მთავარი » ქრისტიანობა

ოჯახში სათნოებების გამომუშავება – მამა პაისი მთაწმინდელი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 15.03.2017 | 3,931 ნახვა

წმიდაო მამაო, როგორ უნდა გამოიმუშავოს სათნოებები საკუთარ თავში იმ ადამიანმა, რომელსაც ოჯახი აქვს?

ჯვრის მონასტერი – ღმერთი ამისათვის მრავალ მოსახერხებელ შემთხვევას გვაძლევს. ძალიან ბევრი კი, მიუხედავად იმისა, რომ ღმერთს ევედრება ამგვარი შესაძლებლობები მისცეს, საკმარისია, რაიმე სირთულეს წააწყდეს, მაშინათვე დრტვინვას იწყებს. მაგალითად, ზოგჯერ სახიერი ღმერთი უსაზღვრო სიყვარულიდან გამომდინარე ინებებს ხოლმე, რომ მამაკაცში მოთმინებისა და სიმდაბლის სათნოებები დანერგოს, ამიტომ იგი სრულიად განაშორებს თავის მადლს ამ მამაკაცის ცოლს, რომელიც ძალიან „გადაპრანჭულად“ იქცევა და ქმარს უხეშად ეპყრობა. ასეთ შემთხვევაში ქმარი არ უნდა დრტვინავდეს, არამედ უნდა ხარობდეს და მადლობას სწირავდეს ღმერთს იმ უდიდესი წყალობისათვის, რომ ღმერთმა ღვაწლის აღსრულების საშუალება მისცა. ანდა, მაგალითად, დედა ევედრება ღმერთს, რომ მან მოთმინების ძალა მიანიჭოს. შემდეგ იგი შლის სუფრას, სუფრას უახლოვდება მისი შვილი, სუფრის კუთხეს ეზიდება და მთელ ჭურჭელს იატაკზე გადმოყრის. თითქოს პატარა ამ საქციელით დედამისს ეუბნება: „დედა, მოითმინე!“

და საერთოდ, ის სირთულეები, რომლებიც დღევანდელ მსოფლიოში არსებობს, სულიერი ცხოვრების მოსურნე ადამიანებს აიძულებს, რომ არ დასუსტდნენ, არ ჩაეძინოთ. ღმერთმა დაიფაროს და როდესაც ომი იწყება, ადამიანები არ სუსტდებიან და თვალს არ ხუჭავდნენ. რაღაც ამდაგვარი, როგორც ვხედავ, ხდება იმათთან მიმართებაში, ვინც სულიერად ცხოვრებას ცდილობს. ავიღოთ თუნდაც ეკლესიური ახალგაზრდები. რამდენი სირთულის გადალახვა უწევთ ამ საბრალოებს! მაგრამ ეს სიძნელეები გარკვეულწილად ეხმარება მათ, რომ არ მოეშვან. მშვიდობიან დროს კი, როდესაც სიძნელეები არ არსებობს, ვხედავთ, რომ ადამიანების უმრავლესობა სარწმუნოებისა და ზნეობრიობის საკითხებისადმი სრულიად გულგრილია. წესით ადამიანმა მშვიდობიანი დროც სულიერი წარმატებისათვის უნდა გამოიყენოს: მან უნდა მოკვეთოს ნაკლოვანებები და სათნოებები გამოიმუშაოს.

სულიერ ცხოვრებაში ძალიან ეხმარება დაყუდება. კარგია, თუ დღის განრიგს ისე შევიმუშავებთ, რომ გარკვეულ დროს დაყუდებისთვის გამოვყოფთ. ამ დროს ადამიანი საკუთარ თავში უნდა იხედებოდეს. მან უნდა შეიცნოს თავისი ვნებები და აიღოს ღვაწლი – ამ ვნებების მოსაკვეთად და გულის განსაწმენდად. ძალიან კარგი იქნება, თუ სახლში არსებობს რომელიმე წყნარი ოთახი, რომლის ატმოსფეროც ბერული სენაკის ატმოსფეროს მსგავსია. იქ „საიდუმლოდ“ [7] სულიერი ღვაწლის აღსრულება, სასულიერო ლიტერატურის კითხვა და ლოცვა უნდა შეიძლებოდეს. თუკი ლოცვას მცირე ხნით სულიერი საკითხავები გაუძღვება წინ, ეს მას ძალიან შეეწევა. იმიტომ, რომ ამგვარი საკითხავები ათბობს სულსაც და გონებაც სულიერ სფეროში გადაინაცვლებს. ამიტომ, თუკი თვით უაღრესად დაკავებული ადამიანი ლოცვისთვის ათ წუთს გამონახავს, კარგს იზამს, თუ ამ დროიდან პირველ ორ წუთს დაუთმობს რაიმე ძალიან მნიშვნელოვან საკითხავს. რათა გონების მოკრება შეძლოს.

– წმიდაო მამაო, არ ფიქრობთ, რომ დღევანდელ დღეს ერში არც ისე ადვილია იმ ცხოვრებით ცხოვრება, რომელიც ახლა თქვენ აღწერეთ.

– არა. იმიტომ, რომ არიან ძალიან სულიერად მცხოვრები ერისკაცებიც. ისინი მოღვაწეებივით ცხოვრობენ: მარხულობენ, აღასრულებენ მსახურებას, სკვნილზე ლოცულობენ და მეტანიებს ასრულებენ. ეს ყველაფერი – მიუხედაგად იმისა, რომ მათ შვილები და შვილიშვილები ჰყავთ. ასეთი ადამიანები კვირაობით ეკლესიაში დადიან, ეზიარებიან და კვლავ თავიანთ „სენაკებს“ უბრუნდებიან, – იმ მოღვაწეთა მსგავსად, რომლებიც კვირის დღეებში სკიტის მთავარ ტაძარში იკრიბებიან, შემდეგ კი ისევ პირად სენაკებში განაგრძობენ დაყუდებულ ცხოვრებას. მადლობა ღმერთს, რომ ერში ძალიან ბევრია ასეთი სული. და თუ კონკრეტულად ვილაპარაკებთ, მე ვიცნობ კიდეც ერთი ოჯახის უფროსს, რომელიც გამუდმებით, სადაც არ უნდა იყოს, აღასრულებს იესოს ლოცვას. ამ ადამიანის ლოცვას გამუდმებით ახლავს ცრემლები, მისი ლოცვა თვითმოქმედია და მისი ცრემლები – ტკბილი, ეს საღვოო სიხარულის ცრემლებია. წმიდა მთაზე ერთი მუშა მახსოვს, მას იანისს ეძახდნენ, ის ძალიან მძიმე სამუშაოებს ასრულებდა და ორი კაცის საქმეს აკეთებდა. მე მას ვასწავლე, რომ მუშაობისას იესოს ლოცვა შეესრულებინა და თანდათანობით მიეჩვია ამას. ერთხელ ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ იესოს ლოცვის აღსრულებისას უდიდეს სიხარულს გრძნობს. „ირიჟრაჟა“ – მივუგე მე მას. ცოტა ხანი გავიდა და შევიტყვე, რომ ეს ადამიანი ორმა მთვრალმა ბოროტმოქმედმა მოკლა. როგორ ვდარდობდი მაშინ! კიდევ მცირე დრო გამოხდა და ერთმა ბერმა დაიწყო იარაღის ძებნა, რომელიც იანისმა სადღაც დადო, მაგრამ ბერმა ის იარაღი ვერსად ნახა, მაშინ იანისი გამოეცხადა ამ ბერს და უთხრა, თუ სად დადო ეს ნივთი. ანუ იანისმა მიაღწია სულიერ სიმაღლეს და მას შეეძლო, რომ იმ ქვეყნიდან შეწეოდა ადამიანებს.

რაოდენ უბრალოა სულიერი ცხოვრება! როდესაც ადამიანი შეიყვარებს ღმერთს, შეიცნობს მის დიდ მსხვერპლს და მის ქველმოქმედებას, როდესაც საკუთარ თავს მთელი შეგნებით აიძულებს, რომ მიბაძოს წმიდანებს, იგი მსწრაფლ განიწმიდება. მთავარია, დამდაბლდეს და თავისი უბადრუკობა და ღვთისადმი უმადურობა შეიცნოს.

წყარო: http://www.orthodoxy.ge


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"ჭეშმარიტებას და თავისუფლებას სიმშვიდე მოაქვს, მშვიდობის მატარებელი სული კი სიხარულს ასხივებს"- წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი).