მთავარი » ქრისტიანობა

ოჯახური საზრუნავი – წმ. იოანე ოქროპირი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 17.07.2019 | 1,101 ნახვა

ყოველ ადამიანს, რაც უნდა ბედნიერი იყოს იგი თავის საფიქრალ-საზრუნავი გააჩნია. არავინაა თავისუფალი ამისგან, რადგან მომავლის რწმენით და იმედით ცხოვრობს, თუმცა არ იცის რა მოელის. საზრუნავიც იმისდა მიხედვით მატულობს, რაც უფრო მეტად ილტვის ადამიანი ბედნიერების მოსაპოვებლად.

ჩვეულებრივ ფიქრობენ ხოლმე, რომ ოჯახური საზრუნავი ყველაზე მძიმე ტვირთია ცხოვრებაში. ამ დროს ადამიანი ფიქრობს არა მარტო საკუთარ თავზე, არამედ ცოლზე, შვილზე, ნათესავ-მეგობრებზე, უფრთხილდება მათ ჯანმრთელობას. ამიტომ, დღეს ბევრი ოჯახის შექმნას თავს არიდებს ოჯახის რჩენის შიშის გამო და ამჯობინებს შემთხვევით კავშირებს, განსაკუთრებით ქალაქის მცხოვრებლები ესწრაფვიან ამგვარ ცხოვრებას, რადგან განცხრომასა და ფუფუნებას მიელტვიან.

ამგვარი აზრი ადამიანს უჩნდება ცხოვრებაზე მცდარი შეხედულებების გამო და ჭეშმარიტი ღვთისმოსაობის დეფიციტით.

მართალია, ოჯახური ყოფა-ცხოვრება საზრუნავს ამრავლებს, მაგრამ უამრავ რამეზე ფიქრი სრულიადაც არ არის უბედურება. უამრავი ფიქრი და დარდი, შიში და წინასწარი ფორიაქი უფრო მეტად დაუოჯახებელ, მარტოხელა ადამიანებს სჩვევიათ. ვინც ცოლქმრულ ცხოვრებას თავს არიდებს, აშინებს საფიქრალ-საზრუნავი, საშინელ ფიქრსა და დარდშია, სასოწარკვეთილებაშიც ვარდება, ამას მოსდევს ჯანმრთელობის შერყევა, მარტოობა. ეს ადამიანი მარტოა თავის პატარ-პატარა დარდებთან, თუ სიხარულთან, არ ჰყავს მოზიარე ჭირსა თუ ლხინში, უარს ამბობს სხვა სიყვარულით მინიჭებულ ბედნიერებაზე, ავადმყოფობის შემთხვევაში გვერდით არა ჰყავს ადამიანი, რომელიც გულითად დახმარებას აღმოუჩენს, დაბოლოს, მარტოობაში ატარებს სიბერის უკანასკნელ წლებს.

გათხოვილ ქალსა და დაოჯახებულ კაცს ღვთის შიში უფრო მეტი აქვთ, ვიდრე შინაბერასა და მარტოხელას. რაც უფრო მეტია საფიქრალ-საზრუნავი, უფრო მეტია ღვთისადმი შემწეობის თხოვნა. ვინც მხოლოდ თავის თავზე ზრუნავს, ის ეჩვევა საკუთარი თავის რწმენას და დამოუკიდებლობის შეგრძნებას. მაგრამ, როდესაც სიყვარულის უხილავი ძაფებით უკავშირდება მეორე ადამიანს, მისი გული ივსება სიყვარულით, სინაზით, რაც სათნოებისა და ქველმოქმედებისაკენ უბიძგებს, მარადიულობისა და უკვდავების იმედითა და რწმენით მსჭვალავს. ვისაც სწამს ღმერთი და სასუფეველი ცათა, იესო ქრისტეს მცნებათა აღსრულების გზით მიემართება. განა შეიძლება იგი უბედური იყოს? არც შიში დაეუფლება, რამეთუ უფალი შეეწევა და იხსნის.

უზრუნველი ადამიანი დედამიწის ზურგზე არ არსებობს. საზრუნავი სოცოცხლის საწინდარია. ვისაც საფიქრალი არა აქვს, მას არც სურვილები გააჩნია. ცოცხალ ადამიანს სურვილსა და მისწრაფებებს რა გამოულევს. კარგია, როცა კეთილი მიზნები და მისწრაფებები გვამოძრავებს, რადგან უკეთეს ცხოვრებას მიველტვით. ბედნიერია ადამაინი, რომელიც კეთილგონივრულად ცხოვრობს შინაგანად. სულიერ სიხარულს მას სათნოებათა ქმნა და ქველმოქმედება ანიჭებს.

საზრუნავს ოჯახისათვის ბედნიერება მოაქვს. ადამიანი, რომელსაც დიდი წინააღმდეგობების გადალახვა უხდება მიზნის მისაღწევად, უდიდეს სიხარულსა და ბედნიერებას განიცდის, როდესაც ნატვრას აისრულებს. ბედნიერება დაუმსახურებელი, ოფლისა და გარჯის გარეშე მოპოვებული, ვერავითარ სიხარულს ვერ განაცდევინებს ადამიანს. საკუთარი შრომისა და გარჯის ნაყოფი კი უტკბილესი და უგემრიელესია. რადგან მოპოვებული წარმატება საკუთარი ძალის რწმენას გვმატებს და საკუთარი თავისადმი პატივისცემის გრძნობებით გვსჭვალავს. ჩვენი შემოქმედების ნაყოფიც გვიყვარს, რამეთუ ჩვენ შევქმენით და სული შთავბერეთ. განა ასეთი სიყვარული არა აქვს ყოვლისმპყრობელ უფალს თავისი ქმნილებებისადმი?

ამრიგად, რაც უფრო მეტია ოჯახური საზრუნავი, მით მეტად ვცდილობთ ოჯახის წევრებს ავარიდოთ ესა თუ ის საფრთხე და მოსალოდნელი უბედურება. რაც უფრო ხშირად საჭიროებს ოჯახი ჩვენს რჩევა-დარიგებებს, მით უფრო სისხლსავსე ცხოვრებით ვცხოვრობთ, რამეთუ ჩვენი საქმენი და სიტყვები ხილული მოწმეები არიან ჩვენივე ძალისხმევისა თუ ნიჭისა. ათასი წვრილმანი, გარეშე თვალისათვის შეუმჩნეველი, ჩვენ გამოუთქმელ სიხარულს გვანიჭებს და ღრმად გვაგრძნობინებს, რომ ოჯახურ ფუსფუსს ჭეშმარიტი ოჯახური ბედნიერება მოაქვს.

როდესაც იესო ქრისტე გვმოძღვრავს ხვალინდელ დღეზე ნუ ზრუნავთ, იგი უმოქმედობისა და სიზარმაცისაკენ როდი მოგვიწოდებს. მან თავისი ცხოვრებით და ჯვარცმით თვალი აგვიხილა და დაგვანახა, თუ რა ძალა აქვს ადამიანის სიყვარულს. იგი საკუთარი სისხლის ფასად კაცობრიობის მხსნელად და ქომაგად მოევლინა, წინ აღუდგა ყოველგვარ ფუჭ, ამაო ფუსფუსსა და გარჯას, ზარ-ზეიმებსა და თავაშვებულ ცხოვრებას. პავლე მოციქული ბრძანებს: „რადგან მადლით ხართ გამოხსნილი რწმენის წყალობით და ეს თქვენგან კი არ არის, არამედ ნიჭია ღმერთისა: არა საქმეთაგან რათა არავინ იქადოს, რადგანაც მისი ქმნილებანი ვართ, კეთილ საქმეთათვის შექმნილნი ქრისტე იესოში, საქმეთათვის, რომელნიც წინასწარ დაგვიწესა ღმერთმა, რომ მასში ვიარებოდეთ (ეფეს. 2,8-10). ილოცე და იშრომე – ძველთაძველი საღმრთო სჯულია, და ოფლითა შენითა მოიმუშაკე პური შენი არსობისა.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი