ომი და ბავშვები
როგორ უნდა მოვიქცეთ თუკი ომი რეალური და მიმდინარე ხდება?

ფსიქოლოგი მედეა გელდიაშვილი: “ბრძოლებისა და ომების შესახებ ბავშვებს ინფორმაცია აქვთ ზღაპრებიდან, ანიმაციური ფილმებიდან, მოთხრობებიდან. თუმცა არაერთი ბავშვის ცხოვრებაში ომი სინამდვილის დრამატული ნაწილი ხდება. ეს კი იწვევს ეგზისტენციალურ კრიზისს. ბავშვს უეცრად ემსხვრევა წარმოდგენა სიკეთით სავსე სამყაროზე, ადამიანებზე, რომლებიც ერთმანეთს ტკივილს არ აყენებენ, თავისუფლებაზე, ხელშეუხებლობისა და ამბის კეთილ დასასრულზე. სამყარო, რომელსაც ის საოცარი იმედით და ნდობით უმზერდა თურმე არც ისეთი ფერადი ყოფილა, როგორც ეს მის წარმოდგენებში იყო. ირღვევა უსაფრთხოების განცდა, რომელიც ადამიანური არსებობისთვის ფუნდამენტალური მნიშვნელობისაა.
ასეთ დროს გადამწყვეტია ზრდასრულთა ემოციური მდგომარეობა. ბავშვები სოციალური რეფერენციის მეშვეობით სიტუაციის შეფასებას იწყებენ. ისინი აკვირდებიან ჩვენს ქცევას, რეაქციას, შეფასებებსა და მოლოდინებს.”
როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ბავშვების ემოციურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობა დავიცვათ?
• მოვარიდოთ სანახაობრივად მძიმე კადრებს;
• შევინარჩუნოთ სიმშვიდე;
• ბავშვებს მივცეთ შესაძლებლობა გამოხატონ ემოციები, დასვან კითხვები;
• გავიგოთ თავად რა წარმოდგენები აქვთ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, როგორ აფასებენ იმას, რაც მოისმინეს და რა ინფორმაციაც სხვადასხვა წყაროებიდან მიიღეს;
• ვეცადოთ რეალური და რაციონალური პასუხები გავცეთ.
ინფორმაციული ვაკუუმის შექმნით მხოლოდ გავაუარესებთ მათ მდგომარეობას და გავზრდით შფოთვის ხარისხს;
• გავაცნოთ კრიტიკულ სიტუაციაში მოქცევის გეგმა, მივაწოდოთ ინფორმაცია იმ ალტერნატიული საშუალებების შესახებ (უსაფრთხო ადგილას გადანაცვლება), რომლითაც თავდაცვა შესაძლებელია.
წყარო: Facebook მედეა გელდიაშვილი ფსიქოლოგი/ფსიქოკონსულტანტი
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.