მთავარი » კულტურა

“ქაღალდის ხელოვნება” – ორიგამი საქართველოში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 23.06.2013 4 კომენტარი | 8,667 ნახვა

თავდაპირველად სურვილი გაუჩნდა, რომ ქაღალდისგან რაიმე ფიგურა, ან საგნები შეექმნა, თუმცა არ იცოდა, ეს რამდენად შესაძლებელი იყო. ნინიკემო ჯოხაძე ინტერნეტის დახმარებით იაპონური ხელოვნების – ორიგამის კულტურის შესახებ ინფორმაციას გაეცნო და უკვე მე–4 წელია, რაც ორიგამზე მუშაობს.

როგორ მზადდება სხვადასხვა ფიგურა ქაღალდისგან და რამდენადაა განვითარებული ეს მიმართულება საქართველოში? “ამბიონი” დიზაინერ–ორიგამისტ ნინიკემო ჯოხაძეს ესაუბრა, რომელმაც საქართველოში პირველი ორიგამის ფარდა გააკეთა.

ნინიკემო ჯოხაძე: „ორიგამის მიზანია, ქაღალდისგან სხვადასხვა ფიგურა შექმნა. მას გამოგონებასთან პირდაპირი კავშირი აქვს.

სასურველი გამოსახულება რომ მივიღოთ, ამისათვის დიდი მონდომება და ნებისყოფაა აუცილებელი, რადგან ძალიან დიდ დროსა და შრომას საჭიროებს. მნიშვნელოვანია სიზუსტე, რადგან 1 მმ. ცდომილებაც კი შემდეგ სწორ ფიგურას არ მოგვცემს. ორიგამისთვის არსებობს სპეციალური ქაღალდი, რომელიც, სამწუხაროდ, საქართველოში არ იყიდება. შესაბამისად, ვსარგებლობ ჩვეულებრივი ფერადი თაბახის ფურცლებით. ძირითადად ვმუშაობ 3დე ორიგამზე, რაც პატარა სამკუთხედი ფორმის მოდულებით მზადდება და ისინი ათასობით უნდა დაამზადო, რომ ფიგურა მიიღო.

ვაკეთებ ორიგამის პორტრეტებს, ნებისიერი ადამიანისას. ორიგამი ამჟამად შექმნილი მაქვს ჯონ ლენონის პორტრეტი. ჩემი გაკეთებული მორიელი ვინი ჯონს გადავეცი. ჩემმა მეუღლემ მისი კარიკატურაც შექმნა და ერთად დავასაჩუქრეთ. ამასთან, მან არ იცოდა ამ ხელოვნების შესახებ და გაოცებული დარჩა, როდესაც მისი დამზადების წესი ავუხსენი.“

რამდენადაა ამ სახის ნამუშევრები მოთხოვნადი საქართველოში და ხელმისაწვდომია თუ არა მომხმარებლებისთვის?

საქართველოში ორიგამი ნელ–ნელა იკიდებს ფეხს. სკოლის სახელმძღვანელოში 1 გაკვეთილი ეთმობა ორიგამს და ბავშვებმა მეტწილად იციან ამ ხელოვნების შესახებ. თუმცა საუბარია მხოლოდ კლასიკურ ორიგამზე. 3დე ნამუშევარი მათთვის ცოტა უცხოა. სკოლებში ბავშვებისთვის, ან ორგანიზაციების წვეულებებისთვის ორიგამზე მასტერკლასის ჩატარებასაც ითხოვენ ხოლმე.

საქართველოს ფოსტის დაკვეთით შევქმენი პირველი ორიგამის ფარდა საქართველოში, რომლისთვისაც, მათი ლოგოს მიხედვით, ორიგამის ფარდა 1 000 მერცხალი დავამზადე: 500 – თეთრი და 500 – ცისფერი. ასეთი ფარდა უცხოეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს და მას გამოიყენებენ ქორწილების, სალონების, მაღაზიების, ჭაღებისა და საერთოდ, ინტერიერის გასაფორმებლად.

ჩემს ნამუშევრებს აქცია-გამოფენებზე უცხოელები დიდი ინტერესით უღებენ ფოტოებს. ბავშვები მათ დიდი სიხარულით ყიდულობენ. ორიგამების ფასიც სირთულიდან გამომდინარეობს. ზოგიერთი ფიგურის დამზადებას ძალიან დიდი დრო სჭირდება…

მიხარია, რომ ჩვენს ქვეყანაში არიან მსურველები, შეისწავლონ იაპონური ხელოვნება. ჯერ შესასწავლი სკოლა არ გამიხსნია, თუმცა პერიოდულად მყავს მოსწავლეები და მათ ჩემს ცოდნას ვუზიარებ.

ნინიკემო ჯოხაძის თქმით, ორიგამი ერთგვარი არტ–თერაპიაა და ამავდროულად, გართობის საშუალებაც…მუშაობისას მშვიდდები და პირადად მას, ყოველი ახალი ფიგურის შექმნა დიდ სიამოვნებას ანიჭებს. უახლოეს მომავალში „თამარიას აქსესუარებთან“ და ასევე, მის მეუღლესთან, კარიკატურისტ კემოსთან ერთობლივი გამოფენის მოწყობას გეგმავს…

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

4 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი