ოჯახის ყველა წევრი ეკლესიისადმი გულგრილობას ავლენდა, გარდა ერთ-ერთი ქალიშვილისა

ერთ ოჯახს ვიცნობდი, რომლის ყველა წევრი ეკლესიისადმი სრულ გულგრილობას ავლენდა, გარდა ერთ-ერთი ქალიშვილისა. ეს გოგონა, როგორც კი მის ყურს ზარის რეკვა მისწვეებოდა, მაშინათვე წინსაფარს იხსნიდა, ყველა თავის საქმეს დაუსრულებლად ტოვებდა და ეკლესიისკენ მიიჩქაროდა. მაშინაც კი, როდესაც სოფელში გერმანელები შემოვიდნენ და მნათემ ამ ამბის ხალხისათვის საუწყებლად ზარის რეკვა დაიწყო, ეს გოგონა მწუხრის მოსასმენად ეკლესიაში გაიქცა. მიუხედავად იმისა, რომ მისი მშობლები უაღრესად ხელმოჭერილები იყვნენ, თვითონ უდიდესი თანაგრძნობის უნარი ქონდა. ამ გოგონას მამა სიძუნწის გამო წესიერად არ იკვებებოდა და წყალში დამბალ ხმელა ზურს ჭამდა. დედამისიც ძალიან ძუნწი იყო: მიუხედავად იმისა, რომ მის შვილებს საპასუხისმგებლო თანამდებობები ეკავათ და მდიდრები იყვნენ, ის მხოლოდ იმის გამო, რომ ასანთი არ დაეხარჯა, ნაცარში იქექებოდა – გადარჩენილი ნაკვერჩხლის მოსაძებნად და მასზე ცოტაოდენი თივის დადებით აჩაღებდა ცეცხლს. მხოლოდ იმისათვის, რომ მადუღარის ყიდვა არ უნდოდათ, ისინი ყავას კონსერვის ქილაში ადუღებდნენ.
მაგრამ დედამისს მე ძალიან ვუყვარდი. იმ დროისათვის სტომიონის მონასტერში ვცხოვრობდი. გოგონა მოწყალების გაცემას რომ დააპირებდა და სახლიდან რაიმეს აღება სურდა, დედამისს ეუბნებოდა: „დედა, ეს ბერს უნდა.“ „წაიღე, წაიღე, მიეცი.“ ეუბნებოდა მას დედა. ძუნწი ქალი თანხმდებოდა, რომ ეს ნივთები მხოლოდ ბერებისთვის მიეცათ. ადრეც, ოკუპაციის დროს ეს გოგონა ღარიბებს ჩუმად ეხმარებოდა. ის შეუმჩნევლად იღებდა ბეღლიდან მარცვალს, საკუთარი მხრებით ეზიდებოდა წისქვილში, აფქვევინებდა და ფქვილს გაჭირვებულ ოჯახებს ურიგებდა. ერთხელ დედამისმა მას „დანაშაულის ადგილზე წაასწრო.“ როგორ მოხვდა ამ გოგონას! მაშინ მან ღმერთს აღუთქვა: „ღმერთო, დამეხმარე რაიმე სამუშაოს მოძებნაში, რომელიმე ქრისტიანულ დაწესებულებაში და მთელ ჩემს ხელფასს ქველმოქმედებას მოვახმარ.“ და მართლაც მეორე დღესვე მას ერთ-ერთ ქრისტიანულ დაწესებულებაში შესთავაზეს სამუშაო. ჰოი, როგორ გაიხარა! მან შეასრულა პირობა: საკუთარი ხელფასით თავისთვის წყვილი წინდაც კი არ უყიდია: მთლიანად მოწყალებას გასცემდა. იცით, რამდენი ადამიანი ეუბნება ხოლმე მას ამჟამად: „ღმერთმა გიშველოს, ღმერთმა აცხონოს შენი მშობლები!“ მის მიერ გაღებული მოწყალების შედეგად ღმერთმა დედამისიც შეიწყალა.
პაისი ათონელი
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.
დიდ არს უფალი