მთავარი » საზოგადოება

ოლია ბებო

სტატიის ავტორი: | თარიღი: 28.01.2018 | 2,362 ნახვა

 

“ამბიონის” რეპორტიორი

 
ოლია ბებო ზაფხულში მამასთან სოფელში სტუმრობისას შევხვდი ოლია ბებოს, მაღაზიაში საყიდლებზე გამოსულიყო. გამიხარდა მისი ნახვა. სიფრიფანა მოხუცი ისე მიჰყვებოდა გზებს და ბილიკებს თითქოს უხილავი ხელები ატარებსო პატარა ბავშვივით. არ უყვარდა სამარშუტო ტაქსებით მგზავრობა. “უცბად” გავდივარ ბებიაო მეტყოდა ღიმილით. ქარივით დაჰქროდა სოფლიდან სოფლამდე და თავის შთამომავლობას სტუმრობდა ხშირად. ენერგიული და მუდამ პოზიტიური ბებო, ყოველთვის დადებითი ემოციით მავსებდა. ამ ზაფხულსაც, როგორც ყოველთვის მოკითხვაზე როგორ ხარ-თქო, ასე მიპასუხა: “კაათ ვარ ბებია”. ვუყურებდი სათვალის სქელი მინებიდან როგორ იყურებოდნენ მისი “დიდი” თვალები, როგორი გულწრფელი სითბოთი და სიყვარულით საუბრობდნენ. მისი განვლილი ცხოვრება დღეს, 21-ე საუკუნეში, ცუდ ზღაპარს ჰგავს, იმედის მომცემი დასასრულით. საზოგადოებამ უნდა გაგიცნოს-თქო ვუთხარი, გაეღიმა, მართლა ჩამოვა ჩემთან ტელევიზიაო, მე დავაიმედე. დავაიმედე და ძალიან დამაგვიანდა. გავიგე რომ ერთთვიანი ავადმყოფობის შემდეგ 2018 წლის იანვრის ერთ ცივ საღამოს 105 წლის ასაკში ოლია ბებო გარდაიცვალა.

გავიხსენე მისი ნაამბობი, შევეხმიანე მის შთამომავლებს და ამ წერილის დაწერა გადავწყვიტე.

მდ.დარყულა 1913 წელს ზემო იმერეთში, საჩხერის რაიონ სოფელ სპეთში „სიმინდის ტეხვის დროს“ დაიბადა ოლია ქიმაძე. პატარა იყო, როცა მამა გარდაეცვალა. დედას მარტო ოჯახის „გაძღოლა“ გაუჭირდა და სოფელ სავანეში გათხოვდა. ოლია იზრდებოდა მამინაცვალთან და ნახევარ და – ძმასთან ერთად. ერთხელ 13 წლის ოლია თავის თანასოფლელ ქალებთან ერთად ტყეში წაბლის ასაკრეფად წავიდა. ტყეში შეშის შესაგროვებლად იყო 29 წლის კოწია გვეხიძეც, რომელმაც დაინახა თუარა ოლია, იმ წუთში გადაწყვიტა რომ ის მისი ცოლი უნდა გამხდარიყო, ბევრი არ უფიქრია, ურემი შეშისაგან გაათავისუფლა, დედოფალივით დასვა ოლია და ასე წაიყვანა სახლში “პატარძალი”. საჩხერის რაიონ სოფელ დარყაში, მდინარე დარყულის ხეობაში, ტყის პირას ცხოვრობდა კოწია. სახლი პირობითად ვთქვი, მათი საცხოვრებელს ხის ფიცრული ქოხი წარმოადგენდა, მიწის პირზე ცხოვრობდნენ და „შუაცეცხლი“ ენთოთ. პირველ დღეს, თითქოს აუცილებელი საჭირო ნივთები ყველაფერი ქონდათ სახლში, მაგრამ, გათენებულა მეორე დღე და მეზობლებმა გაიტანეს თავიანთი ნივთებიო, თავის მოგონებების დროს გაუხსენებია ოლია ბებოს. ოლიამ 12 შვილი გააჩინა, სამი პატარა დაეღუპა, ორი პატარა: „ბატონებმა მიირთვესო“ – ამბობდა.

მას ბავშვობა თითქმის არ ქონდა და ასევე უცბად გადაერთო ოჯახურ ცხოვრებაში. შრომობდა ბევრს, მას მზის ჩასვლაც კი ვერ აბრკოლებდა. სიმინდის ყანაში მთვარიან ღამეებს მიწის დამუშავებაში ათენებდა. შინაური ცხოველები ყავდათ და მათ უვლიდა. ბავშვობიდან შრომას მიჩვეული ოლია, ცხოვრების გზას მხოლოდ და მხოლოდ ისევ ფიზიკურ შრომაში ხედავდა. მისთვის სხვა ცხოვრება არც არსებობდა, იყო სოფელი და ამ სოფელში იწყებოდა და მთავრდებოდა სამყარო.

49 წლის ოლია, უკვე ქვრივი ქალი იყო. მაინც მხნე და ძლიერი ჩანდა. ეს ცხოვრებამ ასწავლა. ყველაფრისთვის უნდა გაეძლო და ყველაფერი უნდა აეტანა. მეუღლის ფოტო საწოლის თავთით დაამაგრა. ერთხელ როცა ის ფოტო ჩამოხსნეს და შენახვა გადაწყვიტეს კარადაში, ოლია ძალიან გაბრაზებულა და უჩხუბია. ამის შემდეგ აღარ შეეწინააღმდეგნენ და ასე ქონდა სიცოცხლის ბოლომდე.

ცხოვრებასთან რთული გამოცდის ჩაბარება მოუხდა, სამყაროც ვიწრო, ჩაკეტილი აღმოჩნდა მისთვის, ამიტომ წიგნის კითხვა მისთვის ზედმეტი ფუფუნება და დროის კარგვა იყო. როცა შვილიშვილებს წიგნებთან დიდხანს ხედავდა, შეშფოთდებოდა და ეტყოდა: “გარეთ გამოდით, აშენდა ქვეყანაო”.

ხომ ძლიერი ჩანდა ოლია, მაგრამ როცა უკვე ასაკში შესულმა კიდევ განიცადა შვილის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი, მარტო დარჩენილი თავს ვეღარ ერეოდა და მწარედ დასტიროდა მის სურათს. თუმცა, არ იფიქროთ სახლიდან გამოსულს დარდი და ტკივილი გარეთ ხალხში გამოეტანა.

სიცოცხლის ბოლომდე ცდილობდა საქმე ეკეთებია. შრომის გარეშე ხომ მას ვერ წარმოედგინა ცხოვრება. უხვად ჰქონდა იუმორის გრძნობაც. ეს ეხმარებოდა მას და ირგვლივ მყოფთაც ხალისით ავსებდა.

ასეთი პოზიტიური, უბოროტო, საოცარი ადამიანი იყო ოლია. თავისი ცხოვრების რთულ გზაზე კეთილსინდისიერად იარა. დიდი შთამომავლობა დატოვა. შთამომავლობა რომელიც ჩვენი ქვეყნის მშენებლობაში თავისთავად უკვე ჩართულია.

ოლია ბებო, საქმეს ეძებს რომ რამე გააკეთოს. შრომის გარეშე ყოველი წუთი მისთვის დაკარგული წუთია.

სოფიო ლომაურიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი