მთავარი » საზოგადოება

ომის ვეტერანთა ჰოსპიტალი სავალალო მდგომარეობაშია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 11.06.2013 2 კომენტარი | 4,878 ნახვა

ომის ვეტერანები, რომელთაც წინა ხელისუფლებამ ყოველგვარი სოციალური დახმარება გაუუქმა, თუ არ ჩავთვლით, ორი წლის წინ მიღებულ შეღავათს საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და 22 ლარიან დახმარებას, ჰოსპიტალი ახლა უკვე შესაძლოა ჰოსპიტალის გარეშეც დარჩნენ, რადგან თბილისში იამანიძის № 3-ში მდებარე ომის ინვალიდთა და ვეტერანთა რესპუბლიკური ჰოსპიტალის შენობა ავარიულია, სამედიცინო აპარატურა მოძველებული და მწყობრიდან გამოსული, კლინიკა თავისი მწირი დაფინანსებით ვერ ახერხებს სრულფასოვნად ფუნქციონირებას და ვეტერანებითვის სრულყოფილი მომსახურეობის გაწევას.

ჰოსპიტალში გავესაუბრეთ ერთ-ერთ პაციენტს, აფხაზეთის ომის ვეტერანს გივი ზადიკაშვილს, რომელმაც თავისი და სხვა ვეტერანების გასაჭირი გაგვიზიარა:

“ომის ვეტერანებს გვესაჭიროება ნორმალური, სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურეობა, რადგან გარდა ფიზიკური ჭრილობებისა, ომის თითოეულმა მონაწილემ მივიღეთ დიდი ფსიქოლოგიური ტრავმა, რაც ასე ადვილად არ იკურნება და მთელი ცხოვრება თან გვდევს. ჩვენ არანაირი სამედიცინო დაზღვევა არ გვაქვს, 2005 წლიდან მოგვიხსნეს ყველა დახმარება, მხოლოდ ომის ვეტერანთა ჰოსპიტალით სარგებლობა შეგვიძლია, რომელიც მოუწესრიგებელია. დღეს ჰოსპიტალში დაწოლა და მკურნალობა არაადამიანურ პირობებში იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც ის ფათერაკიანი ომი გამოვიარეთ, შეურაცხმყოფელი და დაუშვებელია. დღეს ამ შენობაში ვეტერანის მკურნალობა დანაშაულის ტოლფასია; ჯერ მარტო ავიღოთ სისუფთავე. აქ სისუფთავის დაცვა შეუძლებელია. კედლები იშლება, დაბზარულია და საჭიროებს აღდგენით სამუშაოებს.

ყველა ომის მონაწილე გმირია. თითოეულმა მთელი შეგნებითა და სიყვარულით ვიბრძოლეთ ჩვენი ხალხის, ქვეყნისა და მომავალი თაობის გადასარჩენად. ეს დასაფასებელია, რასაც ყოფილი ხელისუფლება ნაკლებად აფასებდა გივი ზადიკაშვილი და დღეს ომის მონაწილეებს არც წამალი, არც დახმარება და საერთოდ არაფერი არ გაგვაჩნია.

ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ომის ვეტერანები მადლიერნი ვართ ჰოსპიტალის მედ. პერსონალის. მიუხედავად ასეთი არაადამიანური პირობებისა, ჰოსპიტალში მომუშავე ექიმები და ექთნები მთელ თავის პროფესიონალიზმსა და სიყვარულს, როგორც შეუძლიათ, ისე გვახმარენ. მათი აქ მუშაობა გმირობის ტოლია. თითოეული ექიმი დიდი სითბოთი და სიყვარულით ისმენს ჩვენს პრობლემებს, ცდილობს ჩვენს დახმარებას, თუნდაც ასეთი სითბო და ყურადღება ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ვთხოვთ ხელისუფლებას, რომ გაუუმჯობესოს მათ სამუშაო პირობები და სტატუსით გათანაბრდნენ ვეტერანებთან.

ჩვენ იმედის თვალით ვუყურებთ ახალ ხელისუფლებას, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რადგან ის არის ერის შვილი, ქართველად დაბადებული და გაზრდილი, უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის. დიდი იმედი გვაქვს, რომ ახალი ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად დაეხმარება ჰოსპიტალსა და ომის ვეტერანებს“, – ამბობს გივი ზადიკაშვილი.

,,ვეტერანთა ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და თანადგომის“ ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე და ომის ვეტერანთა ჰოსპიტალის ექიმი, მიმოზა კანკია მედიცინის დოქტორი – მიმოზა კანკია:

“ომის ვეტერანები ქვეყნის „ოქროს ფონდია“, რომელთაც გაფრთხილება სჭირდებათ. ქვეყანა ფასდება იმით, როგორ ეპყრობა ომის ვეტერანებს.

ეს ადამიანები ღირსეულად ცხოვრებას, ხარისხიან მკურნალობას საჭიროებენ. დღეისთვის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალი არსებობს, მაგრამ თავისი ძლიერ მწირი დაფინანსებითა და არსებული მატერიალური ბაზით ვერანაირად ვერ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს, ამიტომაც ჰოსპიტალში უნდა გატარდეს დიდი სარეანიმაციო ღონისძიებები.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს სამედიცინო პერსონალის რთული, გაუსაძლისი მდგომარეობა, უაღრესად მწირი, საარსებო მინიმუმზე გაცილებით დაბალი ხელფასი, რომელიც ექიმების 140 ლარს, ხოლო ექთნების 100 ლარს შეადგენს.

გარდა ამისა, ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალის სამედიცინო პერსონალი არანაირ სამედიცინო დაზღვევაში არ მოვიაზრებით. მეტიც, ჩვენსავე ჰოსპიტალში მკურნალობის საშუალებაც კი არ გვაქვს, ვინაიდან სტატუსით არ ვართ გათანაბრებულნი ვეტერანებთან. არა და მთელ რიგ ცივილიზებულ ქვეყნებში სამედიცინო პერსონალი, რომელიც ემსახურება ომის ვეტერანებს, სტატუსით გათანაბრებულია ვეტერანებთან“, – ამბობს მიმოზა კანკია.

მიმოზა კანკია : „მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ბატონ ფრიდონ თოდუას და მის წარმატებულ კოლექტივს იმ ქველმოქმედებისათვის, რომელიც მან ვეტერანების დასახმარებლად გასწია.
გასულ თვეში კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმა, კერძოდ, მისმა დამფუძნებელმა და დირექტორმა, აკადემიკოსმა, ფრიდონ თოდუამ, გამოხატა თავისი კეთილი ნება. დახმარების ხელი გამოუწოდა ომის ვეტერანებს, კერძოდ ომის ვეტერანთა კლინიკურ ჰოსპიტალს საჩუქრად გადასცა ,,სიმენსის“ ფირმის ციფრული ულტრასონოგრაფიის აპარატი.

მადლიერების გამოსახატად მისულ ვეტერანთა ჯგუფს მოეფერა, დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა უსურვა და შეპირდა, რომ მათი ჯანმრთელობის თანადგომისათვის, უახლოეს მომავალში, კიდევ გადასცემს უფრო დიდ აპარატურას.

ასეთი სულგრძელობისთვის კიდევ ერთხელ ვუხდით უღრმეს მადლობას ბატონ ფრიდონ თოდუას და მის გუნდს.
ომის ვეტერანები არიან მნიშვნელოვანი, საზოგადოების გამორჩეული სოციალური ფენა, რომლებიც საჭიროებენ განსაკუთრებულ ყურადღებას სახელმწიფოსაგან და წარმოადგენენ შესანიშნავ ცოცხალ მაგალითს ახალგაზრდობის პატრიოტულ აღზრდაში, რაც გააძლიერებს ჯარსა და სახელმწიფოს“.

დავით დანელია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი