთ იაკობ გოგებაშვილთან)

ტერიტორიული ფართითაც ქიზიყ-კამბეჩოვანი უფრო დიდია ვიდრე კახეთი, იმის გათვალიწინებითაც, რომ კახეთის რუქას თუშ-ფშავ-ხევსურეთი გამოსაკლები აქვს. კვლავ გავიმეორებ საქართველოს ბევრ კუთხეს არაა აქვს ისეთი მკვეთრი გეოგრაფიული საზღვარი, როგორც ქიზიყ-კამბეჩოვანს. საბოლოოდ: გაურკვეველ მიზეზთა გამო დამკვიდრებული ქორონიმის არასწორი წოდება კვლავ მართებულით-კამბეჩოვნით ჩავანაცვლოთ. არაკორექტული იქნება ამის ვიწრო კუთხურ-შოვინიზმად აღქმა. ამგვარი ხედვა ლახავს ისტორიულ მემკვიდრეობას. საქართველოს სხვადასხვა კუთხენი ქვეყანას თავის ინდივიდუალურ მრავალფეროვნებას მატებს, რაც კულტურული ფასეულობაა.

მამა ლევან ფიროსმანაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

6 კომენტარი »

  • იური says:

    კახეთის დაშლა გინდათ მარა არ გამოგივათ ან მოღალლატები ხართ ან აგენტები

  • იური says:

    თქვენირმა გესლიანმა მოღალატებმა კიარა შახ -აბასმა ვერ დაშალა კახეთი ისტორია სწორად იკითხეთ არ არსებობს ჰერეთი ეს იგივე კახეთია ხოლა იქ მაცხოვრებლები არიან ეთნიკურად კახელები ახლა ვიღაცამ თავში გაჭედოს და სისულელები აფრქვიოს მასე არ გამოვა

  • დავითი says:

    ქართველებს ერთი დიდი უბედურება გვჭირს,რატომღაც ჩვენ-ჩვენი კუთხე გვინდა გამოვიყვანოთ აღმატებული სხვაზედ,აი ეხლაც კი კახელი თურმე ცალკე ეთნოსი ყოფილა და ჰერელი ცალკე,მაშინ როდესაც ერთისა და მეორეს ძირზველი ენა არის ქართული,ასევე ცხოვრების წესი და წყობა არის ქართული,მაქვს კითხვა რა უნდა თქვას სვანმა და მეგრელმა? მათ ხომ სულ სხვა ენა ურთიერთისაგან სრულიად განსხვავებული და ასევე სრულიად განსხვავებული ქართულისაგან აქვთ?ასევე ცხოვრების ზნე და ჩვეულება, რომელიც ხშირ შემტხვევაში რადიკალურად განსხვავდება დანაჩენი საქართველოს ცხოვრების წესისაგან? ძალიან გთხოვთ არ მოიხსენიოთ კახელი,ხევსური,თუში სვანი მეგრელი,ქართლელი,ლაზი,გურული,იმერელი და ჰერეთელი სხვა ან ცალკე ეთნოსად ჩვენ ყველანი ერთი ეთნოსისანი ვართ და ამ ეთნოსს ქართველი ჰქვია.მესმის, რომ გიყვარს კახელს კახეთი და კახელი მაგრამ ასევე უნდა გიყვარდეს ლაზი,მეგრელი გურილი,სვანი,იმერელი და ყველა ქართველი, მხოლოდ მაშინ გადარჩება საქართველო და მაშინ მოგვხედავს უფალი მოწყალებით.

  • დდდდდდდ says:

    ადამიანმა წყაროები მიუთითა და ჩამოაყალიბა ანალიზი, თქვენ არც კი იაზრებთ რას კითხულობთ და ისე ილანძღებით

  • გირშელ დარდანელი says:

    იურა ხარ თუ კოლია, რა კრიახი ატეხე კვერცხისმდებელი დედალივით, პიროვნებამ თავისი არგუმენტირებული შეხედულება გამოთქვა ავტორიტეტულ წყაროებზე დაყრდნობით, თუ შნო გაქვს შესაბამისი აკადემიური ფორმით გაეცი პასუხი და დაასაბუთე ასევე ავტორიტეტული წყაროებით თუ არა და დადე ლაყე კვერცხი და წაკაკანდი საქათმეში. მიდი ბარემ თუშებს, ფშაველებსა და ხევსურებსაც მოედავე კახელობას, ქიზიყელებივით ეგენიც ხომ კახეთის სამეფოს შემადგენლობაში იყვნენ ისტორიის გარკვეულ პერიოდში. ასე ინება განგებამ და დღეისათვის ქიზიყი კახეთის ერთერთ კუთხედ ჩამოყალიბდა გარე და შიდა კახეთივით და მე, ქიზიყელი კაცი კახელობით ვამაყობ და ვთავმომწონეობ, მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს ისტორია დავამახინჯოთ, საკუთარ ხოშზე მოვირგოთ და სხვას პირზე ხელი ავაფაროთ. ქიზიყი დღეს კახეთის განსაკუთრებული კუთხეა თავისი განსაკუთრებული ეთნოგრაფიით, ტრადიციებით, კილოკავით, ხასიათით. ამით არის კახეთიც და საქართველოც ლამაზი და მრავალფეროვანი და ეს არის მთავარი.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი